Facebook Twitter

საქმე №103აგ-16 თბილისი

შ-ა მ. 103აგ-16 17 ოქტომბერი, 2016 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),

ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. შ-ს ადვოკატ მ. ქ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 21 მარტის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 13 თებერვლის განაჩენით მ. შ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორ ეპიზოდში) - 6-6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ორ ეპიზოდში) – 3-3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, 19,137-ე მუხლის პირველი ნაწილით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე სასჯელები შეიკრიბა და მას განესაზღვრა 23 წლით თავისუფლების აღკვეთა. სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 4 მარტის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი, ამავე კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ბოლო განაჩენით დადგენილ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით დადგენილი სასჯელი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ მ. შ-ს განესაზღვრა 27 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2008 წლის 22 ოქტომბრიდან.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 11 მაისის განაჩენით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 13 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 15 იანვრის განჩინებით მსჯავრდებული მ. შ-ა გათავისუფლდა ამავე სასამართლოს 2005 წლის 4 მარტის განაჩენით სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით დადგენილი სასჯელისაგან (4 წლით თავისუფლების აღკვეთა). მასვე ¼-ით შეუმცირდა ამავე სასამართლოს 2009 წლის 13 თებერვლის განაჩენით სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით (ორ-ორი ეპიზოდისათვის), 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 19,137-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი სასჯელი და ამავე კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე მ. შ-ს საბოლოოდ განესაზღვრა 17 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2008 წლის 22 ოქტომბრიდან.

4. 2016 წლის 22 იანვარს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულ მ. შ-ს ადვოკატმა მ. ქ-მ, რომელმაც მოითხოვა მსჯავრდებულ მ. შ-ს მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა და სასჯელის შემსუბუქება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლში შეტანილი ცვლილების გათვალისწინებით.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 21 მარტის განაჩენით ამავე სასამართლოს 2009 წლის 11 მაისის განაჩენი და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 15 იანვრის განჩინება შეიცვალა, კერძოდ: მსჯავრდებულ მ. შ-ს მიმართ სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნულ და ამნისტიის შესახებ კანონით შემცირებულ სასჯელს - 8 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთას ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ნაწილობრივ დაემატა: სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორ ეპიზოდში) დანიშნული და ამნისტიის შესახებ კანონით შემცირებული სასჯელიდან (4-4 თვითა და 15-15 დღით თავისუფლების აღკვეთა) ერთი ეპიზოდისათვის - 2 თვითა და 7 დღით, ხოლო მეორე ეპიზოდისათვის - 2 თვითა და 8 დღით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ორ ეპიზოდში) დანიშნული და ამნისტიის შესახებ კანონით შემცირებული სასჯელიდან (2-2 წლითა და 3-3 თვით თავისუფლების აღკვეთა) - 1-1 წლით, 1-1 თვითა და 15-15 დღით თავისუფლების აღკვეთა, 19,137-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული და ამნისტიის შესახებ კანონით შემცირებული სასჯელიდან (3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა) - 1 წლით, 10 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ მ. შ-ს განესაზღვრა 12 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2008 წლის 22 ოქტომბრიდან.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 21 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ მ. შ-ს ადვოკატმა მ. ქ-მ, რომელმაც მოითხოვა მსჯავრდებულ მ. შ-ს მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა და სასჯელის შემსუბუქება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლში შეტანილი ცვლილების გათვალისწინებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდქსის 310-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება, თუ ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო.

3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 3321-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 310-ე მუხლში ჩამოთვლილ საფუძვლებთან ერთად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება იმ შემთხვევაშიც, თუ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 414-ე მუხლის მე-8 ნაწილი იწვევს მსჯავრდებულის მდგომარეობის გაუმჯობესებას.

4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 414-ე მუხლის მე-8 ნაწილის მიხედვით, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2013 წლის 17 აპრილის კანონით დადგენილ ამ კოდექსის 59-ე მუხლის რედაქციას აქვს უკუძალა იმ მსჯავრდებულის მიმართ, რომელსაც დანაშაულთა/განაჩენთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელი დაენიშნა აღნიშნული ცვლილების ამოქმედებამდე არსებული რედაქციის შესაბამისად.

5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის (მოქმედი რედაქცია) საფუძველზე დანაშაულთა რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ანდა ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება.

6. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ მ. შ-ს მიმართ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 13 თებერვლის განაჩენით დანიშნული სასჯელები, მისი პიროვნებისა და ჩადენილი ქმედებების სიმძიმის გათვალისწინებით, სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის (მოქმედი რედაქცია) საფუძველზე ნაწილობრივ შეკრიბა, რის შედეგადაც მსჯავრდებულს მნიშვნელოვნად შეუმცირდა სასჯელის ზომა.

7. რაც შეეხება მსჯავრდებულ მ. შ-ს ადვოკატ მ. ქ-ს მოთხოვნას მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილით უპირობო შეკრების წესის გამოყენების შესახებ, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ, მართალია, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 15 იანვრის განჩინებით მსჯავრდებული მ. შ-ა გათავისუფლდა ამავე სასამართლოს 2005 წლის 4 მარტის განაჩენით სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით დადგენილი სასჯელისაგან, მაგრამ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 13 თებერვლის განაჩენით მ. შ-ს მიმართ შერაცხული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის დროს მ. შ-ა ნასამართლევი იყო განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის ამავე სასამართლოს 2005 წლის 4 მარტის განაჩენით და ითვლებოდა ნასამართლევად.

8. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2016 წლის 21 მარტის განაჩენით საქმის გარემოებები საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სამართლებრივად სწორად შეაფასა და მ. შ-ს მიმართ გაავრცელა 2013 წლის 17 აპრილის კანონით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლში შეტანილი ცვლილებით გათვალისწინებული შეღავათი, კერძოდ, მის მიმართ გამოიყენა 59-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი ნაწილობრივი შეკრების წესი.

9. რაც შეეხება მსჯავრდებულ მ. შ-ს ადვოკატ მ. ქ-ს მიერ საკასაციო საჩივარში მითითებულ ინფორმაციას მსჯავრდებულ მ. შ-ს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება არ წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრულ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის საფუძველს.

10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საჩივრის მოთხოვნა არ ემყარება რაიმე სამართლებრივ საფუძველს და არც გასაჩივრებული განაჩენის მსჯავრდებულის სასიკეთოდ შეცვლის კანონით გათვალისწინებული რომელიმე პირობა არსებობს, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 314-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ მ. შ-ს ადვოკატ მ. ქ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 21 მარტის განაჩენი დარჩეს უცვლელად;

3. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

გ. შავლიაშვილი