Facebook Twitter

საქმე №135აგ-16 5 დეკემბერი, 2016 წელი

ს. ნ., 135აგ-16 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),

ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ნ. ს-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. მ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 17 მაისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 4 ივნისის განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება ბრალდების მხარესა და მსჯავრდებულ ნ. ს-ეს შორის. იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273–ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (მარიხუანის მოხმარება) და სასჯელის სახით განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ–ის 63–64–ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით. სსკ–ის 59–ე მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 1100 ლარი და საბოლოოდ ნ. ს-ეს განაჩენთა ერთობლიობით განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ–ის 63–64–ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით და ჯარიმა - 1100 ლარი.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას შუამდგომლობით მიმართეს მსჯავრდებულმა ნ. ს-ემ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. მ-ემ, რომლებმაც მოითხოვეს ნ. ს-ის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილების შესაბამისად.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 17 მაისის განჩინებით შუამდგომლობა არ იქნა დაშვებული განსახილველად.

4. კასატორები - მსჯავრდებული ნ. ს. და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი მ. მ. ითხოვენ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 17 მაისის განჩინების გაუქმებასა და შუამდგომლობის განსახილველად დაშვებას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილების საფუძველზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს წარდგინების საფუძველზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2016 წლის 29 სექტემბრის განჩინებით საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით ძალადაკარგულად ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება ,,მარიხუანის“ მოხმარებისთვის.

3. პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება წარმოადგენს საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტით (არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი) გათვალისწინებულ, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველს, რის გამოც უნდა გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 17 მაისის განჩინება მსჯავრდებულ ნ. ს-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. მ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ და წარმოება დაუბრუნდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს, შუამდგომლობის განსახილველად დაშვების მიზნით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 17 მაისის განჩინება მსჯავრდებულ ნ. ს-ის მიმართ.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

პ. სილაგაძე