Facebook Twitter

ას-542-884-07 20 ნოემბერი, 2007 წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)

მოსამართლეები:

ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი), მარიამ ცისკაძე

სხდომის მდივანი – ე.ხაჩიძე

კასატორი _ რ. ი-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ შპს “ .. ..” (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 10 მაისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი _ თანხის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

რ. ი-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს “ .. .. მიმართ 8500 აშშ დოლარის გადახდევინების შესახებ შემდეგი საფუძვლით: 1990 წლის 2 აგვისტოს ... სამტრედიის განყოფილების ხელმძღვანელობამ და პროფკავშირების რაიონულმა კომიტეტმა მოსარჩელეს მისცა საგარანტიო წერილი, რომლითაც მოპასუხემ ვალდებულება იკისრა, რ. ი-ის მიერ ... ¹6 სახლში დაკავებული ბინიდან ნებაყოფლობით გამოსახლების შემთხვევაში, მომავალი მშენებლობისას, ... სახლში გადაეცა მისთვის საცხოვრებელი ბინა სანიტარული ნორმების დაცვითა და სულადობის გათვალისწინებით. არაერთგზის მიმართვის მიუხედავად, მოპასუხე ნაკისრ ვალდებულებას არ ასრულებს, თუმცა აღიარებს მის არსებობას, რაც დასტურდება 2004 წლის 20 ოქტომბრის ¹234 წერილით, ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 394-395-ე მუხლების საფუძველზე, შპს “ .. ..” უნდა დაეკისროს რ. ი-ის სასარგებლოდ სადავო ბინის ღირებულების _ 8500 აშშ დოლარის გადახდა.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო იმ მოტივით, რომ მხარეთა შორის არსებული შეთანხმება წარმოადგენს პირობით გარიგებას და ვალდებულების შესრულების მოთხოვნისათვის გათვალისწინებული პირობა _ ... სახლის აშენება ჯერ არ დამდგარა.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილებით რ. ი-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მის სასარგებლოდ დაეკისრა 8500 აშშ დოლარისა და სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 30 ლარის ანაზღაურება, რაც შპს “ .. ..” გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 10 მაისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და სარჩელი არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 1990 წლის 2 აგვისტოს ... სამტრედიის ხელმძღვანელობას, პროფკავშირების რაიონულ კომიტეტსა და ვაგონების გამსინჯველ რ. ი-ს შორის შედგა გარიგება, რომლის თანახმად, თუ რ.ი-ე გამოათავისუფლებდა მის მიერ დაკავებულ ბინას ... ¹6 სახლში, მას მომავალ მშენებარე ... სახლში სულადობის მიხედვით მიეცემოდა ბინა სანიტარული ნორმების დაცვით. მოსარჩელემ ბინა გაათავისუფლა, თუმცა საზოგადოებას ახალი სახლი არ აუშენებია და არც აპირებს აშენებას. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების დარღვევისას მოვალეს შეიძლება დაეკისროს ზიანის ანაზღაურება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მოვალე განზრახი ან გაუფრთხილებელი მართლსაწინააღმდეგო ქმედებით დაარღვევს სახელშეკრულებო ვალდებულებას და ამით კრედიტორს მიაყენებს ზიანს. სასამართლომ არ გაიზიარა რ. ი-ის მოსაზრება, რომ ... მიერ ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების გამო, მან დაკარგა საცხოვრებელი სახლი. პალატამ ჩათვალა, რომ რ. ი-ს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, ეკისრებოდა ვალდებულება ემტკიცებინა, რომ მოპასუხის მირ ვალდებულების შეუსრულებლობით მიადგა ზიანი, კერძოდ, ... ¹6 სახლში მდებარე ბინა იყო მისი საკუთრება, მან ეს ბინა ხელშეკრულების საფუძველზე გადასცა მოპასუხეს, რითაც დაკარგა საკუთრება ამ ბინაზე და მიადგა ზიანი. პალატის აზრით, აღნიშნული მოსარჩელემ ვერ დაადასტურა. პალატამ საგარანტიო წერილის შინაარსიდან გამომდინარე, დაადგინა, რომ ... ¹6 სახლში მდებარე ბინა იყო ე.წ. საუწყებო საცხოვრებელი სადგომი და საქართველოს სსრ საბინაო კოდექსის მე-4 მუხლის მესამე აბზაცის თანახმად, ეკუთვნოდა აპელანტს, რ.ი-ი კი ამავე კოდექსის მე-60 მუხლით წარმოადგენდა მის დამქირავებელს. პალატამ მიიჩნია, რომ საგარანტიო წერილით გამქირავებელმა დამქირავებელს შეუწყვიტა ქირავნობის ხელშეკრულება, თუმცა ამავდროულად იკისრა ვალდებულება უზრუნველეყო დამქირავებელი ახალი საცხოვრებელი ფართით, რომელიც ასევე საუწყებო ფონდის კუთვნილი იქნებოდა და რ.ი-ე კვლავ დამქირავებლის სტატუსით შესახლდებოდა მასში. სასამართლომ ჩათვალა, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს ნაკისრი ვალდებულების შესრულება მოსთხოვა რა 2004 წელს, მოცემული დავა უნდა გადაწყდეს მოქმედი სამოქალაქო კოდექსით, რომლის 531-575-ე მუხლები დამქირავებელს გაქირავებულ ნივთზე სანივთო უფლებებს არ ანიჭებს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2005 წლის 30 მარტის ¹ბს-58-40-კ-05 და 2005 წლის 2 მარტის ¹ბს-867-738-კ-04 განჩინებების შესწავლის შედეგად პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს პრაქტიკა ვერ იქნება გაზიარებული წარმოდგენილ საქმესთან მიმართებაში, რადგან მითითებულ შემთხვევებში ზიანის არსებობა და მისი ოდენობა სადავოდ არ გამხდარა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება რ. ი-მა გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით: დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ კასატორმა ვერ დაადასტურა სადავო ფართის საკუთრების უფლება, ვინაიდან 1990 წელს ... სამტრედიის განყოფილებამ საგარანტიო წერილთან ერთად რ.ი-ს გადასცა ბინის ორედიც, რომელიც 2004 წელს წარუდგინა სამტრედიის ტერიტორიულ სამმართველოს და მის საფუძველზე ამავე წლის 20 ოქტომბრის ¹234 წერილით მოპასუხემ აღიარა ვალდებულების არსებობა. არ უნდა იქნეს გათვალისწინებული მოწინააღმდეგე მხარის არგუმენტი, რომ აღნიშნული წერილი გაიცა არაუფლებამოსილი პირის მიერ. აღსანიშნავია, რომ მსგავი დავები სასამართლოში წყდებოდა ფიზიკურ პირთა სასარგებლოდ, ამდენად, არსებობს სადავო საკითხზე სასამართლო პრაქტიკა. სააპელაციო სასამართლომ არაწორად გამოიყენა საქართველოს სსრ საბინაო კოდექსის მე-4 და 53-ე მუხლები და არ გამოიყენა საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პროვატიზაციის შესახებ კანონის მე-4-5 მუხლები, რომლებიც უნდა გამოეყენებინა. სასამართლომ არასწორად შეაფასა 2004 წლის 20 ოქტომბრის წერილი, როდესაც იგი სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლით განსაზღვრული ვალდებულების აღიარებად არ შეაფასა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ რ.ი-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით რ.ი-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს, შპს “ .. ..” მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 8500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარისა და სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 620 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს ამ კოდექსით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, მიიღოს ახალი გადაწყვეტილება, რადგან საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები სწორად და საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშეა დადგენილი.

სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილად ცნო და კასატორს სადავოდ არ გაუხდია შემდეგი ფაქტობრივი გარემობები: 1990 წლის 2 აგვისტოს ... სამტრედიის ხელმძღვანელობას, პროფკავშირების რაიონულ კომიტეტსა და ვაგონების გამსინჯველ რ. ი-ს შორის შედგა გარიგება, რომლის თანახმად, თუ რ.ი-ე გამოათავისუფლებდა მის მიერ დაკავებულ ბინას ... ¹6 სახლში, მას მომავალ მშენებარე ... სახლში სულადობის მიხედვით მიეცემოდა ბინა სანიტარული ნორმების დაცვით. მოსარჩელემ ბინა გაათავისუფლა, თუმცა საზოგადოებას ახალი სახლი არ აუშენებია და არც აპირებს მის აშენებას.

საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა დადგენილ გარემობებს, კერძოდ:

მოსარჩელე თავის მოთხოვნის საფუძვლად უთითებს მხარეთა შორის შეთანხმებულ ე.წ. საგარანტიო წერილს, რომლითაც ორივე მხარეს წარმოეშვა გარკვეული უფლებები და ვალდებულებები: მოსარჩელე ვალდებული იყო, გამოეთავისუფლებინა დაკავებული ფართი, ხოლო მოპასუხე კი კისრულობდა ვალდებულებას, გადაეცა ფართი სახლში, რომლის აშენებასაც სამომავლოდ გეგმავდა. მოსარჩელე რ.ი-მ ნაკისრი ვალდებულება შეასრულა, შესაბამისად, მხარეთა შორის წარმოიშვა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ძალითაც კრედიტორი უფლებამოსილია, მოსთხოვოს მოვალეს შეთანხმებული მოქმედების შესრულება (სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლი). მხარეები მოპასუხის ვალდებულების შესრულების ვადაზე არ შეთანხმებულან. სამოქალაქო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, თუ ვალდებულების შესრულებისათვის არ არის განსაზღვრული დრო და იგი სხვა გარემოებებიდანაც არ ირკვევა, მაშინ კრედიტორს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს მისი შესრულება, ხოლო მოვალეს შეუძლია იგი დაუყოვნებლივ შეასრულოს. ამდენად, ისეთი ვალდებულების არსებობისას, როდესაც ვადა განსაზღვრული არ არის, ვალდებულება უნდა შესრულდეს დაუყოვნებლივ, კრედიტორის მხრიდან მოვალისათვის მოთხოვნის წაყენების მომენტიდან.

ამასთან, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დაუყოვნებლივი შესრულების მოთხოვნისას კრედიტორმა უნდა გაითვალისწინოს შესრულებისათვის ობიექტურად საჭირო დრო, ე.ი. მოვალეს უნდა შეეძლოს ნაკისრი ვალდებულების შესრულება. მოვალე შპს “ .. ..” გამორიცხავს რა ნაკისრი ვალდებულების შესრულებას _ სახლის აშენებას და ბინის გადაცემას, შესაბამისად, გარკვეული დროის დადგენის საჭიროებაც არ არსებობს.

მოცემულ შემთხვევაში სადავო არ არის ის გარემოება რომ კრედიტორ რ.ი-ის მოთხოვნას ვალდებული პირი არ ასრულებს, რაც ვალდებულების დარღვევას და შესაბამისად, სამართალდარღვევას წარმოადგენს, ვინაიდან ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, ანუ ისე, როგორც ამაზე მხარეები შეთანხმდნენ. სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის. შპს “ .. ..” არ შეუსრულებია რა ორმხრივ ვალდებულებით_სამართლებრივ ურთიერთობიდან გამომდინარე ვალდებულება, მისი როგორც მოვალის პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლების საფუძვლები არ დგინდება. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ანალიზით, რ.ი-ისათვის მიყენებული ზიანი რეალურია და გამოხატულია იმ შესრულების ფულად ღირებულებაში, რომელიც მას 1990 წლის 2 აგვისტოს გარიგებით(საგარანტიო წერილით) უნდა მიეღო და ვერ მიიღო კონტრაჰენტ შპს “ .. ..” მართლსაწინააღმდეგო მოქმედების გამო. რაც შეეხება მოსარჩელის მიერ განსაზღვრულ ზიანის ოდენობას, იგი მოპასუხე მხარეს სადავოდ არ გაუხდია.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ ბინა, რომელიც გამოათავისუფლა კასატორმა, იყო საუწყებო საცხოვრებელი სადგომი და იგი წარმოადგენდა შპს “ .. ..” საკუთრებას, ხოლო რ.ი-ე _ მის დამქირავებელს, შესაბამისად, ახალაშენებულ სახლშიც რ.ი-ე იმავე უფლებით მიიღებდა ბინას და მას საგარანტიო წერილიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება არ გააჩნია, ვინაიდან ზიანი არ დამდგარა.

წარმოდგენილი საგარანტიო წერილი შემდეგი შინაარსისაა: ა/კ ... სამტრედიის ხელმძღვანელობა და პროფკავშირების რაიონული კომიტეტი გარანტიას აძლევს ვაგონების გამსინჯველ რ. ვ-ს ძე ი-ს მასზედ, რომ თუ ის გაათავისუფლებს მის მიერ დაკავებულ ბინას ... ¹6 სახლში, მას მომავალ მშენებარე ... სახლში მიეცემა ბინა სანიტარული ნორმების დაცვით სულადობის მიხედვით(ს.ფ. 6). მითითებული დოკუმენტიდან არ იკვეთება, რომ მშენებარე სახლში კასატორს ბინა გადაეცემოდა მხოლოდ სარგებლობის უფლებით. ასეთი გარემოება არც სხვა რაიმე მტკიცებულებით არ დასტურდება და სასამართლოს ეს დასკვნა მხოლოდ მოწინააღმდეგე მხარის განმარტებას ეყრდნობა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. აღნიშნული ნორმით მხარეთა შორის გადანაწილებულია მტკიცების ტვირთი, შპს “ .. ..” ვალდებული იყო ემტკიცებინა, რომ მის მიერ აღებული ვალდებულება მხოლოდ ბინის სარგებლობის უფლებით გადაცემაში გამოიხატებოდა, რაც მას არ განუხორციელებია. შესაბამისად, სასამართლო ამგვარ გარემოებას დადგენილად ვერ მიიჩნევს. ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს საქმეში წარმოდგენილი შპს “ .. ..” 2004 წლის 20 ოქტომბრის ¹234 წერილის შინაარსსაც, რომლითაც რ.ი-ის ბინით დაკმაყოფილების ვალდებულება მოწინააღმდეგე მხარისგან საეჭვოდ არ არის მიჩნეული.

საკასაციო საჩივარზე უარის თქმის საფუძვლად ვერ იქნება გამოყენებული შპს “ .. ..” შესაგებელში მითითებული არგუმენტი, რომ მხარეთა შორის არსებობდა რა სამოქალაქო კოდექსის 368-ე მუხლით გათვალისწინებულ პირობითი გარიგება, მოცემულ შემთხვევაში გარიგების ნამდვილობა კონკრეტულ პირობაზე _ სახლის აშენებაზე იყო დამოკიდებული და მხოლოდ ამ შემთხვევაში ჰქონდა კასატორს მოთხოვნის უფლება. აღნიშნული ნორმით, თუ გარიგების ნამდვილობა დამოკიდებულია რაიმე პირობის დადგომაზე, მაშინ ვალდებულება შესასრულებელია იმ დღიდან, როდესაც ეს პირობა დგება. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, გარიგების ნამდვილობა დამოკიდებულია რაიმე პირობაზე. სამოქალაქო კოდექსი აწესრიგებს რა პირობითი გარიგების საკითხს, მისი არსი მდგომარეობს იმაში, რომ პირობითი გარიგება დამოკიდებულია სამომავლო და უცნობ მოვლენაზე, ე.ი პირობითი გარიგების შესრულების გადავადება ხდება მხარეთა შორის შეთანხმებული ამ პირობის დადგომამდე ან ამ პირობის დადგომით გარიგება წყდება. მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის შეთანხმებული გარიგება რაიმე პირობის დადგომას არ უკავშირდება და კასატორის ვალდებულება _ საცხოვრებელი სახლის აშენება სამომავლო და უცნობ პირობად ვერ მიიჩნევა, არამედ იგი მხარეთა შორის შეთანხმებული სახელშეკრულებო პირობაა. შესაბამისად, აღნიშნული ნორმა მოცემულ სამართლებრივ ურთიერთობასთან მიმართებით არ უნდა იქნეს გამოყენებული.

საკასაციო სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზეც, რომ საგარანტიო წერილით აღიარებულია რა მხარის ვალდებულება საცხოვრებელი ფართის გადაცემის თაობაზე, მოწინააღმდეგე მხარის მოსაზრების გაზიარების შემთხვევაშიც ზიანი აშკარაა, ვინაიდან ფართის სარგებლობაში გადაცემის ვადა განსაზღვრული არ ყოფილა, ე.ი. რ. ი-ს ბინა უნდა გადასცემოდა შეუზღუდავ მფლობელობაში. ცალსახაა, რომ მოწინააღმდეგე მხარეს ვალდებულება სარგებლობის უფლებით ბინის გადაცემის გზით არ შეუსრულებია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ რ. ი-ის საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გაუქმდეს და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

რ. ი-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის გადაწყვეტილება.

რ. ი-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

შპს “ .. ..” რ.ი-ის სასარგებლოდ დაეკისროს 8500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.

შპს “ .. ..” დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის _ 620 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.