Facebook Twitter

საქმე №126აგ-16 15 ნოემბერი, 2016 წელი

ო. ვ., 126აგ-16 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),

ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ვ. ო-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ა-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 19 აპრილის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თელავის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 2 აგვისტოს განაჩენით ვ. ო. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით და საქართველოს სსკ–ის 55–ე მუხლის საფუძველზე სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ–ის 63–64–ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე სსკ–ის 41–42–ე მუხლების საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ დაეკისრა ჯარიმა – 4000 ლარი. მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები. ვ. ო-ს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო -2013 წლის 24 მაისიდან 2013 წლის 27 მაისის ჩათვლით.

2. თელავის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 სექტემბრის განაჩენით ვ. ო. ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ–ის 273–ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. სსკ–ის 59–ე მუხლის მე–5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა თელავის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 2 აგვისტოს განაჩენით საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, 11 თვითა და 26 დღით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ვ. ო-ს მოსახდელად განესაზღვრა 3 წლით, 5 თვითა და 26 დღით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ–ის 50–ე მუხლის მე–5 ნაწილის საფუძველზე 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 2 წელი, 11 თვე და 26 დღე, საქართველოს სსკ–ის 63–64–ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, 3 წლის, 11 თვისა და 26 დღის გამოსაცდელი ვადით. მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, 3 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები. ვ. ო-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2013 წლის 11 სექტემბრიდან.

3. 2016 წლის 30 მარტს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართეს ვ. ო-მა და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. ა-მა და ითხოვეს საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლში შეტანილი ცვლილების, ასევე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილების საფუძველზე ვ. ო-ის მიმართ გამოტანილი განაჩენების გადასინჯვა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 19 აპრილის განაჩენით შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და თელავის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 2 აგვისტოსა და ამავე სასამართლოს 2013 წლის 12 სექტემბრის განაჩენებში შევიდა შემდეგი ცვლილება: მსჯავრდებულ ვ. ო-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 2015 წლის 31 ივლისიდან მოქმედი რედაქციის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებზე. თელავის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 2 აგვისტოსა და ამავე სასამართლოს 2013 წლის 12 სექტემბრის განაჩენები სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

5. კასატორი – მსჯავრდებულ ვ. ო-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი დ. ა. საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მსჯავრდებულის ქმედების გადაკვალიფიცირების შედეგად პროპორციულად უნდა შეემცირებინა სასჯელიც. ამასთანავე, კასატორი მიუთითებს იმაზეც, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილების საფუძველზე ვ. ო. სრულად უნდა გათავისუფლებულიყო საქართველოს სსკ-ის 273-ე და 260-ე მუხლებით განსაზღვრული სასჯელებისგან.

6. აღნიშნულის გათვალისწინებით, ადვოკატი ითხოვს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებას, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 19 აპრილის განაჩენის გაუქმებასა და მსჯავრდებულ ვ. ო-ის სასჯელისგან სრულად გათავისუფლებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საქართველოს სსსკ-ის 314–ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ვ. ო-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ა-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მსჯავრდებულ ვ. ო-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებიდან (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) კანონიერად გადააკვალიფიცირა საქართველოს სსკ-ის 2015 წლის 31 ივლისიდან მოქმედი რედაქციის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებზე.

3. კანონიერია ასევე სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება მსჯავრდებულ ვ. ო-თვის სასჯელის უცვლელად დატოვების თაობაზე, ვინაიდან ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვისას სასამართლო არ არის უფლებამოსილი, იმსჯელოს გადასასინჯი გადაწყვეტილების სამართლიანობაზე. საპროცესო კოდექსის ამ მოთხოვნებიდან და სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე, მსჯავრდებულს უნდა შეუმცირდეს სასჯელი იმ შემთხვევაში, როდესაც მისთვის დანიშნული სასჯელის ზომა აღემატება ახალი კანონით დადგენილი სასჯელის ზომის მაქსიმუმს.

4. აღნიშნულიდან გამომდინარე, თუკი დანიშნული სასჯელი ახალი კანონის სანქციის ფარგლებშია, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების გადასინჯვისას სასამართლო არ არის უფლებამოსილი, შეამციროს მისი ზომა.

5. რაც შეეხება კასატორის მოთხოვნას მსჯავრდებულ ვ. ო-ის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილების საფუძველზე საქართველოს სსკ-ის 273-ე და 260-ე მუხლებით განსაზღვრული სასჯელებისგან სრულად გათავისუფლების თაობაზე, საკასაციო პალატა მიუთითებს:

6. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის (2014 წლის პირველი მაისიდან 2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) სიტყვების - „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თოთხმეტ წლამდე“ - ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული, სადავოდ გამხდარი ოდენობით (70 გრამამდე) ნარკოტიკული საშუალება - „გამომშრალი მარიხუანის“ პირადი მოხმარების მიზნებისათვის შეძენისა და შენახვის გამო.

7. საქმის მასალებით ირკვევა, რომ ვ. ო-ს თელავის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 2 აგვისტოს განაჩენით მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში - 781,42 გრამი „ნედლი მარიხუანის“ ჯგუფურად შეძენა-შენახვის ფაქტზე, რაც გაცილებით აღემატება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულ ოდენობას.

8. რაც შეეხება საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით განსაზღვრულ სასჯელს, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, მსჯავრდებულ ვ. ო-ს აღნიშნული მუხლით განსაზღვრული სასჯელი მოხდილი აქვს, შესაბამისად, პალატა ვერ იმსჯელებს მსჯავრდებულის მისგან გათავისუფლების შესახებ.

9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერია, მისი გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, 314-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ ვ. ო-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ა-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 19 აპრილის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

3. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

პ. სილაგაძე