¹ას-514-898-06 5 აპრილი, 2007 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
როზა ნადირიანი (მომხსენებელი), თეიმურაზ თოდრია
საკასაციო საჩივრის ავტორი – მ. ბ-ი
წარმომადგენელი _ დ. ვ-ა
მოწინააღმდეგე მხარე – ვ. და ვ. ქ-ები (წარმომადგენელი _ გ. თ-ე)
მ. მ-ა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, ნოტარიუსები _ ლ. დ-ი, ნ. გ-ი.
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 5 ივლისის განჩინება.
დავის საგანი _ ნასყიდობისა და ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2005 წლის 22 ივლისს მ. ბ-მა სარჩელი აღძრა დუშეთის რაიონულ სასამართლოში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ვ. ქ-ს, ვ. ქ-ს, მ. მ-ს, ნოტარიუსების _ ლ. დ-სა და ნ. გ-ს მიმართ და მოითხოვა 2001 წლის 3 აპრილის ნასყიდობის ხელშეკრულებისა და 2004 წლის 24 აგვისტოს ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა, 2003 წლის 14 მაისისა და 2004 წლის 6 სექტემბრის მიწის სააღრიცხვო ბარათის ბათილად ცნობა და სადავო ქონების მ. ბ-ის სახელზე აღრიცხვა.
მოსარჩელის განმარტებით, 2001 წლის 11 იანვარს მან გასცა მინდობილობა მ. მ-ს სახელზე, რომლითაც ამ უკანასკნელს მიენიჭა სადავო უძრავი ქონების გასხვისების უფლებამოსილება. 2001 წლის 30 მარტს მან გაუუქმა მინდობილობა მ. მ-ს, რასაც ადასტურებს 2001 წლის 30 მარტის სანოტარო აქტი მინდობილობის გაუქმების შესახებ. აღნიშნულის თაობაზე იმავე დღეს აცნობა მ. მ-ს და მოსთხოვა მინდობილობის დაბრუნება, რაზეც მ-მ უპასუხა, რომ გარკვეული გარემოებების გამო მას ვერ დააბრუნებდა. მასვე სანოტარო აქტის ჩაბარება მოსთხოვეს, მაგრამ მან განმარტა, არც სჭირდებოდა და არც ხელს მოაწერდა, რის გამოც აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა აქტი. მინდობილობის გაუქმების შესახებ სანოტარო აქტი ჩაბარდა დუშეთის რაიონის სოფელ ... მიწათმომწყობს – თ. ლ-ს. 2001 წლის 3 აპრილს ვ. ქ-თან მოსარჩელის კუთვნილ ქონებაზე გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელიც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის შთანახმად, ბათილია, ვინაიდან მ. მ-ს გარიგების დადების დროს არ გააჩნდა წარმომადგენლობითი უფლებამოსილება, შესაბამისად, გარიგების ნამდვილობა დამოკიდებული იყო მ. ბ-ს თანხმობაზე, რომელსაც ასეთი თანხმობა არ გაუცია. 2004 წლის აგვისტოს ვ. ქ-მა ჩუქების ხელშეკრულებით სადავო ბინა აჩუქა ვ. ქ-ს, რომლის ბათილად ცნობაც ასევე მოითხოვა მოსარჩელემ.
ვ. ქ-მა შეგებებული სარჩელი აღძრა დუშეთის რაიონულ სასამართლოში მ. ა ბ-ს მიმართ და მოითხოვა მ. ბ-ს გამოსახლება მასთან მცხოვრებ პირებთან ერთად.
დუშეთის რაიონულმა სასამართლოს 2005 წლის პირველი დეკემბრის გადაწყვეტილებით მ. ბ-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ხოლო ვ. ქ-ს შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა, რის საფუძველზეც მ. ბ-ი მასთან მცხოვრებ პირებთან ერთად გამოსახლდა დუშეთის რაიონის სოფელ ... მდებარე ვ. ქ-ს საკუთრების სახლიდან.
დუშეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის პირველი დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ბ-მა და მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება სარჩელის დაკმაყოფილებისა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სააპელაციო პალატის 2006 წლის 5 ივლისის განჩინებით მ. ბ-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა დუშეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის პირველი დეკემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ 2001 წლის 11 იანვარს მ. ბ-მა მ. მ-ს სახელზე გასცა მინდობილობა, რომლითაც ამ უკანასკნელს მიანიჭა ქონების გასხვისების უფლებამოსილება 3 წლის ვადით. 2001 წლის 30 მარტს მ. ბ-მა გააუქმა აღნიშნული მინდობილობა. 2001 წლის 3 აპრილს მ. მ-ს, როგორც მ. ბ-ს წარმომადგენელსა და ვ. ქ-ს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, ხოლო 2004 წლის 24 აგვისტოს ვ. ქ-მა სადავო ქონება აჩუქა შვილს – ვ. ქ-ს.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მინდობილობის გაუქმება ცალმხრივი ნების გამოვლენაა, რაც უნდა ეცნობოს ან უფლებამოსილ პირს ანდა მესამე პირს. მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა, რომ მ. მ-სათვის ან ვ. ქ-სათვის ცნობილი იყო უფლებამოსილების გაუქმების შესახებ. შესაბამისად, უფლებამოსილება ძალაში იყო იმ სახით, როგორც ეს თავდაპირველად იყო მოცემული. სამართლებრივ საფუძვლად სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა სკ-ის 51-ე და 108-ე მუხლები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 5 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ბ-მა და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი და გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის დასაბუთებული. კასატორი მიუთითებს, რომ სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელის კუთვნილ ქონებაზე ვ. ქ-თან დადებული ხელშეკრულება ბათილია, ვინაიდან, სამოქალაქო კოდექსის 109-ე მუხლის გ) პუნქტის მიხედვით, მ-ს წარმომადგენლობითი უფლებამოსილება გაქარწყლებული ჰქონდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მ. ბ-ი ითხოვს აღნიშნული განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილებას, ხოლო მოწინააღმდეგე მხარის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო კოდექსის 109-ე მუხლის „გ“ პუნქტის თანახმად, წარმომადგენლობითი უფლებამოსილება ქარწყლდება უფლებამოსილების გამცემი პირის მიერ უფლებამოსილების გაუქმებით.
ამავე კოდექსის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ნების გამოვლენა, რომელიც მოითხოვს მეორე მხარის მიერ მის მიღებას, ნამდვილად ჩაითვლება იმ მომენტიდან, როცა იგი მეორე მხარეს მიუვა.
უფლებამოსილების გამცემ პირს ყოველთვის შეუძლია გააუქმოს უფლებამოსილება. გაუქმება ცალმხრივი ნების გამოვლენაა, რომელიც უნდა ეცნობოს ან უფლებამოსილ პირს, ანდა მესამე პირს, რომლის მიმართაც ჰქონდა ადგილი წარმომადგენლობას (სკ-ის 108-ე მუხლი). გაუქმების შესახებ ნების გამოვლენა ძალის მქონე იქნება, თუკი იგი მიუვა აღნიშნულ პირებს.
სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად არის ცნობილი, რომ მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა ის გარემოება, რომ უფლებამოსილი პირისათვის ან მესამე პირისათვის ცნობილი იყო მინდობილობის გაუქმების შესახებ. კასატორის მიერ არ არის წარმოდგენილი დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. იგი ვერ მიუთითებს ისეთ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს, რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება და ამის შედეგად მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება და განმარტება. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ დადგენილ გარემოებებს მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება და მართებულად მიიჩნია, რომ, ვინაიდან, მ. მ-სათვის ცნობილი არ იყო მინდობილობის გაუქმების თაობაზე, ნების გამოვლენა ძალის არმქონედ უნდა ჩაითვალოს. შესაბამისად, ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისას ა. მ-ს გააჩნდა წარმომადგენლობითი უფლებამოსილება. აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მ. ბ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 5 ივლისის განჩინება;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.