Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

ას-525-758-08 28 ოქტომბერი, 2008 წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)

მოსამართლეები:

ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი), ლალი ლაზარაშვილი

სხდომის მდივანი _ ე.ხაჩიძე

კასატორი _ ე. მ-შვილი (მოპასუხე)

წარმომადგენელი _ დ. გ-შვილი

მოწინააღმდეგე მხარე _ ს. კ-ოვა (მოსარჩელე)

წარმომადგენელი _ ც. ქ-შვილი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 6 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად

დავის საგანი _ პრივატიზაციის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა, ბინის თანამესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ს. კ-ოვამ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე ქ.თბილისის ¹4 სერვისული ცენტრის მიმართ 1992 წლის 30 სექტემბრის პრივატიზაციის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანისა და ბინის თანამესაკუთრედ ცნობის შესახებ შემდეგი საფუძვლებით: 1980 წლიდან მოსარჩელე თავის ბიძაშვილ ლ. კ-სთან ერთად ცხოვრობდა ქ.თბილისში, ...ის გამზირის ¹63-ში მდებარე პირველი კორპუსის ¹89 ბინაში, სადაც ჩაწერილი იყო და ლ. კ-სთან ერთად და ეწეოდა საერთო საოჯახო მეურნეობას. 1992 წლის 30 სექტემბერს ბინის ძირითადმა დამქირავებელმა ლ. კ-მ, მისი თანხმობით, მოახდინა ბინის პრივატიზაცია და იგი აღრიცხა თავის სახელზე საკუთრების უფლებით. მოსარჩელე მუდმივად ცხოვრობდა ზემოხსენებულ მისამართზე და იხდიდა კომუნალურ გადასახადებს. 1999 წლის ივნისში ლ. კ-ა გარდაიცვალა.

ქ.თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილებით ს. კ-ოვას სარჩელი დაკმაყოფილდა, სადავო პრივატიზაციის ხელშეკრულებაში შეტანილ იქნა ცვლილება და მოსარჩელე ცნობილ იქნა სადავო ბინის 1/2-ის მესაკუთრედ.

ე. მ-შვილმა განცხადებით მიმართა სასამართლოს ქ.თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ.

ქ.თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 28 ივლისის განჩინებით ე. მ-შვილის განცხადება დაკმაყოფილდა და საქმის წარმოება განახლდა. განმცხადებელი ჩართულ იქნა საქმეში მოპასუხედ.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ს. კ-ოვას ბინაში ჩაწერას ჰქონდა ფორმალური ხასიათი. ლ. კ-მ მოსარჩელე შემთხვევით გაიცნო, შემდეგ დამეგობრდნენ და ეს უკანასკნელი ბინაში ჩაწერა მხოლოდ იმის გამო, რომ მოსარჩელეს სურდა ქ.თბილისში მუშაობის დაწყება. ამასთან, მათ ერთად არასოდეს უცხოვრიათ, მოსარჩელე არ ყოფილა ლ. კ-ს ოჯახის წევრი. ს. კ-ოვამ გადასახადები გადაიხადა ერთიანად, რადგან აღნიშნული სჭირდებოდა სარჩელში მითითებული გარემოებების დასადასტურებლად. მან თავისივე განცხადებით პრივატიზაციის ხელშეკრულების დადების დროს უარი განაცხადა ბინაზე. ამასთან, საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის ¹107 დადგენილებით, ბინები უსასყიდლოდ გადაეცათ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს, ს. კ-ოვა კი არც ბინის პრივატიზაციის დროს და არც ამჟამად საქართველოს მოქალაქე არ არის, იგი ცხოვრობს ვლადიკავკაზში და პრივატიზაციის დროს მას ფართზე უფლება დაკარგული ჰქონდა. გარდა ამისა, მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმულია სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის შესაბამისად, რადგან პრივატიზაციის ხელშეკრულება დაიდო 1992 წელს, ხოლო სარჩელი აღიძრა 2001 წელს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილებით ს. კ-ოვას სარჩელი დაკმაყოფილდა და იგი ცნობილ იქნა ე. მ-შვილის სახელზე საკუთრების უფლებით რიცხული ბინის – ქ. თბილისში, ...ის გამზირის ¹63-ის პირველ კორპუსში მდებარე ¹89 ბინის 1\2-ის მესაკუთრედ.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ე. მ-შვილმა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 6 თებერვლის განჩინებით ე. მ-შვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 1985 წლიდან ს. კ-ოვა ჩაეწერა და ჩასახლდა ქ.თბილისში, ...ის გამზირი ¹63-ში მდებარე ¹89 ბინაში მისი დამქირავებლის _ ლ. კ-ს თანხმობით. 1992 წლის 30 სექტემბერს ბინის დამქირავებელმა ლ. კ-მ მოახდინა ბინის პრივატიზაცია და აღრიცხა თავის მესაკუთრედ. 1999 წლის 2 ივნისს ლ. კ- გარდაიცვალა. ქ.თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით ე. მ-შვილი ცნობილ იქნა ლ. კ-ს დანაშთი ქონების, მათ შორის სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრედ, რის საფუძველზეც აღნიშნული ბინა საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ე. მ-შვილის სახელზე. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის ¹107 დადგენილების მეხუთე პუნქტი, როდესაც ს. კ-ოვა მიიჩნია ბინის დამქირავებლის _ ლ. კ-ს ოჯახის წევრად და პრივატიზაციის უფლების მქონე პირად. ასევე არასწორია აპელანტის მოსაზრება, რომ, ვინაიდან ს. კ-ოვამ წერილობითი თანხმობა განაცხადა ლ. კ-ს სახელზე მთლიანი ბინის პრივატიზაციაზე, მან დაკარგა მისი წილის პრივატიზაციის უფლება. სასამართლომ იხელმძღვანელა „საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის (უსასყიდოლდ გადაცემის) შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის ¹107 დადგენილების მეორე, მეხუთე პუნქტებით და ჩათვალა, რომ ზემოაღნიშნული დადგენილებიდან გამომდინარე, სახელმწიფომ ყველა მოქალაქეს, რომელიც დადგენილი წესით იყო ჩასახლებული ბინაში, დამქირავებელი იქნებოდა იგი თუ მისი ოჯახის წევრი, მისცა საშუალება, გამხდარიყო ბინის მესაკუთრე. ამდენად, ყველა პირი, ვინც პრივატიზაციის დროს დადგენილი წესით იყო ჩასახლებული და ცხოვრობდა ბინაში, უნდა ჩაითვალოს ბინის პოტენციურ თანამესაკუთრედ იმის მიუხედავად, თუ ოჯახის რომელი წევრის სახელზე მოხდა ბინის პრივატიზაცია. საქმეში წარმოდგენილია ს. კ-ოვას განცხადება იმის შესახებ, რომ იგი თანახმაა, ბინის პრივატიზაცია მოხდეს ლ. კ-ს სახელზე. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ სადავო ბინის პრივატიზების დროს კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოებისა და თავად ბინის დამქირავებლის _ ლ. კ-ს მიერ ს. კ-ოვა განხილული და მიჩნეული იყო ოჯახის სრულწლოვან წევრად, რომელსაც ჰქონდა ბინის პრივატიზაციაში მონაწილეობის უფლება. ის გარემოება კი, რომ სადავო ბინა პრივატიზაციის შედეგად აღირიცხა ლ. კ-ს სახელზე, რაზეც ს.კ-მ თანხმობა განაცხადა, არ ნიშნავს, რომ ამ უკანასკნელმა დაკარგა საკუთრების კუთვნილი წილი ამ ბინაზე. სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება ს. კ-ოვას სარჩელის ხანდაზმულობის შესახებ, ვინაიდან „საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის (უსასყიდლოდ გადაცემის) შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის ¹107 დადგენილების თანახმად, ს. კ-ოვა მესაკუთრედ ითვლება ბინის პრივატიზაციის მომენტიდან და მას, როგორც პოტენციურ მესაკუთრეს, შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს საჯარო რეესტრში მესაკუთრედ აღრიცხვა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება ე. კ-მ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა „საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის (უსასყიდლოდ გადაცემის) შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის ¹107 დადგენილება, როდესაც ს.კ- საქართველოს მოქალაქედ და სადავო ბინის დამქირავებელ ლ. კ-ს ოჯახის წევრად ჩათვალა. ფაქტობრივად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ნათლად ირკვევა, რომ მოსარჩელე ლ.კ-ს ნათესავი არ არის, იგი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა, მუდმივად ცხოვრობს, ჩაწერილია და პენსიას ღებულობს ქ.ვლადიკავკაზში. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ სადავო ბინის პრივატიზებისას ს.კ- არ იყო საქართველოს მოქალაქე და ქ.თბილისში უსასყიდლოდ ბინის მიღების უფლება არ გააჩნდა.

საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მხარეებმა წარმოადგინეს მორიგების აქტი და იშუამდგომლეს მისი დამტკიცების შესახებ შემდეგი პირობებით:

1. კასატორი ე. მ-შვილი თანახმაა, გადაუხადოს ს. კ-ოვას ქ.თბილისში, ...ის გამზირის ¹63-ის პირველ კორპუსში მდებარე ¹89 ბინაში მისი წილის საკომპენსაციო თანხა _ 12000 (თორმეტი ათასი) აშშ დოლარი;

2. ს. კ-ოვა უარს აცხადებს თავის წილზე ქ.თბილისში, ...ის გამზირის ¹63-ის პირველ კორპუსში მდებარე ¹89 ბინაში საკომპენსაციო თანხის _ 12000 (თორმეტი ათასი) აშშ დოლარის მიღების სანაცვლოდ.

მხარეები გაეცნენ მორიგების პირობებს, ეთანხმებიან და აწერენ ხელს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო რა მხარეთა მიერ წარმოდგენილ მორიგების აქტს, თვლის, რომ მათი მოთხოვნა მორიგების დამტკიცების თაობაზე კანონიერია და უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ამ საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება, ხოლო მოცემული საქმის წარმოება შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მითითებული ნორმა ითვალისწინებს მოდავე მხარეთა მიერ გარკვეული შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში საქმის მორიგებით დამთავრების შესაძლებლობას. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა მიერ შეთანხმებული მორიგების პირობები არ ეწინააღმდეგება კანონს და არ ლახავს მესამე პირთა ინტერესებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს.

მოდავე მხარეების მიერ შედგენილი მორიგების აქტი დაერთო საქმეს.

მხარეებს განემარტათ, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, მხარეთა მორიგების შედეგად მოცემულ დავაზე სამოქალაქო საქმის წარმოება უნდა შეწყდეს, ხოლო, ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

აღსანიშნავია, რომ კასატორი ე. კ-ა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია “სახელმწიფო ბაჟის შესახებ” კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის “მ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ამასთან, მხარეები მორიგდნენ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მთავარ სხდომამდე, რის გამოც მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე, 257-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

დამტკიცდეს მორიგება ე. მ-შვილსა და ს. კ-ოვას შორის შემდეგი პირობებით:

1. კასატორმა ე. მ-შვილმა გადაუხადა ს. კ-ოვას ქ.თბილისში, ...ის გამზირის ¹63-ის პირველ კორპუსში მდებარე ¹89 ბინაში მისი წილის საკომპენსაციო თანხა _ 12000 (თორმეტი ათასი) აშშ დოლარი;

2. ს. კ-ოვა უარს აცხადებს თავის წილზე ქ.თბილისში, ...ის გამზირის ¹63-ის პირველ კორპუსში მდებარე ¹89 ბინაში მის მიერ მიღებული საკომპენსაციო თანხის _ 12000 (თორმეტი ათასი) აშშ დოლარის სანაცვლოდ.

განემარტოთ მხარეებს, რომ ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

შეწყდეს სამოქალაქო საქმის წარმოება ს. კ-ოვას სარჩელის გამო ე. მ-შვილის მიმართ პრივატიზაციის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანისა და ბინის თანამესაკუთრედ ცნობის თაობაზე.

გაუქმდეს ამ საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება.

კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.