საქმე №137აგ-16 6 დეკემბერი, 2016 წელი
გ. გ., 137აგ-16 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),
ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. გ-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. კ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 31 მაისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 12 ივლისის განაჩენით გ. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ პუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 17 წლით თავისუფლების აღვეთა. მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპრტო საშუალების მართვის, ხოლო 15 წლით – საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში– საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები. მსჯავრდებულ გ. გ-ას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2011 წლის 20 აპრილიდან.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 4 ოქტომბრის განაჩენით მსჯავრდებულ გ. გ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 12 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 28 დეკემბრის განჩინებით მსჯავრდებულ გ. გ-ას საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.
4. 2016 წლის 20 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულ გ. გ-ას ადვოკატმა დ. კ-ემ და ითხოვა მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310–ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
5. გ. გ. მსჯავრდებულია საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, თუმცა მას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღება არ ჩაუდენია. მან ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა–შენახვა, ხოლო გასაღება ჩაიდინა სსკ–ის 260–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ოდენობის ფარგლებში. შესაბამისად, მისი ქმედება უნდა დაკვალიფიცირებულიყო როგორც 260–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ისე -260–ე მუხლის პირველი ნაწილით (გასაღების ნაწილში).
6. ადვოკატს მიაჩნია, რომ გ. გ-ას მსჯავრდებით განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღებისათვის დაირღვა მისი კონსტიტუციური უფლებები, კერძოდ, კონსტიტუციის მე–40 მუხლის მე–2 და მე–3 პუნქტები. აღნიშნული დარღვევა არ შეუფასებიათ სააპელაციო და უზენაეს სასამართლოებს, ვინაიდან საქმის განხილვის მომენტისათვის ისინი შებოჭილი იყვნენ სსსკ–ის 297–ე მუხლის „ზ“ პუნქტითა და 306–ე მუხლის მე–4 ნაწილის მოთხოვნებით, რომელთა თანახმადაც, ვალდებული იყვნენ, ემსჯელათ მხოლოდ სააპელაციო/საკასაციო საჩივრის ფარგლებში. ვინაიდან სააპელაციო და საკასაციო საჩივრებში არ იყო მითითება გ. გ-ას მიმართ წარდგენილ კვალიფიკაციასთან დაკავშირებულ დარღვევაზე, სააპელაციო და უზენაესმა სასამართლოებმა არ იმსჯელეს აღნიშნულ საკითხზე და მათ განაჩენი შეამოწმეს მხოლოდ საჩივრის ფარგლებში.
7. ადვოკატის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში ახლად გამოვლენილ გარემოებას წარმოადგენს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 29 სექტემბრის №3/1/608,609 გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი სსსკ–ის 297–ე მუხლის „ზ“ პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს სააპელაციო სასამართლოს შესაძლებლობას, გასცდეს სააპელაციო საჩივრის ფარგლებს იმ შემთხვევაში, როდესაც სახეზეა ერთი და იმავე დანაშაულისთვის პირის განმეორებით მსჯავრდება და 306–ე მუხლის მე–4 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს საკასაციო სასამართლოს შესაძლებლობას, გასცდეს საკასაციო საჩივრის ფარგლებს და პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი იმ შემთხვევაში, როდესაც ქმედების ჩადენის შემდგომ მიღებული კანონი აუქმებს ქმედების დანაშაულებრიობას. შესაბამისად, ადვოკატი მიიჩნევს, რომ სახეზეა საქართველოს სსსკ–ის 310–ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გ. გ-ას მიმართ დადგენილი განაჩენის გადასინჯვისათვის.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 31 მაისის განჩინებით მსჯავრდებულ გ. გ-ას ინტერესების დამცველი ადვოკატის შუამდგომლობა დაუშვებლად იქნა ცნობილი.
9. კასატორი - მსჯავრდებულ გ. გ-ას ინტერესების დამცველი, ადვოკატი დ. კ. საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 31 მაისის განჩინების გაუქმებასა და შუამდგომლობის განსახილველად დაშვებას შუამდგომლობაში მითითებული მოტივებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;
3. პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივებს შუამდგომლობასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის გარემოებებს.
4. პალატა არ იზიარებს კასატორის პოზიციას საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილების საქართველოს სსსკ–ის 310–ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ახლად გამოვლენილ გარემოებად მიჩნევის თაობაზე, ვინაიდან საკონსტიტუციო სასამართლომ მითითებულ გადაწყვეტილებაში იმსჯელა ორ კონკრეტულ საკითხზე, კერძოდ: საქართველოს სსსკ-ის 297–ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტისა (სააპელაციო საჩივრის განხილვის ფარგლები) და 306–ე მუხლის მე–4 ნაწილის (საკასაციო საჩივრის განხილვის ფარგლები) იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობაზე, რომლებიც სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებს ართმევდა შესაძლებლობას, გასცდენოდნენ საჩივრის მოთხოვნის ფარგლებს ორ შემთხვევაში: 1. როდესაც ამას მოითხოვდა პასუხისმგებლობის გამაუქმებელი კანონის უკუძალით გამოყენებისა და 2. ორმაგი მსჯავრდების აკრძალვის კონსტიტუციური პრინციპები. წარმოდგენილ შუამდგომლობასა და საკასაციო საჩივარში კი კასატორი არ მიუთითებს გ. გ-ას მიმართ აღნიშნული კონსტიტუციურიი პრინციპების შესაძლო დარღვევის თაობაზე.
5. რაც შეეხება კასატორის მოთხოვნას, რომ დაცვის მხარის მიერ მითითებული საფუძვლის არასაკმარისად მიჩნევის შემთხვევაში სასამართლომ თავად მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოაღნიშნული პროცესუალური ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით, პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა საერთოდ არ დგას სსსკ-ის 297–ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტისა და 306–ე მუხლის მე–4 ნაწილის გამოყენების წინაშე, ვინაიდან მსჯელობს საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობის საკითხზე, ხოლო, ზოგადად, ნორმის კონსტიტუციურობაზე მიმართვის უფლებამოსილება (როდესაც იგი არ წარმოადგენს კონკრეტულ შემთხვევაში გამოსაყენებელ კანონს) საკასაციო პალატას არ გააჩნია.
6. ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება მსჯავრდებულ გ. გ-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. კ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერია, მისი გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ გ. გ-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 31 მაისის განჩინება მსჯავრდებულ გ. გ-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. კ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე