Facebook Twitter

¹ ას-531-914-06 8 იანვარი, 2007 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატის მოსამართლე

ნუნუ კვანტალიანმა

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი _ ლ. ლ-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ვ. გ-ე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 30 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად

დავის საგანი _ თანხის ანაზღაურება, უკანონო მფლობელობიდან ნივთების გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ლ. ლ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში ვ. გ.ის მიმართ თანხის _ 7350 ლარის ანაზღაურების შესახებ შემდეგი საფუძვლით: მოსარჩელე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მოპასუხის შვილთან. ერთად ცხოვრების პერიოდში მეუღლეებმა საერთო ხარჯებით გაარემონტეს ვ. გ-ის კუთვნილი სახლი, რისთვისაც დახარჯეს 7350 ლარი. მოგვიანებით, მეუღლეები საცხოვრებლად სხვა ბინაში გადავიდნენ, ხოლო 1993 წელს ლ. ლ-ის ქმარი გარდაიცვალა. მისი ოჯახი კი მოსარჩელეს არანაირ ფინანსურ დახმარებას არ უწევს.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით ლ. ლ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის გამო.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ლ. ლ-მ გაასაჩივრა სააპელაციო წესით. მოსარჩელემ თავისი სასარჩელო მოთხოვნა გაზარდა და მოითხოვა კუთვნილი ავეჯისა და ნივთების დაბრუნება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 30 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი. ამავე სასამართლოს 2006 წლის 14 ივნისის დამატებითი გადაწყვეტილებით ლ. ლ-ის სააპელაციო საჩივარი მისი კუთვნილი ავეჯის დაბრუნების ნაწილში დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 30 მაისის განჩინება ლ.ლ-მ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006 წლის 25 სექტემბრის განჩინებით კასატორს დაუდგინდა ხარვეზი და მიეცა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 15 დღის ვადა დასაბუთებული საკასაციო საჩივრისა და სახელმწიფო ბაჟის _ 367,7 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდის ქვითრის წარმოსადგენად. ამასთან, ლ. ლ-ის წარმომადგენელ გ. თ-ს დაევალა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრის მოწმობის წარმოდგენა. ამავე სასამართლოს 2006 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით, ლ. ლ-ის განცხადების საფუძველზე, კასატორს ხარვეზის შევსების ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღით გაუგრძელდა. ხარვეზის განჩინების ასლი საქმეში ცნობილ მისამართებზე ლ. ლ-ს არა ერთხელ გაეგზავნა, თუმცა საფოსტო განყოფილების ცნობებისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს კურიერის მიერ შედგენილი აქტების თანახმად, ლ. ლ-ე მითითებულ მისამართებზე არ ცხოვრობს. ხარვეზის განჩინება გაეგზავნა ასევე კასატორის წარმომადგენელ გ. თ-ს, რომელსაც იგი ჩაბარდა 2006 წლის 16 ნოემბერს, თუმცა სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი კასატორ მხარეს არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუმადგომლობით საკასაციო პალატისათვის არ მიუმართავს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. ლ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006 წლის 25 სექტემბრის განჩინებით ლ. ლ-ის საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მიეცა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 15 დღის ვადა დასაბუთებული საკასაციო საჩივრისა და სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრის წარმოსადგენად. ამასთან, ლ. ლ-ის წარმომადგენელ გ. თ-ს დაევალა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრის მოწმობის წარმოდგენა. ამავე სასამართლოს 2006 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით, ლ. ლ-ის განცხადების საფუძველზე, კასატორს ხარვეზის შევსების ვადა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღით გაუგრძელდა.

მითითებული ხარვეზის განჩინების ასლი საქმეში ცნობილ მისამართებზე ლ. ლ-ს არა ერთხელ გაეგზავნა, თუმცა საფოსტო განყოფილების ცნობებისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს კურიერების მიერ შედგენილი აქტებით დასტურდება, რომ ლ. ლ-ე მითითებულ მისამართებზე არ ცხოვრობს.

ხარვეზის განჩინება გაეგზავნა ასევე კასატორის წარმომადგენელ გ. თ-ს, რომელსაც იგი ჩაბარდა 2006 წლის 16 ნოემბერს, თუმცა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში კასატორ მხარეს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუმადგომლობით საკასაციო პალატისათვის არ მიუმართავს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის შესაბამისად, მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან აცნობონ სასამართლოს საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება გაიგზავნება სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებული ხარვეზის განჩინება კასატორს არა ერთხელ გაეგზავნა, თუმცა სასამართლო გზავნილი ადრესატს არ ჩაბარდა, ვინაიდან იგი საქმეში არსებულ მისამართებზე არ ცხოვრებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო გზავნილი კასატორისათვის ჩაბარებულად ითვლება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამავე მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს ხარვეზის განჩინება კასატორსა და მის წარმომადგენელს სასამართლოსათვის ცნობილ მისამართებზე გაეგზავნა, თუმცა, აღნიშნული ხარვეზის გამოსწორების მიზნით, საკასაციო პალატისათვის არავის არ მიუმართავს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ლ. ლ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ლ. ლ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.