Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

¹ას-513-749-08 15 ოქტომბერი, 2008 წ

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

როზა ნადირიანი, თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი _ მ. ო-ოვი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარეები--- ქ. ო-ოვი, უ. ა-ოვი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება– თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 7 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი –დავალიანების გადახდა, უძრავი ნივთის მფლობელობაში გადაცემა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ქაზიმ ი. ო. ო-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში მაგსად მოილა ო. ო-ის მიმართ დავალიანების 3144 ლარის გადახდის და 1,5 ჰა მიწის ნაკვეთის მფლობელობაში გადაცემის შესახებ შემდეგი საფუძვლებით:

მარნეულის რაიონის გამგეობის 2001 წლის 27 ივლისის დადგენილებით მოპასუხეს, 10 წლის იჯარით გამოეყო 65 ჰა მიწის ნაკვეთი, რომელიც შედგებოდა 15 ჰა ვენახისა და 50 ჰა საძოვრისაგან. მოსარჩელე და მისი ოჯახის წევრები დაიქირავეს 1,5 ჰა ვენახის მოსავლელად, რისთვისაც მოსარჩელე იხდიდა იჯარის გადასახადს. მხარეთა შორის არსებული ზეპირი შეთანხმების საფუძველზე 2004 წელს ქ. ო-მა მითითებული გადასახადი გადაიხადა უ. ა-ის სახელით. შესრულებული სამუშაოს სანაცვლოდ მოპასუხე იღებდა ვაზის მოჭრილ ტოტებს, თივასა და 50 კგ. ყურძენს, ხოლო ხელფასი წელიწადში 524 ლარი, შ.ო-ს 6 წლის მანძილზე არ აუნაზღაურებია. მოპასუხემ სარჩელი არ სცნო იმ მოტივით, რომ მხარეთა შორის რაიმე სახის სამართლებრივი ურთიერთობა არ არსებობდა.

მარნეულის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც ქ.ო-მა გაასაჩივრა სააპელაციო საჩივრით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 10 აპრილის განჩინება-დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მ. ო-ის გამოუცხადებლობის გამო, გასაჩივრებული გადაწყვეტილება მ. ო-ისათვის ქ.ო-ის სასარგებლოდ 3144 ლარის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში გაუქმდა და ამ ნაწილში სარჩელი დაკმაყოფილდა, ხოლო მოსარჩელისათვის იჯარით მიწის ნაკვეთის გადაცემაზე უარის თქმის შესახებ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი. ამასთან ქ.ო-ს სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის ნაწილში მითითებული განჩინება არ გაუსაჩივრებია, რის გამოც იგი შევიდა კანონიერ ძალაში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით მ. ო-ის საჩივარი დაკმაყოფილდა, ამავე პალატის 2006 წლის 13 ნოემბრის განჩინებით ქ. ო-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული განჩინებები საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ქ. ო-მა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეტა პალატის 2007 წლის 5 ივნისის განჩინებით ქ. ო-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა გასაჩივრებული განჩინებები და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე პალატას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 7 აპრილის განჩინებით მაგასად ო-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა 2006 წლის 10 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

პალატამ მიიჩნია, რომ მხარის მიერ წარმოდგენილი მარნეულის რაიონის კასაგანის სასოფლო საავადმყოფოს ექიმის სამედიცინო ცნობა არ არის სათანადო მტკიცებულება, შესაბამისად მხარის მიერ ვერ იქნა დადასტურებული გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი, პალატის განმარტებით, ცნობა შედგენილია რუსულ ენაზე გაკრული ხელით რომელზეც შინაარსის ამოკითხვა არის შეუძლებელი ცნობა გაცემულია 2006 წლის 12 აპრილს და მასზე დარტყმულია „საქართველოს რესპუბლიკის“ შგტამპი, მაშინ როდესაც საქართველოს სახელმწიფოს სახელწოდება 1995 წლის 24 აგვისტოს კონსტიტუციით არის „საქართველო“, ხოლო ბეჭედზე გამოსახულია საქართველოს გერბი, რომელიც სახელმწიფო სიმბოლიკას წარმოადგენდა 2005 წლის ივნისამდე.

აღნიშნული განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მ. ო-ოვმა

კასატორის აზრით, სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას, ხელი შეეშალა სასამართლოში დროულად გამოცხადებაზე, მის მიერ წარმოდგენილი იქნა მტკიცებულების სახით მარნეულის რაიონის სოფ. .... სასოფლო საავადმყოფოდან ავადმყოფობის სამედიცინო ბარათიდან ამონაწერი ამბულატორიული მკურნალობის შესახებ, სადაც დადგენილია, რომ იგი 2006 წლის 08 აპრილიდან 2006 წლის 12 აპრილამდე მკურნალობდა ამბულატორიულად: ჰქონდა „ფოლიკულარული ანგინა“, მაღალი ტემპერატურა, რის გამოც არანაირად არ შეეძლო 2006 წლის 10 აპრილს გამოცხადებულიყო სხდომაზე. კასატორის განმარტებით, ცნობა შედგენილია ძველი ტიპის რუსულ „ბლანკზე“ ფორმა ¹22719, ვინაიდან სამკურნალოდ მიაკითხა მკურნალ ექიმს მარნეულის რაიონის სოფ ..... რომელიც ვერ ფლობდა სახელმწიფო ენას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა გაეცნო საქმეზე წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს და თანდართულ მტკიცებულებას და თვლის, რომ მ. ო-ოვის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 7 აპრილის განჩინებით მ. ო-ოვის საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა 2006 წლის 10 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

მ. ო-ოვმა სასამართლო სხომაზე გამუცხადებლობის საპატიო საფუძვლად წარმოადგინა მარნეულის რაიონის სოფ. .... სასოფლო საავადმყოფოდან ავადმყოფობის სამედიცინო ბარათიდან ამონაწერი ამბულატორიული მკურნალობის შესახებ. დასახელებული ცნობიდან ირკვევა, რომ იგი 2006 წლის 08 აპრილიდან 2006 წლის 12 აპრილამდე მკურნალობდა ამბულატორიულად „ფოლიკულარული ანგინის“ დიაგნოზით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი განსაზღვრავს იმ გარემოებებს, რომელთა არსებობისას მხარეს გარკვეული საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა საპატიოდ ეთვლება. ასეთს წარმოადგენს ავადმყოფობა, ახლო ნათესავის გარდაცვალება ან სხვა ობიექტურ გარემოებები, რამაც შეიძლება დააბრკოლოს მხარის სასამართლო სხდომაზე გამოცხადება.

ამასთან ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იყოს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით და პირდაპირ მიუთითებდეს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

კასატორის მიერ სასამართლოსათვის მტკიცებულების სახით წარმოდგენილ სამედიცინო დანიშნულების ცნობას, საკასაციო პალატა ვერ განიხილავს მისი პროცესზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად, ვინაიდან აღნიშნული ცნობით არ დასტურდება მ. ო-ოვის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის შეუძლებლობა. მხარის მიერ მითითებული გარემოებები საპატიოდ ჩაითვლება, მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა აბსოლიტურად გამორიცხულია მხარის პროცესზე გამოცხადების შესაძლებლობა. ასეთის არსებობა იმ სამედიცინო ცნობით, რომელიც მხარის მიერ იქნა წარმოდგენილი არ დასტურდება. სამედიცინო ბარათიდან ამონაწერით მ. ო-ოვი ექვემდებარებოდა ამბულატორიულ მკურნალობას და გადაადგილების უნარი მას შეზღუდული არ ჰქონია. ამასთან სამედიცინო ცნობა არ პასუხობს ზემოთ მითითებული ნორმის მოთხოვნას, იგი შედგენილია მკურნალი ექიმის მიერ და მას ხელს არ აწერს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელი.

გარდა ამისა, როგორც სამედიცინო ბარათიდან ირკვევა, მ. ო-ოვი აღნიშნული დიაგნოზით მკურნალობდა 2006 წლის 8 აპრილიდან_2006 წლის 12 აპრილამდე, რაც მეტყველებს იმ გარემოებაზე რომ მხარეს შეეძლო დროულად ეცნობებინა სასამართლოსთვის მისი ავადმყოფობის თაობაზე. თუმცა მ. ო-ოვს არც სასამართლო გაუფრთხილებია მის შესაძლო გამოუცხადებლობაზე და შემდგომში არც იმის დამადასტურებლი მტკიცებულება წარმოუდგენია, თუ რა მიზეზით ვერ შეძლო სასამართლოსთვის ეცნობებინა ზემოხსენებულის

თაობაზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ მ. ო-ოვის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს მისი დაუსაბუთებლობისა და უსაფუძვლობის გამო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმღვანელდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მ. ო-ოვის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 7 აპრილის განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.