საქმე №136აგ-16 თბილისი
ჯ-ე ი. 136აგ-16 29 ნოემბერი, 2016 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),
ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ი. ჯ-ს ადვოკატების - დ. ბ-სა და თ. ჯ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 11 მაისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 24 ნოემბრის განაჩენით დამტკიცდა პროკურორსა და ი. ჯ-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება. ი. ჯ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით და მიესაჯა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ამავე კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 500 ლარი.
2. მსჯავრდებულ ი. ჯ-ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე 3 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.
3. 2016 წლის 5 მაისს რუსთავის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა ი. ჯ-მ და მოითხოვა მის მიმართ ამავე სასამართლოს 2014 წლის 24 ნოემბრის განაჩენით „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებების ვადამდე აღდგენა.
4. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის პირველი აპრილის განჩინებით მსჯავრდებულ ი. ჯ-ს შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა იმ მოტივით, რომ „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 11-ლი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისია არის უფლებამოსილი, მსჯავრდებულს ამავე კანონით ჩამორთმეული უფლებები ვადამდე აღუდგინოს ან ვადა შეუმციროს.
5. აღნიშნული განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ი. ჯ-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების შეცვლა და შუამდგომლობის დაკმაყოფილება.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 11 მაისის განჩინებით მსჯავრდებულ ი. ჯ-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის პირველი აპრილის განჩინება დარჩა უცვლელად.
7. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ი. ჯ-ს ადვოკატებმა - დ. ბ-მ და თ. ჯ-მ, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების შეცვლა და მსჯავრდებულ ი. ჯ-ს შუამდგომლობის დაკმაყოფილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ საქმისწარმოება უნდა შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებების ვადამდე აღდგენა გათვალისწინებულია ამავე კანონის მე-6 მუხლის 11-ლი ნაწილით, კერძოდ - მსჯავრდებულისათვის ამავე კანონით ჩამორთმეული უფლებების ვადამდე აღდგენის ან ვადის შემცირების უფლებამოსილება აქვს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველ მუდმივმოქმედ კომისიას.
3. მოცემულ შემთხვევაში კი მსჯავრდებულმა ი. ჯ-მ მისთვის „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებების ვადამდე აღდგენის შესახებ შუამდგომლობით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს.
4. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეებმა შუამდგომლობა შეიძლება წარადგინონ ამ კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. ამასთან, მე-19 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო შუამდგომლობას იხილავს ამ კოდექსით დადგენილი წესით, განსჯადობის მიხედვით, ხოლო მე-20 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის კომპეტენცია არის ამ კოდექსით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელება. ამავე კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე საქართველოს კანონმდებლობაში ხარვეზის არსებობისას დასაშვებია სისხლის სამართლის საპროცესო ნორმის ანალოგიით გამოყენება, თუ ამით არ იზღუდება საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ადამიანის უფლებები და თავისუფლებები.
5. აქედან გამომდინარე, ვინაიდან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებების ვადამდე აღდგენის მოთხოვნით სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვისა და სასამართლოს მიერ ასეთი შუამდგომლობის განხილვის პროცედურას, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულ ი. ჯ-ს ზემოაღნიშნული შუამდგომლობის განხილვა არ წარმოადგენს სასამართლოს კომპეტენციას და სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, განიხილოს წარმოდგენილი შუამდგომლობა.
6. რაც შეეხება მსჯავრდებულ ი. ჯ-სა და მისი ადვოკატების მოსაზრებას, რომ „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონი ხარვეზიანია და სასამართლომ შუამდგომლობის განხილვისას ანალოგიის წესით უნდა გამოიყენოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 288-ე მუხლი (სასამართლოს მიერ ნასამართლობის მოხსნის საკითხის განხილვა), ასევე პრეტენზიას, რომ სასამართლოს არ სურს გადაწყვეტილების მიღება შესაძლო პრეცედენტის წარმოქმნის გამო, - საკასაციო პალატა განმარტავს: ანალოგიის წესით საკანონმდებლო ნორმების გამოყენების სასამართლო პრეცედენტის დამკვიდრებისათვის მნიშვნელოვანია ისეთი გარემოებების არსებობა, როგორიცაა კანონში კონკრეტული ურთიერთობის მომწესრიგებელი კონკრეტული ნორმის არარსეობა - ხარვეზი და ამის გამო კანონის (ან სამართლის) ანალოგიის პრინციპის საფუძველზე მსგავსი ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმის გამოყენება ან კონკრეტული კაზუსიდან გამომდინარე, ნორმის ბუნდოვანების შემთხვევაში, კონკრეტული ნორმის იმგვარი განმარტება, რომელიც დაიცავს მხარეთა საუკეთესო ინტერესებს, განამტკიცებს სამართლიანი სასამართლოს უფლებას, ხელს შეუწყობს ერთგვაროვანი პრაქტიკის დამკვიდრებასა და, შესაბამისად, პრეცედენტის წარმოქმნას. მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ ი. ჯ-ს შუამდგომლობის განხილვისა და პრეცედენტის წარმოქმნის ზემოაღნიშნული არც ერთი გარემოება.
7. ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებულ ი. ჯ-ს შუამდგომლობაში მითითებულ მოთხოვნას აწესრიგებს კონკრეტული ნორმა, - როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებების ვადამდე აღდგენა გათვალისწინებულია ამავე კანონის მე-6 მუხლის 11-ლი ნაწილით, - არ არსებობს წარმოდგენილი შუამდგომლობის სასამართლოს მიერ ანალოგიის წესის გამოყენებით განხილვისა და შესაბამისი პრეცენდენტის დამკვიდრების საჭიროება.
8. რაც შეეხება მსჯავრდებულ ი. ჯ-სა და მისი ადვოკატების მოსაზრებას, რომ „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონი ხარვეზიანია სსიპ - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის დებულებასთან მიმართებით, რადგან მუდმივმოქმედი კომისიის დებულებით არ წესრიგდება სადავო საკითხი, რის გამოც სასამართლომ ანალოგიის წესით უნდა გამოიყენოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 288-ე მუხლი (სასამართლოს მიერ ნასამართლობის მოხსნის საკითხის განხილვა) და განიხილოს მსჯავრდებულის შუამდგომლობა, - საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ იმ საკანონმდებლო აქტების ნორმებს შორის შესაძლო შეუსაბამობისა და ხარვეზის დადგენა, რომლებითაც არ ხელმძღვანელობს სასამართლო სადავო საკითხის გადაწყვეტისას, არ წარმოადგენს სასამართლოს განხილვისა და მსჯელობის თემას.
9. ამდენად, სსიპ - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის დებულების „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობის საკითხის გარკვევა არ წარმოადგენს საქართველოს საერთო სასამართლოების (არც ერთი ინსტანციით) სისხლის სამართლის წესით განსახილველ საქმეს.
10. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილ შუამდგომლობასთან მიმართებით არ არსებობს სასამართლოს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სისხლის სამართლის საპროცესო ნორმის ანალოგიით გამოყენების საფუძველი.
11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ი. ჯ-ს შუამდგომლობასთან დაკავშირებით საქმისწარმოება უნდა შეწყდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 300-309-ე მუხლებით, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შეწყდეს საქმისწარმოება მსჯავრდებულ ი. ჯ-ს შუამდგომლობასთან დაკავშირებით;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
გ. შავლიაშვილი