¹ას-521-831-09 10 ნოემბერი, 2009 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)
მოსამართლეები:
ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), ლ. ლაზარაშვილისხდომის მდივანი – ლ.სანიკიძე
კასატორი – ო. ო-შვილი (მოსარჩელე)
წარმომადგენელი _ ლ.ფ-ძე
მოწინააღმდეგე მხარე – ო. მ-ძე (მოპასუხე)
წარმომადგენელი _ ი.ა-შვილი
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 30 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ო. ო-შვილმა სარჩელი აღძრა სასამართლოში ო. მ-ძისა და ნოტარიუს დ. ხ-შვილის მიმართ გარდაცვლილი ჟ. ო-შვილის მოვლისა და მკურნალობისათვის გაწეული ხარჯების _ 7500 აშშ დოლარის ანაზღაურების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: ქ.ქუთაისში, ... გამზირის ¹60/3-ში მდებარე სამკვიდრო ქონებას _ ერთოთახიან საცხოვრებელ ბინასა და მის ეზოში არსებულ კაპიტალურ ავტოფარეხს, ჟ. ო-შვილის გარდაცვალების შემდგომ _ 2007 წლის 2 დეკემბრიდან, ფაქტობრივი ფლობით დაეუფლა მისი მეორე რიგის კანონისმიერი მემკვიდრე, მოპასუხე ო. მ-ძე. ჟ.ო-შვილის გარდაცვალების მომენტში მოსარჩელე იმყოფებოდა საზღვარგარეთ, სადაც შეიტყო ბიცოლის – ჟ. ო-შვილის გარდაცვალების შესახებ. მოსარჩელე გარკვეული პერიოდის განმავლობაში უვლიდა ჟ.ო-შვილსა და მის შვილს ი. ო-შვილს, მანვე გაიღო ამ უკანასკნელის დაკრძალვის ხარჯები, სულ 7500 აშშ დოლარის ოდენობით. მოპასუხე ვალდებულია, მას აღნიშნული თანხა აუნაზღაუროს, თუმცა ო.მიქელაძე თავს არიდებს თანხის გადახდას.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო შემდეგი დასაბუთებით: ო. ო-შვილმა დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული განსჯადობის წესები, რადგანაც სარჩელი უნდა შეეტანა მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ჟ. ო-შვილი იყო მოპასუხის მამიდა, ი. ო-შვილი კი _ მისი მამიდაშვილი. 2001 წლის 26 ნოემბერს გარდაიცვალა ი.ო-შვილი, 2007 წლის 3 დეკემბერს კი _ ჟ.ო-შვილი. ქ.ქუთაისში, ... ქ.¹60/3 მდებარე საცხოვრებელი ბინა ამჟამადაც მის სახელზეა აღრიცხული. ჟ. ო-შვილის მეუღლე ნოდარ ო-შვილის გარდაცვალების შემდეგ ნათესავები, მათ შორის, ო. ო-შვილი, ეხმარებოდნენა ჟ. და ი. ო-შვილებს, თუმცა მარტოოდენ საჩუქრის სახით, რის გამოც დაუსაბუთებელია მოსარჩელის მიერ როგორც ხარჯების ანაზღაურების, ისე სამკვიდროდან წილის მოთხოვნა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც ო.ო-შვილმა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 30 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი გარდაცვალების მოწმობების საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ ი. ო-შვილი გარდაიცვალა 2001 წლის 26 ნოემბერს, ხოლო მისი დედა _ ჟ. ო-შვილი – 2007 წლის 3 დეკემბერს. მხარეთა განმარტებისა და საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ქ.ქუთაისში, ... გამზირ ¹60/3-ში მდებარე ი. ო-შვილის დანაშთი ქონება ჟ. ო-შვილის სახელზე აღირიცხა 2007 წლის 26 ოქტომბერს, რომლის მეორე რიგის მემკვიდრეა ო. მ-ძე და სხვა მემკვიდრე ჟ.ო-შვილს არ დარჩენია. ო.ო-შვილის შვილი სტუდენტობისას ერთი წლის განმავლობაში ცხოვრობდა ი. და ჟ. ო-შვილებთან. მოწმეთა ჩვენებებზე დაყრდნობით პალატამ მიიჩნია, რომ ო.ო-შვილმა გაიღო ი.ო-შვილის უკანასკნელი მკურნალობის ხარჯები, ხოლო ჟ.ო-შვილის დაკრძალვის ხარჯები დაფარა ო.მ-ძემ. მოსარჩელე მხარის წარმომადგენლის განმარტებების თანახმად, ო. ო-შვილმა სადავო ხარჯები უანგაროდ გაიღო, იგი ეხმარებოდა თავის ბიძაშვილს და აღნიშნული თანხის დაბრუნებას არ ელოდა. მოსარჩელის შუამდგომლობით დაკითხული მოწმეების _ გ. გ-შვილის, ა. კ-ძისა და გ. ბ-შვილის ჩვენებებით ირკვევა, რომ ი.ო-შვილის მკურნალობის ხარჯმა შეადგინა 5500 აშშ დოლარი, ჟ.ო-შვილის მკურნალობისა და მოვლის ხარჯებმა _ 2000 აშშ დოლარი, რაც ო. ო-შვილმა გასწია უანგაროდ, ზნეობრივი მოვალეობების გათვალისწინებით და ამ ხარჯის გაწევა ი. და ჟ. ო-შვილების მოთხოვნის საფუძველზე არ მომხდარა. მოწმეების _ ა.კ-ძისა და ნ.ქ-ძის ჩვენებების თანახმად, ი.ო-შვილს სურდა, ო.ო-შვილის მიერ გაწეული ამაგის სანაცვლოდ, მისი კუთვნილი საცხოვრებელი ბინის ო.ო-შვილის შვილისათვის საჩუქრად გადაცემა, ხოლო მოწმე ნ.ქ-ძის ჩვენებით ირკვევა, რომ ხარჯების გაწევისას ო.ო-შვილს ი. და ჟ. ო-შვილების ქონების მიმართ რაიმე ინტერესი არ გამოუხატავს. მან მხოლოდ დავის წარმოშობის პერიოდში განაცხადა, რომ ხარჯების გაწევისას მის ინტერესს წარმოადგენდა ი. და ჟ. ო-შვილების უძრავი ქონების მიკუთვნება. სააპელაციო პალატის დასკვნით, დავალების გარეშე სხვისი საქმეების შესრულება გულისხმობს, შემსრულებლის მიერ ყოველგვარი მოვალეობისა და უფლებამოსილების გარეშე სხვის საქმეების წარმართვასა და სხვის ქონებრივ სფეროში ჩარევას. სამოქალაქო კოდექსის 971-ე მუხლზე დაყრდნობით სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული ნორმა ეხება მეპატრონისათვის მისი საქმის დაწყების თაობაზე შეტყობინებას და არა დაწყებული საქმის მეპატრონის მიერ მოწონებას, ხოლო თუ მითითებული წესი დაცული არ არის, ან შემსრულებლის მოქმედება მეპატრონემ არ მოიწონა, საქმიანობით დამდგარ შედეგებზე, სამოქალაქო კოდექსის 976-991-ე მუხლების შესაბამისად, მეპატრონე პასუხს აგებს უსაფუძვლო გამდიდრების წესებით. საქმის მასალებზე დაყრდნობით, პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ი. და ჟ. ო-შვილების ჯანმრთელობა ისეთ მდგომარეობაში იყო, რომ მათი მკურნალობის ხარჯების გაწევის თაობაზე შეტყობინება და მათი მოსაზრების გაგება ო. ო-შვილისათვის შესაძლებელი იყო, თუმცა მოწმეთა ჩვენებებით სასამართლომ გამოარკვია, რომ ი. და ჟ. ო-შვილებს მკურნალობისა და მოვლის ხარჯების გაწევაზე არც წინასწარ და არც შემდგომ თანხმობა არ განუცხადებიათ. პირიქით, ო. ო-შვილის მიერ ასეთი მოქმედება მათი მხრიდან მიჩნეულ იქნა ამაგად და უანგარო მოქმედებად, რის გამოც პალატამ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობდა უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევიდან. სასამართლოს მითითებით, თავად მოსარჩელე განმარტავს, რომ მოვლისა და მკურნალობის ხარჯები გაიღო უანგაროდ, იგი ეხმარებოდა ბიძაშვილს და აღნიშნული თანხების დაბრუნების მოლოდინი არ ჰქონია. მოწმეთა ჩვენებებით დადასტურდა, რომ ი. და ჟ. ო-შვილების ვარაუდით, შემსრულებელს სურდა ამ თანხის გადაცემა და ი. ო-შვილი ო.ო-შვილის მოქმედებას თვლიდა ამაგად. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „გ“ პუნქტის შესაბამისად, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივი დასკვნა ო. ო-შვილის სასარჩელო მოთხოვნის დაუსაბუთებლობის თაობაზე. სააპელაციო სასამართლო ნაწილობრივ დაეთანხმა აპელანტის მოსაზრებას გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ი. ო-შვილის დაკრძალვისა და ჟ. ო-შვილის მოვლა-მკურნალობის ხარჯებთან დაკავშირებით სასამართლოს მსჯელობის არასაკმარისად დასაბუთების თაობაზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 103-ე მუხლების, 102-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარე ვალდებულია დაამტკიცოს მის მიერ მითითებული ფაქტის ნამდვილობა, თუ აღნიშნული სადავო გახდება. მოცემულ შემთხევაში მოპასუხემ სადავოდ გახადა ი. ო-შვილის დაკრძალვაზე ო. ო-შვილის მიერ ხარჯის გაწევის ფაქტი, საქმის მასალებში აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება არ მოიპოვება. მოწმეთა ჩვენებებით დადგენილია, რომ 5500 აშშ დოლარი წარმოადგენდა ი. ო-შვილის მკურნალობისა და მოვლის ხარჯს, ხოლო 2000 აშშ _ ჟ. ო-შვილის მკურნალობა-მოვლის დანახარჯს. ამდენად, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოსარჩელის მითითება, რომ ი. ო-შვილის დაკრძალვაზე მან 2000 აშშ დოლარი დახარჯა და მოთხოვნა ამ ნაწილში დაუსაბუთებლად ჩათვალა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება ო.ო-შვილის წარმომადგენელმა ლ.ფ-ძემ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა საქმის გარემოებებით დადასტურებული გარემოება, რომ ო. ო-შვილმა დავალების გარეშე, კეთილსინდისიერად და ნებაყოფლობით შეასრულა სხვისი საქმეები. მან სადავო ხარჯი გასწია და სხვისი საქმეები წარმართა ისე, რომ საამისოდ არც სამართლებრივი მოვალეობა ეკისრებოდა და არც უფლებამოსილება გააჩნდა. სააპელაციო სასამართლოს განმარტება, რომ დავალების გარეშე სხვისი საქმეების შესრულებისას აუცილებელია, სხვა პირმა წინასწარ განაცხადოს თანხმობა თავისი საქმეების შესრულებაზე, არსებითად ეწინააღმდეგება დავალების გარეშე სხვისი საქმეების კეთილსინდისიერად შესრულების არსს, რადგან აღნიშნული სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობის იურიდიული ბუნებიდან გამომდინარე, პირი (შემსრულებელი) ასრულებს სხვა პირის (მეპატრონის) საქმეებს ამ უკანასკნელის დავალების ან სხვაგვარი მითითების გარეშე, ნებაყოფლობით, ისე, რომ წინასწარი შეთანხმება აუცილებელი არ არის. კანონი უთითებს მეპატრონისათვის მისი საქმის დაწყების თაობაზე შეტყობინებასა და არა დაწყებული საქმის მეპატრონის მიერ მოწონებაზე. სამოქალაქო კოდექსის 976-991-ე მუხლები ითვალისწინებს მესაკუთრის მიერ შესრულების დაწუნების სამართლებრივ შედეგებს. ი. და ჟ. ო-შვილების თანხმობა დავალების გარეშე დაწყებული მათი საქმეების შესრულებაზე ნიშნავს ამ შესრულების მოწონებას და აშკარაა, რომ განსახილველი შემთხვევა უნდა მოწესრიგდეს არა უსაფუძვლო გამდიდრების მარეგულირებელი ნორმების, არამედ სამემკვიდრეო სამართლის _ სამოქალაქო კოდექსის 1484-1494-ე მუხლების საფუძველზე. დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს განმარტება, რომ ნათესავის მიერ მამკვიდრებლის ავადმყოფობის დროს გაწეული ხარჯი განიხილება უსაფუძვლო გამდიდრებად, რადგან აღნიშნული მსჯელობით ნათესავები კრედიტორებად ვერ ჩაითვლებიან და ისინი, სამოქალაქო კოდექსის 1484-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 1489-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ასეთ ხარჯებს ვერ აანაზღაურებენ. კრედიტორთა წინაშე მემკვიდრეების პასუხისმგებლობის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის განმარტების თანახმად, მამკვიდრებლის უკანასკნელი მკურნალობის ხარჯების ანაზღაურების ვალდებულება მემკვიდრეებს წარმოეშობათ იმ შემთხვევაშიც, თუ სამედიცინო დაწესებულებების მიერ გაწეული დახმარება ანაზღაურებულია არავალდებული პირის მიერ. გარდაცვლილის სიცოცხლის უკანასკნელ პერიოდში მოვლის ხარჯებისა და ხელფასის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვისას სასამართლომ უნდა გამოარკვიოს და დაადგინოს, არსებობდა თუ არა ასეთი გარიგება მოსარჩელესა და გარდაცვლილს შორის ამ უკანასკნელის სიცოცხლეში, თუ მოსარჩელე დავალების გარეშე ასრულებდა სხვის მოვალეობას და შესრულების მოტივს მნიშვნელობა არა აქვს.
საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მხარეებმა წარმოადგინეს მორიგების აქტი და იშუამდგომლეს მისი დამტკიცება შემდეგი პირობებით:
1. კასატორი ო. ო-შვილის წარმომადგენელი ლ. ფ-ძე თანახმაა, მიიღოს ო. მ-ძისაგან 2000 (ორი ათასი) აშშ დოლარი. აღნიშნული თანხა ო. მ-ძემ უნდა გადაიხადოს 2009 წლის 25 დეკემბრამდე. ო. მ-ძემ უნდა გადაიხადოს ო. ო-შვილის მიერ პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში გაწეული ხარჯი _ სახელმწიფო ბაჟის _ 525 აშშ დოლარის ნახევარი _ 262 აშშ დოლარი და სარჩელის უზრუნველყოფაზე გაწეული სასამართლო ხარჯის _ 100 ლარის ნახევარი _ 50 ლარი;
2. მოწინააღმდეგე მხარე ო. მ-ძე თანახმაა, გადაიხადოს 2000 (ორი ათასი) აშშ დოლარი ო. ო-შვილის სასარგებლოდ საცხოვრებელ სახლზე ყადაღის მოხსნამდე _ 2009 წლის 25 დეკემბერამდე. ასევე თანახმაა, პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში მხარის მიერ გადახდილი თანხის ნახევრის, კერძოდ, 262 აშშ დოლარისა და 50 ლარის დაფარვაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო რა მხარეთა მიერ წარმოდგენილ მორიგების აქტს, თვლის, რომ მათი მოთხოვნა მორიგების დამტკიცების თაობაზე კანონიერია და უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ამ საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება, ხოლო მოცემული საქმის წარმოება შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მითითებული ნორმა ითვალისწინებს მოდავე მხარეთა მიერ გარკვეული შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში საქმის მორიგებით დამთავრების შესაძლებლობას. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა მიერ შეთანხმებული მორიგების პირობები არ ეწინააღმდეგება კანონს და არ ლახავს მესამე პირთა ინტერესებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს.
მოდავე მხარეების მიერ შედგენილი მორიგების აქტი დაერთო საქმეს.
მხარეებს განემარტათ, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, მხარეთა მორიგების შედეგად მოცემულ დავაზე სამოქალაქო საქმის წარმოება უნდა შეწყდეს, ხოლო, ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ო. ო-შვილს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს ლ. ფ-ძის მიერ 2009 წლის 16 ივნისს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 586 ლარი, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში მხარეებმა მორიგების აქტი წარმოადგინეს საკასაციო სასამართლოს მთავარი სხდომის დაწყებამდე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად კი, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 272-ე, 273-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
დამტკიცდეს მორიგება მხარეთა შორის შემდეგი პირობებით:
1. კასატორი ო. ო-შვილის წარმომადგენელი ლ. ფ-ძე თანახმაა, მიიღოს ო. მ-ძისაგან 2000 (ორი ათასი) აშშ დოლარი. აღნიშნული თანხა ო. მ-ძემ უნდა გადაიხადოს 2009 წლის 25 დეკემბრამდე. ო. მ-ძემ უნდა გადაიხადოს ო. ო-შვილის მიერ პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში გაწეული ხარჯი _ სახელმწიფო ბაჟის _ 525 აშშ დოლარის ნახევარი _ 262 აშშ დოლარი და სარჩელის უზრუნველყოფაზე გაწეული სასამართლო ხარჯის _ 100 ლარის ნახევარი _ 50 ლარი;
2. მოწინააღმდეგე მხარე ო. მ-ძე თანახმაა, გადაიხადოს 2000 (ორი ათასი) აშშ დოლარი ო. ო-შვილის სასარგებლოდ საცხოვრებელ სახლზე ყადაღის მოხსნამდე _ 2009 წლის 25 დეკემბერამდე. ასევე თანახმაა, პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში მხარის მიერ გადახდილი თანხის ნახევრის, კერძოდ, 262 აშშ დოლარისა და 50 ლარის დაფარვაზე.
შეწყდეს საქმის წარმოება ო. ო-შვილის სარჩელის გამო ო. მ-ძისა და ნოტარიუს დ. ხ-შვილის მიმართ თანხის ანაზღაურების შესახებ.
გაუქმდეს მოცემულ საქმეზე მიღებული ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებები.
განემარტოთ მხარეებს, რომ სასამართლოში დავა იმავე მხარეებს შორის, იმავე საფუძვლითა და იმავე საგანზე დაუშვებელია.
ო. ო-შვილს დაუბრუნდეს ლ. ფ-ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი საკასაციო ინსტანციაში წარმოებისათვის _ 586 ლარი.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.