¹ას-532-915-06 15 თებერვალი, 2007 წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
როზა ნადირიანი, თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები – ი. და ზ. გ-ები (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ბ-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – საჯარო რეესტრის ჩანაწერში ცვლილებების შეტანა, სასყიდლიანი სერვიტუტის დაწესება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2003 წლის 22 სექტემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ნ. ბ-მ. მოპასუხედ დაასახელა ი. და ზ. გ-ები, ქ. ბათუმის ... სამსახური და მოითხოვა 1975 წლის 15 დეკემბერს მოპასუხეთა სახელზე გაცემული ტექ. პასპორტის ბათილად ცნობა. დასახელებულ ტექნიკურ პასპორტში მითითებული საერთო სარგებლობის ფართის მის საკუთრებაში აღრიცხვა, ამ ქონებით სარგებლობისათვის საზღაურის სახით ყოველთვიურად 100 ლარის ანაზღაურება და ამ უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრირება.
საქმის მომზადების სტადიაზე მოსარჩელემ დააზუსტა მოთხოვნა და მოითხოვა გ-ების სახელზე გაცემული 1975 წლის 15 დეკემბრის ტექნიკური პასპორტიდან საერთო სარგებლობის ფართის ამორიცხვა და ამ ფართზე მისი საკუთრების უფლების აღიარება, ასევე მოპასუხეთათვის მისი საკუთრებით სარგებლობისათვის ყოველთვიურად სასყიდლიანი სერვიტუტის სახით 100 ლარის დაკისრება.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს, აღძრეს შეგებებული სარჩელი და მოითხოვეს მოსარჩელეზე, მიყენებული ზიანის ანაზღაურების სახით 8400 აშშ დოლარის დაკისრება იმ საფუძვლით, რომ 1996 წლიდან მოსარჩელე მათ არ აძლევს შესაძლებლობას ისარგებლონ კუთვნილი ფართით, რის გამოც კარგავენ მნიშვნელოვან შემოსავალს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2003 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ. ბ-ს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო, ხოლო მოპასუხეთა შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა. სასამართლომ ჩათვალა, რომ ¹12 და ¹17 ოთახების მოსარჩელის საკუთრებაში გადასვლით მოპასუხეებს წაერთმევათ კონსტიტუციით აღიარებული საკუთრების უფლება. სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის შესაბამისად მიიჩნია, რომ ნივთზე საკუთრების უფლების არსებობა შეიძლება მაშინ, თუ ამით არ ირღვევა მეზობლის ან სხვა მესამე პირთა უფლებები. შეგებებული სარჩელის საფუძვლიანობა სასამართლომ იმით დაასაბუთა, რომ ვინაიდან ბინა მდებარეობს ქალაქის პირველ ზონაში, მოპასუხეები ხელშეშლის არაარსებობის შემთხვევაში კუთვნილ ფართს გააქირავებდნენ თვეში 100 აშშ დოლარად მაინც.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ბ-მ, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებით ნ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2003 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება. ნ. ბ-ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. დადგინდა ცვლილებების შეტანა ქ. ბათუმის ტექ. ინვენტარიზაციის ბიუროს მიერ 1975 წლის 15 დეკემბერს გაცემული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის ტექნიკური პასპორტის მონაცემებში და ამოირიცხოს ამ მონაცემების მიხედვით ... ქუჩაზე (დღეისათვის ... ქ. ¹3, ... შესახვევი და ... ქ. ¹32/1) ი. და ზ. გ-ების სახელზე საერთო სარგებლობის ფართად რეგისტრირებული 23,84 მ2 -¹12 ოთახი და 18,90 მ2 - ¹17 ოთახი და აღიარებული იქნას ამ ქონებაზე ნ. ბ-ის საკუთრების უფლება. ნ. ბ-ის სასარჩელო მოთხოვნას ი. და ზ. გ-სათვის სასყიდლიანი სერვიტუტის დაწესებაზე ეთქვას უარი. ი. და ზ. გ-ების შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
პალატამ მიიჩნია, რომ საჯარო რეესტრში რეგისტრირდება სამოქალაქო კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლება (სანივთო უფლება) და ვინაიდან, საქმეში არ მოიპოვება სადავო უძრავი ქონების (¹12,17 ოთახები) ი. და ზ. გ-ების სახელზე დარეგისტრირების სამართლებრივი საფუძველი, შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მეორე ნაწილისა, ნ. ბ-ის, როგორც მესაკუთრის მოთხოვნა სადავო ფართზე საჯარო რეესტრში არსებული უზუსტო ჩანაწერის ამორიცხვის თაობაზე საფუძვლიანია. ამავე კოდექსის 411-ე, 412-ე მუხლების თანახმად, მიუღებელი შემოსავლის სახით ანაზღაურდება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 14 ივნისის გადაწტვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. და ზ. გ-ებმა. კასატორებმა მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.
კასატორების აზრით, სასამართლომ აღნიშნული დავის გადაწყვეტისას არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მოთხოვნა, რომლის თანახმადაც, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. სამართლის ამ ნორმის გამოყენება შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ნ. ბ-ე იქნებოდა სადაო ფართის მესაკუთრედ აღრიცხული საჯარო რეესტრის ჩანაწერებში. ამავე კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან შეეძლო შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ნ. ბ-სათვის ცნობილი იყო ტექ. ბიუროს მასალებში არსებული ინფორმაცია სადაო ფართობის რეჟიმთან დაკავშირებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა გაეცნო საკასაციო საჩივარს, განიხილა საქმის მასალები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად, რომ ქ. ბათუმში, ... შესახვევი, ... ქ. 2-1-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის 7\12-ის 434,26 მ2 ფართის თანამესაკუთრეებს წარმოადგენენ ნ. ბ-ე და ს. ჩ-ე. ამ უკანასკნელის გარდაცვალების შემდეგ მის კუთვნილ წილს ფაქტობრივად დაეუფლა შვილი ნ. ბ-ე და დღეისათვის არის 7\12 წილის 434 მ2 ფართის ერთ-ერთი მესაკუთრე.
დადგენილია ის გარემოებაც, რომ საცხოვრებლის ლიტერ „ა“-ს მეორე სართულის ფართი ეკუთვნის ნ. ბ-სა და ი. და ზ. გ-ს. გ-ებს საკუთრების უფლებით ეკუთვნით ქ. ბათუმში, ... ქ. ¹1-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში მდებარე სამი ოთახი ფართით 62 მ2 და მათ სადავო ¹12,17 ოთახებზე საკუთრების უფლება არ გააჩნიათ.
პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა ზემოთ მითითებულ გარემოებებს. სასამართლოს აზრით, ვინაიდან სადავო ოთახები არ წარმოადგენს გ-ების საკუთრებას, ხოლო ლიტერ „ა“-ს გამოყოფილი ნაწილი მხოლოდ ი. და ზ. გ-ებისა და ნ. ბ-ის საკუთრებაა და ამ ფართში განთავსებული 62 მ2 საერთო ფართის ¹3,4 და 14 ოთახების გარდა ნ. ბ-ის საკუთრებაა, შესაბამისად ნ. ბ-ის საკუთრებაა სადავო ოთახებიც.
ამ მოსაზრებას საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად მართლმსაჯულება ხორციელდება სასამართლოს წინაშე ყველა პირის თანასწორობის საფუძველზე. მოთხოვნები, რომლებიც წაეყენება ერთ მხარეს ადეკვატურად უნდა წაეყენოს მეორე მხარესაც. სასამართლოს მითითება, რომ არ მოიძებნება ი. და ზ. გ-ებზე სადავო ქონების თაობაზე საჯარო რეესტრში ჩანაწერები, საჭიროებს ასეთივე ადეკვატური მტკიცებულების მოძიებას მეორე მხარის მიმართაც. თუ სადავო ფართი არ წარმოადგენს საჯარო რეესტრის მონაცემების საფუძველზე ერთი მხარის საკუთრებას, იგი არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს მეორე მხარის საკუთრებად თუ ეს უკანასკნელიც არ არის რეგისტრირებული მესაკუთრედ რეესტრის მიერ.
პალატა მიიჩნევს, რომ თუ სადავო ფართი არ წარმოადგენს არცერთი მხარის ინდივიდუალურ საკუთრებას, მასზე უნდა გავრცელდეს მრავალბინიან სახლებში არსებული ურთიერთობათა მარეგულირებელი ნორმები. სამოქალაქო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად მიწის ნაკვეთი, შენობის ნაწილი და ის ნაგებობა-დანადგარები, რომლებიც არ წარმოადგენს ინდივიდუალურ საკუთრებას მესაკუთრეთა საერთო საკუთრებაა. გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან სასამართლომ უნდა დაადგინოს თუ რა ფართი შედის რეალურად არამხოლოდ გ-ების და არამედ ბ-ის საკუთრებაში საჯარო რეესტრის მონაცემების საფუძველზე. ხოლო ფართი, რომელიც არცერთი მათგანის ინდივიდუალურ საკუთრებაში არ შედის, მიჩნეულ უნდა იქნეს ზემოთ მითითებული ნორმის საფუძველზე მესაკუთრეთა საერთო საკუთრებად.
რაც შეეხება შეგებებულ სარჩელზე უარის თქმის ნაწილში გასაჩივრებულ გადაწყვეტილებებს, პალატა მიიჩნევს, რომ იგი უნდა გაუქმდეს, რადგან სასამართლოს მოცემულ სარჩელთან მიმართებაში არ დაუდგენია მთელი რიგი გარემოებები. კერძოდ, აქვთ თუ არა გ-ებს საშუალება ისარგებლონ მათ საკუთრებაში არსებული ფართით და ზღუდავს თუ არა მოწინააღმდეგე მხარე გ-ების საკუთრების უფლებას მისი მოქმედებით.
პალატა თვლის, რომ ზემოთ მითითებულ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.
პალატა მიიჩნევს, რომ მოცემული დავა ხელახლა უნდა იქნეს განხილული სააპელაციო სასამართლოს მიერ და ზემოთ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დადგენისა და შეფასების შედეგად მიღებული უნდა იქნეს შესაბამისი გადაწყვეტილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღძვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ი. და ზ. გ-ების საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.