Facebook Twitter

¹ას-535-877-07 16 ნოემბერი, 2007 წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე),

თეიმურაზ თოდრია (მომხსენებელი), როზა ნადირიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ შპს “.. ..” (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ კ. ა-ი (მოსარჩელე)

მესამე პირი - ლ. ბ-ი

დავის საგანი _ ვალდებულების დარღვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება

გასაჩივრებული სასამართლოს გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 10 მაისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

კ. ა-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „.. ..ს“ მიმართ და მოითხოვა, ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, მიყენებული ზიანის ანაზღაურება 4450 აშშ დოლარის ოდენობით.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ 2004 წლის 28 იანვარს შპს „.. ..ს“ ავტოსადგომიდან გატაცებულ იქნა კ. ა-ს კუთვნილი ავტომანქანა. ავტომანქანის გატაცების ფაქტთან დაკავშირებით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, სადაც დაზარალებულად ცნობილია კ. ა-ი.

მოპასუხე მხარემ სარჩელი არ სცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელე არ არის ავტომანქანის მესაკუთრე და ან მისი მიმდობი პირი, 2004 წლის 28 იანვარს ავტომანქანა სადგომიდან გაიყვანა კ. ა-ს მძღოლმა ზ.ოთი-მა.

საქმეში მესამე პირის სტატუსით ჩაბმულმა ლ. ბ-მა სარჩელს მხარი დაუჭირა და განმარტა, რომ მოსარჩელემ 2003 წლის 9-10 დეკემბერს გადასცა 4450 აშშ დოლარი ავტომანქანის ღირებულების ასანაზღაურებლად, რის შემდეგაც მან მოსარჩელეს გადასცა ავტომანქანა შესაბამისი საბუთებით და გაუფორმა მინდობილობა.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა კ. ა-მა.

აპელანტმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 10 მაისის გადაწყვეტილებით კ. ა-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; კ. ა-ს სარჩელი დაკმაყოფილდა, შპს “.. ..ს” კ. ა-ს სასარგებლოდ დაეკისრა 4450 აშშ დოლარის გადახდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 10 მაისის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა შპს “.. ..მა”.

კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და და არასწორი შეფასება მისცა ფაქტობრივ გარემოებებს, ამასთან, არ შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, კერძოდ, მოსარჩელემ არ წარმოადგინა რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მოსარჩელის მესაკუთრეობას ან ავტომანქანის ფაქტობრივ მფლობელობას. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მოთხოვნა. კასატორმა მიუთითა, ვინაიდან კ. ა-ი სისხლის სამართლის საქმეზე ცნობილია დაზარალებულად, აღნიშნული ფაქტი ვერ გახდება სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი, რადგან არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 20 ივლისის განჩინებით შპს “.. ..ს” საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად. მოწინააღმდეგე მხარეს განესაზღვრა 7 - დღიანი ვადა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად.

კასატორის მოწინააღმდეგე მხარე კ. ა-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხზე თავისი მოსაზრება არ წარმოუდგენია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს “.. ..ს” საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულება აღემატება 50000 ლარს. ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით არსებობს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, რომ დაუშვას შპს “.. ..ს” საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს “.. ..ს” საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. შპს “.. ..ს” დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (369 ლარის) 70% _ 258 ლარი;

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.