¹ას-539-922-06 22 იანვარი, 2007 წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე),
თეიმურაზ თოდრია (მომხსენებელი), როზა ნადირიანი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თ. ს-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 17 მაისის გადაწყვეტილებაზე, საქმეზე – ლ. ს-ს სარჩელის გამო მოპასუხე თ. ს-ს მიმართ ზიანის ანაზღაურების შესახებ.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
მარტვილის რაიონული სასამართლოს სარჩელით მიმართა ლ. ს-მ მოპასუხე თ. ს-ს და მოითხოვა მიყენებული ზიანის 4400 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება.
მოსარჩელის განმარტებით, მარტვილის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით დამტკიცებული მორიგების აქტის შესაბამისად, ლ. ს-ს სარგებლობის უფლებით გადაეცა თ. ს-ს 1800 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან 900 კვ.მ და მიეცა უფლება წინა გზის პირიდან სიგრძეზე 33 მეტრის შემოერთების, ასევე თ. ს-ს კუთვნილი სამზარეულო სახლის მისთვის დროებით სარგებლობაში გადაცემულ ფართში გადატანისა და ამ ქონებით სარგებლობის უფლება, მანამდე ის ან მისი ოჯახის რომელიმე წევრი საკუთრებაში შეიძენდა რაიმე ქონებას. მოსარჩელემ მიუთითა, რომ მან ხეხილის შემოსავლით მხოლოდ ერთი წელი ისარგებლა, ხოლო თ. ს-ს წინააღმდეგობის გამო ხეხილის ორი წლის შემოსავლით არ უსარგებლია. ხეხილის შემოსავალი ორ წელიწადში შეადგენდა 3 400 ლარს. გარდა ამისა, თ. ს-მ დაშლილი სამზარეულოს ფიცრების წაღებით მიაყენა 1000 ლარის ზიანი.
მარტვილის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილებით ლ. ს-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. ს-მ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 17 მაისის გადაწყვეტილებით ლ. ს-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა მარტვილის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ლ. ს-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, თ. ს-ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 3400 ლარის გადახდა.
სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ მხარეთა შორის დამტკიცებული მორიგება არ მოიცავდა ლ. ს-ს მიერ მისთვის სარგებლობით გადაცემულ მიწის ნაკვეთზე ხეხილით სარგებლობის უფლებას, ვინაიდან მორიგების ხელშეკრულება ასეთ პირობას არ შეიცავს და სამოქალაქო კოდექსის 162-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ლ. ს-ს, როგორც მართლზომიერ მფლობელის კუთვნილებას წარმოადგენს მისთვის სარგებლობის უფლებით გადაცემული 900 კვ.მ მიწის ნაკვეთზე მოწეული ნაყოფი.
სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. ს-მ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006 წლის 10 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად; მოწინააღმდეგე მხარეს განესაზღვრა 20 დღის ვადა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად.
კასატორის მოწინააღმდეგე მხარე ლ. ს-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხზე საკასაციო სასამართლოში თავისი მოსაზრება არ წარმოუდგენია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. ს-ს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულება აღემატება 50000 ლარს. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის მიხედვით, არაქონებრივ-სამართლებრივ დავებში საკასაციო საჩივარი დასაშვებია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებულ დავებზე. ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას თ. ს-ს საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
თ. ს-ს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.