Facebook Twitter

ას-519-754-08 16 ივლისი, 2008 წ

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

როზა ნადირიანი, თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი _ თ. ბ.-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს ავტოსერვისი «დ.-ე” (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება –თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 16 აპრილის განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოში

დავის საგანი – ფართის გამონთავისუფლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1999 წლის 25 მაისს თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა შპს ავტოსერვისი «დ.-მ” მოპასუხე თ. ბ.-ის მიმართ თვითნებურად დაკავებული ფართის გამოთავისუფლებისა და თანხის დაკისრების შესახებ.

თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 7 მარტის გადაწყვეტილებით შპს ავტოსერვისი «დ.-ს” სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე თ. ბ.-ე გამოსახლებული იქნა ქ. თბილისში, ...-ის ¹1-ში განთავსებული შპს ავტოსერვისი «დ.-ს” სახელზე რიცხული ფართიდან. მოსარჩელეს უარი ეთქვა მის სასარგებლოდ შპს ავტოსერვისი «დ.-ს” ქონების გადასახადის 384 ლარისა და 10 თეთრის მოპასუხეზე დაკისრების ნაწილში.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა თ. ბ.-მ.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 28 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით თ. ბ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 7 მარტის გადაწყვეტილება.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლის 23 იანვრის განჩინებით დაუშვებლობის გამო განუხილველი დარჩა თ. ბ.-ის საჩივარი დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე. ასევე, განუხილველად დარჩა თ. ბ.-ის კერძო საჩივარი. აღნიშნულ განჩინებაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002 წლის 28 მაისის განჩინებით.

თ. ბ.-მ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებით მიმართა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა ამავე სასამართლოს 2000 წლის 7 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით თ. ბ.-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნულ განჩინებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა თ. ბ.-მ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 12 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით თ. ბ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 25 ოქტომბრის განჩინება.

აღნიშნულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა თ. ბ.-მ და მოითხოვა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის განხილვის განახლება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 12 მარტის საოქმო განჩინებით თ. ბ.-ის საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 12 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და საქმის განხილვა თ. ბ.-ის სააპელაციო საჩივარზე განახლდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 16 აპრილის განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილებით თ. ბ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 25 ოქტომბრის განჩინება.

პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ აპელანტი თ. ბ.-ე და მისი წარმომადგენელი ალექსი გაბუნია საქმის განხილვაზე მოწვეულნი იყვნენ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით (ს.ფ. 335-340). სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ მას საპატიო მიზეზის ავადმყოფობის გამო არ შეეძლო მონაწილეობა მიეღო საქმის განხილვაში.

მოცემულ შემთხვევაში აპელანტის მიერ არ არის წარმოდგენილი მისი ავადმყოფობის დამადასტურებელი მტკიცებულება. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტი სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 16 აპრილის განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. ბ.-მ.

კასატორის განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება გამოტანილია სამართლის ნორმათა დარღვევით. სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი რის შედეგადაც საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ განიხილა საკასაციო საჩივარი, გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 16 აპრილის განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილებით თ. ბ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 25 ოქტომბრის განჩინება. ის გარემოება, რომ თ. ბ.-მ განცხადებით აცნობა სასამართლოს პროცესზე გამოუცხადებლობის თაობაზე ვერ იქნება მიჩნეული საპატიო მიზეზად, ვინაიდან საქმეში არ არის წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ აპელანტი მართლაც იყო ავად და მოკლებული იყო შესაძლებლობას, რომ დასწრებოდა დანიშნულ პროცესს. ასეთ შემთხვევაში სასამართლო არ იყო უფლებამოსილი გადაედო სხდომა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 216-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საქმის განხილვის გადადება დასაშვებია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, გონივრული ვადით.

ის გარემოება, რომ თ. ბ.-მ საკასაციო სასამართლოში წარმოადგინა შპს ¹... საოჯახო მედიცინის ცენტრის ცნობა, არ შეიძლება გახდეს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი უთითებს იმ აუცილებელ რეკვიზიტებზე, რომელიც უნდა იყოს მითითებული ავადმყოფობის დამადასტურებელ მტკიცებულებაზე, კერძოდ, ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. კასატორის მიერ საქმეში წარმოდგენილი ცნობა ასეთ მონაცემებს არ შეიცავს. ამდენად იგი არ შეიძლება მივიჩნიოთ მისი გამოუცხადებლობა საპატიოობის დამადასტურებელ გარემოებად.

აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

თ. ბ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელი დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 16 აპრილის განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.