საქმე №115აგ-16 3 ნოემბერი, 2016 წელი
პ. პ., 115აგ-16 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),
ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ პ. პ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ფ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 17 მარტის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 21 აპრილის განაჩენით პ. პ. დაუსწრებლად ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 3000 ლარი.
აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 2 ივლისის განაჩენით შეიცვალა: „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2008 წლის 21 ნოემბრის კანონის საფუძველზე პ. პ-ეს გაუნახევრდა სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2009 წლის 29 მარტიდან, მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 3000 ლარი.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 28 ოქტომბრის განაჩენით პ. პ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“, მე-3 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით – 10 წლით, 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა – 5000 ლარი, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 2 წლით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილით – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და პ. პ-ეს საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 23 წლით, მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 5000 ლარის ოდენობით.
აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 6 ივლისის განაჩენით დარჩა უცვლელად.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 6 ივლისის განაჩენი საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 15 მარტის განჩინებით შეიცვალა: პ. პ-ის მიმართ შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით წარდგენილ ბრალდებაში; მასვე სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“, მე-3 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით მიესაჯა 8 წლით, ხოლო 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და პ. პ-ეს საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 14 წლით, მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 5000 ლარის ოდენობით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 16 ნოემბრის განაჩენით უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 24 სექტემბრის განაჩენი, რომლითაც პ. პ-ეს საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიესაჯა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2009 წლის 28 აპრილიდან.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 19 მაისის დადგენილებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 15 მარტის განჩინებით დანიშნული სასჯელიდან – 14 წლით თავისუფლების აღკვეთიდან სასჯელის მოუხდელ ნაწილს – 12 წლით, 10 თვითა და 10 დღით თავისუფლების აღკვეთას დაემატა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 24 სექტემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 4 თვე, 9 დღე და პ. პ-ეს განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 13 წლით, 2 თვითა და 19 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2010 წლის 19 მაისიდან.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 19 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე პ. პ-ეს ერთი მეოთხედით შეუმცირდა დანიშნული სასჯელები და განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 1 წლით, 1 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა მოხდილად; 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“, მე-3 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით – 6 წლით, ხოლო 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით – 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. პ. პ-ეს საბოლოოდ მიესაჯა 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2010 წლის 19 მაისიდან.
აღნიშნული განჩინება საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 3 აპრილის განჩინებით შეიცვალა: პ. პ-ეს საქართველოს სსკ-ის 143-ე და 181-ე მუხლებით დანიშნული სასჯელები შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი და ამ მუხლით მიესაჯა 1 წლით, 1 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა. საბოლოოდ პ. პ-ეს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლით, 5 თვითა და 5 დღით. განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 9 ივლისის განაჩენით დაკმაყოფილდა პ. პ-ის შუამდგომლობა და განაჩენთა ერთობლიობით მას საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2010 წლის 19 მაისიდან.
აღნიშნული განაჩენი საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 25 თებერვლის განჩინებით შეიცვალა: პ. პ-ეს საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“, მე-3 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით, 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (სსკ-ის 273-ე და 362-ე მუხლებით დანიშნული სასჯელები მას მთლიანად მოხდილი აქვს) განესაზღვრა 8 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც გამოაკლდა მოხდილი სასჯელი – 1 წელი, 1 თვე, 20 დღე და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 7 წლით, 1 თვითა და 10 დღით თავისუფლების აღკვეთა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 9 ივლისის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 15 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ პ. პ-ის მიმართ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 24 სექტემბრის განაჩენზე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2015 წლის 24 დეკემბრის კანონი არ გავრცელდა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 17 მარტის განჩინებით მსჯავრდებულის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ფ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 15 თებერვლის განჩინება დარჩა უცვლელად.
კასატორი – ადვოკატი ნ. ფ. საჩივარში აღნიშნავს, რომ დადგენილი არ არის კონკრეტული დრო, თუ როდის იპოვა და გააყალბა მსჯავრდებულმა პ. პ-ემ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა; არსებობს ეჭვი, რომ, სავარაუდოდ, ეს მოხდა 2009 წლის 1 იანვრამდე, ამიტომ ყოველგვარი ეჭვი უნდა გადაწყდეს მსჯავრდებულის სასიკეთოდ და მის მიმართ უნდა გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2015 წლის 24 დეკემბრის კანონის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია ვრცელდება პირზე, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა 2009 წლის 1 იანვრამდე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადვოკატი ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 22 მარტის განჩინების გაუქმებას და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2015 წლის 24 დეკემბრის კანონის გავრცელებას ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 29 სექტემბრის განაჩენზე პ. პ-ის მიმართ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 24 სექტემბრის განაჩენიდან, რომლითაც პ. პ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, ირკვევა, რომ პ. პ-ემ აღიარა ბრალად შერაცხული ქმედება და განმარტა, რომ დაკავებამდე დაახლოებით ორი თვით ადრე იპოვა სხვისი პირადობის მოწმობა, რომელიც შემდგომ გააყალბა, კერძოდ, ჩააკრა მასში თავისი ფოტოსურათი. განაჩენით დადგენილია ასევე, რომ პ. პ. დააკავეს 2009 წლის 29 მარტს. ამდენად, აღნიშნული განაჩენით დგინდება, რომ პ. პ-ემ სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული ჩაიდინა 2009 წლის 1 იანვრის შემდეგ, რის გამოც მასზე ვერ გავრცელდება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2015 წლის 24 დეკემბრის კანონის მოქმედება, ვინაიდან ამავე კანონის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია ვრცელდება პირზე, რომელმაც ამ კანონში მითითებული დანაშაული 2009 წლის 1-ლ იანვრამდე ჩაიდინა.
ამასთანავე, პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 25 თებერვლის განაჩენით პ. პ-ეს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე საბოლოო სასჯელი განესაზღვრა საქართველოს სსკ-ის 143-ე და 181-ე მუხლებით დანიშნული სასჯელების ნაწილობრივი შეკრების პრინციპით ვინაიდან საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლით დანიშნული სასჯელი მას მოხდილად ჩაეთვალა. ამდენად, კასატორის მოთხოვნა პ. პ-ის საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლით დანიშნული სასჯელისგან გათავისუფლების თაობაზე, საფუძველს მოკლებულია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 17 მარტის განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ პ. პ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ფ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 17 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე