Facebook Twitter

ას-541-924-06 15 იანვარი, 2007 წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე),

ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი), მარიამ ცისკაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – სს “ .. .. ..” (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ა. გ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – სამუშაოზე აღდგენა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ა. გ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „ .. .. ..“ მიმართ თანამდებობიდან განთავისუფლების თაობაზე ბრძანების გაუქმებისა და სამუშაოზე აღდგენის შესახებ შემდეგი საფუძვლით: 1957 წლიდან მოსარჩელე მუშაობდა სს „ .. .. ..“ სხვადასხვა თანამდებობაზე. 1986 წლიდან იგი დაინიშნა სს „ .. .. ..“ ... გამამდიდრებელი ფაბრიკის მთავარ ინჟინრად. 2005 წლის 8 დეკემბერს საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით ა.გ-ი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს, თუმცა საზოგადოებაში რეორგანიზაცია და სტრუქტურული ცვლილებები არ მომხდარა.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო შემდეგი დასაბუთებით: მოსარჩელე სამუშაოდან გათავისუფლდა კანონის მოთხოვნათა დაცვით, კერძოდ, სს “ .. .. ..” გაკოტრების მმართველის 2005 წლის 2 ნოემბრის ¹გმ/4-60 ბრძანებით რიგ მაღაროების ფაბრიკებში, მათ შორის .... , ყველა საშტატო ერთეული გაუქმდა. ა.გ-ი მოსალოდნელი განთავისუფლების შესახებ ერთი თვით ადრე გაფრთხილებულ იქნა და სამუშაოდან დაითხოვეს პროფკავშირების თანხმობით.

ჭიათურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით ა. გ-ის სარჩელი არ დააკმაყოფილა, რაც ამ უკანასკნელმა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 24 მაისის გადაწყვეტილებით ა. გ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ა.გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოსარჩელე აღდგენილ იქნა სს “ .. .. ..” ..... მაღაროს გამამდიდრებელი ფაბრიკის ტექნიკური მენეჯერის საშტატო ერთეულზე შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2003 წლის 10 ოქტომბრიდან ა. გ-ი მუშაობდა სს “ .. .. ..” .... მაღაროს გამამდიდრებელ ფაბრიკაში მთავარ ინჟინრად. სს “ .. .. ..” გაკოტრების მმართველის 2005 წლის 2 ნოემბრის ბრძანებით, სს “ .. .. ..” სისტემაში რეორგანიზაციასა და სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით, 2005 წლის 10 დეკემბრიდან გაუქმდა საზოგადოების .... და სხვა მაღაროების, ცენტრალურ დამყვან ფაბრიკებში შემავალი ყველა საშტატო ერთეული და თანამდებობის პირებს დაევალათ ბრძანებაში აღნიშნული სტრუქტურული დანაყოფების საშტატო განრიგის პროექტები დასამტკიცებულად წარედგინათ 2005 წლის 20 ნოემბრამდე. საქმის მასალებში წარმოდგენილი საშტატო განრიგით პალატამ გამოარკვია, რომ 2005 წლის 10 დეკემბრიდან სს “ .. .. ..” .... მაღაროს გამამდიდრებელ ფაბრიკაში არსებობდა მთავარი ინჟინრის ერთი საშტატო ერთეული თვეში 320 ლარის ანაზღაურებით, ხოლო 2006 წლის მაისიდან მთავარი ინჟინრის თანამდებობის ნაცვლად, დღემდე არსებობს ფაბრიკის ტექნიკური მენეჯერის შტატი თვეში 320 ლარის ანაზღაურებით. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ 2005 წლის 8 დეკემბრის ¹439-ა ბრძანებით, ა. გ-ი 2005 წლის 10 დეკემბრიდან, შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტისა და 423-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე, სამუშაოდან გათავისუფლდა. პალატამ მიიჩნია, რომ მუშაკის განთავისუფლებისას ორგანიზაციამ დაარღვია შრომის კანონთა კოდექსის 421-ე მუხლის მესამე ნაწილი და მეორე ნაწილის “ა”, “ბ” ქვეპუნქტები, ვინაიდან სს “ .. .. ..” ადმინისტრაცია ვალდებული იყო ახლად შექმნილ სტრუქტურულ ერთეულებში, პირველ რიგში, დაესაქმებინა ლიკვიდირებული ფილიალის მუშაკები, ხოლო საშტატო ერთეულების რაოდენობის სიმცირის შემთხვევაში, შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის შესაბამისად, გადაეწყვიტა უპირატესი დარჩენის საკითხი. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სს „ .. .. ..“ ..... მაღაროს საშტატო განრიგში მთავარი ინჟინრის თანამდებობის ნაცვლად, არსებობს ფაბრიკის ტექნიკური მენეჯერის თანამდებობა, რომელსაც მთავარი ინჟინრის ფუნქციებთან ერთად დამატებითი უფლება-მოვალეობები გააჩნია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საწარმოს ადმინისტრაცია ვალდებული იყო მოსარჩელისათვის ახალი სახელწოდების სამუშაო შეეთავაზებინა და მხოლოდ აღნიშნულზე უარის თქმის შემთხვევაში გაეთავისუფლებინა სამსახურიდან. სასამართლომ იხელმძღვანელა შრომის კანონთა კოდექსის 206-ე მუხლის პირველი ნაწილით და ჩათვალა, რომ ა.გ-ის მოთხოვნა სამუშაოზე აღდგენის შესახებ საფუძვლიანია.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სს „ .. .. ..“ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ სს “ .. .. ..” ა. გ-ის მიერ დაკავებული თანამდებობა არ გაუქმებულა და არსებობს სხვა სახელწოდებით, ვინაიდან, სასამართლოს განმარტებითვე ირკვევა, რომ სადავო ინჟინრის თანამდებობის ნაცვლად, შეიქმნა ტექნიკური მენეჯერის თანამდებობა გაზრდილი ფუნქციებით, მაშასადამე, სამუშაო ფუნქციების გაზრდის შედეგად შეიქმნა ახალი, განსხვავებული საშტატო ერთეული. სააპელაციო პალატამ გამოიყენა რა შრომის კანონთა კოდექსის 206-ე მუხლის პირველი ნაწილი, არ გაითვალისწინა, რომ ახალ საშტატო ერთეულებზე კადრების შერჩევა მოხდა საბაზრო ურთიერთობათა შესაბამისი კვალიფიკაციისა და შრომის ნაყოფიერების მიხედვით. წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დასაშვებია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006 წლის 21 ნოემბრის განჩინებით სს “ .. .. ..” საკასაციო საჩივარი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს “ .. .. ..” საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულება აღემატება 50000 ლარს. არაქონებრივ-სამართლებრივ დავებში საკასაციო საჩივარი დასაშვებია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებულ დავებზე, ხოლო საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა ეფუძნებოდეს.

წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ დასახელებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი დაუშვებელია ამ ტიპის საქმეებზე არსებული სასამართლო პრაქტიკისაგან გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთების განსხვავების, ასევე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით, ვინაიდან შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის შედეგად მუშაკის თანამდებობიდან გათავისუფლებისას წარმოშობილ საკითხებზე სასამართლო პრაქტიკა ემყარება სწორედ იმ ნორმებს, რომლებითაც სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას იხელმძღვანელა, კერძოდ, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სადავო ურთიერთობის სამართლებრივი შეფასებისას სავსებით სწორად გამოიყენა შრომის კანონთა კოდექსის 421-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა”, “ბ” ქვეპუნქტების, მესამე ნაწილისა და 206-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესები.

კასატორი ვერ ასაბუთებს და საქმის მასალებითაც არ დასტურდება, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე. აღნიშნულის გამო საკასაციო საჩივარი ამ ნაწილშიც დაუშვებელია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო ასკვნის, რომ სს “ .. .. ..” საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. კასატორ მხარეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 576 ლარის 70% _ 403,2 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე და 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

სს “ .. .. ..” საკასაციო საჩივარი, დაუშვებლობის გამო, დარჩეს განუხილველი.

კასატორს დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 403,2 ლარი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.