ას-518-865-07 22 ოქტომბერი, 2007 წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)
მოსამართლეები:
ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი), მ. ცისკაძესაქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ თ. გ-ე (მესამე პირი)
მოწინააღმდეგე მხარე _ ფ. ლ-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 3 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად
დავის საგანი _ მამად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ფ. ლ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადგენის შესახებ და მოითხოვა თავისი შვილის გ. ლ-ის მამად გ. გ-ის ძე გ-ის ცნობა იმ საფუძვლით, რომ ფ. ლ-სა და გ. გ-ს არარეგისტრირებულ ქორწინებაში შეეძინათ გ. ლ-ე. გ. გ-ე თავს ბავშვის მამად ცნობდა, მაგრამ ისე გარდაიცვალა, რომ ოფიციალურად მამობის გაფორმება ვერ მოასწრო.
საქმეში მოპასუხედ ჩაება მ. რ-ი, რომელმაც სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ აწ გარდაცვლილი გ. გ-ე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მ. რ-თან და ჰყავდა შვილები _ ი. და თ. რ-ები და მოსარჩელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია. საქმეში დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირებად ჩართულ იქნენ თ. და ი. გ-ები.
გორის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც ფ. ლ-მ გაასაჩივრა სააპელაციო წესით. სააპელაციო სასამართლოში ფ. ლ-ის სააპელაციო საჩივრის განხილვა დაინიშნა 2006 წლის 21 დეკემბერს, 16.30 საათზე, რის შესახებ უწყებები მხარეებს გაეგზავნათ, თუმცა მ. რ-სა და ი. გ-ს უწყებები არ ჩაბარდათ. გორის რაიონის გამგეობისა და ფოსტის დამტარებლის მითითებით, ადრესატები იმყოფებოდნენ საზღვარგარეთ. რაც შეეხება თ. გ-ს, ფოსტის დამტარებლის მიერ შედგენილი აქტით დასტურდება, რომ მან სასამართლო უწყების მიღებაზე უარი განაცხადა. სასამართლოს მიერ დადგენილ დროს საქმის განხილვაზე გამოცხადდა მხოლოდ აპელანტი, რომელმაც იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 12 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ფ. ლ-ის შუამდგომლობა და სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ფ. ლ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, 1992 წლის 2 ივლისს დაბადებული გ. გ-ს ძე ლ-ის მამად ცნობილ იქნა 1994 წლის 15 ივნისს გარდაცვლილი გ. გ-ის ძე გ-ე.
სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაასაჩივრა თ. გ-მ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 3 აპრილის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო სხდომის დღე მხარეებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების დაცვით ეცნობათ. სასამართლომ არ გაიზიარა თ. გ-ის მოსაზრება, რომ იგი საქმის განხილვაზე საპატიო მიზეზით _ ავადმყოფობის გამო ვერ გამოცხადდა, რადგან აღნიშნული მხარემ სათანადოდ ვერ დაადასტურა. პალატამ მიიჩნია, რომ სამედიცინო ცნობა, რომლის თანახმად თ. გ-ე სტაციონარულ მკურნალობას გადიოდა 2006 წლის 10-17 დეკემბერს, სამედიცინო დაწესებულების დირექტორის მიერ ხელმოწერილი არ არის, რის გამოც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლით განსაზღვრულ მხარის ავადმყოფობის დამადასტურებელ მტკიცებულებად ვერ ჩაითვლება. ამასთან, სასამართლომ აღნიშნა, რომ თ. გ-ის მითითებით, საქმის განხილვაზე თავისი გამოუცხადებლობის სამართლებრივი შედეგებით დაინტერესდა მხოლოდ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება თ. გ-მ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნებას იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ მოპასუხე მ. რ-ს სასამართლო უწყება არ ჩაბარებია, ვინაიდან იგი იმყოფებოდა საზღვარგარეთ. კასატორმა სწორედ აღნიშნულის გამო განაცხადა უარი დედის ნაცვლად უწყების მიღებაზე. სასამართლომ არასწორად მიუთითა, რომ სასამართლო უწყება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის შესაბამისად, ჩააბარა გორის რაიონის ...ს, ვინაიდან ...ის ¹1507 წერილიდან ირკვევა, რომ უწყებათა ადრესატებისათვის ჩაუბარებლობის გამო, გამგეობამ ისინი დაუბრუნა სასამართლოს. სააპელაციო პალატამ დაარღვია ამავე კოდექსის 230-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნა, ვინაიდან ფ.ლ-ის მიერ დასახელებული ფაქტობრივი გარემოებანი მის სასარჩელო მოთხოვნას არ ამართლებდა. საქმის მასალებით არ დადასტურებულა ფ. ლ-ისა და გ. გ-ის ერთად ცხოვრებისა და საერთო მეურნეობის გაძღოლის ფაქტი და ასეთ პირობებში გ. გ-ის გ. ლ-ის მამად ცნობა გაუმართლებელი იყო. კასატორისათვის ცნობილი არ იყო დედის მისამართი, რის გამოც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ მას ვერ აცნობა და მოპასუხის თანხმობის გარეშე მესამე პირმა შეიტანა საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ, რაზეც სააპელაციო სასამართლოს ყურაღება არ გაუმახვილებია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული შეფასების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. გ-ის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა, არ უნდა დაკმაყოფილდეს და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო:
ფ. ლ-ის სააპელაციო საჩივრის განხილვა თბილისის სააპელაციო სასამართლოში დაინიშნა 2006 წლის 12 დეკემბერს, რის შესახებ სასამართლო უწყებები მხარეებს კანონის მოთხოვნათა დაცვით გაეგზავნათ, თუმცა აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე მ. რ-სა და მესამე პირ ი. გ-ს უწყებები არ ჩაბარდათ იმ მიზეზით, რომ ისინი საზღვარგარეთ იმყოფებოდნენ, ხოლო მესამე პირმა თ. გ-მ უწყების მიღებაზე უარი განაცხადა. სასამართლოს მიერ დადგენილ დროს აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე და მესამე პირები სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდნენ.
აპელანტის შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე მ. რ-ი სასამართლო სხდომის თარიღის თაობაზე გაფრთხილებული არ ყოფილა, ვინაიდან ამ უკანასკნელს სასამართლო უწყება გაეგზავნა სასამართლოსათვის ცნობილ მისამართზე, სადაც ადრესატი არ აღმოჩნდა წლების განმავლობაში საცხოვრებლად საზღვარგარეთ წასვლის გამო.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის შესაბამისად, მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან აცნობონ სასამართლოს საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება გაიგზავნება სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს. მითითებული ნორმით კანონმდებელი დაინტერესებულ მხარეს ვალდებულებას აკისრებს აცნობოს თავისი მისამართი სასამართლოს, აღნიშნული მოვალეობის შეუსრულებლობა კი ფაქტობრივად ართმევს მხარეს მისთვის მინიჭებულ საპროცესო უფლებას, მიიღოს სასამართლო უწყება ან გზავნილი. მოცემულ შემთხვევაში მ.რ-ს სასამართლოსათვის თავისი შეცვლილი მისამართი არ უცნობებია, რის გამოც სააპელაციო პალატის გზავნილი ფოსტის თანამშრომლისა და გორის რაიონის გამგეობის მიერ სათანადო აქტების შედგენის მომენტიდან, მისთვის ჩაბარებულად ითვლება.
ასევე დაუსაბუთებელია კასატორის მითითება, რომ მას, როგორც დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის არმქონე მესამე პირს, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება არ გააჩნდა, რაც სააპელაციო სასამართლოს არ გაუთვალისწინებია. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე მესამე პირ თ. გ-ის საჩივრის განხილვით სასამართლოს კასატორის უფლებები და კანონიერი ინტერესები არ დაურღვევია. ამასთან, გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებას გარკვეული სამართლებრივი შედეგები ექნებოდა თ.გ-ისთვისაც, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ მისი საჩივარი მართებულად ცნო დასაშვებად და განიხილა.
სამართლებრივ საფუძველსაა მოკლებული კასატორის მოსაზრება, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნა. დასახელებული ნორმის მიხედვით, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე. ამავე კოდექსის პირველი ნაწილით კი მოპასუხის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. მითითებული ნორმიდან გამომდინარე, მოპასუხე მხარის საქმის განხილვაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობა ავტომატურად დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებას არ გამოიწვევს, ვინაიდან ამ შემთხვევაშიც სასამართლო ვალდებულია, სამართლებრივად შეაფასოს სარჩელში მითითებული, დადასტურებულად ცნობილი გარემოებები და გამოარკვიოს, შეესაბამება თუ არა მოსარჩელის მოთხოვნა კანონით ამ ტიპის ურთიერთობათა მომწესრიგებელი ნორმების დანაწესს. თუ აღმოჩნდება, რომ მოსარჩელის მოთხოვნა უკანონოა, სასამართლო სარჩელს არ დააკმაყოფილებს.
ანალოგიური პრინციპით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის მეორე ნაწილი ადგენს, რომ, თუ საქმის განხილვაზე მოწინააღმდეგე მხარე არ გამოცხადდება, სააპელაციო საჩივრის შემტანი პირის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რომელიც შეიძლება დაემყაროს მომჩივნის ახსნა-განმარტებას. ამდენად, სააპელაციო სასამართლოში აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობისას, სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება და სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდება, თუ ეს გარემოებები იურიდიულად ამართლებს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას.
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ, ზემოხსენებული ნორმების მოთხოვნების დაცვით, იმსჯელა იურიდიულად ამართლებდა თუ არა ფ.ლ-ის სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები მის მოთხოვნას და სავსებით სწორად ჩათვალა, რომ აპელანტის მიერ დასახელებული და დადასტურებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად წარმოდგენილი სარჩელი საფუძვლიანად უნდა იქნას ცნობილი. კასატორი კი მოცემული საკასაციო საჩივრით სადავოდ ხდის სწორედ აპელანტის მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს, მიიჩნევს რა, რომ აპელანტს სათანადოდ არ დაუდასტურებია გ. გ-სთან ერთად ცხოვრებისა და საერთო მეურნეობის გაძღოლის ფაქტი, რაც ზემოხსენებულ ნორმათა შესაბამისად, მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის პირობებში იმთავითვე დადგენილად ითვლება.
ამასთან, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა სადავო ურთიერთობებს და მამობის დადგენისას მართებულად იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის მე-3 და 1190-ე მუხლის მეორე ნაწილით.
ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინებით დაუსწრებელი გადაწყვეტილება მართებულად დატოვა უცვლელი და მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
თ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 3 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელი.
სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.