Facebook Twitter

¹ას-538-921-06 5 თებერვალი, 2007 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)

მარიამ ცისკაძე (მომხსენებელი), ნუნუ კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – გ. კ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ. ა-ე

ნ. გ-ი (მოსარჩელეები)

დავის საგანი _ სესხის ხელშეკრულების დავალიანების გადახდა

გასაჩივრებული სასამართლოს გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

მ. ა-მ და ნ. გ-მა 2005 წლის სექტემბერში სასარჩელო განცხადებით მიმართეს სასამართლოს მოპასუხე გ. კ-ის მიმართ და მოითხოვეს მისთვის სესხის ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული ძირითადი თანხის, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცენტისა და თანხის გადახდის ვადის გადაცილებისათვის პროცენტის გადახდა. მოსარჩელეებმა თავიანთი სასარჩელო მოთხოვნა იმით დაასაბუთეს, რომ მოპასუხე გ. კ-ს 2003 წლის 17 დეკემბერს ასესხეს 5300 აშშ დოლარი ექვსი თვის ვადით 4%-ის დარიცხვით. ამ თანხიდან 3500 აშშ დოლარი ასესხა მ. ა-მ, ხოლო 1800 აშშ დოლარი ნ. გ-მა. ამ თანხის გადახდის უზრუნველსაყოფად გ. კ-მა იპოთეკით დატვირთა თავისი კუთვნილი სახლი, მდებარე ქ.ქუთაისში, ... გამზირი, ¹...-ში. მოსარჩელეთა მითითებით, მოპასუხემ უხეშად დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი მოვალეობების შესრულების ვადა, ნებაყოფლობით არ უბრუნებს ნასესხებ თანხას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იპოთეკის ხელშეკრულების თანახმად გადახდევინება უნდა მოხდეს მოპასუხის გ. კ-ის ბინაზე, მდებარე ქ.ქუთაისში, .... გამზ. ¹...-ში.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილებით მ. ა-ის და ნ. გ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გ. კ-ს მ. ა-სა და ნ. გ-ის სასარგებლოდ სოლიდარულად, დაეკისრა დავალიანების თანხის 6572 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა. გ. კ-ის მიერ დავალიანების ნებაყოფლობით გადაუხდელობის გამო იძულებითი აუქციონის წესით რეალიზებულ იქნა იპოთეკით დატვირთული გ. კ-ის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლი, მდებარე ქ.ქუთაისში, ... გამზირი ¹...-ში.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ. ა-მ და ნ. გ-მა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა გ. კ-მაც.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილებით მ. ა-სა და ნ. გ-ის, გ. კ-ის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მ. ა-ის და ნ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გ. კ-ს მ. ა-სა და ნ. გ-ის სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანების 8957 აშშ დოლარის გადახდა. გ. კ-ის მიერ დავალიანების ნებაყოფლობით გადაუხდელობის შემთხვევაში იძულებითი აუქციონის წესით რეალიზებულ იქნა იპოთეკით დატვირთული გ. კ-ის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლი, მდებარე ქ.ქუთაისში, .... გამზირი ¹...-ში. საპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2003 წლის 17 დეკემბრის ხელშეკრულებით გ. კ-ს მ. ა-მ ასესხა 3500 აშშ დოლარი ექვსი თვის ვადით, ხოლო ნ. გ-მა 1800 აშშ დოლარი ყოვერლთვიურად 4%-ის დარიცხვით. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ქ.ქუთაისში, ... ქ. ¹...-ში მდებარე გ. კ-ის კუთვნილი საცხოვრებელი სახლი. სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 361-ე, 429-ე და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლებზე მითითებით მიიჩნია, რომ საქმეში არ მოიპოვება გ. კ-ის მიერ მ. ა-სა და ნ. გ-სათვის სესხის დაბრუნების დამადასტურებელი მტკიცებულება, შესაბამისად, გ. კ-ის მიერ ვალდებულება არ შესრულებულა, სააპელაციო სასამართლომ საფუძვლიანად მიიჩნია სასარჩელო მოთხოვნა სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ძირითადი ვალის 5300 აშშ დოლარის და 6 თვის ვადაში მისი 4%-ის დაკისრების თაობაზე. სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 403-ე და 625-ე მუხლებზე მითითებით ნაწილობრივ საფუძვლიანად ჩათვალა მოთხოვნა ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების თაობაზე, რადგან ჩათვალა, რომ ხელშეკრულების დადებისა და ვალდებულების შესრულების დროისათვის ეროვრული ბანკის მიერ პროცენტის დადგენილი ზღვრული ოდენობა შეადგენდა 2.4%-ს, გ. კ-სათვის ზიანის ანაზღაურების სახით ყოველ ვადაგადაცილებულ თვეზე ძირითადი თანხის 4%-ის დაკისრება შეუსაბამოა ეროვნული ბანკის დადგენილ ზღვრულ ოდენობასთან, შესაბამისად, მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელეთა სასარგებლოდ 5300 აშშ დოლარის 3%, რაც მთლიანობაში შეადგენს 2385 აშშ დოლარს. სააპელაციო სასამართლომ ასევე საფუძვლიანად ჩათვალა სასარჩელო მოთხოვნა გ. კ-ის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო იპოთეკით დატვირთული მისივე ქონების რეალიზაციის თაობაზე. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, სასამართლომ არასაკმარისად გამოიკვლია ფაქტობრივი გარემოებები და არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ, რითაც საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე” პუნქტის შესაბამისად მისი გაუქმების საფუძველია. სააპელაციო სასამართლომ გ. კ-ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა სარჩელის დაკმაყოფილებაზე მთლიანად უარს თქმის თაობაზე მიიჩნია უსაფუძვლოდ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა გ. კ-მა, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. კასატორის მითითებით, 2003 წლის 17 დეკემბერს მასა და მოპასუხე მ. ა-ს შორის დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად მ. ა-მ მას გადასცა 3300 აშშ დოლარი, რის სანაცვლოდ დაიტვირთა მის საკუთრებაში არსებული ბინა, მდებარე ქ.ქუთაისში, .... გამზირი ¹...-ში. იპოთეკის ხელშეკრულებაში კი მიეთითა 5300 აშშ დოლარი. მას პროცენტის სახით გადახდილი აქვს 4800 აშშ დოლარამდე. პროცენტებს გადასცემდა მოწმეთა თანდასწრებით, ბოლო თანხის გადაცემაზე მან მოითხოვა ხელწერილის ჩამორთმევა, მაგრამ მ. ა-მ ამაზე უარი განუცხადა. სასამართლოში მ. ა-მ მიღებული თანხის აღიარებაზე უარი განაცხადა. სააპელაციო სასამართლომ მოცემული საქმის გადაწყვეტისას არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მას მოსარჩელეთათვის გადახდილი აქვს 4800 აშშ დოლარი, რაც შესაძლებელი იყო დადასტურებულიყო მოწმეთა ჩვენებებით, მაგრამ სასამართლომ მოწმეები არ დაკითხა. ეს გარემოება რომ არ შეეფერებოდეს სიმართლეს, მ. ა-ე და ნ. გ-ი სასამართლოს მიმართავდნენ იპოთეკის ხელშეკრულების ვადის გასვლისთანავე, ხოლო ხელშეკრულების ვადა გაგრძელდებული არ ყოფილა და არც ახალი ხელშეკრულება გაფორმებულა. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მოცემული საქმე განიხილა მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველია. სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონის მოთხოვნა იმის შესახებ, რომ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის პროცენტი უნდა იყოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი საპროცენტო განაკვეთთან შესაბამისობაში; სასამართლომ უგულვებელყო სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის პირველი ნაწილი და 625-ე მუხლის მოთხოვნები, რის შედეგად გადაწყვეტილება მიიღო საპროცესო დარღვევით. მოსარჩელეს არცერთ სასამართლო ინსტანციაში არ წარმოუდგენია იმის დამადასტურეელი მტკიცებულება, თუ რას შეადგენდა ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი საპროცენტო განაკვეთი, რის გარეშეც სასამართლოს არ შეეძლო შეეფასებინა და დაედგინა საპროცენტო განაკვეთის ოდენობა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006 წლის 6 ნოემბრის განჩინებით გ. კ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად; მოწინააღმდეგე მხარეს განესაზღვრა 20 დღის ვადა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად;

კასატორის მოწინააღმდეგე მხარე მ. ა-მ და ნ. გ-მა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხთან დაკავშირებით წარმოდგენილ მოსაზრებაში მიუთითეს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს, რომ მოცემული საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რის გამოც წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ გ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულება აღემატება 50000 ლარს. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის მიხედვით, არაქონებრივ-სამართლებრივ დავებში საკასაციო საჩივარი დასაშვებია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებულ დავებზე. ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დამკვიდრებული პრაქტიკა გაზიარებულია სააპელაციო სასამართლოს მიერ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლით დასაშვები არ არის.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას გ. კ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე და 284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

დაუშვებლად იქნეს მიჩნეული გ. კ-ის საკასაციო საჩივარი.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.