ას-519-866-07 13 ივლისი, 2007 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
მოსამართლე: მ. ცისკაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ლ. შ-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ც. წ-ე (მოპასუხე)
დავის საგანი _ ანდერძის ბათილად ცნობა და მესაკუთრედ ცნობა
გასაჩივრებული სასამართლოს გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 22 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება ხელახალი განხილვისათვის იმავე სასამართლოში
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ლ. შ-მა სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე ც. წ-ის მიმართ ანდერძის ბათილად ცნობისა და გორის რაიონის სოფელ ... მდებარე სახლის მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით.
გორის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებით ლ. შ-ის სარჩელი ანდერძის ბათილად ცნობისა და გორის რაიონის სოფელ ... მდებარე საცხოვრებელი სახლის მესაკუთრედ ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. შ-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 22 თებერვლის განჩინებით ლ. შ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 22 თებერვლის განჩინებაზე ლ. შ-მა შეიტანა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოში ხელახალი განხილვისათვის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო ლ. შ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ მისი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ლ. შ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობა. ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. თუ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს აღნიშნული მუხლის მოთხოვნებს, იგი წარმოებაში მიიღება ამ კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად.
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ერთ-ერთი პირობის შესახებ მითითებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველ ნაწილში; ამ ნორმის თანახმად საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 1 თვე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. ამ ნორმიდან გამომდინარე, განჩინების გადაცემის მომენტად, საიდანაც იწყება მისი გასაჩივრების ვადის ათვლა, ითვლება როგორც განჩინების ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში, ასევე ამ განჩინების ასლის მხარისათვის კანონით დადგენილი წესით გაგზავნის დრო, რაც უნდა დადასტურდეს სათანადო ხელწერილით, ან სხვა ოფიციალური დოკუმენტით ადრესატისათვის გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების შესახებ.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 22 თებერვლის განჩინება, რომელიც გაასაჩივრა ლ. შ-მა საკასაციო საჩივრით, საქმეში მითითებულ მისამართზე: გორის რაიონი, სოფელი ..., გაეგზავნა კასატორს (ს.ფ. 289); კასატორს განჩინების გზავნილი პირადად ჩაბარდა 2007 წლის 18 მაისს (ს.ფ. 191); აღნიშნულიდან გამომდინარე, მას საკასაციო საჩივრის შეტანის ვადა ჰქონდა 19 მაისიდან ერთი თვის განმავლობაში ანუ 19 ივნისის ჩათვლით, საკასაციო საჩივარი კი შეტანილ იქნა 2007 წლის 28 ივნისს, ანუ საკასაციო საჩივრის შეტანის ერთთვიანი ვადის დარღვევით. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ ლ. შ-ის მიერ დარღვეულია საკასაციო საჩივრის შეტანის კანონით განსაზღვრული ერთთვიანი ვადა, რის გამოც მისი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 397-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ლ. შ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 22 თებერვლის განჩინებაზე დარჩეს განუხილველი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.