Facebook Twitter

¹ას-539-848-09 9 ნოემბერი, 2009წ.

თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

ლ. ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნ. კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) _ თ. მ-შვილი

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 16 აპრილის განჩინება

დავის საგანი _ ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2007 წლის 28 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სასარჩელო განცხადებით მიმართა თ. მ-შვილმა მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა: ა. სამუშაოდან მისი გათავისუფლების შესახებ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2007 წლის 4 მაისის ¹2000პ/შ ბრძანების ბათილად ცნობა; ბ. სამუშაოზე აღდგენა; გ. 2006 წლის კუთვნილი შვებულების გამოყენების უფლების მინიჭება; დ. შრომის კოდექსის 38.3 მუხლით გათვალისწინებული კომპენსაციის ანაზღაურება.

მოსარჩელე მიუთითებდა, რომ 2002 წლის მაისიდან მუშაობდა დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საფინანსო სამსახურში. 2007 წლის 4 მაისის ¹2000პ/შ ბრძანებით გათავისუფლდა სამსახურიდან შრომის კოდექსის 9.2 მუხლის საფუძველზე. დაცვის პოლიციის დეპარტამენტის კადრების სამმართველოს უფროსის 2007 წლის 16 ივნისის წერილით მოსარჩელეს განემარტა, რომ რეორგანიზაციის პერიოდში დანიშნული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველოს საფინანსო განყოფილების მთავარ სპეციალისტად, გამოსაცდელი ვადით, ხოლო დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელობის მიერ აღნიშნულ თანამდებობაზე მისი კანდიდატურა არ წამოყენებულა, რის გამოც იგი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა.

სარჩელში აღნიშნულია, რომ 2007 წლის 20 იანვრიდან დაცვის პოლიციის დეპარტამენტში განხორციელებული რეორგანიზაციის გამო დეპარტამენტის საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფისა და საბუღალტრო აღრიცხვის სამმართველოს ნაცვლად ჩამოყალიბდა საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველო. საფინანსო განყოფილება, სადაც მოსარჩელე მუშაობდა, რეორგანიზაციის შედეგად არ გაუქმებულა. მიუხედავად ამისა, თ. მ-შვილი გაფრთხილებულ იქნა რეორგანიზაციის გამო სამსახურიდან შესაძლო გათავისუფლების შესახებ და 2007 წლის 9 თებერვლის ¹431პ/შ ბრძანებით შრომის კოდექსის 37-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის საფუძველზე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, თუმცა 9 თებერვლის ¹432პ/შ ბრძანებით საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველოს საფინანსო განყოფილებაში დაინიშნა სპეციალისტის თანამდებობაზე 3-თვიანი გამოსაცდელი ვადით, რაც მისთვის ცნობილი გახდა 2007 წლის 24 მაისს. მითითებული დროის განმავლობაში მოსარჩელე დატვირთული იყო სრულად. დეპარტამენტის საჭიროებიდან გამომდინარე, მან ვერ ისარგებლა 2006 წლის კუთვნილი შვებულებით, კერძოდ, 2006 წლის 25 ოქტომბრის ბრძანებით თ. მ-შვილს 2006 წლის 1 ნოემბრიდან 2007 წლის 5 იანვრამდე დაევალა დეპარტამენტის ცენტრალური საინვენტარიზაციო კომისიის მუშა ჯგუფის უფროსის მოვალეობის შესრულება დეპარტამენტის ცენტრალურ აპარატში 2006 წლის ინვენტარიზაციის ჩატარებასთან დაკავშირებით, შემდეგ მონაწილეობდა ინვენტარიზაციის შედეგების გამოყვანასა და ამ საკითხთან დაკავშირებით საოქმო გადაწყვეტილების მისაღებად პროექტის მომზადებაში. 2007 წლის 26 იანვრის ¹278პ/შ ბრძანებით მოსარჩელე მარნეულის დაცვის პოლიციის განყოფილებაში ახდენდა 2006 წლის წლიური ბალანსის მონაცემების რეალობის შემოწმებას. შემოწმების პერიოდში იგი გაფრთხილებულ იქნა შესაძლო გათავისუფლების შესახებ, ხოლო შემდეგ მოხდა მისი სამსახურიდან დათხოვნა (ტომი I, ს.ფ. 2-6, 9).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 20 სექტემბრის განჩინებით თ. მ-შვილის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ამავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას (ტომი I, ს.ფ. 100-103).

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით თ. მ-შვილის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ერთი თვის შრომის ანაზღაურების სახით 550 ლარის გადახდა, თ. მ-შვილის სარჩელი სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2007 წლის 4 მაისის ¹2000პ/შ ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და 2006 წლის კუთვნილი შვებულების გამოყენების უფლების მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ საქმეზე დადგენილად მიიჩნია, რომ თ. მ-შვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2007 წლის 9 თებერვლის ¹431 პ/შ ბრძანებით გათავისუფლდა საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველოს საფინანსო განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობიდან. გარდა ამისა, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2007 წლის 9 თებერვლის ¹432 პ/შ ბრძანებით დაინიშნა საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველოს საფინანსო განყოფილებაში მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე სამთვიანი გამოსაცდელი ვადით, ხოლო 2007 წლის 4 მაისის ¹2000 პ/შ ბრძანებით იგი თანამდებობიდან გათავისუფლდა.

საქალაქო სასამართლოს მითითებით, მოსარჩელის საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველოს საფინანსო განყოფილებაში მთავარი სპეციალისტის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2007 წლის 9 თებერვლის ¹431 პ/შ ბრძანების საფუძველს წარმოადგენს შრომითი ხელშეკრულების მოშლა.

შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების დამსაქმებლის ინიციატივით მოშლის შემთხვევაში დასაქმებულს მიეცემა არანაკლებ 1 თვის შრომის ანაზღაურება. რამდენადაც საქმეში არ მოიპოვებოდა მტკიცებულება, რომელიც თ. მ-შვილის მიერ ერთი თვის შრომის ანაზღაურების მიღებას დაადასტურებდა, ამასთან, დგინდებოდა, რომ მოსარჩელის ერთი თვის შრომის ანაზღაურება სამუშაოდან გათავისუფლების მომენტისათვის 500 ლარს შეადგენდა, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელის მოთხოვნა ერთი თვის შრომის ანაზღაურების სახით 500 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების შესახებ საფუძვლიანი იყო და დაკმაყოფილებას ექვემდებარებოდა.

რაც შეეხებოდა მოთხოვნებს ბრძანების ბათილად ცნობისა და სამუშაოზე აღდგენის შესახებ, საქალაქო სასამართლომ მათი დაუკმაყოფილებლობის საფუძვლად მიუთითა შრომის კოდექსის მე-9 მუხლის მე-2 ნაწილზე და განმარტა, რომ დამსაქმებელს უფლება აქვს, წერილობითი ფორმით გაფორმებული გამოსაცდელი ვადით დადებული ხელშეკრულების პირობებში, გამოსაცდელი ვადის განმავლობაში ნებისმიერ დროს დადოს კანდიდატთან შრომითი ხელშეკრულება ან მოშალოს გამოსაცდელი ვადით დადებული შრომითი ხელშეკრულება. ამდენად, შრომის კანონმდებლობა დამსაქმებელს არ ავალდებულებს, მიუთითოს შრომითი ხელშეკრულების მოშლის მოტივებზე და ანიჭებს მას უფლებას ნებისმიერ დროს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში თავისი შეხედულებისამებრ მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების მოშლის თაობაზე. მით უფრო, გამოსაცდელი ვადის პირობებში დამსაქმებელმა მხოლოდ თავისი შეხედულებით და არა სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში უნდა განსაზღვროს დაქირავებულ პირთან შემდგომი ურთიერთობის საკითხი.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საქალაქო სასამართლომ დაასკვნა, რომ მოპასუხე დაწესებულების ადმინისტრაციას თ. მ-შვილის მიმართ 2007 წლის 4 მაისს ხელშეკრულების მოშლის გადაწყვეტილების მიღებისას შრომის კოდექსის მოთხოვნები არ დაურღვევია.

საქალაქო სასამართლომ ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა 2006 წლის შვებულების გამოყენების უფლების მინიჭების ნაწილში, რაც შემდეგნაირად დაასაბუთა:

საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე შრომით და მის თანმდევ ურთიერთობებს აწესრიგებს შრომის კოდექსი. აქედან გამომდინარე, დასაქმებულის მიერ შვებულების გამოყენების უფლების რეალიზება დასაშვები იყო შრომითი ურთიერთობის პირობებში და არა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგ (ტომი I, ს.ფ. 121-124).

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. მ-შვილმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება (ტომი I, ს.ფ. 128-131, 152-156).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 16 ივლისის განჩინებით თ. მ-შვილის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე განსჯადობით განსახილველად გადაეცა ამავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას (ტომი I, ს.ფ. 214-218).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით თ. მ-შვილის სააპელაციო საჩივარი, საქმის მასალებთან ერთად, განსჯადობის თაობაზე დავის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას (ტომი II, ს.ფ. 12-17).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 16 დეკემბრის განჩინებით თ. მ-შვილის სააპელაციო საჩივარი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებარა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას (ტომი II, ს.ფ. 20-34).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 16 აპრილის განჩინებით თ. მ-შვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა სადავო სამართალურთიერთობის შრომის კოდექსის მე-9 მუხლის მე-2 ნაწილით მოწესრიგების მართებულობის თაობაზე. კანონის დასახელებული ნორმის თანახმად, დამსაქმებელს უფლება აქვს, წერილობითი ფორმით გაფორმებული გამოსაცდელი ვადით დადებული ხელშეკრულების პირობებში, გამოსაცდელი ვადის განმავლობაში ნებისმიერ დროს დადოს კანდიდატთან შრომითი ხელშეკრულება ან მოშალოს გამოსაცდელი ვადით დადებული შრომითი ხელშეკრულება.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე სადავოდ არ ხდიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2007 წლის 9 თებერვლის ¹431 და ¹432 პ/შ ბრძანებებს, მოთხოვნის საფუძვლად იმ ფაქტობრივი გარემოების მითითება, რომ მისთვის გამოსაცდელი ვადით დანიშვნის შესახებ ცნობილი გახდა მხოლოდ გათავისუფლების შესახებ დამსაქმებლის 2007 წლის 4 მაისის ბრძანების ჩაბარებისას, ვერ გახდებოდა გასაჩივრებული ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველი.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მითითება იმის შესახებ, რომ, ვინაიდან მასთან წერილობითი შრომითი ხელშეკრულება არ დადებულა, რაც შრომის კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის აუცილებელ მოთხოვნას წარმოადგენს, ამიტომ წერილობითი ფორმის დაცვის გარეშე დადებული ხელშეკრულება უნდა მიჩნეულიყო არა გამოსაცდელი ვადით დადებულ ხელშეკრულებად, არამედ _ შრომით ხელშეკრულებად. ამასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ მიუთითა შრომის კოდექსის მე-6 მუხლის პირველ და მე-3 ქვეპუნქტებზე და აღნიშნა, რომ შრომითი ხელშეკრულება იდება წერილობით ან ზეპირი ფორმით, განსაზღვრული, განუსაზღვრელი ან სამუშაოს შესრულების ვადით; დამსაქმებლის მიერ გამოცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება დამსაქმებლის ნება სამუშაოზე მიღების თაობაზე, უთანაბრდება შრომითი ხელშეკრულების დადებას. აღნიშნულის გათვალისწინებითYსააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო შემთხვევაში დამსაქმებლის _ შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის ბრძანება თავისი შინაარსით წარმოადგენდა დამსაქმებლის მიერ დადებულ წერილობით ხელშეკრულებას.

საქმეზე დგინდებოდა, რომ თ. მ-შვილი 2007 წლის 9 თებერვლიდან _ ¹432 ბრძანების გამოცემიდან _ ფაქტობრივად ასრულებდა შრომით საქმიანობას 2007 წლის 4 მაისამდე, დამსაქმებლის მიერ ¹2000 ბრძანების გამოცემამდე. შრომის კოდექსის მე-7 მუხლის თანახმად, შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა დამსაქმებლის მიერ სამუშაოს შესრულების ფაქტობრივად დაწყების მომენტიდან, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. კანონის აღნიშნული ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თ. მ-შვილი თავის სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა დამსაქმებლის მიერ 2007 წლის 9 თებერვლის ¹432 პ/შ ბრძანების გამოცემიდან სამთვიანი გამოსაცდელი ვადით.

სააპელაციო სასამართლომ ასევე სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა შვებულების გამოყენების უფლებასთან დაკავშირებით და მიიჩნია, რომ დამსაქმებლის მიერ შვებულების უფლების რეალიზება დასაშვებია შრომითი ურთიერთობების არსებობის პირობებში და არა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას, შესაბამისად, არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები (ტომი III, ს.ფ. 12-18).

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. მ-შვილმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება.

კასატორის მითითებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებს ყურადღება არ მიუქცევიათ იმ უზუსტობაზე, რაც სადავო ბრძანებაშია ასახული, კერძოდ, მასში მითითებულია თ. სამსონის ძე მ-შვილზე, ნაცვლად თ. სიმონის ძე მ-შვილისა.

კასატორი აღნიშნავს, რომ, მართალია, მოპასუხე დაწესებულებაში არსებული რეორგანიზაციის დროს იგი გააფრთხილეს სამუშაოდან შესაძლო გათავისუფლების შესახებ, მაგრამ 2007 წლის 9 თებერვალს სამუშაოდან ჯერ გათავისუფლების, შემდეგ კი იმავე რიცხვში თანამდებობაზე საგამოცდო ვადით დანიშვნის შესახებ ინფორმირებული არ ყოფილა.

თ. მ-შვილი მიუთითებს შრომის კოდექსის მე-9 მუხლზე, რომლის თანახმად, შესასრულებელ სამუშაოსთან პირის შესაბამისობის დადგენის მიზნით მხარეთა შეთანხმებით შესაძლებელია კანდიდატთან მხოლოდ ერთხელ დაიდოს შრომითი ხელშეკრულება გამოსაცდელი ვადით და არა უმეტეს 6 თვისა, შრომითი ხელშეკრულება გამოსაცდელი ვადით შეიძლება დაიდოს მხოლოდ წერილობითი ფორმით, სხვა შემთხვევაში ასეთი ხელშეკრულება ჩაითვლება შრომით ხელშეკრულებად.

სადავო შემთხვევაში არ არსებობდა წერილობითი ფორმა, არც შეთანხმება მომხდარა, არც შესასრულებელი სამუშაოები და მისი შესრულების ვადები განსაზღვრულა, რომ არაფერი ითქვას შრომის პირობებსა და შრომის ანაზღაურებაზე. კასატორის აზრით, ყოველივე აღნიშნული ასაბუთებს იმას, რომ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2007 წლის 9 თებერვლის ¹432 ბრძანება ფაქტობრივად წარმოადგენს არა საგამოცდო ვადით დანიშვნის ბრძანებას, არამედ _ შრომის კოდექსის მე-6 მუხლით გათვალისწინებულ შრომის ხელშეკრულებას.

იმ პირობებში, როდესაც 2007 წლის იანვრის თვიდან სამუშაოდან გათავისუფლების დრომდე (ამავე წლის მაისამდე), თ. მ-შვილს არაერთი საპასუხისმგებლო ფუნქციის შესრულება დაეკისრა, თანამდებობაზე მისი კანდიდატურის წამოუყენებლობის მოტივით სამუშაოდან გათავისუფლებას იგი არამართლზომიერად მიიჩნევს. გარდა ამისა, კასატორის აზრით, მითითებული გარემოება კიდევ უფრო მეტად ცხადყოფს, რომ მოსარჩელე სამუშაოზე დაშვებული იყო არა საგამოცდო ვადით, არამედ _ შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე (ტომი III, ს.ფ. 22-33).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 16 აპრილის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:

შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის 2007 წლის 4 მაისის ¹2000პ/შ სადავო ბრძანებით ამავე დეპარტამენტის საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველოს საფინანსო განყოფილების მთავარი სპეციალისტი თ. მ-შვილი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან შრომის კოდექსის მე-9 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე. კანონის აღნიშნული ნორმის თანახმად, დამსაქმებელს უფლება აქვს, გამოსაცდელი ვადის განმავლობაში ნებისმიერ დროს დადოს კანდიდატთან შრომითი ხელშეკრულება ან მოშალოს გამოსაცდელი ვადით დადებული შრომითი ხელშეკრულება.

სააპელაციო სასამართლომ თ. მ-შვილი მიიჩნია საგამოცდო ვადით დანიშნულ პირად დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2007 წლის 9 თებერვლის ¹432 პ/შ ბრძანების საფუძველზე და იმის გამო, რომ თ. მ-შვილს აღნიშნული ბრძანება არ გაუსაჩივრებია, ასევე არ გაუსაჩივრებია საგამოცდო ვადით დანიშვნამდე გამოცემული მისი თავდაპირველი გათავისუფლების ბრძანება (2007 წლის 9 თებერვლის ¹431 პ/შ ბრძანება), სააპელაციო სასამართლომ მისი გათავისუფლება მართლზომიერად მიიჩნია.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 2007 წლის 9 თებერვლის ¹432 პ/შ ბრძანება თ. მ-შვილის გამოსაცდელი ვადით დანიშვნის შესახებ საქმის მასალებში არ არის წარმოდგენილი. თავად თ. მ-შვილი ყოველთვის სადავოდ ხდიდა, რომ აღნიშნული ბრძანება მას არ ჩაბარებია და ამ ბრძანების არსებობის შესახებ არ იცოდა. თავად მოპასუხე საქმის მასალებში აცხადებს, რომ მათ მიერ ვერ მოხერხდა ბრძანების წარმოდგენა, რადგან დედნის სახით არ არის მათ სამსახურში და თუ დრო მიეცემათ, წარმოადგენენ (ტ.1, ს.ფ.118).

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოსატანად მნიშვნელოვანია, გაირკვეს, არსებობს თუ არა დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2007 წლის 9 თებერვლის ¹432 პ/შ ბრძანება თ. მ-შვილის საგამოცდო ვადით დანიშვნის შესახებ და წარმოდგენილ იქნეს საქმის მასალებში. აღნიშნული უკავშირდება საქმეზე სწორი გადაწყვეტილების გამოტანას, რამდენადაც, თუკი აღნიშნული ბრძანება არ არსებობს, ასეთ შემთხვევაში, შრომის კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ითვლება, რომ მოსარჩელეთან 2009 წლის 9 თებერვლიდან დადებულია ახალი შრომითი ხელშეკრულება განუსაზღვრელი ვადით, რომელიც ვერ შეწყდებოდა საგამოცდო ვადის საფუძვლით.

საქმის ხელახალი განხილვისას სააპელაციო სასამართლომ შესაბამის მტკიცებულებაზე დაყრდნობით უნდა გამოარკვიოს ზემოაღნიშნული გარემოება, კერძოდ, სარწმუნოდ უნდა დაადგინოს, წარმოადგენდა თუ არა თ. მ-შვილი დაკავებულ თანამდებობაზე გამოსაცდელი ვადით დანიშნულ კანდიდატს.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ გასაჩივრებული ბრძანების გაუქმების საფუძველი შეიძლება იყოს ბრძანებაში მისი მამის სახელის შეცდომით მოხსენიება. სადავო არაა, რომ აღნიშნული ბრძანებით სწორედ თ. მ-შვილი და არა სხვა პირი გათავისუფლდა თანამდებობიდან, ხოლო მამის სახელის შეცდომით მითითება წარმოადგენს მხოლოდ ტექნიკურ შეცდომას, რაც სამოქალაქო კოდექსის 78-ე მუხლის საფუძველზე იძლევა შესწორების და არა შეცილების უფლებას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 16 აპრილის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.