Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

¹ას-520-755-08 8 დეკემბერი, 2008წ.

¹ თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

ლალი ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნუნუ კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი _ ლ. ბ-რდა (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარეები _ კ. ჩ-შვილი (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 23 აპრილის განჩინება

სარჩელის დავის საგანი _ უკანონო ხელშეშლის აღკვეთა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2007 წლის 12 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სასარჩელო განცხადებით მიმართა ლ. ბ-რდამ მოპასუხე კ. ჩ-შვილის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ხელშეშლის აღკვეთის მიზნით სადარბაზოს კარის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა.

სასარჩელო განცხადებაში აღნიშნულია, რომ ლ. ბიტვარდა ცხოვრობს თბილისში, არაგვის ქ. ¹21-ში. მითითებულ საცხოვრებელ სახლს გააჩნია საერთო სარგებლობის სადარბაზო, რომლითაც ერთობლივად სარგებლობდნენ მეზობლები. სახლის ერთ-ერთმა მცხოვრებმა კ. ჩახუნაშვილმა მიითვისა და ამოქოლა ქუჩაში გასასვლელი საერთო სარგებლობის სადარბაზო, რითაც მოსარჩელეს ხელი ეშლება სარგებლობაში. მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად მოსარჩელემ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 208-ე, 220-ე მუხლებზე და 172-ე მუხლის მე-2 ნაწილზე (ს.ფ. 1-3).

მოპასუხე კ. ჩახუნაშვილმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ იგი ცხოვრობს თბილისში, არაგვის ქ. ¹21-ში მდებარე ბინაში მე-2 სართულზე. მის ქვემოთ ცხოვრობდა აწ გარდაცვლილი ოლია ბიტვარდა, ხოლო მოპირდაპირე მხარეს, ეზოს მხრიდან _ მოსარჩელე. აწ გარდაცვლილ ოლია ბიტვარდას ბინას ჰქონდა ორი შესასვლელი, ერთი ეზოდან, ხოლო მეორე, სათადარიგო, ქუჩის მხრიდან. ორი შესასვლელი ჰქონდა ასევე მის ბინასაც, ერთი ეზოს მხრიდან (მეორე სართულზე ასასვლელი კიბით, რომლის ქვეშაც განლაგებული იყო მისი საკუჭნაო) და მეორე _ ქუჩის მხრიდან. აწ გარდაცვლილ ოლია ბიტვარდასა და მოპასუხე კ. ჩ-შვილს შორის მიღწეული შეთანხმების შედეგად, მოპასუხემ უარი თქვა ეზოს მხრიდან შესასვლელით სარგებლობაზე და იგი სარგებლობდა ქუჩის მხრიდან არსებული შესასვლელით, ხოლო ოლია ბიტვარდამ, თავის მხრივ, გააუქმა ქუჩიდან შესასვლელი და სარგებლობდა ეზოს მხრიდან შესასვლელით.

მოპასუხე მიუთითებდა, რომ 10-12 წლის განმავლობაში სარგებლობდა ქუჩის მხრიდან შესასვლელით, სადაც განთავსებული იყო მე-2 სართულზე ასასვლელი კიბე, რომელიც მხოლოდ მის ბინასთან იყო დაკავშირებული და რომლითაც მხოლოდ თვითონ სარგებლობდა. ქუჩის მხრიდან შესასვლელში მოპასუხემ დაამონტაჟა რკინის კარები, რომლითაც აწ გარდაცვლილ ოლია ბიტვარდას არ უსარგებლია. ქუჩის მხრიდან შესასვლელში გამავალი ბინის ხის კარი წლების განმავლობაში იყო გაუქმებული (ს.ფ. 21-23).

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებით ლ. ბიტვარდას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქმეში არსებული 2007 წლის 24 მაისს გაცემული საჯარო რეესტრის ამონაწერით საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისში, არაგვის ქ. 321-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე რეგისტრირებული იყო სამი თანამესაკუთრის _ ლ. ბ-რდას, კ. ჩ-შვილისა და ნანა სარქისოვას საკუთრების უფლება. ნანა სარქისოვას საკუთრებას შეადგენდა დასახელებული უძრავი ნივთის 1/6 წილი, კ. ჩ-შვილის საკუთრებას _ 3/6 წილი, ხოლო ლ. ბ-რდას საკუთრებას _ 2/6 წილი, საიდანაც 1/6 ნაწილი 2007 წლის 26 იანვრის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე გადაეცა ოლღა ბიტვარდასაგან.

სასამართლოს მითითებით, იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ ზემოაღნიშნული სახლი წარმოადგენდა მრავალბინიან სახლს, ეკისრებოდა მოსარჩელეს, რომელმაც ვერ დაასაბუთა ის გარემოება, რომ ქუჩის მხრიდან შესასვლელი წარმოადგენდა თანამესაკუთრეთა საერთო სარგებლობის სადარბაზოს. საჯარო რეესტრში არსებული ჩანაწერების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ თანამესაკუთრეთა საცხოვრებელი სახლი განხილული უნდა ყოფილიყო საერთო საკუთრების საგნად, რომლის 3/6 ნაწილი ეკუთვნოდა მოპასუხეს, ხოლო 2/6 ნაწილი _ მოსარჩელეს. საჯარო რეესტრის ჩანაწერებით, რომელიც სადავოდ არც ერთ მხარეს არ გაუხდია, მთლიანი სახლის შესაბამის ნაწილებზე რეგისტრირებული იყო სამი თანამესაკუთრის საკუთრების უფლება და სადავო შესასვლელის ფართზე განსხვავებული სამართლებრივი რეჟიმი არ იყო დადგენილი. სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ მოცემულ შემთხვევაში თანამესაკუთრეთა საცხოვრებელი სახლის (შენობის) ცალკეულ ნაწილებზე მრავალბინიანი სახლების მსგავსად არ ვრცელდებოდა განსხვავებული სამართლებრივი რეჟიმი (ინდივიდუალური საკუთრება, საერთო საკუთრება).

მხარეთა ახსნა-განმარტებებიდან გამომდინარე, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქუჩის მხრიდან არსებულ შესასვლელში განთავსებული კიბის უჯრედით სარგებლობდა მხოლოდ მოპასუხე და სხვა თანამესაკუთრეებს ამ კიბით სარგებლობის საჭიროება არ გააჩნდათ, რამდენადაც დასახელებული კიბე უკავშირდებოდა მხოლოდ მოპასუხის საცხოვრებელ ფართს.

გარდა ამისა, საქმეზე დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ არაგვის ქ. ¹21-ში მდებარე სახლს გააჩნია ორი შესასვლელი: ქუჩის მხრიდან და ეზოს მხრიდან. ქუჩის მხრიდან შესასვლელში არსებული ხის კარი, რომელიც უკავშირდებოდა 19.05 კვ.მ ოთახს, სადაც ცხოვრობდა აწ გარდაცვლილი ოლღა ბიტვარდა, წლების მანძილზე იყო გაუქმებული. ოლღა ბიტვარდა სარგებლობდა ეზოდან არსებული შესასვლელით. თავის მხრივ, მოპასუხე კ. ჩ-შვილმა დათმო ეზოდან შესასვლელში მდებარე კიბით სარგებლობის უფლება და მხოლოდ ქუჩის მხრიდან არსებული შესასვლელით სარგებლობდა. ამგვარი წესით სარგებლობა არსებობდა წლების მანძილზე (დაახლოებით 10-12 წელი) და სადავოდ არც ერთ თანამესაკუთრეს არ გაუხდია.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ მიუთითა, რომ არ დგინდებოდა სამოქალაქო კოდექსის 172-ე, 108-ე მუხლებით, ასევე 220-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ნორმათა კვალიფიკაციისათვის აუცილებელი წინაპირობები, რის გამოც სარჩელი არ ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას (ს.ფ. 63-66).

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. ბიტვარდამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

აპელანტის მტკიცებით, სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოება იმის შესახებ, თითქოს სადარბაზოში გასასვლელი კარი 10-12 წელიწადია დაკეტილი იყო და ამ კარით არავინ სარგებლობდა, სინამდვილეს არ შეესაბამებოდა. ასევე არასწორი იყო მითითება იმის თაობაზე, რომ სადარბაზოს ორი კარი ჰქონდა, ვინაიდან ფაქტობრივად იქ სამი კარი იყო. ერთი კარით სარგებლობდა თავად მოპასუხე, მეორე კარით _ მოსარჩელე, ხოლო მესამე იყო სადარბაზოს კარი ქუჩის მხრიდან, რაც სასამართლომ არ გაითვალისწინა. ამასთან, აპელანტი მიუთითებდა, რომ მოპასუხისაგან შევიწროებული იყო და ხელი ეშლებოდა საერთო სარგებლობის სადარბაზოთი სარგებლობაში (ს.ფ. 70-71).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 23 აპრილის განჩინებით ლ. ბიტვარდას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმეზე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

ქ. თბილისში, არაგვის ქ. ¹21-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის 1/6 ნაწილი საკუთრების უფლებით აღრიცხულია ნანა სარქისოვას, 3/6 ნაწილი _ კ. ჩ-შვილის, ხოლო 2/6 ნაწილი ლ. ბ-რდას სახელზე. აღნიშნულ სახლს გააჩნია ორი შესასვლელი: ქუჩის მხრიდან და ეზოს მხრიდან. ქუჩის მხრიდან შესასვლელში არსებული ხის კარი, რომელიც უკავშირდება 19.05 კვ.მ ფართის ოთახს, სადაც ცხოვრობდა აწ გარდაცვლილი ოლღა ბიტვარდა, წლების მანძილზე იყო გაუქმებული. ოლღა ბიტვარდა სარგებლობდა ეზოდან არსებული შესასვლელით. თავის მხრივ კ. ჩ-შვილმა დათმო ეზოდან შესასვლელში არსებული კიბით სარგებლობის უფლება და მხოლოდ ქუჩის მხრიდან არსებული შესასვლელით სარგებლობდა. ამგვარი წესით სარგებლობა არსებობდა წლების მანძილზე (დაახლოებით 10-12 წელი) და სადავოდ არც ერთ თანამესაკუთრეს არ გაუხდია.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და სამოქალაქო კოდექსის 173-ე, 956-ე, 957-ე და 958-ე მუხლებზე მითითებით სწორად უთხრა უარი მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე (ს.ფ. 97-103).

მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. ბიტვარდამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება შემდეგი საფუძვლებით:

სასამართლო, ერთი მხრივ, დადგენილად მიიჩნევს თბილისში, არაგვის ქ. ¹21-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე სამი თანამესაკუთრის რეგისტრაციის ფაქტს, ხოლო, მეორე მხრივ, ასკვნის, რომ იგი მრავალბინიან საცხოვრებელ სახლს არ წარმოადგენს, რაც გაურკვეველია. ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 208-232-ე მუხლები, რომლებზე დაყრდნობითაც მოცემული დავა გადაწყდა, გაუქმებულია.

გარდა ამისა, მცდარია სასამართლოს მითითება იმის შესახებ, რომ ქუჩის მხრიდან შესასვლელში არსებული ხის კარი, რომელიც უკავშირდება 19.05 კვ.მ ფართის ოთახს, სადაც აწ გარდაცვლილი ოლღა ბიტვარდა ცხოვრობდა, წლების განმავლობაში გაუქმებულია. სინამდვილეში აღნიშნული კარი არავის გაუუქმებია. იგი დაკეტილი იყო იმ მიზეზით, ოლღა ბიტვარდა, რომელიც რაიონში მუშაობდა, ამ ფართში წლების განმავლობაში არ ცხოვრობდა.

სასამართლომ სრულიად უყურადღებოდ დატოვა ის გარემოება, რომ ოლღა ბიტვარდას კუთვნილ 19.05 კვ.მ ოთახში ეზოდან მისასვლელი კარები არასტანდარტულია და შესასვლელად ვერ ჩაითვლება; ამასთან, არ შეიძლება გეგმა-ნახაზების მიხედვით რეალურად არსებული, ოთახისათვის აუცილებელი კარებით სარგებლობის აკრძალვა მხარეთა შორის არარსებულ შეთანხმებაზე დაყრდნობით. სააპელაციო სასამართლო უთითებს, რომ მოპასუხესა და ოლღა ბიტვარდას შორის არსებობდა შეთანხმება საერთო საკუთრების სადარბაზოთი მოპასუხის სარგებლობის შესახებ, მაგრამ ასეთი შეთანხმება მოპასუხემ ვერ წარმოადგინა, რამდენადაც იგი არ არსებობს და მასზე აპელირება არასწორია. ოლღა ბიტვარდა წლების განმავლობაში არ ცხოვრობდა ამ სახლში და ვერ იყენებდა სადარბაზოში გამავალი საცხოვრებელი ოთახის კარს, რამდენადაც 1957-1994 წლებში მუშაობდა ხარაგოულში მასწავლებლად.

ის გარემოება, რომ საცხოვრებელი სახლის სადარბაზო საერთოა და კ. ჩახუნაშვილის საკუთრებას არ წარმოადგენს, დასტურდება საჯარო რეესტრის ამონაწერით, რომლის თანახმად 16 კვ.მ ფართი (იგულისხმება სადარბაზო) სერვიტუტითაა დატვირთული (ს.ფ. 107-115).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. ბიტვარდას საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ ქ. თბილისში, არაგვის ქ. ¹21-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის 1/6 ნაწილი საკუთრების უფლებით აღრიცხულია ნანა სარქისოვას, 3/6 ნაწილი _ კ. ჩ-შვილის, 2/6 ნაწილი _ ლ. ბ-რდას სახელზე. პირველი ინსტანციის სასამართლომ გადაწყვეტილება დააფუძნა იმ გარემოებას, რომ აღნიშნული სახლი, სადაც მხარეები ცხოვრობენ, არ განეკუთვნება მრავალბინიან სახლს და მის ცალკეულ ნაწილებზე არ ვრცელდება განსხვავებული სამართლებრივი რეჟიმი (ინდივიდუალური საკუთრება, საერთო საკუთრება) მსგავსად მრავალბინიანი სახლებისა. სააპელაციო სასამართლო სრულად დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს აღნიშნულ შეფასებას. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება ან ნაწილში დაუსაბუთებელია, სააპელაციო სასამართლოს არ აქვს ნამსჯელი, თუ რატომ არ განეკუთვნება მოცემულ შემთხვევაში საცხოვრებელი სახლი, სადაც მხარეები ცხოვრობენ და რომელიც ორზე მეტი ინდივიდუალური საკუთრების ბინისაგან შედგება, მრავალბინიან საცხოვრებელ სახლს სადავო პერიოდში მოქმედი სამოქალაქო კოდექსის 208-232-ე მუხლების შესაბამისად.

სამოქალაქო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილს თანახმად (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) მიწის ნაკვეთი, შენობის ნაწილი და ის შენობა-დანადგარები, რომლებიც არ წარმოადგენენ ინდივიდუალურ საკუთრებას, ბინის მესაკუთრეთა საერთო საკუთრებაა. საერთო საკუთრებაში ბინის ნაწილის ქონა ნიშნავს, რომ ყოველი ბინის მესაკუთრეს აქვს ამ ფართით სარგებლობის უფლება. ამავე კოდექსის 215-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შეთანხმებები, რომლებსაც ბინის მესაკუთრენი ამ კოდექსის ნორმებისგან განსხვავებულად აწესრიგებენ, ძალაშია მესამე პირებისათვის შეთანხმების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. იმავდროულად, დასაშვებია, რომ მესაკუთრეთა მიერ მიღებული შეთანხმება შემდგომში მათ მიერვე შეიცვალოს ან გაუქმდეს.

სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახალი განხილვისას უნდა დაადგინოს, სამოქალაქო კოდექსის 208-232-ე მუხლების შესაბამისად (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) წარმოადგენს თუ არა სახლი, სდაც მხარეები ცხოვრობენ, მრავალბინიან საცხოვრებელ სახლს, ასეთ შემთხვევაში რომელია მხარეთა ინდივიდუალურ და საერთო საკუთრებაში არსებული შენობის ნაწილები, სადავო სადარბაზო შედის თუ არა საერთო საკუთრების ფართში, არსებობდა თუ არა ამ ნორმების შესაბამისად მიღებული შეთანხმება სახლის მესაკუთრეთა შორის სადავო სადარბაზოს სხვაგვარი გამოყენების შესახებ, იყო თუ არა აღნიშნული შეთანხმება რეგისტრირებული საჯარო რეესტრში.

საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 25 მაისის განჩინებით ლ. ბიტვარდას გადაუვადდა სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის გადახდა საკასაციო წარმოების დასრულებამდე. რამდენადაც მოცემულ შემთხვევაში დაკმაყოფილდა ლ. ბიტვარდას საკასაციო საჩივარი სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად საქმის დაბრუნების შესახებ, არ არსებობს ლ. ბიტვარდასათვის გადავადებული სახელმწიფო ბაჟის გადახდის დაკისრების საპროცესო საფუძველი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის საკითხი (შეჯამებისა და განაწილების საკითხი) უნდა გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების დადგენისას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ლ. ბ-რდას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 23 აპრილის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

სასამართლო ხარჯების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების დადგენისას;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.