Facebook Twitter

საქმე №124აგ-16 15 ნოემბერი, 2016 წელი

ბ. ი., 124აგ-16 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),

ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ი. ბ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. კ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 25 აპრილის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 9 სექტემბრის განაჩენით ი. ბ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 88-ე მუხლის გამოყენებით შეუმცირდა ერთი მეოთხედით და საბოლოოდ განესაზღვრა 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2013 წლის 8 მაისიდან.

2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 13 ნოემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 21 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივრები მოცემულ საქმეზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.

4. 2016 წლის 15 აპრილს მსჯავრდებულმა ი. ბ-მა და ადვოკატმა რ. კ-მა შუამდგომლობით მიმართეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვეს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კერძოდ – არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის საფუძველზე მის მიმართ დადგენილი განაჩენის გადასინჯვა და დანიშნული სასჯელის ერთი მეოთხედით შემცირება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 25 აპრილის განაჩენით შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 13 ნოემბრის განაჩენი ი. ბ-ის მიმართ დარჩა უცვლელად.

6. კასატორი – მსჯავრდებულ ი. ბ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი რ. კ. საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ი. ბ-ს უნდა მიესაჯოს კოდექსით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი – 12 წლით თავისუფლების აღკვეთა და შემდეგ შეუმცირდეს ერთი მეოთხედით.

7. აღნიშნულის გათვალისწინებით, ადვოკატი ითხოვს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებას, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 25 აპრილის განაჩენში ცვლილების შეტანას, ი. ბ-თვის სასჯელის განსაზღვრას საქართველოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე და ამ სასჯელის შემდგომ შემცირებას ერთი მეოთხედით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საქართველოს სსსკ-ის 314–ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ი. ბ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო.

3. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ 2016 წლის 1 იანვრამდე არასრულწლოვნის მიერ ჩადენილი დანაშაულის დროს სასჯელის განსაზღვრისას, საქართველოს მოქმედი სსკ-ის 88-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, 16-დან 18 წლამდე არასრულწლოვნისათვის დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა მცირდებოდა ერთი მეოთხედით.

4. საქმის მასალებით ირკვევა, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 9 სექტემბრის განაჩენით მსჯავრდებულ ი. ბ-ს დანაშაული ჩადენილი აქვს 17 წლის ასაკში და საბოლოო სასჯელი განესაზღვრა საქართველოს სსკ–ის 88–ე მუხლის მე–4 ნაწილის საფუძველზე.

5. საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ 2016 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, რომლის 73–ე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად, 16–დან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვნისათვის სასჯელის დანიშვნა ხდება იმავე პრინციპით; ამდენად, მოცემულ შემთხვევაში გადასასინჯი განაჩენით დანიშნული სასჯელის ზომა არ იცვლება.

6. რაც შეეხება კასატორის პოზიციას, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ი. ბ-ს 73–ე მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად უნდა მიესაჯოს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც შემდეგ უნდა შემცირდეს ერთი მეოთხედით, საკასაციო პალატა განმარტავს:

7. საქართველოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, 16–დან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვნისათვის დანიშნული თავისუფლების აღკვეთა ¼-ით მცირდება. ამასთანავე, საბოლოო სასჯელის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 12 წელს. კასატორს ნორმის ინტერპრეტაცია არასწორად აქვს მოცემული. აღნიშნული ნორმა არ კრძალავს არასრულწლოვნისთვის 12 წელზე მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნას; ნორმა მიუთითებს იმაზე, რომ მას შემდეგ, რაც არასრულწლოვნისთვის დანიშნული სასჯელი შემცირდება ერთი მეოთხედით, უკვე შემცირებული ანუ საბოლოოდ მოსახდელად განსაზღვრული სასჯელი არ უნდა აღემატებოდეს 12 წელს. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ ი. ბ-ს 15 წლით თავისუფლების აღკვეთის ¼-ით შემცირების შედეგად საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, განაჩენი შეესაბამება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნას.

8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საჩივრის ავტორის მოთხოვნა არ ემყარება რაიმე სამართლებრივ საფუძველს და არც გასაჩივრებული განაჩენის მსჯავრდებულის სასიკეთოდ შეცვლის კანონით გათვალისწინებული რომელიმე პირობა არსებობს, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, 314-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ ი. ბ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 25 აპრილის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

3. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

პ. სილაგაძე