ას-537-846-09 1 დეკემბერი, 2009 წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)
მოსამართლეები:
ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი), ლალი ლაზარაშვილისხდომის მდივანი _ ლ.ს.-ე
კასატორი – სს ,,ე.-ა” (მოპასუხე)
წარმომადგენელი _ თ.ლ.-ა
მოწინააღმდეგე მხარე – შპს ,,ტ.-ა” (მოსარჩელე)
წარმომადგენელი _ ლ.ფ.-ე, ი.გ.-ე, ვ.ვ.-ა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება
დავის საგანი – ვალდებულების (ელექტროენერგიის დავალიანების) არარსებობის აღიარება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს საფეხბურთო კლუბმა ,,ტ.-მ” სარჩელი აღძრა სასამართლოში სს ,,ე.-ს” დასავლეთ საქართველოს ცენტრალური ფილიალის ქუთაისის მომსახურების ცენტრის, მესამე პირის _ შპს საფეხბურთო კლუბ ,,ქ.-ს” მიმართ და მოითხოვა ელექტროენერგიის დარიცხული დავალიანების _ 12044,51 ლარის გადატანა შპს საფეხბურთო კლუბ ,,ქ.-ს” ახალ მისამართზე, ასევე ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა შემდეგი საფუძვლებით: ქ.ქუთაისის მერიის 2008 წლის 2 ივლისის ¹1487 ბრძანებით დამტკიცდა ,,ქ.ქუთაისის მერიის შპს საფეხბურთო კლუბი ,,ტ.-ის” წესდება და დაფუძნდა შპს საფეხბურთო კლუბი ,,ტ.-ა”, რომელიც, ,,მეწარმეთა შესახებ” კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, დარეგისტრირდა სამეწარმეო და საგადასახადო რეესტრში და აყვანილ იქნა საგადასახადო აღრიცხვაზე. დაფუძნების დღიდან შპს ,,ტ.-ა” სარგებლობს ქ.ქუთაისში, ...-ის ¹19-ში მდებარე საწვრთნელი ბაზით, სადაც დამონტაჟდა ახალი მრიცხველი და საზოგადოება იხდის მის მიერ დახარჯული ელექტროენერგიის საფასურს. სს ,,ე.-ს‘‘ ქუთაისის მომსახურების ცენტრის მიერ ამოწერილი აბონენტის ბარათის საფუძველზე საფეხბურთო კლუბ ,,ტ.-ს” დაერიცხა დავალიანება 12044,51 ლარი და, მისი გადაუხდელობის გამო, ხშირად უწყდება ელექტრომომარაგება, რაც ხელს უშლის საფეხბურთო კლუბს ნორმალურ ფუნქციონირებაში. შპს ,,ტ.-ის” დაფუძნებამდე ხსენებული საწვრთნელი ბაზით სარგებლობდა საფეხბურთო კლუბი შპს ,,ქ.-ო”, რომელიც კვლავ განაგრძობს საქმიანობას, არ არის ამოშლილი სამეწარმეო რეესტრიდან და მოსარჩელე არ წარმოადგენს მის უფლებამონაცვლეს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,ელექტროენერგიის მიწოდებისა და მოხმარების წესების” დამტკიცების შესახებ ...-ის 2008 წლის 18 სექტემბრის ¹20 დადგენილების მე-14 მუხლის მეხუთე პუნქტის შესაბამისად, ელექტროენერგიის მიმწოდებელს დარიცხული დავალიანება უნდა გადაეტანა შპს ,,ქ.-ს” ახალ მისამართზე, ხოლო, ,,ნორმატიული აქტების შესახებ” კანონის 47-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, სს ,,ე.-ს” უფლება არ აქვს, ,,ელექტროენერგიის მოწოდებისა და მოხმარების წესების” დამტკიცების შესახებ ...-ის 2008 წლის 18 სექტემბრის ¹20 დადგენილების იმ ნაწილების შპს ,,ტ.-ის” მიმართ გამოყენებისა, რომლებიც ამძიმებს მის პასუხისმგებლობას, ვინაიდან საფეხბურთო კლუბის შექმნის დროისათვის აღნიშნული დადგენილება არ მოქმედებდა და მას უკუძალა არ აქვს.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და იშუამდგომლა სს ,,ე.-ს” დასავლეთ საქართველოს ცენტრალური ფილიალის ქუთაისის მომსახურების ცენტრის სათანადო მოპასუხით, სს ,,ე.-თი” შეცვლის თაობაზე შემდეგი დასაბუთებით: მოსარჩელის საწვრთნელ ბაზაზე აბონენტად რეგისტრაცია ...-ის 2008 წლის 18 სექტემბრის ¹20 დადგენილებით დამტკიცებული ,,ელექტროენერგიის მოწოდებისა და მოხმარების წესების” მე-4 მუხლის მეხუთე ქვეპუნქტის საფუძველზე გამოიწვევს აღნიშნულ მისამართზე შპს ,,ქ.-ს” რეგისტრაციის გაუქმებას, რის შედეგადაც შპს ,,ტ.-ა” ვალდებული იქნება, გადაიხადოს საწვრთნელ ბაზაზე არსებული ელექტროენერგიის დავალიანება. მითითებული ნორმატიული აქტის მე-4 მუხლის მესამე ქვეპუნქტის მოთხოვნათა გვერდის ავლით შპს ,,ტ.-მ” ელექტროენერგია უნებართვოდ გამოიყენა და გადაიხადა აღნიშნული დროის განმავლობაში მის მიერ დახარჯული ელექტროენერგიის საფასური, რითაც ნაწილობრივ შეასრულა ვალდებულება მოპასუხის მიმართ. აღნიშნული გარემოება, სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების არსებობის აღიარებაა. ამასთან, ,,მომხმარებელთა უფლებების შესახებ” კანონის თანახმად, მოსარჩელის მიერ ვალდებულების ნაწილობრივ შესრულება განიხილება სს ,,ე.-სთან” ხელშეკრულების ზეპირი ფორმით დადებად. ...-ის 2008 წლის 18 სექტემბრის ¹20 დადგენილებით დამტკიცებული ,,ელექტროენერგიის მიწოდებისა და მოხმარების წესების”, ასევე, ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” კანონის 26-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, მომხმარებლის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მიმწოდებელი უფლებამოსილია, შეუწყვიტოს მას ელექტროენერგიით მომარაგება. სს ,,ე.-მ”, სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ნაკისრი ვალდებულება შეასრულა ჯეროვნად და კეთილსინდისიერად, ხოლო შპს ,,ტ.-მ” დარიცხული დავალიანების ნაწილობრივ გადახდით დაარღვია ნაკისრი ვალდებულება, რისი შესრულებაც მას ასევე სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლიდან გამომდინარე ეკისრებოდა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 14 იანვრის განჩინებით მოპასუხის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, იგი შეიცვალა სათანადო მოპასუხით, სს ,,ე.-თი”, ხოლო 2009 წლის 14 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, სს ,,ე.-ს” დაევალა დარიცხული დავალიანების გადატანა შპს საფეხბურთო კლუბ ,,ქ.-ს” ახალ მისამართზე, ასევე შპს საფეხბურთო კლუბ “ტ.-ისათვის” ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს ,,ე.-მ”. სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე შპს საფეხბურთო კლუბმა ,,ტ.-მ” დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა სს ,,ე.-ს” მიერ დარიცხული დავალიანების არარსებობის აღიარება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილებით სს ,,ე.-ს” სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა იმ ნაწილში, რომლითაც მოპასუხეს დაევალა დარიცხული დავალიანების გადატანა შპს საფეხბურთო კლუბ ,,ქ.-ს” ახალ მისამართზე და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს საფეხბურთო კლუბ ,,ტ.-ს” სარჩელი დაკმაყოფილდა, დადგენილ იქნა, რომ მოსარჩელეს სს ,,ე.-ს” მიმართ არ გააჩნია დავალიანება 12044,55 ლარის ოდენობით, ხოლო დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო: სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით არასწორად იქნა განმარტებული მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, რადგანაც შპს ,,ქ.-ო” დავაში არ წარმოადგენდა მოპასუხეს, ხოლო გადაწყვეტილება შეეხო მის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს. ამასთან, შპს ,,ტ.-ის” მიერ სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტებით, სადავო დავალიანების არარსებობის აღიარებით იმ იურიდიული ინტერესის საფუძველზე, რომ აღნიშნული დავალიანება შპს ,,ტ.--ს” არ უნდა გადაეხადა და მხარეს სურდა ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა, იგი, ფაქტობრივად, ნაწილობრივ დაეთანხმა აპელანტის მოთხოვნას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნის ნაწილში. სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოება, რომ შპს საფეხბურთო კლუბი ,,ტ.-ა” დაფუძნდა ქუთაისის მერიის 2008 წლის 2 ივლისის ბრძანების საფუძველზე და სარგებლობს ქ.ქუთაისში, ...-ის ¹19-ში არსებული ფართით. საქმეში წარმოდგენლი ¹22 განაწესის თანახმად, 2008 წლის 23 ივლისს ქვესადგურზე ქუთაისი ¹5, ფიდერზე _ ,,ტ.-ს ბაზა” ინდივიდუალური მრიცხველი შეიცვალა ელექტრონული მრიცხველით. 2009 წლის 19 სექტემბრისათვის ქ.ქუთაისში, ...-ის ¹19-ში აბონენტს წარმოადგენდა შპს ,,ტ”, რომელმაც 2008 წლის 3 სექტემბრის ანგარიშფაქტურისა და 2008 წლის 9 ნოემბრის საგადასახადო დავალიანების თანახმად, სს ,,ე.-ს” გადაუხადა მის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მხარეთა მიერ დადასტურებულ იქნა შპს ,,ტ.-სა” და სს ,,ე.-ს” შორის ზეპირი შეთანხმება ელექტროენერგიის მიწოდებაზე, რასაც ასევე მოჰყვა ახალი მრიცხველის დადგმა და აბონენტისათვის ელექტროენერგიის მიწოდება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილზე, მე-4 მუხლისა და 103-ე მუხლზე დაყრდნობით სასამართლომ დასაბუთებულად მიიჩნია მასარჩელის მოსაზრება, რომ იგი წარმოადგენს დამოუკიდებელ აბონენტს, რომელსაც ახალი მრიცხველი დაედგა, რადგან 2008 წლის 3 ოქტომბერს გაცემული გადასახადის გადახდის ქვითარსა და აბონენტის ბარათის ამონაწერში ქ.ქუთაისში, ...-ის ¹19-ში აბონენტად დაფიქსირებულია შპს საფეხბურთო კლუბი ,,ტ.-ა”. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეთა ზეპირი შეთანხმების საფუძველზე, 2008 წლის 23 ივლისს, შპს ,,ტ.-ისათვის” ახალი მრიცხველის დადგმით მოხდა მისი, როგორც ელექტროენერგიის მომხმარებლის ქსელზე მიერთება ...-ის 2008 წლის 18 სექტემბრის ¹20 დადგენილების 32-ე მუხლის გარდამავალი დებულების მეოთხე პუნქტის საფუძველზე, რის გამოც სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ შპს ,,ტ.-ა” აბონენტად არ არის დარეგისტრირებული, ელექტროენერგიის მომხმარებლის ქსელზე მიერთების თაობაზე მხარეთა შორის წერილობითი შეთანხმების არარსებობის გამო. პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ შპს ,,ტ.-ის” აბონენტად დარეგისტრირების დროისათვის, 2008 წლის ივლისისათვის, მოქმედებდა 1997 წლის 1 ივნისის ,,ელექტრენერგიით მომარაგების დროებითი წესები”, რომელიც არ ითვალისწინებდა ახალი აბონენტის მიერ ძველი დავალიანების გასტუმრებას. ამდენად, ...-ის 2008 წლის 18 სექტემბრის ¹20 დადგენილების (ძალაში შევიდა ამავე წლის 7 ოქტომბრიდან) მე-4 მუხლის მეხუთე ქვეპუნქტით გათვალისწინებული წინა აბონენტის დავალიანების გასტუმრების მოთხოვნა და ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის საფუძვლით ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა სასამართლომ არასწორად გაიზიარა და მოსარჩელის მოთხოვნა ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენის ნაწილში დასაბუთებულად მიიჩნია.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დავალიანების არარსებობის აღიარებისა და ელექტროენერგიის მიწოდების მომსახურების აღდგენის დავალდებულების ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა სს ,,ე.-მ”, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას დაკმაყოფილდა მოწინააღმდეგე მხარის დაზუსტებული აღიარებითი სარჩელი. პირველ ინსტანციაში საქმის განხილვისას მოსარჩელე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის ¹20 დადგენილების მე-14 მუხლის მეხუთე პუნქტზე დაყრდნობით, მოითხოვდა დარიცხული დავალიანების შპს ,,ქ.-ს” ახალ მისამართზე გადატანას, ხოლო სააპელაციო სასამართლოში შეცვალა სარჩელის ფორმა, რაც ეწინააღმდეგება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის მე-4 ნაწილს. სს ,,ე.-ა” სადავოდ ხდიდა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაში საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის მინისტრის 1998 წლის 22 მაისის ¹27 ბრძანებით დამტკიცებული ,,ელექტროენერგიის მოხმარების დროებითი წესების” გამოყენებას, ხოლო სააპელაციო სასამართლომ სწორედ აღნიშნულ წესებზე დაყრდნობით დააკმაყოფილა სარჩელი, მაშინ, როდესაც მოპასუხეს მის გამოყენებაზე ეთქვა უარი. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, მოწინააღმდეგე მხარე შპს ,,ტ” სააპელაციო საჩივარს იმ ნაწილში დაეთანხმა, რომლითაც სს ,,ე.-მ” დავალიანების სხვა მისამართზე გადატანის მოთხოვნის დაკმაყოფილება გაასაჩივრა, რითაც შპს ,,ტ.-მ” ფაქტობრივად ცნო სააპელაციო საჩივარი, ხოლო დაზუსტებული სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით მხარემ შეცვალა სარჩელის საგანი და ფორმა, რაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 381-ე მუხლის შესაბამისად, დაუშვებელია. სააპელაციო პალატამ არ გამოიყენა ,,მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის საფუძველზეც 2008 წლის 3 ოქტომბერს შპს ,,ტ.-სათვის” გაგზავნილი ქვითრით დასტურდება შპს ,,ტ.-სა” და სს ,,ე.-ს” შორის ხელშეკრულების დადება, რის საფუძველზეც შპს ,,ტ” იხდის დარიცხულ დავალიანებას სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის შესაბამისად. ქუთაისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო კოდექსის 361-ე და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლებზე დაყრდნობით ვალდებული იყო, გაეზიარებინა მოსარჩელის ვალდებულების არსებობა დავალიანების გადახდაზე. სასამართლომ არასრულად გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები, სამართლებრივად არასწორად შეაფასა ისინი, რის გამოც არსებობს 393-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: შპს საფეხბურთო კლუბი ,,ტ” დაფუძნდა ქუთაისის მერიის 2008 წლის 2 ივლისის ბრძანების საფუძველზე და სარგებლობს ქ.ქუთაისში, ...-ის ¹19-ში არსებული ფართით. საქმეში წარმოდგენლი ¹22 განაწესის თანახმად, 2008 წლის 23 ივლისს ქვესადგურზე ქუთაისი ¹5, ფიდერზე _ ,,ტ.-ს ბაზა” ინდივიდუალური მრიცხველი შეიცვალა ელექტრონული მრიცხველით. 2009 წლის 19 სექტემბრისათვის ქ.ქუთაისში, ...-ის ¹19-ში აბონენტს წარმოადგენდა შპს სკ ,,ტ”, რომელმაც 2008 წლის 3 სექტემბრის ანგარიშფაქტურისა და 2008 წლის 9 ნოემბრის საგადასახადო დავალიანების თანახმად, სს ,,ე.-ს” გადაუხადა მის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური 899.30 ლარის ოდენობით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს ,,ე.-ს” საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტების თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ზემოხსენებული ნორმით გათვალისწინებული საფუძვლები მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ სამართლებრივად სწორად შეაფასა დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, სასამართლომ მოდავე მხარეთა განმარტებების საფუძველზე დაადგინა ფაქტობრივი გარემოება, რომ კასატორი და შპს სკ “ტ” ზეპირი ფორმით შეთანხმდნენ ელექტროენერგიის მიწოდების თაობაზე, რასაც მოჰყვა ახალი მრიცხველის დადგმა და შპს სკ “ტ.-სთვის” ელექტროენერგიის მიწოდება. 2008 წლის 3 ოქტომბრის გადასახადის ქვითრით და აბონენტის ბარათიდან ამონაწერით ქ.ქუთაისში, ...-ის ქ.¹19-ში აბონენტად დაფიქსირებულია რა შპს სკ “ტ”, სააპელაციო სასამართლომ სავსებით მართებულად დაადგინა, რომ 2008 წლის ივლისიდან მოსარჩელე წარმოადგენს დამოუკიდებელ აბონენტს. კასატორს ამ გარემოებათა საწინააღმდეგოდ რაიმე მტკიცებულებაზე არ მიუთითებია და არც დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია განუცხადებია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად კი, ზემოხსენებული გარემოების საწინააღმდეგოს დამტკიცების ტვირთი სწორედ მას ეკისრებოდა.
სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სავსებით სწორად მიუთითა, რომ მოცემულ საქმეში მითითებულ მისამართზე არსებული ელექტროენერგიის დავალიანების გადახდაზე ვალდებულ პირს მოწინააღმდეგე მხარე არ წარმოადგენს, ვინაიდან მოდავე მხარეთა შორის სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობა წარმოშობილია 2008 წლის ივლისიდან, რა დროსაც მოქმედებდა 1997 წლის 1 ივნისის “ელექტროენერგიის მოხმარების დროებითი წესები”, რომელიც არ ადგენს ახალი აბონენტისათვის ძველი აბონენტის დავალიანების გადახდის ვალდებულებას. საკასაციო სასამართლო სრულიად ეთანხმება სააპელაციო პალატის მითითებას, რომ სადავო ურთიერთობაზე ვერ გავრცელდება მოგვიანებით მიღებული ...-ის 2008 წლის 18 სექტემბრის ¹20 დადგენილებით გათვალისწინებული წესები.
ამავდროულად საკასაციო სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მოცემულ დავაზე ...-ის ¹20 დადგენილებით გათვალისწინებული წესების გავრცელების შემთხვევაშიც სს ,,ე.-ს” მოთხოვნა მყარად არგუმენტირებული არ არის, ვინაიდან კასატორის მიერვე სამართლებრივ საფუძვლად მითითებული ...-ის ¹20 დადგენილების მე-4 მუხლის მეხუთე პუნქტი, მართალია, ითვალისწინებს პირის მიერ უძრავი ქონებით დროებით სარგებლობის შემთხვევაში, აბონენტად რეგისტრაციას და ძველი აბონენტის დავალიანების გადახდას, მაგრამ აღნიშნულის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს ამავე ნორმით დადგენილი პროცედურის განხორციელება _ პირის აბონენტად რეგისტრაციას წინ უძღვის ნივთის მესაკუთრის თანხმობა და ამავე პირის ნების გამოხატვა დარიცხული დავალიანების გადახდაზე. საგულისხმოა, რომ ამავე დადგენილების მე-14 მუხლის მეხუთე პუნქტით მომხმარებლის სხვა მისამართზე გადასვლის შემთხვევაში განაწილების ლიცენზიანტს უფლება აქვს, საბოლოო ანგარიშსწორების შედეგად წარმოქმნილი გადაუხდელი თანხა მოსთხოვოს ან/და დაარიცხოს გადახდაზე პასუხისმგებელ პირს (ამ წესების მე-4 მუხლით დადგენილი წესის დაცვით განსაზღვრულ გადახდაზე პასუხისმგებელ პირს) ან დარიცხული დავალიანება გადაიტანოს ამ მომხმარებლის ახალ მისამართზე. ამდენად, განაწილების ლიცენზიანტი ვალდებულია, ახალი აბონენტისათვის დარიცხული დავალიანების გადახდა მოითხოვოს მხოლოდ კანონით გათვალისწინებული წესების დაცვით, რაც უპირობოდ გულისხმობს ახალი აბონენტის ინფორმირებას და მის თანხმობას, სხვისი ვალდებულების შესრულებაზე.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების საპროცესო ნორმების დარღვევით გამოტანის თაობაზე იმ მოტივით, რომ აპელანტმა შპს სკ ,,ტ.-მ” სააპელაციო სასამართლოში შეცვალა სარჩელი. დადგენილია, რომ შპს სკ ,,ტ.-ის” სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა სს ,,ე.-ს” დავალდებულება შპს “ქ.-ს” დავალიანების _ 12044,51 ლარის ახალ მისამართზე გადატანის თაობაზე. სააპელაციო სასამართლოში მოსარჩელე მხარემ მოითხოვა მისი დავალიანების არარსებობის აღიარება. სარჩელის საგნიდან გამომდინარე ცხადია, რომ მოსარჩელის ინტერესი მდგომარეობს არა მოპასუხისათვის გარკვეული მოქმედების დაკისრებაში, არამედ მისი ვალდებულების არარსებობის სასამართლო წესით დადგენაში, რაც კიდევაც სააპელაციო სასამართლოში დადასტურებულ იქნა მოსარჩელე მხარის წარმომადგენლის განმარტებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის სამართლებრივ შეფასებას, რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის მეოთხე ნაწილის შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში სარჩელის შეცვლა არ მომხდარა. დასახელებული ნორმის თანახმად, სარჩელის შეცვლად არ ჩაითვლება მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული გარემოებების დაზუსტება, დაკონკრეტება და დამატება, აგრეთვე, სასარჩელო მოთხოვნების ოდენობის შემცირება ან ერთი ნივთის ნაცვლად მეორე ნივთის მიკუთვნება მისთვის, ანდა ამ ნივთის ღირებულების ანაზღაურება. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე პირველი ინსტანციის სასამართლოშიც ითხოვდა დარღვეული უფლების _ მოპასუხის მიერ მოთხოვნილი შესრულების არარსებობისა და არაკანონიერების საფუძველზე სათანადო პირისათვის ვალდებულების შესრულების დაკისრებას. ასეთ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლოს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის მოთხოვნის შესაბამისად, საქმის წინასწარი მომზადების სტადიაზე უნდა დაეზუსტებინა მოსარჩელის იურიდიული ინტერესი დავის საგანთან მიმართებით, კერძოდ, მოსარჩელის ინტერესი სხვა პირისათვის (სკ “ქ.-სათვის”) ვალდებულების შესრულების დაკისრებაში. აღნიშნული მოქმედება სასამართლომ განახორციელა საქმის სააპელაციო ინსტანციაში განხილვისას და მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება, რაც სავსებით მართებულია და თანხმობაშია პროცესის ეკონომიურობისა და ეფექტურობის პრინციპთან. სწორედ ამ პრინციპიდან გამომდინარე, არ არსებობდა საქმის პირველ ინსტანციაში განსახილველად დაბრუნების საფუძველი. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.
ყოველგვარ დასაბუთებასაა მოკლებული საკასაციო საჩივრის არგუმენტი მოწინააღმდეგე მხარის მიერ 2008 წლის 3 ოქტომბრის ქვითრით დავალიანების ნაწილობრივ გადახდის დადასტურებისა და, შესაბამისად, მის მიერ ვალის არსებობის აღიარების თაობაზე. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილად არის ცნობილი და კასატორს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია იმ გარემოებაზე, რომ აღნიშნული ქვითრით შპს სკ ,,ტ.-ს” გადახდილი აქვს მხოლოდ მის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის დავალიანება, რაც, ბუნებრივია, არ გულისხმობს ადრე არსებულ დავალიანებაზე ვალდებულების აღიარებას.
ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
სს ,,ე.-ს” საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.