საქმე №141აგ-16 თბილისი
გ-ე ზ. 141აგ-16 8 დეკემბერი, 2016 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),
ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა გარდაცვლილი მსჯავრდებულის - ზ. გ-ს კანონიერი მემკვიდრის - ი. კ-სა და მისი ადვოკატების - მ. და ს. გ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 30 მაისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 27 სექტემბრის განაჩენით:
ზ. გ-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 210–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) წარდგენილ ბრალდებებში.
ზ. გ-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 332–ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 342–ე მუხლის 1-ლ ნაწილზე და სასჯელად განესაზღვრა 2 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2006 წლის 28 დეკემბრიდან.
საქართველოს სსკ-ის 42–ე მუხლის თანახმად, ზ. გ-ს დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა – 5000 ლარი.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 29 თებერვლის განაჩენით ცვლილება შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 27 სექტემბრის განაჩენში შემდეგი მიმართებით:
ზ. გ-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 210–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) წარდგენილ ბრალდებებში.
ზ. გ-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 332–ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 342–ე მუხლის 1-ლ ნაწილზე (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2006 წლის 28 დეკემბრიდან.
საქართველოს სსკ-ის 42–ე მუხლის თანახმად, ზ. გ-ს დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა – 5000 ლარი.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 29 ივლისის განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 29 თებერვლის განაჩენში შევიდა ცვლილება მსჯავრდებულის სასიკეთოდ შემდეგი მიმართებით:
ზ. გ-ს საქართველოს სსკ-ის 342–ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) დანიშნული სასჯელი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუმცირდა 4 თვით და საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 1 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა.
განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
4. 2016 წლის 16 მაისს გარდაცვლილი მსჯავრდებულის - ზ. გ-ს კანონიერმა მემკვიდრემ ი. კ-მ და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - მ. და ს. გ-მ შუამდგომლობით მიმართეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს, რომლითაც ვრცლად მიმოიხილეს საქმის მასალები და მოითხოვეს საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ბ“, „დ“, „ზ“ ქვეპუნქტების საფუძველზე ზ. გ-ს მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა, საქმის ზეპირი მოსმენით არსებითად განხილვა და მსჯავრდებულის გამართლება შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით: ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას; ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის ბრალდებულად ცნობის შესაძლებლობას. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 27 სექტემბრის განაჩენი ზ. გ-ს მიმართ ემყარება ერთადერთ მტკიცებულებას - მოწმე ლ. ლ-ს ირიბ ჩვენებას, რაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ბ“, „დ“ ქვეპუნქტების საფუძველზე წარმოადგენს დაუშვებელ მტკიცებულებას, განაჩენის გადასინჯვისა და ზ. გ-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს; გარდა ამისა, შუამდგომლობის ავტორები ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის საფუძვლად მიუთითებენ ასევე იმ გარემოებას, რომ ზ. გ-ს საქმეზე სახელმწიფო ბრალმდებელმა ლევან ზაქრაძემ, ზ. გ-ს მამხილებელი ჩვენების მიცემის სანაცვლოდ, მოწმე ლ. ლ-ი უკანონოდ გაათავისუფლა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან; აღნიშნული ფაქტი მათთვის ცნობილი გახდა მოგვიანებით, ვინაიდან პროკურორის უკანონო ქმედება გამოვლინდა მხოლოდ 2015 წლის 5 ოქტომბერს, ანუ მას შემდეგ, რაც მოწმე ლ. ლ-ს მიერ დანაშაულის ჩადენის მომენტიდან გავიდა საქართველოს სსკ-ის 71-ე მუხლით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ხანდაზმულობის - 10 -წლიანი ვადა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 30 მაისის განჩინებით გარდაცვლილი მსჯავრდებულის - ზ. გ-ს კანონიერი მემკვიდრის - ი. კ-სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების - მ. და ს. გ-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.
6. გარდაცვლილი მსჯავრდებულის - ზ. გ-ს კანონიერი მემკვიდრე ი. კ-ე და მისი ადვოკატები - მ. და ს. გ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 30 მაისის განჩინების გაუქმებას იმავე საფუძვლებით, რაზეც უთითებდნენ სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ შუამდგომლობაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. პალატა აღნიშნავს, რომ შუამდგომლობასა და საკასაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლით გათვალისწინებულ არც ერთ საფუძველს, კერძოდ: მოცემულ შემთხვევაში კასატორები ითხოვენ განაჩენის გადასინჯვას საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ბ“ (არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს) და „დ“ (არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი) ქვეპუნქტების შესაბამისად, რის საფუძვლადაც მიუთითებენ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს 2009 წლის 9 ოქტომბრის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის იმ ნორმების ნორმატიული შინაარსი, რომლებიც ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას იძლეოდა. გარდა ამისა, კასატორები განაჩენის გადასინჯვას ასევე მოითხოვენ საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით (წარდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო), რის საფუძვლადაც მიუთითებენ იმ გარემოებაზე, რომ პროკურორმა ლ. ზაქრაძემ ორჯერ ნასამართლევი მოწმის - ლ. ლ-გან ზ. გ-ს მამხილებელი ჩვენების მიღების სანაცვლოდ, ლ. ლ-ი უკანონოდ გაათავისუფლა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან, რაც მათთვის მოგვიანებით გახდა ცნობილი და რაც წარმოადგენს ახლად გამოვლენილ გარემოებას.
3. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით: ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას; ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის ბრალდებულად ცნობის შესაძლებლობას.
4. აქედან გამომდინარე, ვინაიდან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით ირიბ ჩვენებებთან დაკავშირებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი მხოლოდ მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ზემოაღნიშნული ნორმები, ხოლო 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისი ნორმა სასამართლოს არ უცვნია არაკონსტიტუციურად და ასევე იმის გათვალისწინებით, რომ მოცემულ საქმეში მსჯავრდებულის მიმართ საქმე წარმართულია 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, - საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მითითებული გადაწყვეტილება მოცემულ საქმესთან მიმართებით არ წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის როგორც - „ბ“, ასევე - „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ განაჩენის გადასინჯვის ახლად გამოვლენილ გარემოებასა და შუამდგომლობის დასაშვებად ცნობის საფუძველს.
5. რაც შეეხება კასატორთა მოთხოვნას სისხლის სამართლის საპროცესო კოდქსის 310-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე განაჩენის გადასინჯვის შესახებ, რომ ამ ნაწილში სააპელაციო სასამართლომ შეფასების გარეშე დატოვა პროკურორ ლ. ზაქრაძის უკანონო ქმედებები, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მათი მოსაზრება პროკურორის მხრიდან კანონსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენის თაობაზე, წარმოადგენს მხოლოდ ვარაუდს, რაც დადასტურებული არ არის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენით. რაც შეეხება კასატორთა მითითებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ 2013 წლის 28 მაისს გაცემული ნასამართლობის ცნობის შესახებ, რომლიდანაც ირკვევა, რომ მოწმე ლ. ლ-ი,ზ. გ-ს მიმართ 2007 წლის 27 სექტემბრის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანამდე, ორჯერ იყო ნასამართლევი, აღნიშნული არ წარმოადგენს რაიმე ახალ მტკიცებულებას, რაც თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო.
6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გარდაცვლილი მსჯავრდებულის - ზ. გ-ს კანონიერი მემკვიდრის - ი. კ-სა და მისი ადვოკატების - მ. და ს. გ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გარდაცვლილი მსჯავრდებულის - ზ. გ-ს კანონიერი მემკვიდრის - ი. კ-სა და მისი ადვოკატების - მ. და ს. გ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 30 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
გ. შავლიაშვილი