Facebook Twitter

ას-515-825-09 24 სექტემბერი, 2009წ.

თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),

რ. ნადირიანი (მომხსენებელი), თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) _ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ ვ. ა-იანი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 7 აპრილის განჩინება

დავის საგანი _ ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2008 წლის 17 დეკემბერს წყალტუბოს რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ მოპასუხე ვ. ა-იანის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ მოპასუხისათვის 16 092 ლარის ოდენობით ჯარიმის, ზიანის სახით 2956,73 ლარისა და 16 092 ლარის 0.2%-ის ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრება ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2005 წლის 3 დეკემბრიდან.

წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2009 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

საქართველოს თავდაცვის მისნისტრის ¹1344 ბრძანებითYვ. ა-იანი 2005 წლის პირველი მაისიდან დაინიშნა კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების თანახმად, მე-2 ქვეითი ბრიგადის, ჯ/სატანკო ბატალიონის სატანკო ასეულის პირველი სატანკო ოცეულის მემიზნე-ოპერატორად. 2005 წლის პირველ მაისს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ვ. ა-იანს შორის გაფორმდა ხელშეკრულება თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ქვედანაყოფებში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 21 იანვრის ¹71 ბრძანების საფუძველზე, ვ. ა-იანი დათხოვნილ იქნა შეიარაღებული ძალების რიგებიდან, რეზერვში (საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პირადი შემდაგენლობის სიებიდან ამორიცხვითა და ყველა სახის კმაყოფიდან მოხსნით), 2005 წლის 22 ნოემბრიდან “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 თავის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის “თ” ქვეპუქნტის თანახმად, კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო;

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 26 მარტის განჩინებით საქმე ზიანის _ 2956,73 ლარის მოთხოვნის ნაწილში განსჯადობის წესების დაცვით გადაეცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას. ადმინისტრაციულმა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ განსახილველ საქმეზე დავის საგანი იყო ზიანის ანაზღაურება, ხოლო სასარჩელო მოთხოვნის საფუძველს წარმოადგენდა სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ხელშეკრულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 7 აპრილის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2009 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილება ზიანის სახით მოპასუხისათვის 2956,73 ლარის ანაზღაურების დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები მასზედ, რომ თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ქვედანაყოფებში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ ხელშეკრულება არ ითვალისწინებდა მოსამსახურის მიერ სამხედრო სამსახურის ერთი წლის გასვლამდე კონტრაქტის მოშლისას პასუხისმგებლობას;

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზე არ იყო ზიანი, რაც გამოიწვევდა ვ. ა-იანისათვის ქონებრივი პასუხისმგებლობის საკითხს. ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის პასუხისმგებლობა დგება მხოლოდ მაშინ, თუ სახეზეა შემდეგი პირობები: ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი და ზიანის მიმყენებელს მიუძღვის ბრალი.

მოსარჩელის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ ხელშეკრულების დადებიდან მის შეწყვეტამდე პერიოდის ვ. ა-იანზე, როგორც სამხედრო მოსამსახურეზე გაწეული ხარჯები, რაც მოიცავდა აღჭურვილობის, კვებისა და სწავლების ხარჯებს, წარმოადგენს ზიანს, სასამართლომ არ გაიზიარა, ვინაიდან ამ ხარჯების გაწევა წარმოადგენდა სამინისტროს ვალდებულებას, რომლის სანაცვლოდაც ვ. ა-იანი ახორციელებდა საპასუხო შესრულებას და როგორც სამხედრო მოსამსახურე იმყოფებოდა მუდმივ მზადყოფნდაში.

სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გაიზიარა აპლანტის მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ ა-იანის მიერ ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტით გამოწვეული ზიანი შეადგენდა ახალი სამხედრო მოსამსახურის მომზადებაზე გასაწევ ხარჯებს და ამ მოქმედებით გამოწვეული ქონებრივი დანაკლისის არსებობას, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, თავდაცვის სამინისტროს აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტები არ წარმოუდგენია.

ვაინაიდან დადასტურებული იყო, რომ თავდაცვის სამინისტრო, სააპელაციო საჩივრით ითხოვდა ვ. ა-იანისათვის გადაცემული ხელფასის ანაზღაურებას, პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნული თანხები არ წარმოადგენდნენ კონტრაქტის შეწყვეტით მიყენებულ ზიანს და, შესაბამისად, თავდაცვის სამინისტროს სარჩელი ვ. ა-იანის მიმართ 2956,73 ლარის ზიანის ანაზღაურების დაკისრების თაობაზე უსაფუძვლოდ მიიჩნია.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 7 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილება, შემდეგი საფუძვლებით:

კასატორის განმარტებით, ვ. ა-იანისათვის წინასწარ იყო ცნობილი სავარაუდო ზიანი, ვინაიდან იგი გაცნობილი იყო კონტრაქტის 8.2, 8.3 და 8.4 მუხლებს, რომლებიც პირდაპირ მიუთითებენ ზიანის მოთხოვნის შესაძლებლობაზე.

საგულისხმოა, რომ კონტრაქტის დადებისას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინტერესი იყო საქართველოს შეიარაღებული ძალების პროფესიული, დისციპლინირებული, მაღალკვალიფიციური სამხედრო პერსონალით უზრუნველყოფა. მოპასუხის მხრიდან კონტრაქტის დარღვევით ვერ იქნა მიღწეული დასახელებული ინტერესი და მასზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა ფაქტობრივად უშედეგოდ დაიხარჯა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინება და საქმე განსახილველად გადაეცეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული დავა არ განეკუთვნება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველ საქმეს.

მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივრის დავის საგანია ვ. ა-იანის, როგორც სამხედრო მოსამსახურის მიერ კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება. თავდაცვის სამინისტროსა და ვ. ა-იანს შორის სადავო ურთიერთობის წარმოშობის საფუძველია თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ქვედანაყოფებში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ კონტრაქტი, რომლის 1.1 მუხლის თანახმად, სამხედრო მოსამსახურე კისრულობს ვალდებულებას, ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით კეთილსინდისიერად იმსახუროს სამინისტროს ქვედანაყოფებში, ხოლო სამინისტრო ვალდებულია, გადაუხადოს სამხედრო მოსამსახურეს შეთანხმებული ხელფასი და უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამხედრო სამსახურით და შესაბამისი პირობებით. სადავო არ არის, რომ აღნიშნული კონტრაქტი წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას, რამდენადაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ დადებულია თავისი საჯარო უფლებამოსილების განხორციელების _ სახელმწიფოს თავდაცვისუნარიანობის უზრუნველყოფის მიზნით.

საქმეზე დადგენილია, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 21 იანვრის ¹71 ბრძანებით მეორე ქვეითი ბრიგადის, ჯ/სატანკო ბატალიონის ასეულის პირველი სატანკო ოცეულის მემიზნე-ოპერატორი ვ. ა-იანი 2005 წლის 22 ნოემბრიდან დათხოვნილ იქნა შეიარაღებული ძალების რიგებიდან, რეზერვში, კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო, “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის “თ” ქვეპუნქტის საფუძველზე. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნა გამომდინარეობს სწორედ კონტრაქტის პირობების შეუსრულებლობიდან, კერძოდ, მოსარჩელე ზიანის ანაზღაურებას ითხოვს იმ საფუძვლით, რომ მხარეთა შორის დადებული 4-წლიანი კონტრაქტი მოპასუხის სურვილით შეწყდა. ამდენად, მოსარჩელე სადავოდ ხდის ადმინისტრაციული ხელშეკრულების პირობების შესრულებას, რაც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტისა და 251 მუხლის თანახმად ადმინისტრაციული დავის საგანია.

ის გარემოება, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნა ემყარება სამოქალაქო კოდექსის ნორმებს, არ ნიშნავს, რომ სადავო სამართლებრივი ურთიერთობა ამის გამო კერძოსამართლებრივ შინაარსს იძენს. დავის არსის გათვალისწინებით სადავო ურთიერთობის სამართლებრივი საფუძვლების სწორად განსაზღვრა სასამართლოს ვალდებულებაა და ამ შემთხვევაში სასამართლო მხარის მიერ დასახელებული სამართლის ნორმებით არ არის შებოჭილი. ამასთან, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის V თავი (“ადმინისტრაციული ხელშეკრულება”) სამოქალაქო კოდექსის ნორმების გამოყენებას ადმინისტრაციული ხელშეკრულების მიმართ სრულიად დასაშვებად მიიჩნევს. ამ შემთხვევაში მოთხოვნის საფუძვლიანობის განსასაზღვრად ძირითადი და გადამწყვეტია, პირველ რიგში შეფასდეს სწორედ მხარეთა შორის დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულების პირობები, ასევე ადმინისტრაციული კანონმდებლობის _ “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” კანონის, “სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” კანონის, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დამტკიცებული სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების მოთხოვნები. მხოლოდ ადმინისტრაციული კანონმდებლობის ნორმების გამოყენების შემდეგ არის შესაძლებელი, გაირკვეს მოთხოვნის სამოქალაქო კოდექსის ნორმებთან შესაბამისობა.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქმე განხილულია საგნობრივი განსჯადობის წესების დარღვევით და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 7 აპრილის განჩინება;

საქმე განსახილველად დაუბრუნდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.