საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
ას-513-860-07 30 ივნისი, 2008 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)
მარიამ ცისკაძე (მომხსენებელი), ნუნუ კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ...-ის რაიკოოპერატივის მეპაიეები (მოსარჩელეები)
წარმომადგენელი _ მ. მ-იძე
მოწინააღმდეგე მხარე – ...-ის რაიკოოპერატივის გამგეობა (მოპასუხე)
დავის საგანი – ...-ის რაიკოოპერატივის წარმომადგენელთა კრების 2006 წლის 19 მაისის დადგენილების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 26 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვისათვის იმავე სასამართლოსთვის დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
...-ის რაიკოოპერატიის მეპაიებმა თ. ფ.-მ, ა. ს.-მ, ნ. მ.-მ, თ. ა.-მა, ზ. ფ.-მ, თ. ლ.-მ, ც. ფ.-მ, ვ. კ.-მ, ი. ლ.-მა, ვ. მ.-მა, შ. ბ.-ემ, ი. გ.-ემ, ზ. ბ.-ემ, ბ. ლ.-მა, ზ. ა.-ემ, ი. ს.-ემ, ა. ლ.-მა, მა. მ.-მ, ი. კ.-ემ, მ. ზ.-მ, გ. ზ.-მ, მ. ჭ.-ემ, ლია ა.-ემ, ნ. ბ.-მა, თ. დ.-ემ, ვ. ვ.-ემ, მ. მ.-ემ, ჟ. შ.-ემ, ა. თ.-ემ, ჯ. გ.-ემ, ნ. ბ.-ემ, ს. ა.-ემ, მა. ჭ.-მა 2006 წლის ივნისში სასარჩელო განცხადებით მიმართეს სასამართლოს მოპასუხე ...-ის რაიკოოპერატივის გამგეობის მიმართ და მოითხოვეს ...-ის რაიკოოპერატივის 2006 წლის 19 მაისის წარმომადგენელთა კრების გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა. მათ სასარჩელო მოთხოვნა იმით დაასაბუთეს, რომ 2006 წლის 19 მაისის წარმომადგენელთა კრების საფუძველზე ბათილად იქნა ცნობილი 2006 წლის 28 აპრილის ...-ის რაიკოოპერატივის წარმომადგენელთა კრების გადაწყვეტილება ...-ის რაიკოოპერატივის ქონების სახელმწიფოზე უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ, რაც მოსარჩელეთა მოსაზრებით არის უკანონო. მოსარჩელეთა მითითებით, 2006 წლის 28 აპრილს წარმომადგენელთა კრების მოწვევა მოხდა კანონის სრული დაცვით, კერძოდ, დაცული იქნა ...-ის სამომხმარებლო კოოპერატივის წესდების მე-7 თავის მე-7 დამე-10 მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნები. კრებაზე მიზანშეუწონლად იქნა მიჩნეული ...-ის რაიკოოპერატივის ქონების სახელმწიფოზე უსასყიდლოდ გადაცემა. 2006 წლის 19 მაისის კრება კი უკანონოდ იქნა მოწვეული რაიკოოპერატივის გამგეობის მიერ, რადგან წარმომადგენელთა კრების მოწვევა მოხდა ...-ის სამომხმარებლო კოოპერატივის წესდების მე-7 თავის მე-7-10 მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევით, რაზეც მათ მიერ გაკეთებული შენიშვნები არ იქნა გაზიარებული. მოსარჩელეთა მოსაზრებით, უკანონოა ასევე 2006 წლის 19 მაისის ...-ის რაიკოოპერატივის წარმომადგენელთა კრების დადგენილებაც, რადგან გადაწყვეტილების მიღება რაიკოოპერატივის ქონების გასხვისების შესახებ უნდა მომხდარიყო 3/4 ხმით ...-ის სამომხმარებლო კოოპერატივის წესდების IV თავის 4.8-ე მუხლის თანახმად. მოცემულ შემთხვევაში კრებას ესწრებოდა 24 წარმომადგენელი და ქონების უსასყიდლოდ გაჩუქებას ხმა მისცა თოთხმეტმა წარმომადგენელმა.
...-ის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელეების _ თ. ფ.-ის, მა. ჭ.-ის, ა. ს.-ის, ნ. მ.-ის, თ. ა.-ის, ზ. ფ.-ის, თ. ლ.-ის, ც. ფ.-ას, ვ. კ.-ის, ი. ლ.-ის, ზ. ა.-ის, ი. ს.-ის, ვ. მ.-ის, ი. გ.-ის, ი. ხ.-ის, ა. ლ.-ის, მ. მ.-ის, ი. კ.-ის, ნ. მ.-ის, მ. ხ.-ის, გ. ზ.-ის, მ. ჭ.-ის, ლ. ა.-ის, ნ. ბ.-ის, თ. დ.-ის, ვ. ვ.-ის, მ. მ.-ის, ჟ. შ.-ის, ა. თ.-ის, ჯ. გ.-ის, ნ. ბ.-ის, ს. ა.-ის და შ. ბ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ...-ის რაიკოოპერატივის მეპაიეების წარმომადგენელმა მ. მ-იძემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 26 აპრილის განჩინებით ...-ის რაიკოოპერატივის მეპაიეთა წარმომადგენელი მ. მ-იძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა ...-ის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოცემულ დავას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება. სააპელაციო სასამართლომ “სამომხმარებლო კოოპერაციის შესახებ” საქართველოს კანონსა და ...-ის სამომხმარებლო კოოპერატივის წესდებაზე მითითებით¾ჩათვალა, რომ არ არსებობს ...-ის რაიკოოპერატივის 2006 წლის 19 მაისის დადგენილების ბათილად ცნობის არანაირი საფუძველი, ვინაიდან მითითებული დადგენილების თანახმად კრებას 30 წარმომადგენლიდან ესწრებოდა 24 ანუ რაიკოოპერატივის წესდების თანახმად კრება გადაწყვეტილებაუნარიანი იყო, ვინაიდან მას ესწრებოდა ხმების უფლების მქონე უმრავლესობა და საკითხს ...-ის რაიკოოპერატივის ქონების 100%-ის სახელმწიფოსათვის გადაცემას შესახებ მხარი დაუჭირა 14 წარმომადგენელმა. სააპელაციო პალატამ “სამომხმარებლო კოოპერაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მეორე ნაწილზე მითითებით ჩათვალა, რომ მოცემული დავის შემთხვევაში ...-ის რაიკოოპერატივის მართვის უმაღლეს ორგანოს წარმოადგენს წარმომადგენელთა საერთო კრება, რომლის დადგენილების თანახმადაც განხორციელდა რაიკოოპერატივის ქონების სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ გადაცემა კანონით დადგენილი წესით. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ წარმომადგენელთა კრება არაუფლებამოსილი იყო გადაეწყვიტა საკითხი ქონების სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ, ვინაიდან აღნიშნული საკითხის გადაწყვეტისათვის საჭირო იყო წარმომადგენელთა არა უმრავლესობის, არამედ 3/4-ის მხარდაჭერა წესდების 3.8 მუხლის თანახმად. აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ წესდების მითითებული პუნქტი შეეხება მხოლოდ საწესდებო კაპიტალის გადიდებას ან შემცირებას, ხოლო 2006 წლის 19 მაისის დადგენილებით კი გადაწყდა არა კაპიტალის გადიდების ან შემცირების საკითხი, არამედ ქონების სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ გადაცემის საკითხი, რომელიც მიღებული უნდა ყოფილიყო წარმომადგენელთა საერთო კრების არა 3/4-ის მხარდაჭერით, არამედ ხმების უბრალო უმრავლესობთ, წესდების 7.2 პუნქტის თანახმად.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 26 აპრილის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ...-ის რაიკოოპერატივის მეპაიეთა წარმომადგენელმა მ. მ-იძემ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვისათვის იმავე სასამართლოსთვის დაბრუნება. კასატორის მოსაზრებით, 2006 წლის 19 მაისის კრება უკანონოდაა მოწვეული. მისი მითითებით, 2006 წლის 11 მაისს გაიმართა რაიკოოპერატივის გამგეობის სხდომა, რომელზეც რაიკოოპერატივის წესდების 7.10 მუხლის თანახმად მოწვეული იყო 2006 წლის 19 მაისის წარმომადგენელთა კრება. გამგეობამ მოიწვია ახალი კრება, რადგან ეჭვქვეშ დადგა 2006 წლის 28 აპრილის კრების გადაწყვეტილებისუნარიანობა, 19 მაისს კი ჩატარდა ფაქტიურად სულ სხვა კრება არა ერთი, არამედ ორი საკითხით დღის წესრიგში; ...-ის რაიკოოპერატივის მეპაიეთა წარმომადგენელმა მ.მ.-ემ მიუთითა, რომ 2006 წლის 19 მაისის კრება არ იყო უფლებამოსილი გაეუქმებინა 2006 წლის 28 აპრილის კრების დადგენილება, კრებამ წესდების სრული დაცვით მიიღო დადგენილება, რომ არ გაესხვისებინა კოოპერატორთა ქონება. 2006 წლის 19 მაისის კრება კანონიერადაც რომ ყოფილიყო მოწვეული, წინა დადგენილებას ესაჭიროებოდა დამსწრე წარმომადგენელთა 3/4, რასაც თვით მოპასუხე ამტკიცებდა 2006 წლის 11 მაისის ¹4/1 დადგენილებაში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 2006 წლის 19 მაისის კრებამ არაკანონიერად გააუქმა 2006 წლის 28 აპრილის კრების დადგენილება; კასატორმა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ 2006 წლის 19 მაისის კრებაზე კენჭისყრა ჩატარდა ყოველგვარი წესის დაცვის გარეშე, კრების წინაშე გადაწყვეტილების მისაღებად დაისვა ორი წინადადება და ამ ორივე საკითხზე ერთდროულად ჩატარდა კენჭისყრა. ცალ-ცალკე კენჭისყრის შემთხვევაში წარმომადგენელთა უმრავლესობა გამოიჩენდა კეთილგონიერებას და ასობით მესაკუთერე არ დაკარგავდა თავის საკუთრებას; ამასთან, 2006 წლის 19 მაისის კრებაზე დაირღვა კოოპერატორთა უფლებები და ზეწოლა ხდებოდა წარმომადგენლებზე, 2006 წლის 19 მაისის კრებაზე წაკითხული იქნა და კრებას გადაეცა ...-ის კოოპერატორთა მიმართვა წარმომადგენლებზე, სადაც აღნიშნული იყო, რომ მათზე განხორციელებული ზეწოლის მიუხედავად არ გაესხვისებინათ კოოპერატორთა ქონება. ამასთან, მათი მოთხოვნის მიუხედავად სასამართლო პროცესზე ვერ იქნა დაკითხული ოთხი წარმომადგენელი, მათ შორის 19 მაისის კრების მდივანი; კასატორის მოსაზრებით, 2006 წლის 19 მაისის კრების დადგენილება უკანონოა, რადგან დადგენილება მიღებულია ხმების უბრალო უმრავლესობით. კასატორის მითითებით, წარმომადგენელთა კრება უბრალო უმრავლესობით იღებს უბრალო გადაწყვეტილებებს და არა ფინანსურს ან საწესდებო კაპიტალის განკარგვასთან დაკავშირებულ საკითხებს; კასატორის მიერ ყურადღება გამახვილებულია იმ გარემოებაზეც, რომ 2006 წლის 19 მაისის კრება არ შეიძლება ჩაითვალოს კანონიერად, რადგან წარმომადგენლები თვითონ უკანონოდ არიან არჩეულნი. კასატორმა წესდების 8.1, 8.3 და 8.4 მუხლებზე მითითებით განმარტა, რომ ამ პუნქტებიდან გამომდინარე რეორგანიზაციის შემდეგ ...-ის რაიკოოპერატივში უნდა ჩატარებულიყო არჩევნები და უნდა არჩეულიყო არამარტო წარმომადგენლები, არამედ ყოველ წარმომადგენლისათვის უნდა არჩეულიყო თითო სათადარიგო პირი, რაც არ მომხდარა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ ...-ის რაიოკოოპერატივის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, მოცემულ საქმეზე უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 26 აპრილის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ...-ის რაიკოოპერატივის წარმომადგენელთა კრების 2006 წლის 19 მაისის დადგენილებით ...-ის რაიკოოპერატივის ქონება უსასყიდლოდ გადაეცა სახელმწიფოს კოოპერაციის შიდა და გარე (სახელმწიფო ბიუჯეტის და სახელფასო) დავალიანების ჩათვლით, იმის გათვალისწინებით, რომ სახელმწიფოზე გადაცემული ქონების გასხვისების დროს პირდაპირი მიყიდვის წესით მიეყიდოთ მოიჯარეებს, რომლებთანაც რაიკოოპერატივის გამგეობას გაფორმებული აქვს ხელშეკრულება და კოოპერატივის მეპაიეებს (ს.ფ. 69). საქმეში წარმოდგენილი ...-ის რაიკოოპერატივის წარმომადგენელთა 2006 წლის 19 მაისის კრების ოქმიდან ირკვევა, რომ კრებას 30 წარმომადგენლიდან ესწრებოდა 24 წარმომადგენელი, საკითხს რაიკოოპერატივის ქონების 100%-ით სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ ხმა მისცა 14 წარმომადგენელმა (ს.ფ.62-68).
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ...-ის რაიკოოპერატივის წარმომადგენელთა 2006 წლის 19 მაისის კრება უკანონოდ მოიწვიეს, რადგან რაიკოოპერატივის ქონების სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ გადაცემის მიზანშეწონილობის საკითხზე ერთხელ უკვე იმსჯელა რაიკოოპერატივის წარმომადგენელთა 2006 წლის 28 აპრილის კრებამ. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, ...-ის რაიკოოპერატივის წარმომადგენელთა 2006 წლის 28 აპრილის კრების დღის წესრიგს შეადგენდა ...-ის რაიკოოპერატივის ქონების სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ გადაცემის მიზანშეწონილობის საკითხი. აღნიშნული კრების დადგენილების თანახმად მიზანშეუწონლად იქნა მიჩნეული ...-ის კოოპორგანიზაციის ქონების სახელმწიფოზე უსასყიდლოდ გადაცემა (ს.ფ. 51-55). საქმის მასალებით დადგენილია, რომ ...-ის რაიკოოპერატივის წარმომადგენელთა 2006 წლის 28 აპრილის კრებაზე სადავო ქონების სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ გადაცემის მიზანშეუწონლობის გადაწყვეტილება შემდგომ შვიდმა წარმომადგენელმა სადავოდ გახადა იმის გამო, რომ მათ რაიკოოპერატივის ქონების სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ გადაცემის მიზანშეუწონლობაზე ხმა არ მიუციათ, რადგან ისინი თანახმანი იყვნენ ქონების სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადაცემაზე და კრებაზე არასწორად იქნა დაფიქსირებული მათი პოზიცია. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ სადავო ქონების სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ გადაცემის მიზანშეწონილობის საკითხი ხელახლა სწორად იქნა განხილული წარმომადგენელთა კრებაზე.
საკასაციო პალატას დაუსაბუთებლად მიაჩნია კასატორის მითითება იმის თაობაზე, რომ 2006 წლის 19 მაისის კრებაზე კენჭისყრა ჩატარდა ყოველგვარი წესის დაცვის გარეშე, კენჭისყრა ჩატარდა ორ საკითხზე ერთდროულად. საქმეში წარმოდგენილი ...-ის რაიკოოპერატივის 2006 წლის 19 მაისის წარმომადგენელთა კრების ოქმიდან ირკვევა, რომ კრებას 30 წარმომადგენლიდან ესწრებოდა 24 წარმომადგენელი. კენჭისყრაზე დადგა ორი წინადადება: 1. კოოპერაციული ქონების სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ 100%-ით; 2. სახელმწიფოსათვის ქონების 50%-ით გადაცემის შესახებ. კენჭისყრა მიმდინარეობდა ღია კენჭისყრის წესით. კენჭისყრის შედეგად პირველ წინადადებას ხმა მისცა 14 წარმომადგენელმა; მეორე წინადადებას ხმა მისცა 6 წარმომადგენელმა; წინააღმდეგი იყო 2 წარმომადგენელი; კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია 2 წარმომადგნელს (ს.ფ. 68). აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კენჭისყრის ჩატარებისას არანაირ დარღვევას ადგილი არ ჰქონია, რის გამოც კასატორის ზემოაღნიშნული მოტივიც დაუსაბუთებლად უნდა იქნეს მიჩნეული.
კასატორი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების ერთ-ერთ მოტივად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად ჩათვალა, რომ მოპასუხე ორგანიზაციის წესდების მოთხოვნა იმის თაობაზე, რომ კოოპერატივის საერთო კრებას შეუძლია ხმების 3/4-ით მიღებული დადგენილებით გადაწყვეტოს საწესდებო კაპიტალის გადიდება ან შემცირება, არ შეეხება ქონების სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ გადაცემის საკითხს, რადგან კასატორის განმარტებით მათი საწესდებო კაპიტალი შემცირდა 345000 ლარით. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს ამგვარ მოსაზრებას, რადგან საწესდებო კაპიტალი არის კანონით განმტკიცებული და საზოგადოების წესდებით განსაზღვრული ქონება, რომელიც აუცილებელია შპს-ის, სს-ის ან კოოპერატივის დაფუძნებისათვის და რომლის შეტანის ვალდებულებასაც პარტნიორები წესდებით კისრულობენ. კოოპერატივის მინიმალური საწესდებო კაპიტალის ოდენობას კანონი არ განსაზღვრავს. მინიმალური საწესდებო კაპიტალის ოდენობას თითოეული კოოპერატივისათვის პარტნიორები თავად ადგენენ. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საწესდებო კაპიტალი არ არის საზოგადოების ქონების იდენტური ცნება. საწესდებო კაპიტალი არის წესდებაში მყარად განსაზღვრული ფულადი თანხა. იგი კოოპერატივებში დაყოფილია პაიებად. საზოგადოების ქონება არის საზოგადოების საკუთრებაში არსებული ყველა ობიექტის ერთობლიობა. მათ განეკუთვნება: ფული, მანქანა-დანადგარები, მიწის ნაკვეთები და ა.შ. საზოგადოების ქონება შეიძლება იყოს საწესდებო კაპიტალზე მეტი ან ნაკლები. საზოგადოების ქონება, როგორც წესი, აღემატება საწესდებო კაპიტალს. თუ საზოგადოების საქმიანობა წამგებიანია ქონება შეიძლება საწესდებო კაპიტალზე ნაკლებიც იყოს. საწესდებო კაპიტალის შეტანისა და კაპიტალის შენარჩუნების უზრუნველყოფის პრინციპი კანონის მრავალ ნორმაშია განმტკიცებული და მიზნად ისახავს საწესდებო კაპიტალის დაცვას. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემული დავის გადაწყვეტისას სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა “სამომხმარებლო კოოპერაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მეორე ნაწილი. ამ ნორმის თანახმად სამომხმარებლო კოოპერატივებისა და მათი კავშირების ქონების გასხვისება შეიძლება სამომხმარებლო კოოპერატივებისა და მათი კავშირების მართვის უმაღლესი ორგანოების გადაწყვეტილებით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ წარმომადგენელთა კრება, როგორც მართვის უმაღლესი ორგანო, უფლებამოსილი იყო გადაეწყვიტა საკითხი ქონების სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ. სააპელაციო პალატამ სწორად ჩათვალა, რომ წესდების 4.8 პუნქტი შეეხება მხოლოდ საწესდებო კაპიტალის გადიდებას ან შემცირებას, ხოლო 2006 წლის 19 მაისის დადგენილებით კი თუ გადაწყდა საწესდებო კაპიტალის შემცირების საკითხი, ამის თაობაზე კასატორს სასამართლოსათვის არ წარუდგენია ამის დამადასტურებელი მტკიცებულება. ამ დადგენილებით გადაწყდა არა კაპიტალის გადიდების ან შემცირების საკითხი, არამედ ქონების სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ გადაცემის საკითხი, რაზეც გადაწყვეტილება მიღებული უნდა ყოფილიყო წარმომადგენელთა საერთო კრების არა 3/4-ის მხარდაჭერით, არამედ წესდების 7.2 პუნქტის თანახმად ხმების უბრალო უმრავლესობით.
“მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-60.1 მუხლის “ზ” ქვეპუნქტის შინაარსიდან გამომდინარე სამომხმარებლო (მრავალდარგოვანი) კოოპერატივების სამართლებრივი, ეკონომიკური და სოციალური საფუძვლები რეგულირდება “სამომხმარებლო კოოპერაციის შესახებ” საქართველოს კანონით. “სამომხმარებლო კოოპერაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად სამომხმარებლო კოოპერატივის მართვის უმაღლესი ორგანოა მეპაიეთა საერთო კრება, თუ წევრ-მეპაიეთა რაიოდენობა 200-ზე ნაკლებია, ხოლო თუ წევრი-მეპაიე 200-ზე მეტია _ წარმომადგენელთა კრება, რომელიც იღებს წესდებას, განსაზღვრავს სავალდებულო საპაიო შესატანის ოდენობას, ირჩევს აღმასრულებელ-განმკარგულებელ და მაკონტროლებელ ორგანოებს _ გამგეობას და სარევიზიო კომისიას. ამავე ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად წარმომადგენელთა რაოდენობას ადგენს სამომხმარებლო კოოპერატივის წევრთა საერთო (წარმომადგენელთა) კრება. საქართველოს სამომხმარებლო კოოპერაციის ეროვნული ალიანსი “ცეკავშირის” ...-ის სამომხმარებლლო კოოპერატივის წესდების 7.10 პუნქტის თანახმად საერთო კრება გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება ან წარმოდგენილია ხმის უფლების მქონე წევრთა ნახევარზე მეტი. “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 63.2 მუხლის თანახმად საერთო კრება გადაწყვეტილებებს იღებს ხმების უბრალო უმრავლესობით, თუ კანონით ან წესდებით არ არის გათვალისწინებული ხმების უფრო დიდი რაოდენობა ან სხვა დამატებითი მოთხოვნები. არჩევნებისათვის წესდებამ შეიძლება გაითვალისწინოს გამონაკლისი წესი. ამ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, საერთო კრების მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი, არსებითად, კოოპერატივის წესდებით განისაზღვრება. თუ ეს წესები წესდებით განსაზღვრული არ არის, მაშინ მოქმედებს ნორმა, რომლის მიხედვითაც საერთო კრება გადაწყვეტილებებს იღებს ხმების უბრალო უმრავლესობით ანუ კოოპერატივის საერთო კრების მონაწილეთა ხმების ნახევარზე მეტით. ამასთან, წესდებამ უნდა განსაზღვროს, თუ კოოპერატივის რამდენი წევრი უნდა ესწრებოდეს კრებას, რომ იგი იყოს უფლებამოსილი მიიღოს გადაწყვეტილება ამა თუ იმ საკითხზე, ანუ კრება იყოს გადაწყვეტილებაუნარიანი.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატამ სწორად ჩათვალა, რომ არ არსებობს ...-ის რაიკოოპერატივის 2006 წლის 19 მაისის დადგენილების ბათილად ცნობის არანაირი საფუძველი, ვინაიდან მითითებული დადგენილების თანახმად კრებას 30 წარმომადგენლიდან ესწრებოდა 24 წარმომადგენელი ანუ რაიკოოპერატივის წესდების თანახმად კრება გადაწყვეტილებაუნარიანი იყო, ვინაიდან მას ესწრებოდა ხმების უფლების მქონე 30 წარმომადგენლიდან 24 ანუ უმრავლესობა და საკითხს ...-ის რაიკოოპერატივის ქონების 100%-ის სახელმწიფოსათვის გადაცემას მხარი დაუჭირა 14 წარმომადგენელმა.
საქართველოს სამომხმარებლო კოოპერაციის ეროვნული ალიანსი “ცეკავშირი” ...-ის სამომხმარებლო კოოპერატივის წესდების 4.8 პუნქტის თანახმად კოოპერატივის საერთო კრებას შეუძლია ხმების 3/4-ით მიღებული დადგენილებით გადაწყვიტოს საწესდებო კაპიტალის გადიდება ან შემცირება. წესდების 4.9 პუნქტის თანახმად კოოპერატივის გადაწყვეტილება საწესდებო კაპიტალის შეცვლის შესახებ ძალაში შედის სახელმწიფო რეესტრში შესაბამისი ცვლილებების შეტანის შემდეგ. “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 5.3.3. მუხლის “ა” ქვეპუნქტის თანახმად შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების, სააქციო საზოგადოებისა და კოოპერატივისათვის, ამ კანონის მე-5 მუხლის 5.3.1 პუნქტში მოცემულის გარდა დამატებით საჭიროა მიეთითოს საწესდებო კაპიტალის ოდენობა და საბუთი შესრულებული შენატანის შესახებ. ამავე კანონის 56.1-ე მუხლის თანახმად ამ კანონით გათვალისწინებული რეგისტრაციისათვის სავალდებულო ფაქტების ყოველი ცვლილება ასევე საჭიროებს რეგისტრაციას. წესდების 4.1 პუნქტიდან ირკვევა, რომ კოოპერატივის საწესდებო კაპიტალი რეგისტრაციის მომენტში შეადგენდა 350000 ლარს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს, რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორი შეფასება და მატერიალურ-სამართლებრივი ნორმების არასწორად გამოყენება და განმარტება. საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.
ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს მოცემული დავის გადაწყვეტისას კანონი არ დაურღვევია და საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
...-ის რაიკოოპერატივის მეპაიეთა საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელი დარჩეს მოცემულ საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 26 აპრილის განჩინება.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.