Facebook Twitter

განჩინება

საქართველოს სახელით

¹ას-539-881-07 29 იანვარი, 2008 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)

მ. ცისკაძე (მომხსენებელი), ნ. კვანტალიანი

სხდომის მდივანი _ ე. ხაჩიძე

კასატორი _ გ. გ-ანი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – “ს.-ი” (მოპასუხე)

დავის საგანი _ ზიანის ანაზღაურება

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 19 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

გ. გ-ანმა 2004 წლის სექტემბერში სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს მოპასუხე “ს.-ის” მიმართ და მოითხოვა მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

ა. და ე. ბ-ძეებმა და ა. ა-იანმა 2004 წლის ოქტომბერში ასევე სასარჩელო განცხადებით მიმართეს სასამართლოს მოპასუხე “ბ.-ის” მიმართ და მოითხოვეს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 7 დეკემბრის განჩინებით არასათანადო მოპასუხე “ბ.-ა” შეიცვალა სათანადო მოპასუხით “ს.-ით”.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 23 მარტის განჩინებით ზემოაღნიშნული სარჩელები გაერთიანდა ერთ წარმოებად.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 19 მაისის გადაწყვეტილებით მოსარჩელეებს ა. ბ-ძეს, ე. ბ-ძეს, ა. ა-იანს და გ. გ-ანს უარი ეთქვათ სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ა. და ე. ბ-ძეებმა, ა. ა-იანმა და გ. გ-ანმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 19 აპრილის განჩინებით ა. ბ-ძის, ა. ა-ნის, ე. ბ-ძის, გ. გ-ანის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 19 მაისის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 19 აპრილის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა გ. გ-ანმა, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება.

საკასაციო სასამართლოს 2008 წლის 29 იანვრის სხდომაზე მხარეებმა იშუამდგომლეს საქმის მორიგებით დამთავრების შესახებ და წარმოადგინეს შემდეგი შინაარსის მორიგების აქტი:

შპს “ს.-ის” ფილიალი მორიგების დამტკიცების დღიდან ერთი კვირის განმავლობაში მოსარჩელე გ. გ-ანის მიერ მითითებულ რეკვიზიტებზე გადარიცხავს 5000 აშშ დოლარის ეკვივალენტს ეროვნულ ვალუტაში.

გ. გ-ანი უარს აცხადებს სასარჩელო მოთხოვნის დანარჩენ თანხაზე და მოპასუხის მიმართ არანაირი პრეტენზია ან მოთხოვნა აღარ გააჩნია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, მხარეთა მორიგების აქტის შინაარსის გაცნობის შედეგად თვლის, რომ მხარეთა შუამდგომლობა მორიგების აქტის დამტკიცების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. იმავე კოდექსის 218-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლომ ყოველნაირად უნდა შეუწყოს ხელი და მიიღოს კანონით გათვალისწინებული ყველა ზომა, რათა მხარეებმა საქმე მორიგებით დაამთავრონ. ზემოაღნიშნული ნორმების შესაბამისად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გ. გ-ანისა და შპს “ს.-ის” მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს შემდეგი პირობებით:

შპს “ს.-ი” კისრულობს ვალდებულებას მორიგების დამტკიცების დღიდან ერთი კვირის განმავლობაში გ. გ-ანის მიერ მითითებულ რეკვიზიტებზე გადარიცხოს 5000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში.

გ. გ-ანი უარს აცხადებს სასარჩელო მოთხოვნის დანარჩენ თანხაზე და მოპასუხის მიმართ არანაირი პრეტენზია ან მოთხოვნა აღარ გააჩნია.

საკასაციო პალატა თვლის, რომ მხარეთა მორიგების გამო უნდა გაუქმდეს მოცემულ საქმეზე გამოტანილი სასამართლოს გადაწყვეტილებები და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „დ“ პუნქტის შესაბამისად შეწყდეს მოცემული საქმის წარმოება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება. ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ გ. გ-ანს მხარეთა მორიგების გამო უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 1000 ლარიდან 500 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 218-ე მუხლის პირველი ნაწილით, 272-ე მუხლის “დ” პუნქტით, 49-ე მუხლის პირველი ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

დამტკიცდეს მორიგება გ. გ-ანსა და შპს “ს.-ს” შორის შემდეგი პირობებით:

შპს “ს.-ი” კისრულობს ვალდებულებას გადაუხადოს გ. გ-ანს 5000 (ხუთი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში საკასაციო საჩივრით მოთხოვნილი თანხის სანაცვლოდ მორიგების დამტკიცების დღიდან ერთი კვირის განმავლობაში.

გ. გ-ანი უარს აცხადებს სასარჩელო მოთხოვნის დანარჩენ თანხაზე და მოპასუხის მიმართ არანაირი პრეტენზია ან მოთხოვნა აღარ გააჩნია.

მხარეთა მორიგების გამო გაუქმდეს მოცემულ საქმეზე მიღებული სასამართლო გადაწყვეტილებები და მოცემულ საქმეზე შეწყდეს საქმის წარმოება.

განემარტოთ მხარეებს, რომ იმავე დავის საგანზე, იმავე საფუძვლით, იმავე მხარეებს შორის სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა არ შეიძლება.

მხარეთა მორიგების გამო გ. გ-ანს დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 1000 ლარიდან 500 ლარი.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.