ას-545-854-09 26 ნოემბერი, 2009 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
თ. თოდრია (მომხსენებელი), რ. ნადირიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ შპს “შენება“ E(მოსარჩელე)
წარმომადგენელი _ ზ. ქ-შვილი
მოწინააღმდეგე მხარე _ შპს “თბილისის წყალი” (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება (განჩინება) – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 16 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2009 წლის 25 მარტის განჩინება
დავის საგანი – დარიცხვის აქტის ბათილად ცნობა, უკანონოდ დარიცხული თანხის გადახდისაგან განთავისუფლება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა შპს „შენების“ დირექტორმა მოპასუხე შპს „თბილისის წყლის“ მიმართ, რომლითაც მოითხოვა მოპასუხის მიერ 2007 წლის 18 მაისის ¹6\18 დაჯარიმების აქტის ბათილად ცნობა და უკანონოდ დარიცხული თანხის გადახდისაგან განთავისუფლება.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ შპს „შენება“, რომელიც მდებარეობს თბილისში, ... ქუჩაზე, საქვაბის ტერიტორიაზე 2006 წლის მაისიდან ამზადებდა და ახდენდა სამშენებლო ბლოკების რეალიზაციას. თბილისის საკრებულოს 2001 წლის ¹8-13 გადაწყვეტილებით თბილისის მთავარი სახელმწიფო სანიტარული ექიმის დადგენილების შესაბამისად, ... ქუჩა და მტკვრის მარჯვენა სანაპირო განეკუთვნება სარეკრიაციო ზონას და, აქედან გამომდინარე, მითითებულ ტერიტორიაზე განთავსებული ბეტონის კვანძებმა და მათ შორის შპს „შენებამ“ შეწყვიტა ფუნქციონირება, ე.ი. შეწყდა ბეტონის ბლოკების გამოშვება. ბეტონის საამქროს მუშაობის შეჩერების შესახებ ეცნობა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის საგადასახადო ინსპექციას.
შპს „თბილისის წყლის“ 18.05.2005 წლის ¹6\18 აქტში არ არის მითითებული რომელი ორგანიზაცია იქნა შემოწმებული, არც შემოწმებული ობიექტის მისამართია მითითებული, აქტი არ ჩაჰბარებია ობიექტის ხელმძღვანელს და არც მის კანონიერ წარმომადგენელს.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 2007 წლის 18 მაისს შპს „თბილისის წყლის“ წარმომადგენელს - აბონენტ შპს „შენებას“ ობიექტზე ჩვენების აღების დროს წყალმზომი დახვდა დაზიანებული, კერძოდ, არ აღრიცხავდა მოხმარებული წყლის რაოდენობას, რაზედაც კომპანიის თანამშრომლების მიერ თბილისის წყალსადენისა და კანალიზაციის კომპანიის თანამშრომლების მიერ წყალსადენისა და კანალიზაციის სისტემებით სარგებლობის წესების 118-ე მუხლის შესაბამისად, შედგენილ იქნა ¹6\18 აქტი, რომლის მიხედვით აბონენტს კანონიერად დაერიცხა 11 885,76 ლარი. თბილისის წყალსადენისა და კანალიზაციის სისტემებით სარგებლობის წესების 130-ე მუხლის თანახმად, რადგან შპს „შენებამ“ 5 დღის ვადაში არ წარადგინა პრეტენზია და ცნო დავალიანება, ვალდებულია, დაფაროს იგი. შპს „შენება“ ფუნქციონირების შეწყვეტის შემთხვევაში ვალდებული იყო, განცხადებით მიემართა შპს „თბილისის წყლისათვის“ და მოეთხოვა წყლის შეწყვეტა, რაც არ გაუკეთებია. შპს „შენება“ დღესაც რჩება კომპანია „თბილისის წყლის“ აბონენტად და დღემდე აწარმოებს ანგარიშსწორებას. თბილისის წყალსადენებისა და კანალიზაციის სისტემებით სარგებლობის წესების შესაბამისად, შპს „თბილისის წყლის“ წარმომადგენლებს უფლება გააჩნიათ, შეამოწმონ აბონენტის კუთვნილი ობიექტები.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილებით შპს „შენების“ სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი შპს „თბილისის წყლის“ 2007 წლის 18 მაისის ¹6\18 აქტი და შპს „შენება“ გათავისუფლდა შპს „თბილისის წყლის“ სასარგებლოდ ¹6\18 აქტით დარიცხული 11 885 ლარისა და 76 თეთრის გადახდის ვალდებულებისაგან.
აღნიშნული გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა შპს „თბილისის წყალმა“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 16 თებერვლის სასამართლო სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო, მიღებულ იქნა დაუსწრებული გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „თბილისის წყლის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. შპს „შენების“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაასაჩივრა შპს „შენების“ წარმომადგენელმა საჩივრით და მოითხოვა მისი გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 25 მარტის განჩინებით შპს “შენებას” საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამრთლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 16 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
აღნიშნულ განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა შპს “შენებამ”. მან მიუთითა, რომ კასატორის ერთ-ერთი წარმომადგენელი ა. თ-უა სააპელაციო სასამართლოში გამოცხადდა არა 13 საათზე, არამედ 15 საათზე. მან სასამართლოში გამოცხადებისთანავე დაწერა განცხადება, სადაც მიუთითა გამოუცხადებლობის ობიექტური მიზეზები. ა. თ-უამ პროცესის დანიშვნის დრო არასწორად გაიგო და დაიმახსოვრა, ვინაიდან წინა სასამართლოს სხდომები იწყებოდა 15 საათზე, ასევე საააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 21 იანვრის სასამართლო სხდომაზე შპს “შენების” მეორე წარმომადგენელი გაძევებულ იქნა დარბაზიდან. გარდა ამისა, მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობა საკმარისი არ არის იურიდიულად გაუმართლებელი გადაწყვეტილების მისაღებად. დადასტურებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები არ ამართლებს შპს “თბილისის წყლის” მოთხოვნას აბონენტის პირდაპირ დაჯარიმების თაობაზე. შპს “თბილისის წყალს” წყალმზომის დაზიანების აღმოჩენის შემთხვევაში უნდა ემოქმედა ჯერ მე-80 მუხლის მიხედვით, ხოლო აბონენტი, თუ მიცემულ ვადაში არ მოახდენდა დეფექტის აღმოფხვრას, მაშინ 123-ე მუხლის მიხედვით შესდგებოდა აქტი წყლის ხარჯის ოდენობის თაობაზე. ამდენად, სასარჩელო მოთხოვნა იურიდიულად გაუმართლებელია და ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად მიჩნევის შემთხვევაშიც არ ჰქონდა შპს “თბილისის წყალს” შპს “შენების” დაჯარიმების უფლება. კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, საკასაციო საჩივრის შემოწმების შედეგად თვლის, რომ შპს “შენების” საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 16 თებერვლის სასამართლო სხდომის თაობაზე შპს „შენების“ წარმომადგენელ ა. თ-უას ეცნობა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
დადგენილია, რომ სასამართლოს 2009 წლის 16 თებერვლის სასამართლო სხდომაზე, მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო, აპელანტის შუამდგომლობის საფუძველზე მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება შპს „თბილისის წყლის“ სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ საქმის განხილვაზე მოწინააღმდეგე მხარე არ გამოცხადდება, სააპელაციო საჩივრის შემტანი პირის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რომელიც შეიძლება დაემყაროს მომჩივნის ახსნა-განმარტებას.
ამ მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში იყენებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლს, რომელიც ადგენს, რომ, თუ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპატიო მიზეზად ჩაითვლება ავადმყოფობა, ახლო ნათესავის გარდაცვალება ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოება. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელი ა. თ-უა სასამართლოს მიერ დანიშნულ დროს, 2009 წლის 16 თებერვალს, 13 საათზე, სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა. ასევე დადგენილია, რომ ა. თ-უა სასამართლოში გამოცხადდა 2009 წლის 16 თებერვალს - 15 საათსა და 20 წუთზე.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ა. თ-უას გამოუცხადებლობა სასამართლო სხდომაზე უნდა ჩაითვალოს არასაპატიოდ, ვინაიდან საჩივრის ავტორის მიერ მითითებული გარემოება არ პასუხობს კანონის მოთხოვნებს, კერძოდ, სასამართლოს პროცესის დროის შეცდომით გაგება არ შეიძლება ჩაითვალოს ისეთ ობიექტურ გარემოებად, რაც შეიძლება ჩაითვალოს საპატიო მიზეზად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის მიხედვით, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ სასამართლოსთვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომლებსაც შეეძლოთ ხელი შეეშალათ სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის.
საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ ა. თ-უას გამოუცხადებლობა სასამართლო პროცესზე სწორად მიიჩნია არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობად.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ აპელანტის მიერ მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სააპელაციო საჩივრით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რადგან შპს „თბილისის წყლის“ მიერ სადავო აქტის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს საქალაქო წყალსადენის სარგებლობის წესების (ქ. თბილისის საკრებულოს 2000 წლის 1 მარტის გადაწყვეტილება) მე-80, 118-ე მუხლები. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დაცულია სსსკ-ის 230-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრი უსაფუძვლოა და არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
შპს “შენების” საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 16 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2009 წლის 25 მარტის განჩინება;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.