Facebook Twitter

¹ას-534-876-07 4 დეკემბერი, 2007 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)

მარიამ ცისკაძე (მომხსენებელი), თეიმურაზ თოდრია

სხდომის მდივანი _ ე. ხაჩიძე

კასატორი – მ. კ-ი (მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებულ სარჩელში)

წარმომადგენელი _ თ. ხ-ა

მოწინააღმდეგე მხარე – მ. ფ-ა (მოპასუხე, მოსარჩელე შეგებებულ სარჩელში)

დავის საგანი:

სარჩელში _ განქორწინება და შვილთან ურთიერთობის განსაზღვრა

შეგებებულ სარჩელში _ ალიმენტის დაკისრება

გასაჩივრებული სასამართლოს გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვისათვის იმავე სასამართლოში დაბრუნება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

მ. კ-მა 2005 წლის ნოემბერში სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს მოპასუხე მ. ფ-ს მიმართ და მოითხოვა მ. ფ-სთან განქორწინება, შვილთან ურთიერთობისათვის დღეების განსაზღვრა და მოპასუხის დავალდებულება, რომ არ შეეშალოს ხელი თავისი უფლებების განხორციელებაში. მოსარჩელემ თავისი მოთხოვნა იმით დაასაბუთა, რომ მოპასუხესთან დაქორწინდა 2003 წლის ოქტომბერში ქ.თბილისში. იგი დროებით საცხოვრებლად და სამუშაოდ გაემგზავრა ქ.ლონდონში. რადგან მათი თანაცხოვრება შეუძლებელი იყო მ. ფ-ა დაბრუნდა მშობლებთან ქ.თბილისში. შვილის გაჩენის შესახებ მისი დაბადებიდან ერთი თვის შემდეგ შემთხვევით შეიტყო, მოპასუხისაგან ახსნა-განმარტებაც მიიღო, რომ ბავშვი მას არ ეკუთვნოდა. მოსარჩელე 2005 წლის გაზაფხულზე დაბრუნდა ქ.თბილისში და დაუკავშირდა მ. ფ-ს, მან მისი და ბავშვის ნახვაზე მოპასუხისაგან კატეგორიული უარი მიიღო. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ სამოქალაქო კოდექსის 1127-ე მუხლის საფუძველზე მოითხოვა მოპასუხესთან განქორწინება შესარიგებელი ვადის გარეშე. მან სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის საფუძველზე მოითხოვა კვირაში ორი დღე შაბათი და კვირა, ან კვირის რომელიმე სხვა დღე, რათა მიეცეს საშუალება ურთიერთობა იქონიოს შვილთან და მონაწილეობა მიიღოს მის აღზრდაში.

მ. ფ-მ შეგებებული სასარჩელო განცხადება შეიტანა სასამართლოში მოპასუხე მ. კ-ს მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის ალიმენტის დაკისრება. შეგებებული სარჩელის ავტორმა მიუთითა, რომ მცირეწლოვან შვილს ზრდის მშობლების ბინაში მათი დახმარებით. 2004 წლის მარტიდან იგი არსად არ მუშაობს. მ.კ-ი მუშაობს ინგლისში და მისი წლიური შემოსავალი შეადგენს 38500 ფუნტ სტერლინგს. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეგებებული სარჩელის ავტორმა მოითხოვა მ.კ-სათვის მცირეწლოვანი შვილის სარჩენად ალიმენტის სახით ყოველთვიურად 1000 ფუნტი სტერლინგის გადახდის დაკისრება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებით მ. კ-ს სარჩელი დაკმაყოფილდა. მ. კ-სა და მ. ფ-ს შორის შეწყდა ქორწინება, რეგისტრირებული 2003 წლის 11 ოქტომბერს, სააქტო ჩანაწერი ¹...; მ. კ-ს შვილთან _ 2004 წის 11 ოქტომბერს დაბადებულ ა. ფ--კ-თან ურთიერთობისათვის განესაზღვრა კვირაში ერთი დღე შაბათი დილის 12.00 საათიდან საღამოს 18.00 საათამდე; მ. ფ-ს შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა. მ. კ-ს შვილის 2004 წლის 11 ოქტომბერს დაბადებულ ა. ფ--კ-ს სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა თვეში 150 ლარის ოდენობით სარჩელის აღძვრის მომენტიდან _ 2005 წლის 2 ნოემბრიდან შვილის სრულწლოვანებამდე.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ფ-მ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილებით მ. ფ-ს სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ამ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება ბავშვთან ურთიერთობის წესის, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მ. კ-ს სარჩელი შვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის შესახებ დაკმაყოფილდა იმგვარად, რომ მ. კ-ს შვილთან _ 2004 წლის 11 ოქტომბერს დაბადებულ ა. ფ-ა-კ-თან ურთიერთობისათვის განესაზღვრა კვირაში ერთი დღე შაბათი, დღის 12.00 საათიდან საღამოს 18.00 საათამდე დედის, მ. ფ-ს თანდასწრებით; მ. ფ-ს შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მ. კ-ს დაეკისრა შვილის, 2004 წლის 11 ოქტომბერს დაბადებულ ა. ფ-ა-კ-ს სასარგებლოდ სარჩელის აღძვრის მომენტიდან _ 2005 წლის 25 ნოემბრიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე _ ალიმენტის, ყოველთვიურად 500 ფუნტი სტერლინგის შესაბამისი ლარის გადახდა. სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის პირველი ნაწილზე მითითებით ჩათვალა, რომ ბავშვთან ურთიერთობის წესის განსაზღვრისას, მისი სპეციფიკურობიდან გამომდინარე, მშობლების უფლება-მოვალეობათა სრული თანასწორობის გარდა, უპირველეს ყოვლისა, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბავშვის აღზრდის ინტერესი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ამგვარი საკითხის გადაწყვეტისას ითვალისწინებს თითოეული კონკრეტული შემთხვევის შესაბამისად, ბავშვის ასაკს, მის მდგომარეობას, მისგან განცალკევებით მცხოვრებ მშობელთან არსებულ ურთიერთობას. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში, ბავშვი ა. ფ-ა-კ-ი სამ წლამდე ასაკისაა, ამასთან, მას, როგორც მხარე და წარმომადგენლები აღნიშნავენ, ფაქტობრივად მამასთან ურთიერთობა არ ჰქონია. აღნიშნულის გათვალისწინებით, სამოქალაქო საქმეთა პალატამ მიზანშეწონილად მიიჩნია, მამის მ. კ-ს ურთიერთობა შვილთან განსაზღვრა კვირაში ერთი დღით – შაბათით, დღის 11.00 საათიდან საღამოს 18.00 საათამდე, დედის – მ. ფ-ს თანდასწრებით. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის – მ. ფ-ს მოთხოვნა მოწინააღმდეგე მხარეზე – მ. კ-ზე შვილის სასარგებლოდ ალიმენტის სახით 1000 ფუნტი სტერლინგის შესაბამისი ლარის დაკისრების თაობაზე, რადგან მხარე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი წესის დაცვით ვერ ასაბუთებს იმ გარემოებებს, რომ მ. კ-ს წლიური ხელფასი შეადგენს 38.500 ფუნტ სტერლინგს. რაც შეეხება დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელით გაცემულ სამუშაო ნებართვას, აღნიშნული დოკუმენტის შეფასებისას, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა და ჩათვალა, რომ იგი არ არის გაცემული საქართველოს კანონის „საქართველოს საკონსულო დაწესებულებათა შესახებ“ 55-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, კერძოდ, არ არის სათანადო წესით ლეგალიზებული საქართველოს კონსულის მიერ. მოცემულ შემთხვევაში, დოკუმენტი არ არის წარმოდგენილი კანონის მითითებული მოთხოვნის დაცვით. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლის თ. ხ-ს მიერ მითითებული გარემოება იმის თაობაზე, რომ მ. კ-ს ყოველთვიური ხელფასი შეადგენს 1.672 ფუნტ-სტერლინგს. სააპელაციო პალატამ სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის საფუძველზე ჩათვალა, რომ შეგებებული სარჩელის ავტორის მ. ფ-ს მოთხოვნა მოპასუხეზე მ. კ-ზე ალიმენტის დაკისრების თაობაზე, ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და მ. კ-ს, არასრულწლოვანი შვილის 2004 წლის 11 ოქტომბერს დაბადებული ა. ფ-ა-კ-ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ალიმენტის გადახდა სარჩელის აღძვრიდან 2005 წლის 25 ნოემბრიდან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა მ. კ-მა, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვისათვის იმავე სასამართლოში დაბრუნება. კასატორმა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ პუნქტზე მითითებით განმარტა, რომ მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით უნდა მომხდარიყო მოცემულ შემთხვევაში ქ.თბილისის სააპელაციო სასამართლოს საქმის განმხილველი პალატის მიერ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისათვის მნიშვნელობის მქონე არსებითი ფაქტობრივი გარემოებების დადგენაც. მას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად წარდგენილ მტკიცებულებათა მიღებაზე ყოვლად უსაფუძვლოდ ეთქვა უარი. ზემოხსენებული მტკიცებულებებით იგი მიზნად ისახავდა აპელანტის მიერ სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ ახალ მტკიცებულებათა გაქარწყლებას, კერძოდ კი მ. კ-ს ყოველწლიურად 38500 ფუნტ სტერლინგის ოდენობის შემოსავლისა და მის მიერ ყოველთვიურად ალიმენტის სახით 1000 ფუნტ სტერლინგის გადახდის შესაძლებლობის გამორიცხვას. ამასთან, საქმის პირველ ინსტანციაში განხილვისას მათ მიერ წარდგენილ იქნა მტკიცებულება მ. კ-ს უმუშევრობის თაობაზე, ხოლო აპელანტის ახალი მტკიცებულებები მისი მუშაობის ფაქტის თაობაზე მოიცავს სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის პერიოდს. კასატორის მიერ ყურადღება გამახვილებულია სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის პროცესუალური წესების დარღვევაზეც. კასატორმა მიუთითა, რომ სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 105-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნათა მიუხედავად შეფასებისა და მისი ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის გარეშე დატოვა მათი მხარის მიერ პირველ ინსტანციაში წარდგენილი მტკიცებულება მ. კ-ს საქმის რაიონულ სასამართლოში განხილვის პერიოდში უმუშევრობის შესახებ. სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად უთხრა უარი მის მხარეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საპროცესო უფლების გამოყენებაზე და არ მიიღო აპელანტის ახალ მტკიცებულებათა გაქარწყლების მიზნით წარდგენილი მტკიცებულებები. კასატორმა ასევე მიუთითა, რომ მ. კ-ს 500 ფუნტ სტერლინგის ოდენობით ალიმენტის გადახდა დაეკისრა მისი უმუშევრობის პერიოდიდან, კერძოდ კი მ. ფ-ს მიერ სარჩელის შეტანის დღიდან, 2005 წლის 25 ნოემბრიდან. სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას არ იქნა სრულად დადგენილი მ. კ-ს რეალური მატერიალური მდგომარეობა, რის შედეგადაც მ.კ-ს დაეკისრა ყოველთვიურად 500 ფუნტი სტერლინგის გადახდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ მ. კ-ს წარმომადგენელი მ. ხ-ს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს; მოცემულ საქმეზე უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილება მ. კ-სათვის 2004 წლის 11 ოქტომბერს დაბადებული შვილის ა. ფ-ა-კ-ს სასარგებლოდ 2005 წლის 25 ნოემბრიდან ყოველთვიურად 2006 წლის ივნისამდე ალიმენტის სახით 500 ფუნტი სტერლინგის შესაბამისი ლარის გადახდის ნაწილში; მ. კ-ს უნდა დაეკისროს მცირეწლოვანი შვილის ა. ფ-ა-კ-ს სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა 2005 წლის ნოემბრიდან ყოველთვიურად 2006 წლის ივნისამდე 250 ფუნტი სტერლინგის ოდენობით. დანარჩენ ნაწილში სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელი შემდეგი გარემოებების გამო:

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას იმის შესახებ, მას რომ არ შეუძლია მოსარჩელის მოთხოვნის ოდენობის შესაბამისი ალიმენტის გადახდა, ამის დამადასტურებელი მტკიცებულებების მიღებაზე სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად უთხრა უარი. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო პალატის 2007 წლის 6 თებერვლის სხდომაზე მ.კ-ს წარმომადგენელმა თ.ხ-მ წარადგინა ახალი მტკიცებულებები ინგლისში მოპასუხის ხელფასის, ბინის ქირის გადახდის და მის მიერ გაწეული აუცილებელი ხარჯების თაობაზე, მაგრამ სააპელაციო სასამართლომ მხოლოდ მ. კ-ს ხელფასის ცნობა მიიღო და საქმეს მტკიცებულების სახით დაურთო; ხოლო მის მიერ წარდგენილ სხვა მტკიცებულების მიღებაზე კი უარი განუცხადა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე; ამ ნორმის თანახმად ახალი ფაქტები და მტკიცებულებები, რომლებიც მხარეს შეეძლო წარმოედგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ მიიღოს, როგორც დაგვიანებით წარმოდგენილი, თუ მათი განხილვა ხელს შეუშლის სააპელაციო სასამართლოში საქმის დროულად განხილვას და მხარემ ეს მასალები პირველი ინსტანციის სასამართლოს არასაპატიო მიზეზით არ წარუდგინა.

საკასაციო პალატას დაუსაბუთებლად მიაჩნია ასევე კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლოს არ უნდა მიეღო და საქმიდან უნდა ამოეღო მ.ფ-ს მიერ წარდგენილი მტკიცებულება. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 3 აპრილის სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა სასამართლოს წარუდგინა ახალი მტკიცებულებები მ.კ-ს ხელფასის თაობაზე, რომელიც მოიპოვა დიდ ბრიტანეთში საქართველოს საკონსულოს მეშვეობით და სასამართლოს თხოვა საპატიოდ ჩაეთვალა აღნიშნული დოკუმენტების წარდგენა სააპელაციო სასამართლოში. სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლის პირველი ნაწილის და 382-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად მ. ფ-ს მიერ წარდგენილი ცნობა მ.კ-ს ხელფასის თაობაზე მიიღო და საქმეს დაურთო მტკიცებულების სახით. ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში სწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსი და კანონის შესაბამისად გადაწყვიტა მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების მიღების საკითხი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს, რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორი შეფასება და მატერიალურ-სამართლებრივი ნორმების არასწორად გამოყენება და განმარტება. საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს ზემოაღნიშნული გარემოებების თაობაზე დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია, რის გამოც უნდა ჩაითვალოს, რომ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება მიღებულია სამოქალაქო საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე.

მ. კ-მა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების ერთ-ერთ მოტივად მიუთითა ის გარემოება, რომ სასამართლოს მისთვის ალიმენტის გადახდა არ უნდა დაეკისრებინა მისი უმუშევრობის პერიოდიდან, კერძოდ, მ. ფ-ს მიერ სარჩელის აღძვრის მომენტიდან _ 2005 წლის 25 ნოემბრიდან. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 4 დეკემბრის სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარე მ. ფ-ს წარმომადგენელმა რ.პ-მ განმარტა, თუ სადავო ხდება მ.კ-ს უმუშევრობის პერიოდში მისთვის 2005 წლის ნოემბრიდან ყოველთვიურად 2006 წლის ივნისამდე ალიმენტის სახით 500 ფუნტი სტერლინგის დაკისრების საკითხი, მაშინ მოსარჩელე თანახმაა მოპასუხისათვის ამ პერიოდისათვის დაკისრებული ალიმენტის ოდენობა გაანახევროს სასამართლომ. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გამოყენებული უნდა იქნეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მეორე ნაწილი; ამ ნორმის თანახმად მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს _ ცნოს სარჩელი. საკასაციო პალატის სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენლის აღნიშნული განმარტება მიუთითებს იმაზე, რომ მან კასატორის მოთხოვნა ნაწილობრივ ცნო; რის გამოც საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს მ. კ-სათვის ალიმენტის სახით მოსარჩელის სასარგებლოდ 2005 წლის 25 ნოემბრიდან ყოველთვიურად 2006 წლის ივნისამდე 500 ფუნტი სტერლინგის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად.

მართალია, მოსარჩელის წარმომადგენელმაც სადავო არ გახადა 2005 წლის ნოემბრიდან 2006 წლის ივნისის ჩათვლით მოპასუხის უმუშევრობის საკითხი, მაგრამ მ.კ-ს თავისი მცირეწლოვანი შვილის ნორმალური რჩენა-აღზრისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით სამოქალაქო კოდექსის 1197-1198-ე და 1199-ე მუხლების თანახმად უნდა დაეკისროს ამ პერიოდისათვის ყოველთვიურად ალიმენტის სახით 250 ფუნტი სტერლინგის შესაბამისი ლარის გადახდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

მ. კ-ს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილება მ. კ-სათვის 2004 წლის 11 ოქტომბერს დაბადებული შვილის ა. ფ-ა-კ-ს სასარგებლოდ 2005 წლის 25 ნოემბრიდან ყოველთვიურად 2006 წლის ივნისამდე ალიმენტის სახით 500 ფუნტი სტერლინგის შესაბამისი ლარის გადახდის ნაწილში;

მ. კ-ს დაეკისროს მცირეწლოვანი შვილის ა. ფ-ა-კ-ს სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა 2005 წლის ნოემბრიდან ყოველთვიურად 2006 წლის ივნისამდე 250 ფუნტი სტერლინგის შესაბამისი ლარის ოდენობით.

დანარჩენ ნაწილში სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი.

საკასაციო პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.