Facebook Twitter

¹ას-525-870-07 19 დეკემბერი 2007 წ.

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

Mმაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

როზა ნადირიანი, თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ ა. თ-ი

წარმომადგენელი ---თ. ი-ე

მოწინააღმდეგე მხარე _ ვ. წ-ა, მ. მ-ა, ქ.ბათუმის ნოტარიუსი ლ.ჭ-ა

გასაჩივრებული განჩინება-- ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 23 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, საქმის დაბრუნება სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად

დავის საგანი _ მინდობილობისა და ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ბინიდან გამოსახლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ა. თ-ს წარმომადგენელმა ი.შ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში ვ. წ-ს, მ. მ-სა და ქ.ბათუმის ნოტარიუს ლ. ჭ-ს მიმართ მინდობილობისა და ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ შემდეგ გარემოებათა გამო: ვ.წ-მ ისარგებლა მოსარჩელის მიერ ქართული წერა-კითხვის უცოდინრობით, 2002 წლის 4 მარტს მოტყუებით მოაწერინა მას ხელი სანოტარო აქტზე ა.თ-ს კუთვნილი უძრავი ქონების განკარგვის უფლების ვ. წ-სათვის გადაცემის თაობაზე. რეალურად მოსარჩელე ფიქრობდა, რომ ხელს აწერდა ქ. ბათუმში, ... ქ.¹7-ში მდებარე ა.თ-ს კუთვნილი ბინის იპოთეკის ხელშეკრულებას, რომლითაც უზრუნველყოფდა მისი მეუღლე ე. თ-ს მიერ ვ. წ-საგან ასაღებ სესხს. სადავო დოკუმენტები შედგა მხოლოდ ქართულ ენაზე, ამდენად, მოსარჩელე სათანადო თარგმანით ან თარჯიმნით უზრუველყოფილი არ ყოფილა. 2003 წლის 2 აპრილს ვ. წ-მ ზემოხსენებული ბინა მიჰყიდა თავის მეუღლე მ. მ-ს. მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული გარიგება, ისევე, როგორც ზემოთ მითითებული მინდობილობა, ბათილია, ვინაიდან სადავო სანოტარო აქტის შინაარსის გაცნობის შემთხვევაში მოსარჩელე მას ხელს არ მოაწერდა.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს, ხოლო მ. მ-მ შეგებებული სარჩელი აღძრა ა., აკ., არ., ე. და გ.თ-ების მიმართ ბინიდან გამოსახლების შესახებ იმ საფუძვლით, რომ ქ.ბათუმში, ... ქ. ¹7-ში მდებარე საცხოვრებელი ბინა არის მისი საკუთრება, მოპასუხეები კი მას უკანონოდ არ ათავისუფლებენ.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2003 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილებით ა.თ-ს სარჩელი სადავო ნასყიდობის ხელშეკრულებისა და მინდობილობის გაუქმების შესახებ არ დაკმაყოფილდა, მ.მ-ს შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეები დასახელებული ბინიდან გამოსახლდნენ.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ა. თ-ს წარმომადგენელმა ი.შ-მ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებით ა.თ-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა, ძირითადი სარჩელი დაკმაყოფილდა, ხოლო შეგებებულ სარჩელს უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ვ. წ-მ გაასაჩივრა საკასაციო წესით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004 წლის 15 დეკემბრის განჩინებით გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად. სააპელაციო პალატაში საქმის განხილვა დაინიშნა 2005 წლის 14 ივლისს, რის შესახებ უწყებები გაეგზავნათ და ჩაჰბარდათ ა., გ., ე., აკ. თ-ებს, ვ. წ-ს, მ. მ-სა და ქ.ბათუმის ნოტარიუს ლ.ჭ-ს. დანიშნულ დროს აპელანტის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო, ვ.წ-მ იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 14 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ა. თ-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი. სასამართლომ მიიჩნია, რომ სასამართლო უწყება აპელანტს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ჩაბარდა.

დაუსწრებელი გადაწყვეტილებაზე ა., ე., აკ., გ. და არ. თ-ების წარმომადგენელმა ს. დ-მ შეიტანა საჩივარი.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 2 სექტემბრის განჩინებით ა. თ-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება ა. თ-მა გაასაჩივრა საკასაციო წესით

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2006 წლის 10 ივლისის განჩინებით ა. თ-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 2 სექტემბრის განჩინება და საქმე განსახილველად გაეგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

ა. თ-ს შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების შესახებ არ დაკმაყოფილდა

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 23 აპრილის განჩინებით ა. თ-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2003 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ 2002 წლის 4 მარტს ვ. წ-სა და ა. თ-ს შორის გაფორმდა ¹... სანოტარო აქტი უძრავი ქონების მართვისა და განკარგვის უფლების გადაცემის შესახებ.

საქმეში ს.ფ. 4-ზე წარმოდგენილია სადაო სანოტარო აქტი. მისი შინაარსიდან ირკვევა, რომ ა. თ-მა მიმართა ნოტარიუსს უძრავი ქონების (მდებარე ქ. ბათუმში, ... ქ. ¹17 ბინა 9) მართვისა და განკარგვის უფლების ვ. წ-სათვის მინიჭების მოთხოვნით. აქტიდანვე ირკვევა, რომ ნოტარიუსმა წარმოადგინა გარიგების შინაარსი, შეადგინა გარიგება, წაუკითხა იგი საკუთრების მიმნდობს და განუმარტა მისი შინაარსი, ასევე მასზე ხელმოწერის სამართლებრივი შედეგები. ირკვევა ისიც, რომ საკუთრების მიმნდობმა მკაფიოდ და ნათლად განმარტა, რომ გარიგება ზუსტად გამოხატავს მის ნებას, რის შემდგომაც პირდაპირ მოაწერა ხელი გარიგებას.

პალატამ არ გაიზიარა მოსარჩელე მხარის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ სადავო მინდობილობის ხელშეკრულება ფორმის დაუცველად დადებული ხელშეკრულებაა, რის გამოც იგი ბათილია.

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ნოტარიუსის მხრიდან სადაო მინდობილობის ხელშეკრულების გაფორმებისას კანონის დარღვევას ადგილი არ ჰქონია, ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმში დაფიქსირებული (ს.ფ. 30,31,32,39,40). ა. თ-ს წარმომადგენლის ი. შ-ის განმარტებით „თ-ი, ეროვნებით სომეხი გახლავთ, არ მიუღია ქართული განათლება, არ იცის ქართული წერა-კითხვა“.... იქვე თ-მა რომ არ იცის ქართული წერა-კითხვა უდავოა“. ოქმში ასევე დაფიქსირებულია ნოტარიუს ჭ-ს განმარტება „მაგათმა რუსული წერაც არ იციან კარგად, მაგრამ კარგად ფლობენ, როგორც რუსულ ისე ქართულ ენებს“.

არსად პირველ ინსტანციაში მოსარჩელე მხარეს არ დაუფიქსირებია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მან (ა. თ-მა) არ იცის ქართული ენა, არამედ ყველგან ხაზგასმით არის მინიშნება იმის თაობაზე რომ ა. თ-მა არ იცის ქართული წერა-კითხვა“.

პალატა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნევს, რომ თ-მა არ იცის ქართული წერა-კითხვა, არც რუსული, მაგრამ იცის მშვენივრად როგორც ქართული, ისე რუსული ენები.

სააპელაციო სამართლომ ახალი ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად არ მიიჩნია თ-ს წარმომადგენლის განმარტება, რომ თ-მა არ იცის ქართული ენა, რადგან მის მიერ არანაირი მტკიცებულება არ ყოფილა წარმოდგენილი.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ნოტარიუსის მიერ თარჯიმნის არ მოწვევით არ დარღვეულა კანონი, რადგან თ-მა იცოდა ქართული ენა (ამ შემთხვევაში როგორც ქართული, ისე რუსული ენები).

აღნიშნულიდან გამომდინარე პალატამ მიიჩნია, რომ სადაო გარიგების დადებით არ დარღვეულა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლი ანუ არ დარღვეულა კანონით დადგენილი წესი და აკრძალვები.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 23 აპრილის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ა. თ-მა.

კასატორის წარმომადგენლის განმარტებით ა. თ-მა სარჩელი აღძრა მოპასუხეების ვ. წ-ს, მ. მ-ს და ბათუმის ნოტარიუს ლ. ჭ-ს მიმართ და მოითხოვა 2003 წლის 2 აპრილის ნასყიდობის ხელშეკრულებისა და 2002 წლის 4 მარტის მინდობილობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, იმ გარემოებათა გამო, რომ ვ. წ-მ ისარგებლა ა. თ-ს ქართული ენის და წერა-კითხვის არ ცოდნით და მოტყუებით მისი ნების საწინააღმდეგოდ მოაწერინეს ხელი კუთვნილი უძრავი ქონების განკარგვის უფლების წ-სათვის გადაცემის თაობაზე. თ-ს განუმარტეს, როგორც მისმა ოჯახის წევრებმა ისე მოპასუხე მხარემ, რომ მისმა მეუღლემ ე. თ-მ ვ. წ-საგან ისესხა 5000 აშშ დოლარი, რაზეც გაფორმდა ოფიციალური ხელშეკრულება სანოტარო წესით. სადაო დოკუმენტები სანოტარო ბიუროში შედგენილი იქნა ქართულ ენაზე, იგი ნოტარიუსის მიერ თარჯიმნით უზრუნველყოფილი არ ყოფილა. 2003 წლის 2 აპრილს ვ. წ-მ მისი ბინა მიყიდა თავის არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს – მ. მ-ს..

კასატორის წარმომადგენლის განმარტებით ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ 2007 წლის 23 აპრილს გამოტანილი განჩინებით უხეშად დაარღვია „ნოტარიატის შესახებ“ კანონის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის და მე-6 მუხლის შესაბამისად დამტკიცებული ინსტრუქციის მე-16 მუხლების მოთხოვნები. კერძოდ: საქმის მასალებით და სასამართლო სხდომის ოქმებით მთლიანად დადგენილია, რომ ნოტარიუსმა ლ. ჭ-მ 2002 წლის 2 აპრილს ისე შეადგინა სანოტარო აქტი ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ, რომ არ მოიწვია თარჯიმანი, ნოტარიუსის განმარტებით იგი ხარჯებთან იყო დაკავშირებული და თავად უთარგმნა ა. თ-ს ქართულ ენაზე შედგენილი სანოტარო აქტი რუსულად, თუმცა იქვე მიუთითებს, რომ ინსტრუქცია ავალდებულებდა თარჯიმნის მოწვევას. აღნიშნული გარემოება დადგენილია პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი). სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ თუ ა. თ-ი ქართულ ენას ფლობდა, რატომ ჩათვალა ნოტარიუსმა საჭიროდ დადგენილების შინაარსის მისთვის რუსულ ენაზე გადათარგმნა, ანუ ფაქტიურად თავად ნოტარიუსის ლ. ჭ-ს ჩვენებით არის დადასტურებული, რომ ა. თ-მა ქართული ენა არ იცის, რასაც ასევე ცალსახად ადასტურებს ნოტარიუსის მიერ ქართულად შედგენილ სანოტარო აქტზე ა. თ-ს სახელით შესრულებული რუსულენოვანი ხელმოწერა (ს.ფ. 39), რასაც გვერდი აუარა სააპელაციო სასამართლომ და ისე გამოიტანა გადაწყვეტილება.

კასატორის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ სასამართლო სხდომაზე ე. თ-მ არაერთხელ განმარტა, რომ მისი მეუღლე ა. თ-ი არ ფლობს ქართულ ენას, ხოლო წერა-კითხვა არც ქართულ და არც სხვა რომელიმე ენაზე არ იცის, რადგან სკოლაში არ უსწავლია, ნოტარიუს ლ. ჭ-თან ხელი მინდობილობაზე მოაწერა ა. თ-ს ნაცვლად მისმა მეუღლემ ე., რაც ყველა იქ მყოფმა პირმა დაინახა და არაერთხელ აღიარა თავად ე. თ-მ. მართალია ა. თ-ი ნოტარიუსთან მიიყვანეს მაგრამ როგორც ოჯახის წევრებმა, ისე ვ. წ-მ მას უთხრეს, რომ მისი მეუღლე ე. ე. წ-სთან აფორმებდა სესხის ხელშეკრულებას, რაზეც საჭირო იყო მისი ხელმოწერა.

ფაქტს იმისა, რომ ა. თ-ი არ ფლობს ქართულ ენას და არ იცის წერა-კითხვა ცალსახად ადასტურებს საქმეში არსებული 2006 წლის 27 ოქტრომბრის ¹1-7601 რწმუნებულება, რომელშიც ნოტარიუსი მიუთითებს, რომ ა. თ-ს განცხადების გამო, რომ ის არ ფლობს ქართულ ენას და არცერთ ენაზე არ იცის წერა-კითხვა, რწმუნებულება შედგენილია ქართულად და გადათარგმნილია ნოტარიუსის მიერ რუსულ ენაზე და ხელმოწერილია ა. თ-ს მიერ მოწვეული, მისი ნდობით აღჭურვილი პირების მიერ, არც აღნიშნული გარემოება არ იქნა შეფასებული და გათვალისწინებული სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანის დროს.

კასატორის განმარტებით სინამდვილეს არ შეეფერება სააპელაციო სასამართლოს მითითება თავის გადაწყვეტილებაში იმის თაობაზე, რომ ა. თ-ს არცერთ სასამართლო პროცესზე არ მიუღია მონაწილეობა, რადგან 2006 წლის 2 ნოემბერს სასამართლო სხდომაზე მონაწილეობას ღებულობდა აპელანტი ა. თ-ი, სადაც მან განაცხადა, რომ არ ფლობს ქართულ ენას და არ იცის წერა-კითხვა. სასამართლოს სხდომა გადაიდო იმის გამო, რომ გარდაიცვალა მოპასუხე ვ. წ-ა და საქმის წარმოება შეჩერებული იქნა.

სააპელაციო სასამართლო სხდომაზე მ. მ-ს წარმომადგენელმა დ. მ-მ თავად მიუთითა, რომ „ნოტარიუსთან გაფორმდა სესხის ხელშეკრულება და არა მინდობილობის ხელშეკრულება, იქ იყვნენ მისი ოჯახის წევრები და ნოტარიუსმა თავის დაზღვევის მიზნით ოჯახის ყველა წევრს ჩამოართვა თანხმობები“ ანუ თავად აღიარებენ, რომ ნოტარიუსთან ა. თ-ი მიიყვანეს არა მინდობილობის, არამედ სესხის ხელშეკრულების გასაფორმებლად (იხ. 2007 წლის 17 აპრილის სხდომის ოქმი). ანუ სხდომაზე ფაქტიურად მოწინააღმდეგე მხარის მიერ მოხდა ჩვენი სასარჩელო და სააპელაციო მოთხოვნის აღიარება, რასაც სააპელაციო სასამართლომ გვერდი აუარა და ისე გამოიტანა გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს მიერ უხეშად იქნა დარღვეული საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნა, რადგან მ. მ-ს, რომელმაც ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით ე. წ-საგან შეიძინა ბინა ვ. წ-სათვის ბინის საფასური არ გადაუხდია, ხოლო თავად ვ. წ-ა მიუთითებს, რომ მ. მ-ს ბინა უსასყიდლოდ მიჰყიდა. აღნიშნული ფაქტი 2007 წლის სასამართლო სხდომაზე ასევე დაადასტურა მ. მ-მ, უფრო მეტიც სასამართლოს სხდომაზე მ. მ-მ დაადასტურა, რომ მან ისე შეიძინა სადაო ბინა რომ ბინაში ნამყოფიც არ არის, რაც ასევე მეტყველებს იმ ფაქტზე, რომ ა. თ-ს ბინის გასხვისება მოხდა მისი ნების საწინააღმდეგოდ, რადგან ვ. წ-ა ა. თ-ს სახლში ბინის მყიდველს ვერ მიიყვანდა, რადგან მაშინ ფარდა აეხდებოდა ვ. წ-ს განზრახვას და ა. თ-ი ხელს შეუშლიდა მათ, რომ გაესხვისებინათ მისი ბინა, რადგან მას არასდროს არ ჰქონია სურვილიც კი გაეყიდა თავისი ბინა.

კასატორის განმარტებით სააპელაციო სასამართლომ სხდომაზე დაადგინა, როდის გაიგო სადაო ბინის გაყიდვის შესახებ ე. თ-მ, მაგრამ ე. თ-ა არც სადაო ბინის მესაკუთრეა, არც მოსარჩელე და არც აპელანტი. სააპელაციო სასამართლოს მიუხედავად საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას არ გამოუკვლევია მოსარჩელე ა. თ-მა, ბინის მესაკუთრემ, როდის გაიგო თავისი ბინის გასხვისების შესახებ, არც ის დაუდგენია სასამართლოს, ე. როდის უთხრა ა. (მეუღლეს), რომ მათი ბინა ვ. წ-ს მიერ გაყიდული იქნა.

კასატორის აზრით სააპელაციო სასამართლოს მიერ 2007 წლის 23 აპრილს გამოტანილ განჩინებაში სააპელაციო საჩივრის ავტორად მითითებულია ა. თ-ი და ასეც არის, ე. თ-ა რა სტატუსით მონაწილეობს საქმეში და რა წესით არის იგი სასამართლოს სხდომაზე დაკითხული, როგორც აპელანტი თუ როგორც მოწმე, ანუ სასამართლოს სხდომის ოქმი და განჩინება ურთიერსაწინააღმდეგო და უფრო მეტიც, კანონსაწინააღმდეგოა ა., გ. და ე. თ-ების სააპელაციო საჩივარი, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2003 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე ბუნებაში არ არსებობს. ამდენად ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2007 წლის 17 აპრილს, სასამართლოს სხდომაზე უხეშად იქნა დარღვეული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-16 და მე-18 თავის მოთხოვნები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კასატორის წარმომადგენელი ითხოვს გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 207 წლის 23 აპრილის განჩინება როგორც უკანონო და დაუსაბუთებელი და ა. თ-ს სააპელაციო საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სხვა კოლეგიას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ განიხილა საქმის მასალები, გაეცნო საკასაციო საჩივარს და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

2002 წლის 4 მარტს ვ. წ-სა და ა. თ-ს შორის გაფორმდა ¹... სანოტარო აქტი უძრავი ქონების მართვისა და განკარგვის უფლების გადაცემის შესახებ. სააპელაციო სასამართლო მტკიცებულებათა ანალიზით მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ა. თ-მა, აღნიშნული აქტის ხელმომწერმა მხარემ, არ იცის ქართული წერა-კითხვა, არც რუსული, მაგრამ კარგად იცის ორივე ეს ენა. მოცემულ შემთხვევაში სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ ინსტრუქციის მე-19 მუხლის თანახმად, სანოტარო აქტის შედგენისას თარჯიმნის მონაწილეობა სავალდებულოა კლიენტის მიერ სახელმწიფო ენის ან მისი დამწერლობის არცოდნის და ნოტარიუსის მიერ კლიენტის გასაგები ენის არცოდნის შემთხვევაში. აღნიშნული ნორმა ციტირებულია გასაჩივრებული სასამართლოს გადაწყვეტილებაში, თუმცა სასამართლო არასწორად განმარტავს მას. აღნიშნული ნორმა თარჯიმნის მოწვევას სავალდებულოდ მიიჩნევს თუ კლიენტმა არ იცის დამწერლობა სახელმწიფო ენაზე, რაც უთუოდ წერა-კითხვას ნიშნავს და არა მხოლოდ საუბარს ან საუბრის შინაარსის გაგებას. თუმცა ამავე ნორმაში მითითებულია, რომ თუ ნოტარიუსმა იცის შესაბამისი ენა თარგმანის თვითონ და ამის შესახებ მიუთითებს აქტში. გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან სასამართლოს უნდა დაედგინა ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე ეთარგმნა თუ არა მოსარჩელეს სანოტარო აქტის შინაარსი მისთვის გასაგებ ენაზე.

უნდა აღინიშნოს ის გარემოებაც, რომ სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მოსარჩელის მოთხოვნას. სარჩელსა და სააპელაციო საჩივრის ანალიზი ცხადყოფს, რომ მოსარჩელე არ უარყოფს მის ნებას დადოს გარიგება. იგი უთითებს, რომ მას სურდა დაედო იპოთეკის ხელშეკრულება და მის ნაცვლად საკუთრების განკარგვის თაობაზე სანოტარო აქტზე მოაწერინეს ხელი. ასეთ შემთხვევაში მოსარჩელის გამონათქვამიდან გამომდინარე, მოხდა ნების გამოვლენა არსებითი შეცდომის საფუძველზე. სამოქალაქო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე არსებით შეცდომად ითვლება, როცა პირს სურდა დაედო სხვა გარიგება და არა ის რომელზეც მან გამოთქვა თანხმობა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საქმის მასალების გათვალისწინებით სასამართლოს უნდა შეემოწმებინა რამდენად გამოხატულია თ-ს ნება დაედო საკუთრების განკარგვის მინდობილობაში.

საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ ა. თ-მა 2002 წლის 4 მარტს ა. თ-ს მიერ ვ. წ-სათვის მინიჭებული უფლებით ამ უკანასკნელმა სადაო ბინა მიჰყიდა მეუღლეს. ფაქტიურად ვ. წ-მ საკუთარ თავთან დადო გარიგება, რადგან მეუღლისათვის სადაო ბინის საკუთრებაში გადაცემით თვითონ წ-საც წარმოეშვა საკუთრება უფლება ბინაზე, რაც სამოქალაქო კოდექსის 214-ე მუხლის თანახმად დაუშვებელია. სასამართლოს კი აღნიშნულის თაობაზე არ უმსჯელია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს. საქმის ხელახალი განხილვისას სასამართლომ უნდა დაადგინოს ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, უთარგმნა თუ არა ნოტარიუსმა ა. თ-ს აქტის შინაარსი, ანუ დაცულია თუ არა კანონის მოთხოვნები ნოტარიუსის მიერ სანოტარო აქტის შედგენისას. სასამართლომ უნდა დაადგინოს აგრეთვე თუ როგორია ა. თ-ს ნება სადავო გარიგების დადებისას და იმსჯელოს საკუთარ თავთან დადებული გარიგების შედეგებზეც.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ა. თ-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 23 აპრილის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.