Facebook Twitter

საქმე №113აგ-16 თბილისი

ც-ი ს. 113აგ-16 2 ნოემბერი, 2016 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),

ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ს. ც-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 31 მარტის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 16 თებერვლის განაჩენით ს. ც-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2008 წლის 1 ივლისიდან.

2. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 22 სექტემბრის განაჩენით შეიცვალა: ს. ც-ს საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 3 წლის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 1 წელი ჩაეთვალა პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით.

3. გორის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 19 მარტის განაჩენით ს. ც-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით –10 წლით, ასევე სსკ-ის 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, ს. ც-ს სასჯელად განესაზღვრა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 5 მაისის განაჩენით ს. ც-ს მიმართ შეფარდებული პირობითი მსჯავრი და სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საბოლოოდ ს. ც-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 21 წლის ვადით. მას სასჯელის ათვლა დაეწყო 2008 წლის 1 ივლისიდან.

4. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 11 მარტის განაჩენით დარჩა უცვლელად.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 29 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.

6. გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 17 სექტემბრის დადგენილებით ს. ც-ს განაჩენთა ერთობლიობით საბოლოოდ განესაზღვრა 20 წლით, 6 თვითა და 26 დღით თავისუფლების აღკვეთა, 19 წლის, 6 თვისა და 26 დღის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 1 წელი ჩაეთვალა პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 17 სექტემბრიდან.

7. გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 თებერვლის განჩინებით ს. ც-ს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული რეალური და პირობითი სასჯელები და საბოლოოდ მიესაჯა 14 წლით, 8 თვითა და 4 დღით თავისუფლების აღკვეთა, ასევე – 9 თვით პირობითი მსჯავრი, იმავე გამოსაცდელი ვადით.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 21 ივნისის განაჩენით თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 11 მარტის განაჩენი, გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 17 სექტემბრის დადგენილება და გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 თებერვლის განჩინება დარჩა უცვლელად.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 28 ნოემბრის განაჩენით თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 21 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 2 ივლისის განჩინებით მსჯავრდებულ ს. ც-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ დაუშვებლად იქნა ცნობილი.

11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 6 აპრილის განჩინებით მსჯავრდებულ ს. ც-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ დაუშვებლად იქნა ცნობილი.

12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 6 აპრილის განჩინება მსჯავრდებულ ს. ც-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩა უცვლელად.

13. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 3 ივნისის განჩინებით მსჯავრდებულ ს. ც-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ დაუშვებლად იქნა ცნობილი.

14. 2016 წლის 14-18 მარტს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა ს. ც-მ, რომელმაც მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 11 მარტის განაჩენის გაუქმება და დანიშნული სასჯელისაგან სრულად გათავისუფლება შემდეგი საფუძვლებით: დაზარალებულ თ. ო-ს ჩვენება მოპოვებულია სამართალდამცავთა მხრიდან მასზე განხორციელებული ზეწოლითა და უკანონო მეთოდებით. მსჯავრდებულს შეუძლია სასამართლოში წარმოადგინოს დაზარალებული, რომელიც დაადასტურებს მის უდანაშაულობასა და აგრეთვე იმ ფაქტს, რომ გამომძიებელმა მასზე მოახდინა ზეწოლა; იგი ასევე მიუთითებს დაზარალებულ თ. ო-ს სკოლის დირექტორის მიერ გაცემულ დახასიათებაზე, საიდანაც იკვეთება, რომ დაზარალებული არის გონებრივად ჩამორჩენილი. ამ ფაქტს ასევე ადასტურებენ დაზარალებულის მეზობლები; მსჯავრდებულის მოსაზრებით, გამომძიებელმა დაზარალებულის მიერ მითითებული სიგარეტი არ ამოიღო და არ დანიშნა მასზე შესაბამისი ექსპერტიზა; საქმეზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნები ადასტურებს მის უდანაშაულობას; გარდა ამისა, კასატორი მიუთითებს, რომ განაჩენი ემყარება მხოლოდ ირიბ ჩვენებებს და ექსპერტიზის დასკვნებს, რომლებიც არ შეიძლება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს.

15. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 25 მარტის განჩინებით მსჯავრდებულ ს. ც-ს შუამდგომლობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 11 მარტის განაჩენის გადასინჯვის შესახებ დასაშვებად იქნა ცნობილი ზეპირი მოსმენის გარეშე განსახილველად.

16. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 31 მარტის განაჩენით მსჯავრდებულ ს. ც-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ არ დაკმაყოფილდა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 11 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.

17. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 31 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ს. ც-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და გამართლება იმავე საფუძვლებით, რაზეც უთითებდა სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ შუამდგომლობაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ს. ც-ს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საქართველოს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (2009 წლის 9 ოქტომბრის კანონი) მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის პროცესში გამოიყენება ის საპროცესო ნორმა, რომელიც მოქმედებს გამოძიებისა და სასამართლო განხილვის დროს. ანალოგიური დათქმაა ძველ - საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსშიც, კერძოდ - ამ კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სისხლის სამართლის პროცესში გამოიყენება სისხლის სამართლის საპროცესო კანონი, რომელიც მოქმედებს წინასწარი გამოძიებისა და სასამართლო განხილვის დროს. ასევე, ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 329-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის ამოქმედებამდე დაწყებულ სისხლისსამართლებრივი დევნის საქმეებზე სისხლის სამართლის პროცესი გრძელდება საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.

3. ამდენად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე შუამდგომლობის დასაშვებობის საკითხზე სასამართლომ უნდა იმსჯელოს მოქმედი - 2009 წლის 9 ოქტომბრის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისი ნორმების მიხედვით, ხოლო დასაშვებობის ეტაპის გადალახვის შემთხვევაში საქმის განხილვა უნდა წარიმართოს იმ კოდექსით, რომლითაც კონკრეტული მსჯავრდებულის საქმეზე მიმდინარეობდა წარმოება და მიღებულ იქნა გასაჩივრებული განაჩენი.

4. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, მსჯავრდებულ ს. ც-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება და სასამართლო განხილვა წარიმართა ძველი - 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად.

5. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 25 მარტის განჩინების კანონიერების საკითხზე, რომლითაც დასაშვებად იქნა ცნობილი მსჯავრდებულ ს. ც-ს შუამდგომლობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 11 მარტის განაჩენის გადასინჯვის შესახებ, რადგან მისი გასაჩივრების პროცედურას სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს და ამასთან, არ წარმოადგენს საკასაციო გასაჩივრების საგანს.

6. რაც შეეხება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 31 მარტის განაჩენს, ვინაიდან მსჯავრდებულ ს. ც-ს მიმართ საქმე ნაწარმოებია ძველი - 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად, ხოლო სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განაჩენი გამოტანილი აქვს საქართველოს 2009 წლის 9 ოქტომბრის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოქმედი რედაქციის მიხედვით, სახეზეა საქართველოს სსსკ-ის 562-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა” ქვეპუნქტითა და 563-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (1998 წლის 20 თებერვლის რედაქცია) გათვალისწინებული დარღვევა, რაც მოცემულ შემთხვევაში განაჩენის გაუქმების საფუძველია, რის გამოც თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 31 მარტის განაჩენი ს. ც-ს მიმართ უნდა გაუქმდეს, ხოლო სისხლის სამართლის საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახალი განხილვისათვის. სააპელაციო სასამართლოში საქმეზე არსებული მტკიცებულებების გამოკვლევა უნდა წარიმართოს და განაჩენი გამოტანილ უნდა იქნეს საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.

7. ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, იგი არ არის უფლებამოსილი, შეაფასოს საქმეში არსებული მტკიცებულებები და ასევე, არ მსჯელობს საკასაციო საჩივრის მოტივებზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 310-ე, 314-ე მუხლებით (ამჟამად მოქმედი რედაქცია), სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით (1998 წლის 20 თებერვლის რედაქცია) და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ს. ც-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 31 მარტის განაჩენი გაუქმდეს;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

გ. შავლიაშვილი

მოსამართლე გიორგი შავლიაშვილის განსხვავებული აზრი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის 2016 წლის 2 ნოემბრის განჩინებაზე მსჯავრდებულ ს. ც-ს მიმართ

1. ს. ც-ს სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, არ ვეთანხმები რა ჩემი კოლეგა მოსამართლეების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, თავს ვალდებულად მივიჩნევ, დავრჩე განსხვავებულ აზრზე და წერილობით ჩამოვაყალიბო ჩემი სამართლებლივი პოზიცია, კერძოდ:

2. საკასაციო პალატის ჩემი კოლეგა მოსამართლეების მოსაზრებით, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე შუამდგომლობის დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტისას სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს მოქმედი - 2009 წლის 9 ოქტომბრის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისი ნორმებით, ხოლო დასაშვებობის ეტაპის გადალახვის შემთხვევაში საქმის განხილვისას გამოყენებულ უნდა იქნეს ის კოდექსი, რომლითაც კონკრეტული მსჯავრდებულის საქმეზე მიმდინარეობდა წარმოება და მიღებულ იქნა გასაჩივრებული განაჩენი. შესაბამისად, რადგან მსჯავრდებულ ს. ც-ს მიმართ საქმის არსებითი განხილვა წარმართულია ძველი - 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, ხოლო სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 31 მარტის განაჩენი გამოტანილი აქვს საქართველოს 2009 წლის 9 ოქტომბრის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოქმედი რედაქციის მიხედვით, ჩემი კოლეგების მოსაზრებით - სახეზეა საქართველოს სსსკ-ის 562-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა” ქვეპუნქტითა და 563-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (1998 წლის 20 თებერვლის რედაქცია) გათვალისწინებული დარღვევა, რაც მოცემულ შემთხვევაში განაჩენის გაუქმების საფუძველია, რის გამოც საქართველოს სსსკ-ის 310-ე, 314-ე მუხლებით (ამჟამად მოქმედი რედაქცია), სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით (1998 წლის 20 თებერვლის რედაქცია) თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 31 მარტის განაჩენი ს. ც-ს მიმართ გაუქმდა, ხოლო სისხლის სამართლის საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად, რათა სააპელაციო სასამართლოში საქმეზე არსებული მტკიცებულებების გამოკვლევა წარიმართოს და განაჩენი გამოტანილ იქნეს საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.

3. ჩემი კოლეგები აღნიშნული დასკვნის საფუძვლად განჩინებაში უთითებენ შემდეგ გარემოებებზე:

4. საქართველოს მოქმედი სსსკ-ის (2009 წლის 9 ოქტომბრის კანონი) მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის პროცესში გამოიყენება ის საპროცესო ნორმა, რომელიც მოქმედებს გამოძიებისა და სასამართლო განხილვის დროს. ანალოგიური დათქმაა ძველ - საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსშიც, კერძოდ, ამ კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სისხლის სამართლის პროცესში გამოიყენება სისხლის სამართლის საპროცესო კანონი, რომელიც მოქმედებს წინასწარი გამოძიებისა და სასამართლო განხილვის დროს. ასევე, ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 329-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის ამოქმედებამდე დაწყებულ სისხლისსამართლებრივი დევნის საქმეებზე სისხლის სამართლის პროცესი გრძელდება საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.

5. მიმაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 31 მარტის განაჩენი კანონიერია, მათ შორის - 2009 წლის 9 ოქტომბრის საპროცესო კოდექსის გამოყენების ნაწილშიც და შესაბამისად, საკასაციო პალატის მოსამართლეები არასწორად განმარტავენ მოქმედ და წინამორბედ საპროცესო კოდექსების ნორმებს, როგორც ახლად გამოვლენილ გარემოებათა, ისე საპროცესო კოდექსის დროში მოქმედების ნაწილებში, კერძოდ:

6. საზოგადოდ, ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ამოქმედება არის რთული და წინააღმდეგობრივი პროცესი, რომელიც პრაქტიკაში სწორად და მეტ-ნაკლებად უმტკივნეულოდ დამკვიდრებისათვის საჭიროებს სხვადასხვა სახის საკანონმდებლო დათქმების დადგენას. ვინაიდან, 2009 წლის 9 ოქტომბრის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულია ახალი რეგულაციები და ეს წესები პირველ ,,მსუსხავ ეფექტს“ სწორედ მიმდინარე (დაწყებულ) სისხლის სამართლის საქმეებზე იქონიებდა, ამიტომ კანონმდებელმა შესაბამისი დათქმა დააწესა მოქმედი სსსკ-ის 329-ე მუხლის მე-3 ნაწილის სახით, რომლის საშუალებითაც ამ კოდექსის ამოქმედებამდე დაწყებული სისხლის სამართლის საქმეები დარჩა 1998 წლის 20 თებერვლის მოქმედების ფარგლებში, რათა თავიდან აცილებულიყო, უკვე გამოძიებისა და სასამართლო განხილვის ეტაპზე მყოფი საქმეების ახალი საპროცესო წესების გამოყენებით გამოწვეული პრაქტიკული თუ სამართლებრივი სირთულეები.

7. შესაბამისად, ზემოაღნიშნულ მუხლში მითითებული ტერმინი - ,,პროცესი გრძელდება“ ლოგიკურ და აშკარა შესაბამისობაშია იმ პრაქტიკულ და სამართლებრივ რეალობასთან, რაც ახალი საპროცესო კოდექსის ამოქმედებისას წარმოიშობოდა მანამდე დაწყებულ სისხლის სამართლებრივი დევნის საქმეებზე.

8. თუმცა, სრულიად უადგილოა იმავე კონტექსტში მოქმედი სსსკ-ის XXVII თავით გათვალისწინებული წესის (ახლად გამოვლენილ გარემოება გამო განაჩენის გადასინჯვის წესი) მოაზრება, ვინაიდან აღნიშნული წესი ვრცელდება მხოლოდ და მხოლოდ დასრულებულ სისხლის სამართლის საქმეებზე (რომლებზედაც დასრულებულია სამართალწარმოება სამივე ინსტანციაში, ან აღარ გასაჩივრდა სააპელაციო ან საკასაციო ინსტანციებში).

9. მოცემულ შემთხვევაში, ს. ც-ს მიმართ დასრულებულია სასამართლო განხილვა საკასაციო ინსტანციის ჩათვლით და შესაბამისად ახლად გამოვლენილ გამო მისი გადასინჯვა ვერ მიიჩნევა ,,პროცესის გაგრძელებად“. ამიტომ აქ გამოყენებულ უნდა იქნეს მოქმედი საპროცესო კოდექსის 310 -ე-314-ე მუხლები, რომლებიც იმპერატიულად ადგენენ საქმის განხილვას მოქმედი საპროცესო კოდექსის საფუძველზე, კერძოდ:

10. საქართველოს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 314-ე მუხლი განსაზღვრავს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქმის განხილვის წესს. ამ მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, მას შემდეგ, რაც ამავე კოდექსის 313-ე მუხლის საფუძველზე შუამდგომლობა დაშვებული იქნება არსებითად განსახილველად, საქმის არსებითი განხილვა ტარდება სააპელაციო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას მოქმედი ნორმების შესაბამისად. ამავე (სსსკ-ის 314-ე) მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საჩივარს განიხილავს ამ კოდექსით დადგენილი წესით. აღნიშნული ნორმის შინაარსი ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს იმაზე, რომ სააპელაციო და საკასაციო სასამართლოები ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქმეს განიხილავენ ამ კოდექსით - ანუ მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.

11. ამასთან აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილია სამართალწარმოების ინსტანციურობის წესი, რომელიც უზრუნველყოფს როგორც გადაწყვეტილებათა გასაჩივრების შესაძლებლობას, ასევე ადგენს საქმეზე მართლმსაჯულების განხორციელების დასრულების წესს, რათა იგი არ იყოს ,,უსასრულო“. უკვე დასრულებულ სისხლის სამართლის საქმეებზე კი, სისხლის საპროცესო კანონმდებლობა მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში, გამონაკლისის სახით უშვებს განაჩენის გადასინჯვის შესაძლებლობას. ამიტომ საპროცესო კოდექსი XXVII თავის სახით გვთავაზობს სპეციალურ ნორმათა ერთობლიობას (ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის წესს), რომლითაც დადგენილია განხილვის პროცედურული წესი (სსკ-ის 314-ე მუხლის 1-ლი ნაწილი); განისაზღვრება იმ გარემოებათა ძალზედ კონკრეტული ჩამონათვალი, რომელთა გამოვლენის შემთხვევაში შესაძლებელი ხდება განაჩენის გადასინჯვა; ასევე, როგორც განსხვავებული სამართლებლივი ბუნების მატარებელ ნორმათა ერთობლიობას, მას დაუკავშირდა სპეციალური საპროცესო დათქმები, მაგალითად:

12. საქართველოს მოქმედი სსსკ-ის 250-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, ბრალდების მხარე სარგებლობს ბრალდებაზე უარის თქმის უფლებით ნებისმიერი ინსტანციის სასამართლოში განაჩენის გამოტანამდე, გარდა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვისა. თუკი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქმისწარმოებას პროცესის გაგრძელებად მიიჩნევდა, მაშინ არალოგიკური ხდება ნორმის დათქმა, ბრალდების მოხსნის ინსტიტუტის საპროცესო დანიშნულების გათვალისწინებით.

13. ზემოაღნიშნულს ადასტურებს ასევე ის გარემოებაც, რომ საქმის არსებით განხილვაში მონაწილეობა მოსამართლეს არ უზღუდავს უფლებას, მონაწილეობდეს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქმის განხილვაში (იხ. სუსგ №17აგ-16, №416აგ-15, №28აგ-15, 76აგ-15). იმ შემთხვევაში, თუ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოებას მივიჩნევთ პროცესის გაგრძელებად იმ შინაარსით, რაც სსსკ-ის 329-ე მუხლში დევს, მაშინ აცილების ყველა ის საფუძველი, რომლებიც ვრცელდება საქმის არსებითად განმხილველ მოსამართლეზე - მათ შორის მოცემულ საქმის განხილვაში მონაწილეობა - ვრცელდება ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქმის განმხილველ მოსამართლეზეც, რაც ნიშნავს იმას, რომ ახლდ გამოვლენილ გარემოებათა გამო საქმეთა უმრავლესობა როგორც სააპელაციო, ისე საკასაციო პალატის მიერ სასამართლოს უკანონო შემადგენლობით განხილულად უნდა ჩაითვალოს, რაც არალოგიკურია.

14. ამიტომ, ზემოაღნიშნული ნორმების გაანალიზების, ასევე ახლად გამოვლენილ გაემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის წესის პრაქტიკული დანიშნულებისა და მისთვის (ამ წესისთვის) დამახასიათებელი თავისებურებების გათვალისწინებით, აშკარაა, რომ მასზე უპირობოდ ვერ გავრცელდება საქართველოს სსსკ-ის პროცედურული ხასიათის ყველა ზოგადი თუ სპეციალური ნორმა, მათ შორის - საქართველოს სსსკ-ის 329-ე მუხლის მე-3 ნაწილი, როგორც ამას ჩემი კოლეგები განმარტავენ.

15. სსსკ-ის XXVII თავით გათვალისწინებული საქმისწარმოების სპეციფიკურობა თავად საკასაციო პალატის მიერ გაკეთებული განმარტებიდანაც დასტურდება, მასში მითითებულია: ,,ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქმის განხილვისას განაჩენი უნდა გადაისინჯოს ახლად გამოვლენილი გარემოების ფარგლებში, ახალი მოცემულობისა და საქმეში არსებული დანარჩენი მტკიცებულებების ურთიერთქმედების კონტექსტში.“ ,,მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს უნდა შეეფასებინა, თუ რა სახის გავლენა მოახდინა დ. კ-ს მიმართ 2008 წლის 6 თებერვლის გამამტყუნებელმა განაჩენმა წინაგანმხილველი სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, ანუ შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის ნაწილის მხედველობაში მიუღებლად შეეფასებინა საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა საკმარისობა გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. შესაბამისად, ახალი მტკიცებულებებიც (ასეთის არსებობის შემთხვევაში) უნდა დაშვებულიყო და გამოკვლეულიყო მხოლოდ ახლად გამოვლენილი გარემოების კონტექსტში“ (83აგ-14, 2015 წლის 13 მარტის განაჩენი. მოსამართლეები: გ.შავლიაშვილი, პ.სილაგაძე, მ.ოშხარელი). ანუ აღნიშნულ საქმეში ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის და მტკიცებულებათა შეფასების მასშტაბები შეზღუდულია სწორედ ახლად მოპოვებული (გამოვლენილი) მტკიცებულების საქმის შედეგზე შესაძლო ზემოქმედების გონივრული ფარგლებით.

16. აღსანიშნავია ისიც, რომ მითითებული საკითხების გათვალისწინებით, საკასაციო პალატამ ამ საქმეზე (83აგ-14) ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო პროცესი წარმართა საქართველოს მოქმედი სსსკ-ის გამოყენებით და ძალაში დატოვა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება, რომელიც ასევე მოქმედ სსსკ-ის ნორმებს ეფუძნებოდა.

17. ასევე, 2016 წლის 21 ოქტომბერს საკასაციო პალატამ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განიხილა საქმე დ. შ-ს (102აგ-16, მოსამართლეები: გ.შავლიაშვილი, ნ. გვენეტაძე, პ.სილაგაძე) მიმართ, სწორედ მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე -3140- ე მუხლების გამოყენებით, სწორედ ამ კოდექსის ამოქმედებამდე დაწყებულ სისხლის სამართლებრივი დევნის საქმეზე. საგულისხმოა, რომ პალატამ აღნიშნული საქმე განიხილა იმავე შემადგენლობით, რომელშიც დღეს უმცირესობაში აღმოვჩნდი.

18. ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქმის განხილვის წესზე იმსჯელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომაც, რომლის 2016 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილების (საქმეზე: საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინებები საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (1998 წლის 20 თებერვლის კანონი) მე-10 მუხლის მე-3 ნაწილის კონსტიტუციურობის თაობაზე) სამოტივაციო ნაწილის მე-8 პუნქტში მითითებულია: ,,2009 წლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი სრულად განსაზღვრავს როგორც განცხადების დასაშვებობის, ისე მისი არსებითი განხილვის წესებს და ამავე დროს ადგენს იმ სტანდარტს, რომლითაც სასამართლო ხელმძღვანელობს განაჩენის გადახედვისას. ანუ 2009 წლის საპროცესო კოდექსის დადგენილი წესით სააპელაციო სასამართლო ატარებს განხილვას, მათ შორის ახლად აღმოჩენილი გარემოების კონტექსტში იკვლევს ახალ მტკიცებულებებს და, შედეგად, აფასებს, თუ რა სახის გავლენა მოახდინა ახლად აღმოჩენილმა გარემოებამ მიღებულ განაჩენზე, ახლად აღმოჩენილი გარემოების გათვალისწინებით (მოცემულ შემთხვევაში საქმეში არსებული ირიბი ჩვენებების ამორიცხვით), იქნებოდა თუ არა იგივე გადაწყვეტილება მიღებული, კვლავ იარსებებდა თუ არა გამამტყუნებელი განაჩენის მიღების საფუძველი. შესაბამისად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, განაჩენის გადასინჯვის წარმოების ფარგლებში სასამართლო საერთოდ არ იყენებს 1998 წლის საპროცესო კოდექსის ნორმებს.“

19. გარდა ზემოაღნიშნული სამართლებრივი შეუსაბამობებისა, ჩემი კოლეგების მსჯელობა საქართველოს სსსკ-ის 329-ე მუხლის გამოყენებასთან დაკავშირებით, ქმნის სხვა პროცედურულ უხერხულობასაც, კერძოდ:

20. მოცემულ საქმეზე (ს. ც-ს მიმართ, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ) ჩემმა კოლეგებმა სააპელაციო სასამართლოს განაჩენი როგორც მოქმედი, ისე 1998 წლის საპროცესო კოდექსის ნორმების გამოყენებით გააუქმეს განჩინებით მაშინ, როდესაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქმისწარმოების წესი ასეთ შესაძლებლობას არ ითვალისწინებს. მოქმედი საპროცესო კოდექსის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განაჩენზე საკასაციო პალატას გამოაქვს განაჩენი, რომლითაც აუქმებს მას და ადგენს ახალ განაჩენს, ან ცვლის, ან უცვლელად ტოვებს მას. სხვა ალტერნატიულ ვარიანტს მოქმედი საპროცესო კანონი საკასაციო სასამართლოს არ სთავაზობს. რაც შეეხება 1998 წლის 20 თებერვლის საპროცესო კოდექსის ნორმებს (რომელიც მოქმედ კოდექსთან ერთად გამოიყენეს ჩემმა კოლეგებმა გადაწყვეტილების მიღებისას), ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გაუქმების წესს ისიც არ ითვალისწინებს და ეს ბუნებრივიცაა, რადგან 1998 წლის 20 თებერვლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო თავად იყო შუამდგომლობის განმხილველი პირველი და ბოლო ინსტანცია.

21. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მიმაჩნია, რომ საქართველოს სსსკ-ის 329-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოქმედება არ ვრცელდება ამავე კოდექსის XXVII თავით გათვალისწინებულ წესზე. შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 31 მარტის განაჩენი ს. ც-ს მიმართ, ახლად გამოვლენილ გარემოებათა განაჩენის გადასინჯვის თაობაზე - კანონიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

მოსამართლე: გიორგი შავლიაშვილი

2.11.2016