საქმე №131აგ-16 2 დეკემბერი, 2016 წელი
გ-ი კ, 131აგ-16 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),
ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულების - კ. გ-ისა და ო. მ-ის ადვოკატების - პ. გ-ის, ი. ნ-ისა და მ. ა-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 28 აპრილის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 7 მარტის განაჩენით დამტკიცდა პროკურორსა და ბრალდებულებს - კ. გ-სა და ო. მ-ეს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება. კ. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 196–ე მუხლის მე–3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ–ის 63–ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით; მასვე სსკ–ის 42–ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 2000 ლარი; სსკ–ის 197–ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ–ის 63–ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით. სსკ–ის 59–ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და საბოლოოდ კ. გ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ–ის 63–64–ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, ხოლო გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 5 წელი. მასვე სსკ–ის 42–ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 2000 ლარი. მსჯავრდებულ კ. გ-ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2011 წლის 26 ოქტომბრიდან 2012 წლის 7 მარტის ჩათვლით.
2. იმავე განაჩენით ო. მ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 196–ე მუხლის მე–3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ–ის 50–ე მუხლის მე–5 ნაწილის საფუძველზე 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 2 წელი და 6 თვე ჩაეთვალა პირობით; მასვე საქართველოს სსკ–ის 42–ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 2000 ლარი; სსკ–ის 197–ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ–ის 63–ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით. სსკ–ის 59–ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და საბოლოოდ ო. მ-ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ–ის 50–ე მუხლის მე–5 ნაწილის საფუძველზე 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 4 წელი სსკ–ის 63–64–ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 5 წელი; მასვე სსკ–ის 42–ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 2000 ლარი. მსჯავრდებულ ო. მ-ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2011 წლის 26 ოქტომბრიდან.
3. 2016 წლის 18 აპრილს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართეს მსჯავრდებულების – კ. გ-ისა და ო. მ-ის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა, რომლებმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მოითხოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 7 მარტის განაჩენის გადასინჯვა იმ მოტივით, რომ ბრალდების ერთადერთი მტკიცებულება - ექსპერტიზის დასკვნა ბრალდების მხარეს არც ბრალდებულებისთვის გადაუცია და არც სასამართლოში წარუდგენია, სასამართლომ კი ისე დაამტკიცა მხარეთა შორის გაფორმებული საპროცესო შეთანხმება, რომ საქმის მასალები სათანადოდ არ შეუსწავლია. ამასთან, შპს „მშენებელი 2004–მა“ გაასაჩივრა კამერალური შემოწმების აქტი, რომელსაც საფუძვლად დაედო აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა. საქმის ადმინისტრაციული წესით განხილვისას სასამართლოში მოიწვიეს ექსპერტიზის დასკვნის ავტორები, რომელთა ჩვენებებითაც გამოირიცხა მსჯავრდებულების ქმედებაში სსკ–ის 197–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება. შუამდგომლობის ავტორები ახალ გარემოებად მიიჩნევენ იმ ფაქტსაც, რომ 2012 წლის 24 დეკემბერს შპს „მშენებელი 2004–ს“ სავაჭრო ნიშნად დაურეგისტრირდა ის სავაჭრო ნიშანი, რომლის გამოც მათ უკანონოდ დაედოთ მსჯავრი.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 11 აპრილის განჩინებით მსჯავრდებულების – კ. გ-ისა და ო. მ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების შუამდგომლობა დაუშვებლად იქნა ცნობილი.
5. კასატორები, მსჯავრდებულების - კ. გ-ისა და ო. მ-ის ადვოკატები - პ. გ-ე, ი. ნ-ი და მ. ა-ი საკასაციო საჩივრით ითხოვენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 28 აპრილის განჩინების გაუქმებასა და შუამდგომლობის განსახილველად დაშვებას შუამდგომლობაში მითითებული მოტივებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლში მითითებულია ის საფუძვლები, რომელთა შემთხვევაშიც შესაძლებელია ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა, კერძოდ:
განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ:
ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;
დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;
ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;
ე1) არსებობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის, ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის, წამების წინააღმდეგ კომიტეტის ან რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის (შემდგომ − კომიტეტი) გადაწყვეტილება, რომლითაც ამ საქმესთან დაკავშირებით დადგენილ იქნა კომიტეტის დამაარსებელი კონვენციის დარღვევა, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;
ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;
ზ) წარდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო;
ზ 1) წარდგენილია პროკურორის დადგენილება მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში მისი უფლების არსებითი დარღვევის შესახებ, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს ცნობილი არ იყო და თავისთავად ან/და სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო;
თ) არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომელმაც უკანონოდ ცნო ის ფარული საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგად მოპოვებული მტკიცებულება საფუძვლად დაედო განაჩენს.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არც ერთ ზემოთ ჩამოთვლილ საფუძველს არ აკმაყოფილებს. პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივებს შუამდგომლობასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის გარემოებებს.
საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ კასატორების მიერ მითითებული ექსპერტიზის დასკვნის შესახებ ცნობილი იყო როგორც მხარეებისთვის, ისე სასამართლოსთვის. შესაბამისად, ის ფაქტი, რომ ისინი აღარ ეთანხმებიან აღნიშნული დასკვნის შინაარსს, ვერ გახდება ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის საფუძველი, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ გადასასინჯი განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება, რომლის თანახმადაც, ბრალდებულები აღიარებდნენ დანაშაულს და არ ჰქონდათ არანაირი პრეტენზია წარდგენილ ბრალდებასთან.
რაც შეეხება თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 25 დეკემბრის ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებას, სააპელაციო პალატამ სწორად მიუთითა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით არ დადგენილა რაიმე ახალი გარემოება, რაც შესაძლოა, მსჯავრდებულების უდანაშაულობაზე ან მათ მიერ უფრო მსუბუქი დანაშაულის ჩადენაზე მიუთითებდეს, კერძოდ: ხსენებული გადაწყვეტილების თანახმად, ექსპერტთა განმარტებით, ცემენტის მარკა მხოლოდ კლინკერის ოდენობაზე არ არის დამოკიდებული, რამდენადაც მას განსაზღვრავს თავად კლინკერის ხარისხი, რომელიც, თავის მხრივ, სხვადასხვა მინერალისგან შედგება. მოცემულ შემთხვევაში კი კლინკერის ხარისხის დადგენა ექსპერტიზის კვლევის საგანი არ ყოფილა და, შესაბამისად, არ შემოწმებულა. ის ფაქტი, რომ კლინკერის ხარისხის დადგენა ექსპერტიზის კვლევის საგანი არ ყოფილა, დასტურდება თვით ექსპერტიზის დასკვნითაც, რაც, თავის მხრივ, ცნობილი იყო დაცვის მხარისთვის საპროცესო შეთანხმების დამტკიცებამდე.
რაც შეეხება შპს „მშენებელი 2004–ისთვის“, 2012 წლის 24 დეკემბერს სავაჭრო ნიშნის დარეგისტრირების ფაქტს, აღნიშნული ასევე ვერ გახდება განაჩენის გადასინჯვის საფუძველი, ვინაიდან პალატა მიუთითებს, რომ სსსკ-ის 310–ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანხამად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენი გადაისინჯება, თუ წარდგენილი იქნება ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი, მაგრამ არსებობდა და რომლის წარმოუდგენლობას სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას ობიექტური მიზეზები ჰქონდა. მოცემულ შემთხვევაში შპს-თვის სავაჭრო ნიშნის დარეგისტრირება მოხდა კ. გ-ისა და ო. მ-ის მსჯავრდების შემდეგ, რის გამოც ვერ გახდება განაჩენის გადასინჯვის საფუძველი.
ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება მსჯავრდებულების - კ. გ-ისა და ო. მ-ის ადვოკატების - პ. გ-ის, ი. ნ-ისა და მ. ა-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერია, მისი გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულების - კ. გ-ისა და ო. მ-ის ადვოკატების - პ. გ-ის, ი. ნ-ისა და მ. ა-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 28 აპრილის განჩინება მსჯავრდებულების - კ. გ-ისა და ო. მ-ის ადვოკატების - პ. გ-ის, ი. ნ-ისა და მ. ა-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე