საქმე №140აგ-16 7 დეკემბერი, 2016 წელი
ი-ი ზ, 140აგ-16 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),
ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ზ. ი-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 1 ივნისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. მცხეთის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 8 ივლისის განაჩენით ზ. ი-ი, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 25,144–ე მუხლის მეორე ნაწილის „ვ“, „ი“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 14 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ–ის 25,143–ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 8 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ–ის 25,179–ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 10 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ–ის 353–ე მუხლის პირველი ნაწილით – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ–ის 236–ე მუხლის პირველი ნაწილით – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის 11 - ლი ნაწილის შესაბამისად, ზ. ი-ის მიმართ დანიშნული სასჯელებიდან ყველაზე მძიმე სასჯელს დაემატა ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული, თითოეული ნაკლებად მძიმე სასჯელის ნახევარი და საბოლოოდ განესაზღვრა 25 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მსჯავრდებულ ზ. ი-ს დანიშნული სასჯელის მოხდა დაეწყო დაკავების დღიდან - 2009 წლის 20 დეკემბრიდან.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 27 აპრილის განაჩენით მსჯავრდებულ ზ. ი-ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და მის მიმართ მცხეთის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 8 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 21 სექტემბრის განჩინებით მსჯავრდებულ ზ. ი-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. გ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 27 აპრილის განაჩენზე არ იქნა დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
4. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 20 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებული ზ. ი-ი „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე–3 მუხლის საფუძველზე გათავისუფლდა: თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 27 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 353–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და დანიშნული სასჯელისაგან; თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 27 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 236–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და დანიშნული სასჯელისაგან; მსჯავრდებულ ზ. ი-ს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე–16 მუხლის შესაბამისად, ერთი მეოთხედთ შეუმცირდა: თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 27 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 25,144–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ვ“, „ი“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 14 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 27 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 25,143–ე მუხლის მე–2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე–3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და მე–4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა; თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 27 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 25,179–ე მუხლის მე–4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის 11 - ლი ნაწილის შესაბამისად, ზ. ი-ის მიმართ დანიშნული სასჯელებიდან ყველაზე მძიმე სასჯელს დაემატა ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული, თითოეული ნაკლებად მძიმე სასჯელის ნახევარი და საბოლოოდ განესაზღვრა 17 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო დაკავების დღიდან - 2009 წლის 20 დეკემბრიდან.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 24 ივნისის განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 27 აპრილის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ: მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 20 თებერვლის განჩინებით შემცირებული სასჯელებიდან, საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, ზ. ი-ის მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 27 აპრილის განაჩენით სსკ–ის 25,144–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ვ“, „ი“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნულმა სასჯელმა - 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთამ - შთანთქა საქართველოს სსკ–ის 25,143–ე მუხლის მე–2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე–3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და მე–4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ასევე სსკ–ის 25,179–ე მუხლის მე–4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ ზ. ი-ს მოსახდელად დარჩა - 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მსჯავრდებულ ზ. ი-ს სასჯელის მოხდა დაეწყო დაკავების დღიდან - 2009 წლის 20 დეკემბრიდან.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 7 ოქტომბრის განაჩენით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 24 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 21 მაისის განჩინებით მსჯავრდებულ ზ. ი-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 27 აპრილის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე ცნობილ იქნა დაუშვებლად.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 1 ივლისის განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 21 მაისის განჩინება მსჯავრდებულ ზ. ი-ის შუამდგომლობის დაუშვებლობის შესახებ დარჩა უცვლელად.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 6 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ზ. ი-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 30 ივლისის განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 6 თებერვლის განჩინება მსჯავრდებულ ზ. ი-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩა უცვლელად.
11. 2016 წლის 19 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა ზ. ი-მა, რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, მოითხოვა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 8 ივლისის განაჩენის გადასინჯვა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში გამართლება. შუამდგომლობაში ზ. ი-ი უთითებს, რომ მცხეთის რაიონულმა სასამართლომ აღნიშნული დანაშაულის ჩადენის უტყუარ მტკიცებულებად მიიჩნია შსს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომელთა - ი. მ-ისა და რ. ლ-ის ჩვენებები, სადაც ისინი აღნიშნავენ, რომ ზ. ი-ის დაკავებისას შეიკრიბა 15–20 ადამიანი, რომელთაც შეეძლოთ, მიეცათ ობიექტური ჩვენებები, თუმცა ვერ ცერთი მათგანი ვერ აღმოაჩინეს. თვითმხილველი ადამიანებიდან ორი მათგანი – თ. გ-ი და ო. ს-ი თანახმა არიან სასამართლოს მისცენ ობიექტური ჩვენება და დაადასტურონ, რომ დაკავებისას ზ. ი-ს წინააღმდეგობა არ გაუწევია და შესაბამისად, არ ჩაუდენია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353–ე მუხლით გათვალისწინებული ინკრიმინირებული დანაშაული, ხოლო „სოდის“ თანამშრომლების ჩვენებები დაუშვებელი მტკიცებულებებია. მსჯავრდებულმა შუამდგომლობას დაურთო თ. გ-ის გამოკითხვის ოქმების ასლები, დამოწმებული ნოტარიუს ქ. ძ-ის მიერ, რომლებითაც, მსჯავრდებულის აზრით, დასტურდება ზემოაღნიშნული გარემოება.
12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 1 ივნისის განჩინებით მსჯავრდებულ ზ. ი-ის შუამდგომლობა დაუშვებლად იქნა ცნობილი.
13. კასატორი - მსჯავრდებული ზ. ი-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 1 ივნისის განჩინების გაუქმებასა და შუამდგომლობის განსახილველად დაშვებას შუამდგომლობაში მითითებული მოტივებით. დამატებით კასატორმა აღნიშნა, რომ მისი შუამდგომლობა განიხილა სასამართლოს უკანონო შემადგენლობამ, ვინაიდან მის განხილვაში მონაწილეობდნენ ის მოსამართლეები, რომლებმაც მისი სისხლის სამართლის საქმე არსებითად განიხილეს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულის მიერ შუამდგომლობასა და საკასაციო საჩივარში მითითებულ საკითხებზე საკასაციო პალატას მიღებული აქვს შესაბამისი გადაწყვეტილება (№60აგ-14, 2014 წლის 1 ივლისის განჩინება), ხოლო იმავე საკითხებზე განმეორებით მსჯელობის სამართლებრივი საფუძველი პალატას არ გააჩნია. კასატორი არ უთითებს, თუ რა ახალი გარემოება გამოვლინდა, რომლის საფუძველზეც პალატა უფლებამოსილი იქნებოდა, ხელახლა შეეფასებინა საკასაციო საჩივარში მითითებული გარემოებები.
3. რაც შეეხება კასატორის მოსაზრებას, რომ მოსამართლეებს არ ჰქონდათ უფლება, მონაწილეობა მიეღოთ მისი შუამდგომლობის განხილვაში იმ მოტივით, რომ ისინი მონაწილეობდნენ მისი სისხლის სამართლის საქმის არსებით განხილვაში, პალატა მიუთითებს, რომ საკასაციო სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ საქმის არსებით განხილვაში მონაწილეობა მოსამართლეს არ უზღუდავს უფლებას, მონაწილეობდეს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქმის განხილვაში (№17აგ-16,, №416აგ-15, №28აგ-15).
4. ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება მსჯავრდებულ ზ. ი-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერია, მისი გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ზ. ი-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 1 ივნისის განჩინება მსჯავრდებულ ზ. ი-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე