¹ას-533-916-06 16 აპრილი, 2007 წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე),
მარიამ ცისკაძე (მომხსენებელი), ნუნუ კვანტალიანი,
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – თ. ა-ძე (მოსარჩელე, მოპასუხე _ შეგებებულ სარჩელში)
მოწინააღმდეგე მხარე _ ნ. ა-ე (მოპასუხე, მოსარჩელე _ შეგებებულ სარჩელში)
მესამე პირები დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით – მ. ა-ე, ი. კ-ე
გასაჩივრებული სასამართლოს გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილება
დავის საგანი: სარჩელში _ მემკვიდრედ ცნობა;
შეგებებულ სარჩელში _ სამკვიდრო ქონებაზე მესაკუთრედ ცნობა;
მესამე პირების დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით
სარჩელში _ სამკვიდრო ქონებიდან წილის გამოყოფა
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თ. ა-მ 2005 წლის ივლისში სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს მოპასუხე ნ. ა-ის მიმართ და მოითხოვა მამის დანაშთ ქონებაზე მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა, მიყენებული ზიანის ანაზღაურების ნ. ა-სათვის დაკისრება. მოსარჩელემ თავისი სასარჩელო განცხადება იმით დაასაბუთა, რომ მისი დედა თ. ა-ე გარდაიცვალა 1991 წლის 15 ოქტომბერს, მამა მ. ა-ე გარდაიცვალა 1995 წლის 2 მარტს. მშობლების გარდაცვალების ხარჯები მან გაიღო. მშობლების გარდაცვალების შემდგომ არცერთ მემკვიდრეს სანოტარო ორგანოსათვის არ მიუმართავს მემკვიდრეობის მისაღებად. 1990 წელს ოჯახთან ერთად შვილის სამკურნალოდ წავიდა რუსეთში, ... და დროებით იქ ცხოვრობდა. პერიოდულად ჩამოდიოდა ქ. ვანში და ოჯახს უვლიდა. მამის გარდაცვალების შემდგომ მის დას ნება დართო, რომ ოჯახთან ერთად ეცხოვრა მის სახლში მასთან ერთად. მოსარჩელის მითითებით, 2004 წლის ოქტომბერში მისმა დამ დაუკეტა კარები და არ უშვებს.
ნ.ა-მ 2005 წლის ივლისში შეგებებული სარჩელი შეიტანა სასამართლოში მოპასუხე თ. ა-ის მიმართ და მოითხოვა სამკვიდრო ქონებაზე მესაკუთრედ ცნობა. ნ.ა-მ მიუთითა, რომ მამის მ. ა-ის გარდაცვალების შემდეგ _ 1995 წლიდან ოჯახთან ერთად ცხოვრობს მამის დანატოვარ სახლში, დაუფლებულია მთელ სამკვიდრო ქონებას.
ვანის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 16 სექტემბრის განჩინებით მ. ა-ე და ი. კ-ე (აწ.გარდაცვლილი მ. ა-ის შვილი და შვილიშვილი) ჩართული იქნენ სამოქალაქო საქმეში ¹2/110-2005 წ., თ. ა-ის სარჩელის გამო ნ. ა-ის მიმართ, მესამე პირებად დამოუკიდებელი მოთხოვნით თავდაპირველი მოსარჩელის სარჩელთან ერთად მათი მოთხოვნის განსახილველად.
მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით მოპასუხედ მიუთითეს ნ.ა-ე და მოითხოვეს სამკვიდრო ქონებიდან კუთვნილი წილის გამოყოფა.
ვანის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილებით თ. ა-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. თ. ა-ს სამკვიდროს მისაღებად გაშვებული ვადა ჩაეთვალა საპატიოდ და მამკვიდრებლის მ. ა-ის დანაშთი ქონებიდან, რომელიც შედგება მიწის ნაკვეთისაგან ფართით 2688 კვ.მ და მასთან უძრავად დაკავშირებული საცხოვრებელი სახლისაგან ფართით 73,6 კვ.მ, დამხმარე ფართით 24,7 კვ.მ, სამეურნეო ფართით 139,2 კვ.მ, საზაფხულო ფართით 45,0 კვ.მ. მოსარჩელეს მოპასუხის მიმართ მატერიალური ზიანის ანაზღაურებაზე და ნივთების დაბრუნების ნაწილში ეთქვა უარი დაუსაბუთებლობის გამო; მესამე პირების მ. ა-ის და ი. კ-ის მოთხოვნა დაკმაყოფილდა. მესამე პირებს მ.ა-ს და ი.კ-ს სამკვიდროს მისაღებად გაშვებული ვადა ჩაეთვალა საპატიოდ და გამოეყოთ მამკვიდრებლის დანაშთი ქონებიდან თითოეულს 1/4 წილი.
ვანის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 29 ნოემბრის განჩინებით გასწორდა ვანის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილებაში დაშვებული შეცდომა და ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი თ. ა-ის მოთხოვნის ნაწილში ჩამოყალიბდა შემდეგ სახით: მოსარჩელეს თ. ა-ეს სამკვიდროს მისაღებად გაშვებული ვადა ჩაეთვალა საპატიოდ და მამკვიდრებლის მ. ა-ის დანაშთი ქონებიდან, რომელიც შედგება მიწის ნაკვეთისაგან ფართით 2688 კვ.მ და მასთან უძრავად დაკავშირებული საცხოვრებელი სახლისაგან ფართით 73,6 კვ.მ, დამხმარე ფართით 24,7 კვ.მ, სამეურნეო ფართით 139,2 კვ.მ, საზაფხულო ფართით 45,0 კვ.მ, გამოეყო 1/4 წილი.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ.ა-ემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილებით ნ. ა-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ვანის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; თ. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. თ. ა-ე ცნობილ იქნა ქ. ვანში, მ. ა-ის დანაშთი ქონების _ 2688 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და საცხოვრებელი სახლის ფართით 73,6 კვ.მ, დამხმარე ფართით 24,7 კვ.მ, სამეურნეო ფართით 139,2 კვ.მ, საზაფხულო ფართით 45,0 კვ.მ _ 1/4 ნაწილის მემკვიდრედ; ნ. ა-ე ა-ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ნ.ა-ე ცნობილ იქნა ქ. ვანში, მ. ა-ის დანაშთი ქონების მიწის ნაკვეთის ფართით 2688 კვ.მ და საცხოვრებელი სახლის ფართით 73,6 კვ.მ, დამხმარე ფართის 24,7 კვ.მ, სამეურნეო ფართის 139,2 კვ.მ, საზაფხულო ფართის 345,0 კვ.მ 3/4-ის მემკვიდრედ; დამოუკიდებელი მოთხოვნის მქონე მესამე პირების მ. ა-ისა და ი. კ-ის სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. ვანში, ..., ¹3-ში მდებარე 2688 კვ.მ მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი, საცხოვრებელი ფართით 73,6 კვ.მ, დამხმარე ფართი 24,7 კვ.მ, სამეურნეო ფართი 139,2 კვ.მ საზაფხულო ფართი 45,0 კვ.მ საკუთრების უფლებით ირიცხებოდა მ. ა-ის სახელზე. სააპელაციო სასამართლომ ასევე დადგენილად ჩათვალა, რომ მ. ა-ს ჰყავდა ოთხი შვილი: თ., ნ., მ. და ი. ა-ები. მ. ა-ე გარდაიცვალა 1995 წელს, იმ დროისათვის მისი შვილი ი. ა-ე გარდაცვლილი იყო და მისი მემკვიდრეა შვილი ი.კ-ე; მამის გარდაცვალების შემდეგ სამკვიდროს ფაქტობრივ ფლობას შეუდგნენ ნ.ა-ე და თ. ა-ე. სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის თანახმად ჩათვალა, რომ განსახილველ შემთხვევაში გამოყენებული უნდა იყოს 1964 წლის რედაქციით მოქმედი სამოქალაქო სამართლის კოდექსი. ამ კოდექსის 544-ე, 556-ე მუხლებსა და 561-ე მუხლის პირველ ნაწილზე მითითებით ჩათვალა, რომ რადგან მ. ა-ის გარდაცვალების შემდეგ მის დანაშთ ქონებას ფაქტობრივად დაეუფლენ თ. და ნ.ა-ეები, ხოლო სხვა მემკვიდრეებს კანონით დადგენილი წესით სამკვიდრო ქონება არ მიუღიათ, მ. ა-ისა და ი. კ-ის სასარჩელო მოთხოვნა სამკვიდრო ქონებიდან წილის გამოყოფის თაობაზე უსაფუძვლოდ და ხანდაზმულად იქნა მიჩნეული. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ვინაიდან თ. ა-ს ვანის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც მიეკუთვნა სამკვიდრო ქონების 1/4 ნაწილი, არ გაუსაჩივრებია, ნ. ა-ის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მას მიაკუთვნა სამკვიდრო ქონების 3/4.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა თ. ა-მ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება. კასატორის მოსაზრებით, უკანონოა სასამართლოს გადაწყვეტილება ნ. ა-სათვის სადავო ქონების 3/4-ის მიკუთვნების ნაწილში, რადგან მ. ა-ის და ი. კ-სათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში, მათი წილების ხარჯზე ნ.ა-ს არასწორად მიეკუთვნა სადავო ქონების 3/4 ნაწილი, რითაც სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის რედაქცია) 544-ე და 568-ე მუხლების მოთხოვნა მემკვიდრეთა შორის წილთა თანაბარი პროპორციულობით განაწილების შესახებ. კასატორის მოსაზრებით, არასწორია სააპელაციო პალატის მოსაზრება იმის შესახებ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას სამკვიდრო წილის განაწილების ნაწილში ვერ გააუქმებდა იმის გამო, რომ იგი თ. ა-ს არ გაუსაჩივრებია. კასატორი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლოს უნდა ემსჯელა ნ.ა-სა და თ. ა-ს შორის წილთა თანაბარი განაწილების შესახებ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ თ. ა-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს; მოცემულ საქმეზე უნდა გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც თ. ა-ე ცნობილი იქნა მ. ა-ის სამკვიდრო ქონების 1/4 ნაწილის მემკვიდრედ, ხოლო ნ.ა-ე იმავე სამკვიდრო ქონების 3/4-ის მემკვიდრედ და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება; თ. ა-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს; ნ. ა-ის შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს; თ. ა-ე და ნ.ა-ე ცნობილი იქნენ მამის აწგარდაცვლილი მ. ა-ის სამკვიდრო ქონების, მდებარე ქ.ვანში, ..., ¹3-ის 2688 კვ.მ მიწის ნაკვეთის, 73,6 კვ.მ საცხოვრებელი სახლის, 24,7 კვ.მ დამხმარე ფართის, 139,2 კვ.მ სამეურნეო ფართის და 45 კვ.მ საზაფხულო ფართის 1/2-1/2 ნაწილზე მემკვიდრეებად და მესაკუთრეებად; დაევალოს საჯარო რეესტრის სააგენტოს შესაბამისი ცვლილებების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში შემდეგი გარემოებების გამო:
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მამკვიდრებლის მ. ა-ის სახელზე ირიცხებოდა საკუთრების უფლებით, ე.ი. სამკვიდრო ქონებას შეადგენს ქ.ვანში, ..., ¹3-ში მდებარე 2688 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასთან უძრავად დაკავშირებული 73,6 კვ.მ ფართის საცხოვრებელი სახლი, 24,7 კვ.მ დამხმარე ფართი, 139,2 კვ.მ სამეურნეო ფართი, 45 კვ.მ საზაფხულო ფართი.
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, კასატორმა საკასაციო საჩივრით სადავო გახადა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ნ. ა-სათვის სადავო ქონების 3/4-ის მიკუთვნების ნაწილში. საკასაციო პალატა თვლის, რომ საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია, რის გამოც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.
საკასაციო პალატა თვლის, ვინაიდან მამკვიდრებელი მ. ა-ე გარდაიცვალა 1995 წელს, ამიტომ სააპელაციო სასამართლომ სწორად მიუთითა, რომ მოცემული საქმის გადაწყვეტისას გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსი (1964 წლის რედაქციით). როგორც საქმის მასალებით ირკვევა, მ. ა-ის გარდაცვალების შემდეგ მის დანაშთ ქონებას ფაქტობრივად დაეუფლენ თ. და ნ.ა-ები, ხოლო სხვა მემკვიდრეებს კანონით დადგენილი წესით სამკვიდრო ქონება არ მიუღიათ, მ. ა-ისა და ი. კ-ის სასარჩელო მოთხოვნა სამკვიდრო ქონებიდან წილის გამოყოფის თაობაზე სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ და ხანდაზმულად მიიჩნია. მაგრამ საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ვინაიდან თ. ა-ს ვანის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც მიეკუთვნა სამკვიდრო ქონების 1/4 ნაწილი, არ გაუსაჩივრებია, ამიტომ ნ.ა-ს უნდა მიეკუთვნოს სამკვიდრო ქონების 3/4. სააპელაციო სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში არასწორად განმარტა სამოქალაქო სამართლის კოდექსის 544-ე მუხლი. ამ მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად კანონისმიერი მემკვიდრეობის დროს თანასწორი წილის უფლების მემკვიდრეებად ითვლებიან პირველ რიგში გარდაცვლილის შვილები. ამ ნორმის შინაარსი მიუთითებს იმაზე, რომ კანონმდებელი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს კანონით მემკვიდრეთა შორის წილის გათანაბრებაზე, რის გამოც მემკვიდრეთა შორის სამკვიდრო ქონება თანაბრად უნდა განაწილდეს. ამიტომ, საკასაციო პალატა თვლის, რომ თ. და ნ.ა-ები, როგორც აწგარდაცვლილი მ. ა-ის კანონით მემკვიდრეები ცნობილი უნდა იქნენ სამკვიდრო ქონების 1/2-1/2 წილის მემკვიდრეებად და მესაკუთრეებად. აღნიშნულის შესაბამისად, სათანადო ჩანაწერი უნდა გაკეთდეს ქ.ვანში, ... ¹3-ში მდებარე უძრავი ქონების თაობაზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვანის სარეგისტრაციო სამსახურის ჩანაწერში.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლში განსაზღვრულია მხარეთა შორის სასამართლო ხარჯების განაწილების წესი. ამ მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინადადების თანახმად თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს _ სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამ მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. ვინაიდან თ. ა-ს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საკასაციო პალატა თვლის, რომ ნ.ა-ს თ. ა-ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 150 ლარის ოდენობით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
თ. ა-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
მოცემულ საქმეზე გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც თ. ა-ე ცნობილი იქნა მ. ა-ის სამკვიდრო ქონების 1/4 ნაწილის მემკვიდრედ, ხოლო ნ.ა-ე იმავე სამკვიდრო ქონების 3/4-ის მემკვიდრედ და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
თ. ა-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს; ნ. ა-ის შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს; თ. ა-ე და ნ.ა-ე ცნობილი იქნენ მამის აწ.გარდაცვლილი მ. ა-ის სამკვიდრო ქონების, მდებარე ქ.ვანში, ..., ¹3-ის 2688 კვ.მ მიწის ნაკვეთის, 73,6 კვ.მ საცხოვრებელი სახლის, 24,7 კვ.მ დამხმარე ფართის, 139,2 კვ.მ სამეურნეო ფართის და 45 კვ.მ საზაფხულო ფართის 1/2-1/2 ნაწილზე მემკვიდრეებად და მესაკუთრეებად;
დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვანის სარეგისტრაციო სამსახურს შესაბამისი ცვლილებების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.
ნ.ა-ს დაეკისროს თ. ა-ის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 150 ლარის ოდენობით.
საკასაციო პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.