Facebook Twitter

№61აგ-16 1 სექტემბერი, 2016 წელი

შ. გ., 61აგ-16 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)

ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. შ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 28 იანვრის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. საგარეჯოს რაიონული სასამართლოს 2008 წლის 20 მაისის განაჩენით გ. შ., - დაბადებული ---- წლის -----ს, ნასამართლობის არმქონე, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით - 14 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 88-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა ¼-ით და სასჯელად განესაზღვრა 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით – 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 88-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა ¼-ით და სასჯელად განესაზღვრა 8 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, შეკრების წესით, გ. შ-ს სასჯელად განესაზღვრა 19 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო სსკ-ის 88-ე მუხლის საფუძველზე საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა. გ. შ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2010 წლის 3 ივლისიდან.

2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 28 დეკემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

3. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 21 თებერვლის განჩინებით საგარეჯოს რაიონული სასამართლოს 2008 წლის 20 მაისის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება: „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით გ. შ-ს საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელები შეუმცირდა და საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 12 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. გ. შ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2010 წლის 3 ივლისიდან.

4. აღნიშნული განჩინება საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 5 აპრილის განჩინებით დარჩა უცვლელად.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 2 მაისის განჩინებით მსჯავრდებულ გ. შ-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე არ იქნა დაშვებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 12 ივნისის განაჩენით მსჯავრდებულ გ. შ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო დაკმაყოფილდა და საბოლოოდ სასჯელი დაენიშნა საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გათვალისწინებით, კერძოდ: საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტით დანიშნულმა სასჯელმა - 7 წლით, 10 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთამ - შთანთქა სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’, ,,გ’’ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - 4 წლით, 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ გ. შ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 7 წლით, 10 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2010 წლის 3 ივლისიდან.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 9 დეკემბრის განჩინებით მსჯავრდებულ გ. შ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენისა და განჩინების გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.

8. მსჯავრდებულმა გ. შ-მა შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და 2016 წლის 1 იანვარს ამოქმედებული არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის საფუძველზე, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 28 დეკემბრის განაჩენისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 5 აპრილის განჩინების გადასინჯვა და ახალ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა.

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 28 იანვრის განაჩენით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის პალატის 2010 წლის 28 დეკემბრის განაჩენსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 5 აპრილის განჩინებაში შევიდა ცვლილება, კერძოდ:

10. გ. შ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით - 14 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით - 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 8 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.

11. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და გ. შ-ს განესაზღვრა 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

12. „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-2 და მე-16 მუხლების თანახმად, მსჯავრდებულ გ. შ-ს საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელები შეუმცირდა და სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, სასჯელთა შთანთქმის პრინციპით, საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 7 წლით, 10 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 3 ივლისიდან. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის პალატის 2010 წლის 28 დეკემბრის განაჩენი და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 5 აპრილის განჩინება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

13. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 28 იანვრის განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულმა გ. შ-მა საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და ითხოვა მისთვის დანიშნული სასჯელის შემცირება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საქართველოს სსსკ-ის 314–ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ გ. შ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ კანონიერად იხელმძღვანელა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით და გ. შ-თვის დანიშნული სასჯელები აღნიშნულ კანონთან მოიყვანა შესაბამისობაში.

3. რაც შეეხება კასატორის მოთხოვნას მისთვის განსაზღვრული სასჯელის შემსუბუქების თაობაზე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვისას სასამართლო არ არის უფლებამოსილი, იმსჯელოს გადასასინჯი გადაწყვეტილების სამართლიანობაზე და თუკი დანიშნული სასჯელი კანონის სანქციის ფარგლებშია, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების გადასინჯვისას სასამართლო არ არის უფლებამოსილი, შეამციროს მისი ზომა.

4. ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-8 მუხლის მსგავსად, გ. შ-ის მსჯავრდებისას მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის შესაბამისადაც, უპირატესობა ენიჭებოდა კონსტიტუციურ უფლებათა და თავისუფლებათა შეზღუდვის ყველაზე მსუბუქ ფორმას. შესაბამისად, საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე გ. შ-თვის სასჯელის დანიშვნისას სასამართლომ გაითვალისწინა მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და ისე განუსაზღვრა მას სამართლიანი სასჯელი. ხოლო რაიმე ახალ გარემოებაზე რაც შესაძლოა ამ ნაწილში განაჩენის გადასინჯვის საფუძველი გამხდარიყო, კასატორი არ უთითებს.

5. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საჩივრის ავტორის მოთხოვნა არ ემყარება რაიმე სამართლებრივ საფუძველს და არც გასაჩივრებული განაჩენის მსჯავრდებულის სასიკეთოდ შეცვლის კანონით გათვალისწინებული რომელიმე პირობა არსებობს, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, 314-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ გ. შ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 28 იანვრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

3. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

პ. სილაგაძე