Facebook Twitter

ას-538-771-08 25 დეკემბერი, 2008 წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

როზა ნადირიანი, თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ი. ა-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – რ. რ-ე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2007 წლის 6 ნოემბერს ი. ა-მ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს რ. რ-ის მიმართ სასარჩელო განცხადებით მიმართა. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 1992 წლის 24 მარტს რ. რ-ს ცოლად გაჰყვა და მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა ქ. ქუთაისში, ... გამზირზე ¹31/81-ში მდებარე ბინაში. ორი წლის შემდეგ, დედამთილთან წარმოშობილი უთანხმოების გამო, მეუღლეს დაშორდა. ქუთაისის სასამართლოს 1994 წლის 21 მარტის გადაწყვეტილებით იგი მეუღლის ბინაში შეასახლეს, რომელშიც 2005 წლამდე პერიოდულად ცხოვრობდა, რადგანაც ხშირად უწევდა სოფელში წასვლა ავადმყოფი დედის მოსავლელად. მოსარჩელის მტკიცებით, მოპასუხემ ამ გარემოებით ისარგებლა და მისთვის შეუტყობინებლად გაასხვისა ბინა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ რ. რ-ისათვის ბინის საფასურის - 15 000 აშშ დოლარის დაკისრება ან სხვა ბინის შეძენა მოითხოვა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით ი. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის - 711 ლარის გადახდა დაეკისრა. სასამართლომ მიიჩნია, რომ, ვინაიდან მხარეები რეგისტრირებულ ქორწინებაში არ იმყოფებოდნენ, მათ ერთმანეთის მიმართ შესაბამისი ქონებრივი უფლებები და ვალდებულებები არ გააჩნდათ, ამასთან, სასამართლომ აღნიშნა, რომ სადავო ბინა 2000 წელს გასხვისდა, ხოლო იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ ი. ა-მ ნასყიდობის ხელშეკრულების შესახებ მხოლოდ 2005 წელს შეიტყო, სასამართლოში წარდგენილი არ ყოფილა.

აღნიშნული გადაწყვეტილება ი. ა-მ სააპელაციო წესით გაასაჩივრა და მისი გაუქმება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილებით ი. ა-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება ი. ა-ისათვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში გაუქმდა, დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი. ა-ე და რ. რ-ე 1992 წლის 24 მარტიდან 1993 წლამდე არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ, მას შემდეგ კი ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობდნენ. ქ. ქუთაისის სასამართლოს 1994 წლის 21 მარტის გადაწყვეტილებით, ი. ა-ე სარგებლობის უფლებით შესახლებულ იქნა ქუთაისში, ... გამზირზე ¹31/81-ში მდებარე რ. რ-ის კუთვნილ ბინაში. გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ი. ა-ე ბინაში პერიოდულად ცხოვრობდა, 2000 წლის 2 ივნისს კი, რ. რ-მ ბინა გაასხვისა.

სასამართლომ მიიჩნია, რომ ი. ა-ის მოთხოვნა უსაფუძვლო იყო. იგი ბინის თანამესაკუთრე არ ყოფილა. სასამართლოს გადაწყვეტილებით მისთვის მინიჭებული სარგებლობის უფლება კი არ ზღუდავდა რ. რ-ის უფლებას დაედო გარიგებები ამ ბინაზე, შესაბამისად, ბინის საფასურის გადახდის ან სანაცვლოდ ბინის შეძენის ვალდებულება არ არსებობდა.

ი. ა-მ აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა, მისი გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა. კასატორის მტკიცებით, სასამართლომ არ გამოიყენა «საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ» კანონი, აგრეთვე, სამოქალაქო კოდექსის 170-172 მუხლები და არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მას სადავო ბინით სარგებლობის უფლება მინიჭებული ჰქონდა სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, გაეცნო საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

კასატორი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას არაკანონიერად მიიჩნევს იმის გამო, რომ მისი აზრით, მას ბინა მიკუთვნებული ჰქონდა 1994 წლის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე და „საცხოვრებელი სადგომის სარგელობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონით მიენიჭა ბინაზე საკუთრების უფლება.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის არსებული ურთიერთობა არ შეიძლება შეფასდეს, როგორც ზემოთ მითითებული კანონით რეგულირებული სამართლებრივი ურთიერთობა. აღნიშნული ნორმატიული აქტი ეხება პირებს, რომელთაც საცხოვრებელი სადგომზე უფლება წარმოშობილი აქვთ სანოტარო ფორმის დაცვის გარეშე დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ან მიღებული აქვთ მფლობელობის უფლება საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგების საფუძველზე. აგრეთვე ადმინისტრაციული აქტით სხვის საკუთრებაში არსებულ სახლებში შესახლებულ პირებზე და არა ყოფილი მეუღლის, ან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირთან ბინაში შესახლებულ პირებზე და ა.შ. მითითებული კანონით რეგულირებული ურთიერთობა სპეციფიური ურთიერთობაა და იგი არ შეიძლება გაიგივდეს ნებისმიერ ურთიერთობებთან, მათ შორის საოჯახო სამართლებრივ ურთიერთობებთან, რაც უკავშირდება სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე სხვის საცხოვრებელ სახლში შესახლებას.

რაც შეეხება ქუთაისის სასამართლოს 1994 წლის 21 მარტის გადაწყვეტილებას, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით კასატორს საკუთრების უფლება არ წარმოშობია, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება აღსრულდა და იგი შესახლდა საცხოვრებელ ბინაში. ბინა კი გაიყიდა 2000 წელს. სარჩელი სასამართლოში შესულია 2007 წელს. აღნიშნული ფაქტორი კი სარწმუნოს ხდის მოპასუხის არგუმენტს იმის თაობაზე, რომ იგი აღარ ცხოვრობდა ამ ბინაში. თუმცა უნდა აღინიშნოს ის გარემოებაც, რომ ცხოვრების ფაქტიც ვერ იქნებოდა მესაკუთრისათვის ბინის გაყიდვის ხელისშემშლელი გარემოება და უფრო მეტიც, მესაკუთრისთვის იქ მცხოვრები პირთათვის ბინის ყიდვის დამავალდებული გარემოება. იგივე შეიძლება ეთქვას ბინის საყიდელი თანხის გადახდაზეც.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ი. ა-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.