Facebook Twitter

ას-516-863-07 27 ივლისი, 2007 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),

რ. ნადირიანი (მომხსენებელი), თ. თოდრია

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ნ. მ-ის წარმომადგენელ მ. პ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 8 მაისის განჩინებაზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ქ. თბილისში, ... ქ. ¹8-ში 41 კვ,მ ოროთახიანი ბინა ირიცხებოდა თ. დ-ს სახელზე, რომელთან ერთადაც ბინაში ჩაწერილები იყვნენ ფ. ო-ა და ნ. მ-ი. 1992 წელს მოხდა ბინის პრივატიზება თ. დ-ს სახელზე. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2004 წლის 14 იანვრის გადაწყვეტილებით ფ. ო-ა ცნობილ იქნა სადავო ბინის 1/3 იდეალური წილის მესაკუთრედ.

2005 წლის 28 სექტემბერს ფატი ოჩიგავამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ნ. მ-ის მიმართ და მიუთითა, რომ მამიდის _ თ. დ-ს გარდაცვალების შემდეგ, მოპასუხემ ჯერ შეზღუდა, ხოლო შემდეგ კი საბოლოოდ აღუკვეთა ბინით სარგებლობის შესაძლებლობა და მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით ცნობილ იქნა სადავო ბინის 1/3 წილის მესაკუთრედ, მოპასუხე ისევ ზღუდავს და არ აძლევს ბინით სარგებლობის უფლებას, რის გამოც მოითხოვა მოპასუხე ნ. მ-ს აღეკვეთოს სადავო ბინაში, მდებარე ქ. თბილისი, ... ქ. ¹8-ში შესვლისა და აღნიშნული ბინით სარგებლობის ხელშეშლა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით ფ. ო-ს სარჩელი დაკმაყოფილდა, ნ. მ-ს აეკრძალა ქ. თბილისში, ... ქ. ¹8-ში მდებარე, თ. დ-სა და ფ. ო-ს სახელზე საერთო საკუთრების უფლებით აღრიცხულ საცხოვრებელ ბინაში შესვლისა და ამ ბინით სარგებლობის ხელშეშლა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. მ-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 8 მაისის განჩინებით ნ. მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო ის გარემოება, რომ სადავო ბინის 2/3 ნაწილი დღესაც ირიცხება გარდაცვლილი თ. დ-ს სახელზე და მ-ს აღნიშნულ ბინაზე კანონით მინიჭებული საკუთრების უფლების რეალიზაცია არ მოუხდენია, შესაბამისად, იგი მოწინააღმდეგე მხარესთან ერთად არ წარმოადგენს სადავო ბინის თანამესაკუთრეს, ვინაიდან მისი საკუთრების უფლება სადავო ნივთის ნაწილზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებული არ არის.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ბინის რეალური გაყოფა, საზიარო უფლების გაუქმება არ განხორციელებულა და ვერც განხორციელდება ამ ბინის თანამესაკუთრეთა დადგენამდე და, შესაბამისად, ფ. ო-ს უფლება აქვს ისარგებლოს მთლიანად სადავო ბინით და არა მისი რომელიმე კონკრეტული ოთახით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 8 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. მ-ის წარმომადგენელმა მ. პ-მ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა უსაფუძვლობის გამო.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 13 ივლისის განჩინებით ნ. მ-ის წარმომადგენელ მ. პ-ს საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. მ-ის წარმომადგენელ მ. პ-ს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულება აღემატება 50000 ლარს. ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულ. მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულ. სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება ბინით სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთასთან დაკავშირებულ დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას ნ. მ-ის წარმომადგენელ მ. პ-ს საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. მ-ის წარმომადგენელ მ. პ-ს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.