Facebook Twitter

¹ას-542-775-08 12 ნოემბერი, 2008 წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

Mმაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

როზა ნადირიანი, თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ შპს ,,ს-ა”

წარმომადგენელი _ თ. კ-აძე

მოწინააღმდეგე მხარე _ ინდ. მეწარმე ,,პ. ჯ-ია”

წარმომადგენელი - მ. თ-უა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება-- თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი _ ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

ინდ. მეწარმე „პ. ჯ-იამ“ სარჩელი აღძრა შპს „ს-ის“ მიმართ, მოსარჩელემ განმარტა, რომ მასსა და შპს „ს-ას“ შორის ამ უკანასკნელის ფილიალის „თ. ს-ის“ მეშვეობით 1999 წლის 15 ოქტომბერს დაიდო იჯარის ხელშეკრულება ხუთი წლის ვადით. ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ, 2004 წლის 15 ოქტომბერს, მხარეების მიერ არ მომხდარა კანონით დადგენილი წესით გაუქმება და ავტომატურად ამოქმედდა ხელშეკრულების 6.2 პუნქტი, რომლის მიხედვითაც ხელშეკრულება გაგრძელებული იქნა კიდევ ხუთი წლით, ანუ 2009 წლის 15 ოქტომბრამდე.

ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა მოპასუხის კუთვნილი არასაცხოვრებელი ფართი 260 კვ.მ მდებარე თბილისში, ......... ქ. 2\4-ში. შენობის საბალანსო ღირებულება ხელშეკრულების დადების დროისათვის შეადგენდა 1200 ლარს. მოსარჩელეს მოპასუხემ გადასცა ინვენტარის გარეშე ორი ოთახისაგან შემდგარი შენობა და რკინის კლონგებზე დაყრდნობილი ღია შენობა, რომელიც ფაქტიურად ამორტიზირებული იყო. მოიჯარეს შენობა დროებით სარგებლობაში გადაეცა კომერციული საქმიანობისათვის. ხელშეკრულების 2.2.3 პუნქტის შესაბამისად, მოსარჩელეს მიეცა უფლება ხელშეკრულების მიზნიდან გამომდინარე მოეხდინა იჯარის საგნის რეკონსტრუქცია და კეთილმოწმობა. მოპასუხის თანხმობით, მოიჯარემ მოახდინა საიჯარო ქონების გაუმჯობესება, რაშიც მის მიერ დახარჯული იქნა სულ 275 000 აშშ დოლარი. ნივთის გაუმჯობესების შედეგად მნიშვნელოვნად გაიზარდა მისი ფართი, რომელიც ამჟამად შეადგენს 460 კვ.მ, ნაცვლად 260 კვ.მ-სა. მიუხედავად იმისა, რომ მხარეთა შორის საიჯარო ურთიერთობა არ დამთავრებულა, მოპასუხემ 2005 წლის 13 მაისის წერილით ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება იმ მოტივით, რომ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 2000 წლის 27 მარტის ¹1-198 ბრძანებით დამტკიცებული დებულებით დადგენილი წესის დაუცველად მოხდა ქონების იჯარით გადაცემა.

მოსარჩელის განმარტებით, ვინაიდან ხელშეკრულების შეწყვეტა მოხდა მეიჯარის ბრალით, მას წარმოეშვა ვალდებულება, რომ მოსარჩელისათვის აენაზღაურებინა შენობის რეკონსტრუქციისა და კაპიტალურ რემონტზე დახარჯული თანხები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა, რომ მოპასუხეს დაკისრებოდა უძრავ ნივთზე მართლზომიერი მფლობელობის დროს გაწეული ხარჯები 495 000 (275 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი) ლარის, ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტისა და ფულადი მოთხოვნის წარდგენიდან სარჩელის წარდგენამდე (2005 წლის 19 მაისიდან 2006 წლის ივნისამდე) – 185 625 ლარის, 2006 წლის 4 ივნისიდან ფულადი ვალდებულების შესრულებამდე ყოველთვიურად 14 850 ლარის, სახელმწიფო ბაჟი 5000 ლარის, ადვოკატის მომსახურებისათვის გადახდილი 900 ლარის და იურიდიული მომსახურების ხელეკრულების შესაბამისად გადასახდელი დავის საგნის ღირებულების 4% - 27 225 ლარის გადახდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ინდ. მეწარმე ,,პ. ჯ-იამ”.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილებით გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ინდ. მეწარმე „პ. ჯ-იას“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

პალატამ დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

ინდ.მეწარმე „პ. ჯ-იას“ და შპს „ს-ას“ შორის ამ უკანასკნელის ფილიალის „თ. ს-ის“ მეშვეობით, 1999 წლის 15 ოქტომბერს დაიდო იჯარის ხელშეკრულება ხუთი წლის ვადით.

ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ, 2004 წლის 15 ოქტომბერს მხარეების მიერ არ მომხდარა კანონით დადგენილი წესით გაუქმება და ხელშეკრულება გაგრძელებული იქნა ხუთი წლის ვადით.

ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა მოპასუხის კუთვნილი არასაცხოვრებელი ფართი 260 კვ.მ მდებარე ქ. თბილისში, ........ ქ. 2\4-ში.

ხელშეკრულების 2.2.3 პუნქტის შესაბამისად, მოსარჩელეს მიეცა უფლება ხელშეკრულების მიზნიდან გამომდინარე მოეხდინა იჯარის საგნის რეკონსტრუქცია და კეთილმოწყობა. მოპასუხის თანხმობით მოიჯარემ მოახდინა საიჯარო ქონების გაუმჯობესება.

პალატამ მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ არასწორად გამოიყენა და განმარტა სკ-ის 405-ე მუხლის მესამე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში მოწინააღმდეგე მხარემ შპს ,,ს-ამ” დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და ვადამდე შეწყვიტა იგი.

სასამართლოს შეფასება, რომ მხარეთა შორის იჯარის ურთიერთობის შეწყვეტას არ ჰქონია ადგილი, რადგანაც ინდ. მეწარმეო „პ-ია“ დღემდე იხდის ქირას და მოწინააღმდეგე მხარეს არ მოუთხოვია ნივთის დაბრუნება, პალატამ არ გაიზიარა და მიიჩნია, რომ ამ გარემოებების არსებობა სამართლებრივად ვითარებას არ ცვლის, რადგანაც აპელანტი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 591-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე ვალდებულია საიჯარო ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგაც იხადოს ნივთის სარგებლობისათვის ქირა, მანამ სანამ არ დაუბრუნებს ნივთს უფლებამოსილ პირს.

პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების დასკვნა სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის შესახებ და მიიჩნია, რომ სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული ექვსთვიანი ვადა არის არა პრეტენზიის წაყენების, არამედ სასარჩელო ხანდაზმულობის სპეციალური ვადა, რომლის დენა იწყება ქირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტიდან. ამავე დროს პალატამ მიიჩნია, რომ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია სამოქალაქო კოდექსის 163-ე მუხლი და ამ საფუძვლით წარდგენილ მოთხოვნეზე კი გათვალისწინებულია, ამავე კოდექსის 128-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ათწლიანი ვადა.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა შპს ,,ს-ის” წარმომადგენელმა თ. კ-აძემ.

კასატორის განმარტებით, ინდ. მეწარმე „პ. ჯ-იას სარჩელზე სასამართლოს უნდა გაევრცელებინა სამოქალაქო კოდექსის 573-ე მუხლით გათვალისწინებული 6 თვიანი ვადა ნაცვლად ხანდაზმულობის 10 წლიანი ვადა.

კასატორის აზრით, კონკრეტული დავა გამომდინარეობს სახელშეკრულებო ურთიერთობიდან, კერძოდ მხარეებს შორის დადებული იჯარის ხელშეკრულებიდან, რის გამოც სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო კოდექსის სპეციალური ნორმები, რომლებიც იჯარის ურთიერთობას აწესრიგებენ ხოლო სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული 163-ე მუხლი, ზოგადი ნორმაა.

კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლომ წარმოდგენილ მტკიცებულებებს მცდარი სამართლებრივი შეფასება მისცა და შესაბამისად არასწორად დაადგინა რომ ვადაზე ადრე შეწყდა მხარეებს შორის დადებული იჯარის ხელშეკრულება. ვინაიდან საიჯარო ხელშეკრულების მოქმედების უტყუარ დადასტურებას წარმოადგენს 2005 წლის მაისიდან მოიჯარის მიერ საიჯარო ქირის სისტემატური გადახდა. ამიტომ ინდ. მეწარმე „პ. ჯ-იას“ მოთხოვნა რემონტზე გაწეული ხარჯების ანაზღაურების შესახებ იყო უსაფუძვლო.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ განიხილა საქმის მასალები, გაეცნო საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ მიჩნია, რომ მხარეთა შორის არსებული საიჯარო ხელშეკრულება შეწყდა 2005 წლის მაისში. აღნიშნული მოსაზრება სწორადაც რომ იყოს მიჩნეული, გაუგებარია, სასამართლოს მოსაზრებანი ხელშეკრულების შეწყვეტის შედეგებთან მიმართებაში. სასამართლო ერთის მხრივ მიიჩნევს, რომ მოთხოვნა ხანდაზმულია, მეორეს მხრივ კი აკმაყოფილებს სარჩელს. სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე კოდექსის 144-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე. აღნიშნულ ნორმათა ანალიზი ცხადყოფს, რომ სასარჩელო ხანდაზმულობის გასვლის შემდეგ სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს სარჩელი თუ ვალდებული პირი უარს აცხადებს ვალდებულების შესრულებაზე, ანუ ვადის გასვლის შემდეგ მის ნებაზეა დამოკიდებული ვალდებულების შესრულება. ამდენად, აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში, პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება არასწორია.

პალატა იზიარებს კასატორის იმ მოსაზრებასაც, რომ ვინაიდან მხარეთა შორის არსებობდა სპეციალური სამართლებრივი (სახელშეკრულებო-იჯარის) ურთიერთობა, შეუძლებელი იყო სასამართლოს გამოეყენებინა სამოქალაქო კოდექსის 163-ე მუხლი. აღნიშნული ნორმა არეგულირებს სანივთო სამართლიდან გამომდინარე ურთიერთობებს, მოცემულ შემთხვევაში კი მხარეთა შორის სადავოა საიჯარო ხელშეკრულებიდან წარმოშობილი მოთხოვნები, რაც მხოლოდდა მხოლოდ ამ ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმებით შეიძლება გადაწყდეს.

პალატა ასევე მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ არასწორადაა განმარტებული სამოქალაქო კოდექსის 573-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შინაარსი. აღნიშნული ნორმის შესაბამისად გაქირავებული ნივთის შეცვლის ან გაუარესების გამო გამქირავებელს უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება, ხოლო დამქირავებელს უფლება აქვს წაუყენოს მას პრეტენზია გაწეული ხარჯების ანაზღაურების თაობაზე ექვსი თვის განმავლობაში. პალატა მიიჩნევს, რომ მითითებულ ნორმაში პრეტენზიის წარდგენა არ გულისხმობს სასარჩელო ხანდაზმულობის ვადას. როგორც თვით ნორმიდან ირკვევა, აღნიშნულ პრეტენზიას წარუდგენს დამქირავებელი გამქირავებელს და აღნიშნულ მუხლში საუბარი არ არის ამ ვადაში სარჩელის სასამართლოში წარდგენის თაობაზე. შესაბამისად ასეთ შემთხვევებში სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა შეადგენს ექვს წელს, თანახმად სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილისა.

რაც შეეხება იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტის საკითხს, პალატა მიიჩნევს, რომ არც აღნიშნულ საკითხთან მიმართებაშია სასამართლოს მსჯელობა კანონშესაბამისი. როგორც მოსარჩელე მიუთითებს, მხარეთა შორის შეყვეტილია იჯარის ხელშეკრულება შპს „ს-ის“ 2005 წლის 13 მაისის წერილის შესაბამისად. იმ შემთხვევაში თუ მოსარჩელე შეწყვეტილად მიიჩნევდა საიჯარო ურთიერთობას მას უნდა შეესრულებინა ხელშეკრულების შეწყვეტიდან გამომდინარე აუცილებელი პირობები (სამოქალაქო კოდექსის 564-ე მუხლი), კერძოდ მას უნდა დაებრუნებინა მფლობელობაში არსებული ნივთი და შესაბამისად შეეწყვიტა საიჯარო თანხის გადახდა. ასეთ გარემოებათა არსებობას ვერ ადასტურებს სასამართლო და მიიჩნევს, რომ შპს „ს-ის“ 2005 წლის 13 მაისის წერილი წარმოადგენს ცალმხრივ ნებას, საფუძველზეც მხარეთა შორის შედგა გარიგება საიჯარო ურთიერთობათა შეწყვეტის თაობაზე და რის საფუძველზეც შეწყდა საიჯარო ხელშეკრულება. აღნიშნული ვერ იქნება გაზიარებული პალატის მიერ. სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად გარიგება მართლაც არის ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. მაგრამ იმისათვის, რომ დადგეს გარიგების დადებით მისაღწევი შედეგი, უნდა მოხდეს გარიგებაში მხარეთა მიერ გამოხატული ნების რეალიზაცია. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამათრთლომ მიიჩნია, რომ მხარეებმა გამოხატეს ნება ხელშეკრულების შესაწყვეტად. მაგრამ იმის დასადგენად დადგა თუ არა ასეთი შედეგი უნდა შეფასდეს იმ ქმედებებით, რომელიც მხარეებმა განახორციელეს ასეთი ნების გამოხატვის შემდეგ.

საგულისხმოა ის გარემოება, რომ მოსარჩელე, რომელიც შეწყვეტილად მიიჩნევს ამ ურთიერთობას, არ აბრუნებს ნივთს. უფრო მეტიც, იგი არ წყვეტს იჯარის თანხის გადახდას და უთითებს 591-ე მუხლზე, რომლითაც მეიჯარეს უფლება აქვს მოითხოვოს ქირის გადახდა ქონების დაბრუნების დაყოვნებისათვის ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში. პალატა განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმა იცავს მეიჯარეს და არა მოიჯარის უფლებას და უფლების გამოყენება სწორედ მეიჯარეზეა დამოკიდებული. აღნიშნული უფლების რეალიზებისათვის კი სახეზე უნდა იყოს მეიჯარის მიერ მისი ნივთის დაბრუნების და დაბრუნების დაყოვნებისათვის ქირის გადახდევინების მოთხოვნა მაინც. ასეთი მოთხოვნები კი მეიჯარეს არ დაუყენებია მხარის მიმართ არც პირადად და არც სასამართლოში, ასეთ გარემოებას ვერ ადგენს სააპელაციო სასამართლო.

აღნიშნული ქმედება არ შეიძლება ჩავთვალოთ მოსარჩელის მიერ 591-ე მუხლში მითითებული პირობის ნებაყოფლობით შესრულებადაც. იმ შემთხვევაშიც კი თუ მივყვებით მოსარჩელის ლოგიკას და ხელშეკრულებას მივიჩნევთ შეწყვეტილად, მოსარჩელეს ნებაყოფლობით უნდა დაებრუნებინა ნივთი 564-ე მუხლის საფუძველზე, ანუ მას ასეთი მოქმედების შესრულებას კანონი ავალდებულებს და მან იგი არ შეასრულა. შესაბამისად შეუძლებელია მას შეესრულებინა ისეთი ქმედება, რასაც კანონი მას არ ავალებდა. როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, ნივთის დაბრუნების დაყოვნებისათვის იჯარის ქირის გადახდის ვალდებულება მას წარმოეშობა მხოლოდ მოპასუხის მიერ ასეთი მოთხოვნის დაყენების შემთხვევაში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის იჯარის ხელშეკრულება არ შეწყვეტილა, ძალაშია და ვერ დადგება ხელშეკრულების შეწყვეტიდან გამომდინარე მოთხოვნები მანამ, სანამ მხარეები რეალურად არ შეწყვეტენ მას.

პალატა თვლის, რომ შეუძლებელია მოსარჩელის მოთხოვნათა დაკმაყოფილება. რის გამოც უნდა გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და სარჩელს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე მიღებული უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

შპს „ს-ის“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

ინდ. მეწარმე ,,პ. ჯ-იას” სარჩელი არ დაკმაყოფილდეს

გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება