Facebook Twitter

საქმე №161აპ-16 ქ. თბილისი

კ-ე მ. 161აპ-16 15 ივლისი, 2016 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),

ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი

სხდომის მდივან - გიორგი შალამბერიძის

პროკურორ - სალომე ადეიშვილის

ადვოკატ - კ. კ-ს

მსჯავრდებულ - მ. კ-ს

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ მ. კ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ კ. კ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 17 თებერვლის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 19 აგვისტოს განაჩენით მ. კ-ე, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2014 წლის 31 დეკემბრიდან.

2. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი მ. კ-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული ქურთუკი, ყავისფერი საფულე, საქართველოს ბანკის ექსპრეს-ბარათი, ორი ფოტოსურათი, მეტრომანი, ერთი 20 თეთრიანი მონეტა, ერთი 5-თეთრიანი მონეტა, ლაი-ლაის სიმბარათი, ორი მეხსიერების ბარათი, კრიალოსანი, უბის წიგნაკი, სავარცხელი, წითელი სანთებელა და ცხვირსახოცი უნდა დაუბრუნდეს მის მფლობელს; ერთი 10-ლარიანი კუპიურა, საქართველოს ბანკის პლასტიკური ბარათი, მეტრომანი, ,,ლიბერთი“ ბანკის ,,სმარტივის” ბარათი და 2 გასაღები უნდა დაუბრუნდეს მფლობელს ან ნდობით აღჭურვილ პირს; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფოტოსურათები ერთ დისკზე უნდა დარჩეს სისხლის სამართლის საქმეში და შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

3. მსჯავრდებულ მ. კ-ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2014 წლის 31 დეკემბერს, დაახლოებით 01:20 საათზე, ქ.თბილისში, ….. ქუჩა №…..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, მ. კ-მ ა. შ-ს აშკარად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სახის არეში მუშტის დარტყმით წაართვა ტყავის ქურთუკი.

4. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 17 თებერვლის განაჩენით დარჩა უცვლელად.

5. მსჯავრდებულ მ. კ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატ კ. კ-ა საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 17 თებერვლის განაჩენის გაუქმებასა და მ. კ-ს გამართლებას.

6. საკასაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულ მ. კ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა კ. კ-მ ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები, მხარი დაუჭირა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილება, რასაც დაეთანხმა მსჯავრდებული მ. კ-ე.

7. საკასაციო პალატის სხდომაზე პროკურორმა სალომე ადეიშვილმა ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები და იშუამდგომლა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 17 თებერვლის განაჩენის უცვლელად დატოვება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ მ. კ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ კ. კ-ს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულ მ. კ-ა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ კ. კ-ს პოზიციას მსჯავრდებულის გამართლების თაობაზე, კერძოდ:

3. დაზარალებულ ა. შ-ს მიერ მიცემული ჩვენებით, ის მუშაობდა მტვირთავად დილის რვა საათიდან საღამოს ექვს საათამდე. სამუშაოს დამთავრების შემდეგ წავიდა და ,,კურტკა’’ იყიდა. მერე მეგობრებთან ერთად სასმელი დალია და როცა ერთმანეთს დაშორდნენ, გაეშურა სამარშრუტო ტაქსისკენ. რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მან გაიცნო მ. კ-ე, რის შემდეგაც გადაწყვიტეს, ერთად დაელიათ ალკოჰოლური სასმელი. დაზარალებულმა თავის ჩვენებაში გარკვევით მიუთითა, რომ თავიდან დალიეს ქუჩაში, ჯიხურთან, ხოლო შემდეგ - რაღაც შენობაში, რომელსაც კიბით ჩასასვლელი ჰქონდა, მაგრამ არ ახსოვს მისი დასახელება. მისივე განმარტებით, ზოგადად, ყველაფერზე საუბრობდნენ და კონკრეტულად რაზე, არ ახსოვს. ა. შ-ი მ. კ-სთან შეხვედრისას უკვე მთვრალი იყო. მან აღნიშნა, რომ საუბრობდნენ როგორც ქართულად, ისე რუსულად, უფრო სწორად, მ. კ-ე ქართულად ესაუბრებოდა, თვითონ კი რუსულადაც საუბრობდა და ქართულადაც. დაზარალებულის ჩვენებიდან ირკვევა, რომ მან მ. კ-ს უთხრა, რომ ის ეროვნებით იყო იეზიდი და ვარაუდობს, რომ მისი ეროვნებიდან გამომდინარე გახდა ის აგრესიული. თუმცა, მ. კ-ს განმარტებით, მაშინვე არ გამოუვლენია აგრესიულობა. ის აგრესიული გახდა მოგვიანებით, რა დროსაც მ. კ-მ მოულოდნელად სახის არეში ხელი დაარტყა, რის შედეგადაც ის წაიქცა და თავი ბორდიურს დაარტყა. როდესაც ძლივს წამოდგა, სისხლი წამოუვიდა. კ-ს ჰკითხა, თუ რატომ დაარტყა, ამის შემდეგ მან ფეხიც დაარტყა მარცხენა მხარეს და დაუწყო ტყავის ქურთუკის გახდა, ის კი ეკითხებოდა, თუ რას ერჩოდა. მ. კ-მ მას გახადა ქურთუკი და ცდილობდა გაქცევას. იგი გასისხლიანებული იყო, ყვიროდა და შველას ითხოვდა, რა დროსაც შემთხვევის ადგილზე მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები და დააკავეს მ. კ-ე, თავად კი გონება დაკარგა.

4. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის №….. დასკვნის თანახმად, ა. შ-ს დაუდგინდა დიაგნოზი: სკალპის ღია ჭრილობა თხემის არეში, ნახეთქი ჭრილობები მარცხნივ, თხემისა და მარცხენა წარბის არეში. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. აღნიშნული დასკვნის სისწორე პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა თ. ქ-მ.

5. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სტაციონარული სასამართლო - ფსიქიატრიული ექსპერტიზის №….. დასკვნის თანახმად, მ. კ-ს მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის პერიოდში არ შეეძლო, სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შეზღუდული შერაცხადობა). მ. კ-ე იმგვარი ფსიქიკური ავადმყოფობით, რომელიც ხელს უშლის სასჯელის მოხდას, დაავადებული არ არის. თავისი ფსიქიკური მდგომარეობით მ. კ-ე შეიძლება წარსდგეს მართლმსაჯულების წინაშე და პასუხი აგოს ბრალად შერაცხული ქმედებისათვის.

6. მოწმის სახით დაკითხულმა ფსიქიატრმა ი. ს-მ უჩვენა, რომ შესწავლილ იქნა სისხლის სამართლის საქმე, გამოსაკვლევი პირი და გაირკვა, რომ მ. კ-ე მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის პერიოდში დაავადებული იყო ბიპოლარული აფექტური აშლილობით, მიმდინარე ეპიზოდში ჰიპომანიით. ამჟამად რემისიის მდგომარეობაა. მის მიერ მიცემული ჩვენების მიხედვით, დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის დროს ენერგიულ და ,,აწეულ“ ხასიათზე იყო, გადაჭარბებით სვამდა სასმელს და ადვილად უახლოვდებოდა უცხო პირებს. მის მიერ მიცემული ჩვენების მიხედვით, იგი იყო გაწონასწორებული, არათანმიმდევრული წინადადებები არ წარმოუთქვამს, ანუ მას ადეკვატური ჩვენებები აქვს მიცემული, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენებას ვერ მისცემდა. თუმცა, ექსპერტმა განმარტა, რომ ვინაიდან მ. კ-ს აქვს ფსიქიკური ნაკლი, შესაბამისად, შეიძლება ვერ გაერკვეს იურიდიულ საკითხებში. ასეთ შემთხვევაში, საჭიროა მისი უფლებები დაიცვას ადვოკატმა. ანალოგიური ჩვენება მისცა პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ფსიქიატრმა ა. ტ-მ.

7. ამდენად, ექსპერტები თავიანთ ჩვენებებში არსად უთითებენ, რომ ისინი იზიარებენ ან არ იზიარებენ მ. კ-ს მიერ მიცემულ ჩვენებას. ისინი განმარტავენ, რომ ჩვენება იყო დალაგებული და თანმიმდევრული, რაც არ აძლევდათ საშუალებას, ემსჯელათ პირის შეურაცხადობაზე. ამასთან, მ. კ-ს აღენიშნება ისეთი ფსიქიკური აშლილობა, კერძოდ - ჰიპომანიაკალური ეპიზოდი, რომელიც გრძელდება რამდენიმე დღეს ან კვირას, შემდეგ კი დგება რემისიის პერიოდი, რასაც ადგილი ჰქონდა კონკრეტულ შემთხვევაში.

8. მოწმე ლ. ჟ-ს ჩვენებით 2014 წლის 31 დეკემბერს, ღამის საათებში, ის ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას თავის მეწყვილე ვ. მ-სთან ერთად. ისინი იმყოფებოდნენ ….. ქუჩისა და ….. კვეთასთან, რა დროსაც მოესმათ ხმაური და მამაკაცის ყვირილის ხმა, რომელიც დახმარებას ითხოვდა. მან დაინახა, რომ ორი მამაკაცი ერთმანეთში ძიძგილაობდა, ერთ-ერთს მ. კ-ს ეცვა სამხედრო ფორმა, რომელმაც სახის არეში ხელი დაარტყა დაზარალებულ ა-ე შ-ს და ეს უკანასკნელი ძირს დაეცა. მან ასევე დაინახა, თუ როგორ ცდილობდა მ. კ-ე ა-ე შ-სთვის ტყავის ქურთუკის წართმევას, დაზარალებული კი შველას ითხოვდა. აღნიშნული ფაქტის შემხედვარე, ის და ვ. მ-ე გაიქცნენ შემთხვევის ადგილისკენ, ხოლო მ. კ-ე, რომელმაც ქურთუკი წაართვა ა. შ-ს, მათი მიმართულებით გაიქცა, რა დროსაც მან და მისმა თანამშრომელმა დააკავეს მ. კ-ე. ანალოგიური ჩვენება მისცა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ვ. მ-მ.

9. 2014 წლის 31 დეკემბრის მ. კ-ს დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, ბრალდებულ მ. კ-ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა ტყავის ქურთუკი, იარლიყზე წარწერით „…..“, რომლის ჯიბეში მოთავსებულია ყავისფერი საფულე. მასში იდო: ა. შ-ს სახელზე რეგისტრირებული საქართველოს ბანკის „ამერიკან ექსპრესის“ ბარათი, ორი ფოტოსურათი, მეტრომანი, 25 თეთრი, ლაი-ლაის სიმბარათი, ხოლო ქურთუკის გარეთა ჯიბეში ნანახი იქნა: ორი ცალი მეხსიერების ბარათი, კრიალოსანი, უბის წიგნაკი, სავარცხელი, წითელი ფერის სანთებელა და ცხვირსახოცი. აღნიშნული ნივთები ეკუთვნის ა-ე შ-ს და ყველა მათგანი მან ამოიცნო.

10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულ მ. კ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ კ. კ-ს პოზიციას მსჯავრდებულის გამართლების თაობაზე და მიაჩნია, რომ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, უტყუარ, ურთიერთშეჯერებულ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება მ. კ-სათვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

11. რაც შეეხება სასჯელს, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას სრულად გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება - პირადი პირობები (შეზღუდული შერაცხადობა), პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია, ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების ხერხი და ისე განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, მე-2, მე-3 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ მ. კ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ კ. კ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 17 თებერვლის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

3. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

გ. შავლიაშვილი