¹ას-515-862-07 14 დეკემბერი, 2007 წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე),
თეიმურაზ თოდრია (მომხსენებელი), როზა ნადირიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ ს. ბ-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები _ ა. და ე. დ-ები (მოპასუხეები)
დავის საგანი _ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 12 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა ქ.თბილისში, ... ქუჩაზე, „ვ“ კორპუსში მდებარე ბინა E¹14-ში მცხოვრებმა ს. ბ-მა და განმარტა, რომ 1987 წლიდან თვითონ და თავისი ვაჟიშვილი – მ. მ-ი, რომელიც არის მე-2 ჯგუფის ინვალიდი, საჭიროებს მკურნალობასა და ექიმების ზედამხედველობას.
2005 წლის 18 ოქტომბერს მასთან მივიდნენ მოპასუხეები ა. და ე. დ-ები და შესთავაზეს აღნიშნული ბინის გაცვლა ა. დ-ის კუთვნილ ბინაში, კერძოდ, ... ქუჩა ¹8-ში მდებარე, ბინა ¹26. ვინაიდან მას დაქვეითებული აქვს მხედველობა, მოპასუხეებს განუცხადა, რომ ბინის დასათვალიერებლად მივიდოდა შვილთან ერთად, რაზეც ისინი არ დასთანხმდნენ იმ მიზეზით, რომ ეჩქარებოდათ ბინის გაყიდვა და ვერ დაელოდებოდნენ მის შვილს. აღნიშნულის გამო იგი მოპასუხეებს მარტო გაჰყვა ბინის დასათვალიერებლად.
2005 წლის 29 სექტემბერს გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება ა. დ-ის საკუთრებაში არსებულ ... ქუჩა ¹8-ში მდებარე ¹26 ბინაზე, ხოლო 2005 წლის 18 ოქტომბერს ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმა ქ. თბილისში, ... ქუჩის „ვ“ კორპუსში მდებარე მის საკუთრებაში არსებულ ¹14 ბინაზე. ხელშეკრულების გაფორმებისას ნოტარიუსს განუცხადა, რომ არის წერა-კითხვის უცოდინარი, არ იცის არც რუსული და არც ქართული ენები, მაგრამ რაღაც დოკუმენტებზე განმარტების გარეშე მაინც მოაწერინეს ხელი.
ვინაიდან ს. ბ-ს ბინა იყო ოროთახიანი, ხოლო ა. დ-ის ბინა – ერთოთახიანი, ამ უკანასკნელს მისთვის უნდა გადაეხადა 3.100 აშშ დოლარი.
2005 წლის 21 ოქტომბერს ქ. თბილისში, ... ქუჩა ¹8-ში მდებარე, ბინა 26-ში მივიდა ა. დ-ი, რომელსაც ახლდნენ უცხო პირები და გადასცა 3.100 აშშ დოლარი. მან მოპასუხეს განუცხადა პრეტენზია, რომ ბინა არის ძალიან ნესტიანი, უვარგისი საცხოვრებლად. წინააღმდეგობის მიუხედავად, იძულებით თანხა მაინც დაუტოვეს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 81-ე და 82-ე, 488-ე მუხლების თანახმად, მოსარჩელემ მოითხოვა 2005 წლის 29 სექტემბრისა და 18 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა, როგორც მოტყუებით და იძულებით დადებული გარიგების.
მოსარჩელის განმარტება, რომ იგი მოატყუეს, არ უნდა იქნას გაზიარებული, რადგან მან პირველი ხელშეკრულების დადებიდან სამი კვირის შემდეგ მეორე ხელშეკრულება გააფორმა, რომელიც შესრულებულ იქნა რუსულ ენაზე. სარჩელში მოყვანილია მხოლოდ ზოგადი ნორმები და მოსარჩელე ვერ ადასტურებს, რაში მდგომარეობს მოტყუება ან იძულება. სარჩელში მიუთითებს, რომ არ იცის არც ქართული და არც რუსული ენები, მაშინ როგორღა მოახერხა ნოტარიუსთან საუბარი. მოპასუხეების წარმომადგენელმა მიიჩნია, რომ მოთხოვნა დაუსაბუთებელია და უარი უნდა ეთქვას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილებით ს. ბ-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ს. ბ-მა.
აპელანტმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 12 აპრილის განჩინებით ს. ბ-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მტკიცების ტვირთი, რომ სადავო გარიგებების დადებისას მოპასუხეთა მხრიდან ადგილი ჰქონდა მოსარჩელის მოტყუებასა და იძულებას, საპროცესო კოდექსის 102-ე და მე-4 მუხლებზე დაყრდნობით, სწორად დააკისრა მოსარჩელეს. სააპელაციო პალატამ მიუთითა, ვინაიდან მოსარჩელემ სათანადო მტკიცებულებებზე მითითებით და საქმეში მათი წარმოდგენით ვერ დაადასტურა იმ გარემოებების არსებობა, რაც სადავო ხელშეკრულებებს ბათილობის საფუძველს შეუქმნიდა, სარჩელი დაუსაბუთებელია ფაქტობრივი თვალსაზრისით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 12 აპრილის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ს. ბ-მა.
კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 81-ე მუხლი, ამასთან გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 488-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა. სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო კოდექსის 82-ე, 85-86-ე, 115-ე, 325-ე მუხლები, 330-ე მუხლის პირველი ნაწილი, 332-333-ე , 337-ე, 344-346-ე, 352-ე მუხლის პირველი ნაწილი, 354-ე, 487-ე, 489-ე მუხლის პირველი ნაწილი, 494-ე მუხლის პირველი ნაწილი, 497-ე მუხლი, ვინაიდან სახეზე იყო მოპასუხეთა მხრიდან მოტყუება და იძულება. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვისას დაირღვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის, 393-ე-394-ე და 383-384-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ არ შეამოწმა გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, არ იმსჯელა საპროცესო სამართლის ნორმების უხეშ დარღვევებზე, არ გამოიკვლია მტკიცებულებები სათანადოდ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 26 ივლისის განჩინებით ს. ბ-ს საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად. მოწინააღმდეგე მხარეს განესაზღვრა 10 - დღიანი ვადა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად.
ა. და ე. დ-ების წარმომადგენელმა გ. ბ-მა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხზე საკასაციო სასამართლოში წარმოადგინა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგან იგი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ს. ბ-ს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულება აღემატება 50000 ლარს. ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით არსებობს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, რომ დაუშვას ს. ბ-ს საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ს. ბ-ს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.