Facebook Twitter

¹ას-545-928-06 20 აპრილი 2007წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე),

როზა ნადირიანი (მომხსენებელი), თეიმურაზ თოდრია

სხდომის მდივანი _ ეკატერინე ხაჩიძე

კასატორები – 1. ნ. დ-ე

წარმომადგენელი _ ნ. ბ-ე

2. ვ. ფ-ა

წარმომადგენელი _ ნ. ა-ე

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება

სარჩელის საგანი _ სამკვიდრო მოწმობისა და ტექაღრიცხვის პასპორტის გაუქმება და გამოსახლება

შეგებებული სარჩელის საგანი _ ბინების გაცვლის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, საჯარო რეესტრის ჩანაწერის ბათილად ცნობა და ბინის საკუთრებაში გადაცემა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2004 წლის 23 ივლისს ნ. დ-მ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე ვ. ფ-ს წინააღმდეგ და მოითხოვა სამკვიდრო მოწმობისა და ტექაღრიცხვის პასპორტის გაუქმება და მოპასუხის ბინიდან გამოსახლება. მოსარჩელის განმარტებით, 1996 წლის მარტში, სანოტარო ხელშეკრულებით მასზე რიცხული ბინა, მდებარე, ქ. ბათუმში, .. ქ. ¹61, ბინა ¹105, გაუცვალა ს. ფ-ს ოროთახიან ბინაში, მდებარე, ქ. ბათუმი, ... ქ. ¹12, ბინა ¹7, რის შედეგადაც აღნიშნული ბინა გაფორმდა მის სახელზე და შესაბამისად ტექინვენტარიზაციის სამსახურის მიერ გაიცა ბინის ტექნიკური პასპორტი. ს. ფ-ს გარდაცვალების შემდეგ, მისმა მეუღლემ _ ვ. ფ-მ ტექინვენტარიზაციის სამსახურში წარადგინა ბინების გაცვლამდე არსებული პრივატიზაციის ფურცელი, ს. ფ-ს მიერ გარდაცვალებამდე დაწერილი ანდერძი და ტექინვენტარიზაციის სამსახურის თანამშრომლების შეცდომაში შეყვანით, სადავო ბინა სანოტარო წესით გადაიფორმა მემკვიდრეობით. ამდენად, მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ბინა ირიცხება როგორც მის სახელზე, ასევე მოპასუხის სახელზეც.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა ქ. ბათუმის ნოტარიუსის მიერ 2003 წლის 20 თებერვალს, ანდერძის საფუძველზე, ვ. ფ-ს სახელზე გაცემული, ქ. ბათუმი, ... ქ. ¹12, ¹7 ბინის არაკანონიერი გადაფორმების ბათილად ცნობა, ვ. ფ-ე გამოწერილი ტექნიკური პასპორტის გაუქმება და მის მიერ კანონიერად მოპოვებული საკუთრების აღდგენა. ასევე, მოითხოვა მოპასუხის გამოსახლება სადავო ბინიდან და ბინის თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარება.

მოგვიანებით, ნ. დ-მ დაზუსტებული სარჩელით ასევე მოითხოვა, ქ. ბათუმის ნოტარიუსის _ მ. ს-ის მიერ 2003 წლის 20 თებერვალს გაცემული სამკვიდრო მოწმობის გაუქმება.

მოპასუხე ვ. ფ-მ სარჩელი არ ცნო და თავის მხრივ აღძრა შეგებებული სარჩელი შემდეგი საფუძვლებით: ვ. ფ-ს განმარტებით, თვითონ და მისი აწ გარდაცვლილი მეუღლე _ ს. ფ-ა 30 წელი მუშაობდნენ მაგადანის ოლქში, ქ. ... , სადაც ჰქონდათ ბინა, რომელიც 1990 წელს გადაცვალეს ქ. დ...ში, ხოლო იმავე წელს, ს. ფ-ს ძმისშვილის _ ზ. ფ-ს ინიციატივით აღნიშნული ბინა გადაცვალეს ქ. ბათუმში, ... ქ. ¹12, ბ. ¹7-ზე. ვ. ფ-ს განმარტებით, ზ. ფ-მ, ნდობის ბოროტად გამოყენებით, შეცდომაში შეიყვანა ს. ფ-ა და 1995 წლის დეკემბერში ვითომცდა ბინის მოვლა-პატრონობის მიზნით, გააცემინა მინდობილობა მის სახელზე. აღნიშნული მინდობილობით, ზ. ფ-მ ისე, რომ ს. ფ-მ არაფერი იცოდა, 1996 წლის 14 მარტს ნ. დ-სთან გააფორმა ბინების გაცვლის ხელშეკრულება, რომლის თანახმად სადავო ბინის მესაკუთრე გახდა ნ. დ-ე, ხოლო გაცვლის გზით ს. ფ-ს საკუთრებაში გადმოსული ერთოთახიანი ბინა ისე გაყიდა სხვა პირზე, რომ არც ს. ფ-ს და არც მის ოჯახს არაფერი გაუგია. აღნიშნულის შესახებ, ვ. ფ-მ მხოლოდ 2003 წლის 18 ივლისს, სასამართლო შეტყობინების საფუძველზე შეიტყო.

ამას გარდა, ვ. ფ-მ აღნიშნა, რომ ზ. ფ-ს ინიციატივით, ს. და ვ. ფ-ებმა ქ. ... არსებული აგარაკი გაცვალეს პ. მ-ის თბილისის ბინაზე. ხოლო ქ. სოჩაში მათ ზ. ფ-ს გადასცეს 6500 აშშ დოლარი ყოველთვიოური სარგებლის მიღების მიზნით, რომლის დაბრუნებაზეც ზ. ფ-მ უარი განუცხადა იმ მიზნით, რომ მათ მისი ვალი ჰქონდათ.

1998 წელს ვ. და ს. ფ-ები საცხოვრებლად ბათუმში გადავიდნენ და დასახლდნენ ... ქ. ¹12, ბინა ¹7-ში, გააკეთეს კაპიტალური რემონტი. ხოლო 2001 წელს, ს. ფ-მ მიმართა ტექინვენტარიზაციის ბიუროს, რომელმაც შეადგინა ბინის ტექნიკური პასპორტი და ბინა დარეგისტრირდა ს. ფ-ს სახელზე, რომელმაც 2001 წლის პირველ ივნისს შეადგინა ანდერძი და ბინა დაუტოვა მას. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, 2003 წლის 21 თებერვალს, ვ. ფ-მ აიღო აღნიშნული ბინის ტექნიკური პასპორტი და ბინა დარეგისტრირდა მის სახელზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვ. ფ-მ მოითხოვა 1996 წლის 14 მარტს ნ. დ-სა და ს. ფ-ს შორის გაფორმებული ბინების გაცვლის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, საჯარო რეესიტრის ჩანაწერის გაუქმება, რომლის თანახმადაც ბინა _ მდებარე, თბილისში, ბ...ის ქ.¹12, ბ. ¹32-ში ირიცხება ს. ფ-ს საკუთრებაში და ანდერძის საფუძველზე, მოითხოვა აღნიშნული ბინის მის საკუთრებაში გადაცემა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილებით ნ. დ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი ქ. ბათუმის ნოტარიუსის მიერ 2003 წლის 20 თებერვალს გაცემული სამემკვიდრეო მოწმობა, რომელიც ეხებოდა ქ. ბათუმში, ... ქ. ¹12-ში მდებარე ბინა ¹7-ის ანდერძისმიერი სამკვიდრო ქონების სახით ვ. ფ-ს საკუთრებაში გადასვლას. ასევე ბათილად იქნა ცნობილი ვ. ფ-ს სახელზე გამოწერილი საცხოვრებელი ბინის ტექნიკური პასპორტი, ბინაზე, მდებარე ქ. ბათუმი, ... ქ. ¹12, ბინა ¹7-ში. ვ. ფ-ა გამოსახლდა აღნიშნული ბინიდან.

ვ. ფ-ს შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. ფ-მ და მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით 2003 წლის 20 თებერვალს გაცემული მემკვიდრეობის მოწმობისა და მის საფუძველზე გამოწერილი ბინის ტექნიკური პასპორტის კანონიერად ცნობა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 22 მაისის გადაწყვეტილებით ვ. ფ-ს სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით ნ. დ-ის სარჩელი ვ. ფ-ს მიმართ სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობისა და ტექნიკური პასპორტის გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. ვ. ფ-ს შეგებებული სარჩელი ნ. დ-ის მიმართ 1996 წლის 14 მარტის გაცვლის ხელშეკრულების ბათილობისა და თბილისში, ბ...ის ქ. ¹12, ბინა¹32-ზე საჯარო რეესტრის ჩანაწერის გაუქმების შესახებ არ დამკაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო ის გარემოება, რომ ბინა საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა ს. ფ-ს სახელზე, რომელმაც ქონება უანდერძა ვ. ფ-ს და შესაბამისად, მისი გარდაცვალების შემდეგ, სამკვიდრო მიიღო ვ. ფ-მ.

სააპელაციო საასამართლომ აღნიშნა, რომ ნ. დ-მ სარჩელში არასწორად დააყენა მოთხოვნა, კერძოდ, ნ. დ-მ სამკვიდრო მოწმობის გაუქმება მოითხოვა იმ საფუძვლით, რომ ქონება ანდერძით განკარგა არაუფლებამოსილმა პირმა. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ, მოსარჩელეს მოთხოვნა უნდა დაეყენებინა ანდერძის ბათილად ცნობის თაობაზე, და არა სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობაზე, ვინაიდან, იმისთვის, რომ გაუქმებულიყო სამკვიდრო მოწმობა, ჯერ ბათილად უნდა ცნობილიყო ს. ფ-ს ანდერძი.

სააპელაციო სასამართლომ ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნია ვ. ფ-ზე გამოწერილი ტექნიკური პასპორტის გაუქმების მოთხოვნაც იმ საფუძვლით, რომ 2003 წელს საჯარო რეესტრის სამსახური უკვე ფუნქციონირებდა და გასაჩივრებული ტექნიკური პასპორტის გაცემისას იგი უკვე აღარ წარმოადგენდა უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს. ბინაზე საკუთრების უფლება დგინდება საჯარო რეესტრის ჩანაწერით, რომლის თანახმად სადავო ბინის მესაკუთრედ ვ. ფ-ა ირიცხებოდა. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ამ შემთხვევაშიც, ნ. დ-მ მოთხოვნა არასწორად დააყენა, კერძოდ, მას ნაცვლად ტექნიკური პასპორტის გაუქმებისა, უნდა მოეთხოვა საჯარო რეესტრის უზუსტო ჩანაწერის შესწორება.

სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია ნ. დ-ის მოთხოვნა ვ.ა ფ-ს სადავო ბინიდან გამოსახლების თაობაზეც, ვინაიდან, ვ. ფ-ა, საქმის მასალების მიხედვით, სადავო ბინის მესაკუთრეა, ხოლო საწინააღმდეგო კი ჯერ არ დამტკიცებულა.

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ვ. ფ-ს შეგებებული სარჩელი უსაფუძვლოა. სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია 1995 წლის 5 დეკემბრის მინდობილობის მოტყუებით გაცემის თაობაზე, რადგან ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები აპელანტს არ წარუდგენია და აღნიშნული არც სააპელაციო საჩივარში გაუხდია სადავოდ. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო ის გარემოებაც, რომ ნ. დ-სა და ზ. ფ-ს შორის დადებული გაცვლის ხელშეკრულება არ წარმოადგენდა მოჩვენებით გარიგებას.

სასამართლომ ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნია ვ. ფ-ს მოთხოვნა საჯარო რეესტრის იმ ჩანაწერის გაუქმების თაობაზე, რომლის თანახმადაც თბილისში, ბ...ის ქუჩა ¹12, ბინა¹32 რეგისტრირებულია ზ. ფ-ს სახელზე, რადგან აღნიშნული რეგისტრაციის უსწორობის თაობაზე აპელანტს სასამართლოსათვის არანაირი მტკიცებულება არ წარუდგენია.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქლაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.

ნ. დ-მ საკასაციო საჩივარში მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლომ ისე გამოიტანა გადაწყვეტილება, რომ არ გაარკვია, თუ ვინ იყო სადავო ბინის ერთადერთი კანონიერი მესაკუთრე. მისი განმარტებით, სასამართლოს საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტებისათვის უნდა მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება და შესაბამისად მიეღო კანონიერი გადაწყვეტილება. ხოლო თავისი გადაწყვეტილებით, როგორც კასატორი ნ. დ-ე განმარტავს, სასამართლოს დავა არ გადაუჭრია, რადგან ბინას ფაქტობრივად დაუტოვა ორი მესაკუთრე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ნ. დ-მ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილებისსარჩელზე უარის თქმის ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

კასატორ _ ვ. ფ-ს განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება მისი შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში იურიდიულად დაუსაბუთებელია, კანონის დარღვევით არის მიღებული და მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. ხოლო ფაქტობრივი გარემოებების დადგენისას დარღვეულია სსსკ-ის 105-ე მუხლის მოთხოვნები და მიღებული დასკვნები არასწორია. კასატორის განმარტებით, გადაწყვეტილებაში სასამართლოს მიერ არ არის მითითებული ნორმა, რომლის საფუძველზეც გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ვ. ფ-მ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა განმარტებები და თვლის, რომ ვ. ფ-ს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ნ. დ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება). ამავე კოდექსის 521-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გაცვლის ხელშეკრულებით მხარეებს ეკისრებათ ქონებაზე საკუთრების უფლების ურთიერთგადაცემა. მოცემულ საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ აწ გარდაცვლილმა ს. ფ-მ სადავო ბინის განკარგვის უფლებამოსილება მისცა ზ. ფ-ს. წარმომადგენლის უფლებამოსილება დადასტურდა სანოტარო წესით ზ. ფ-სათვის სადავო ბინის განკარგვის უფლებამოსილების მინიჭებაზე თანხმობა განაცხადა ასევე ს. ფ-ს მეუღლემ, ვ. ფ-მ. 1996 წელს დაიდო ბინების გაცვლის ხელშეკრულება ნ. დ-სა და ს. ფ-ს წარმომადგენელს, ზ. ფ-ს შორის. დადგენილია, რომ გაცვლის ხელშეკრულება არ დადებულა მოსაჩვენებლად, მხარეებს სურდათ იმ შედეგის დადგომა, რაც ამ გარიგების დანიშნულებიდან გამომდინარეობდა. ასევე ამ გარიგებას მოჰყვა სამართლებრივი შედეგი, კერძოდ, მოხდა საკუთრების უფლების ურთიერთგადაცემა, გაცვლილი ბინები აღირიცხა მხარეთა სახელზე.

სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებით ასევე დადგენილია, რომ ვ. ფ-მ ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები, რაც გახდებოდა ქ. თბილისში მდებარე ბინის ზ. ფ-ს სახელზე საჯარო რეესტრის ჩანაწერის გაუქმების საფუძველი.

აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, ვინაიდან კასატორი, ვ. ფ-ს მიერ არ არის წამოყენებული დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ მტკიცებულებაზე, რომელიც გამორიცხავდა დადგენილ გარემოებებს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ ვ. ფ-ს შეგებებული სარჩელის ნაწილში დადგენილ გარემოებებს მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება და შესაბამისად ამ ნაწილში არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სარჩელზე უარის თქმის ნაწილში გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

დადგენილია, რომ ნ. დ-ს აღძრული აქვს ვინდიკაციური სარჩელი, იგი მოითხოვს სადავო ბინიდან მოპასუხის გამოსახლებას და მოპასუხეზე უკანონოდ გადაფორმებული ბინის დაბრუნებას მის საკუთრებაში.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ კანონიერად თუ უკანონოდ ამჟამად სადავო ბინა საჯარო რეესტრში აღრიცხულია მოპასუხე ვ. ფ-ზე, საჯარო რეესტრის ჩანაწერის უზუსტობა არ არის დამტკიცებული, შესაბამისად, სასამართლომ არ დააკმაყოფილა ნ. დ-ის მოთხოვნა ბინის დაბრუნების თაობაზე.

აღნიშნულ მოსაზრებას საკასაციო სასამართლო არ იზიარებს და თვლის, რომ სააპელაციო პალატას უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომელიც არ გამოიყენა.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, იმ პირის სასარგებლოდ, რომელიც გარიგების საფუძველზე სხვა პირისაგან იძენს რომელიმე უფლებას და ეს უფლება გამსხვისებლის სახელზე იყო რეესტრში რეგისტრირებული, რეესტრის ჩანაწერი ითვლება სწორად, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ ჩანაწერის საწინააღმდეგოდ შეტანილია საჩივარი, ან შემძენმა იცოდა, რომ ჩანაწერი უზუსტოა.

მითითებული ნორმის თანახმად, რეესტრის მონაცემთა მიმართ არ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია ორ შემთხვევაში: როცა, შემძნი არაკეთილსინდისიერია, ვინაიდან მან იცოდა რეესტრის ჩანაწერის უზუსტობის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ საჯარო რეესტრის მონაცემები ისე მიიჩნია უტყუარად, რომ საერთოდ არ იმსჯელა სადავო ბინაზე, საკუთრების უფლების შემძენი, ვ. იყო თუ არა კეთილსინდისიერი შემძენი, იცოდა თუ არა რეესტრის ჩანაწერის უზუსტობის შესახებ. საქმის ხელახლა განხილვისას თუ სააპელაციო სასამართლო დაადგენს, რომ ვ. ფ-ა არაკეთილსინდისიერი შემძენია, ასეთ შემთხვევაში საჯარო რეესტრის მონაცემების უტყუარობის პრეზუმფცია სკ 312-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, არ მოქმედებს და სასამართლომ უნდა დააკმაყოფილოს ვინდიკაციური სარჩელი. ამასთაენ, ნ. დ-ე გამოსახლებისა და სადავო ბინის დაბრუნების გარდა მოითხოვდა ტექნიკური პასპორტისა და სამკვიდრო მოწმობის გაუქმებას ანუ იმ აქტების გაუქმებას, რაც საფუძვლად დაედო საჯარო რეესტრის ჩანაწერს.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას იმის შესახებ, რომ სამკვიდრო მოწმობის გაუქმება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ დადგინდება, რომ მემკვიდრეს სამკვიდრო არ მიუღია. საკასაციო პალატა თვლის, რომ სამკვიდრო მოწმობის გაუქმება შესაძლებელია ასევე ისეთ შემთხვევაშიც თუ იგი გაიცა ისეთ ქონებაზე, რომელიც არ იყო მამკვიდრებლის საკუთრება.

საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ ვინაიდან, ტექნიკური აღრიცხვის ბიუროში უძრავი ნივთების რეგისტრაცია 2003 წლისათვის აღარ ხორციელდებოდა, მის მიერ გაცემული დოკუმენტები აღარ წარმოადგენდა უფლების დამადასტურებელ დოკუმენტებს. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სწორედ ტექნიკური აღრიცხვის ბიუროს მიერ გაცემული დოკუმენტების საფუძველზე გაიცა სადავო ქონებაზე სამკვიდრო მოწმობა. სამკვიდრო მოწმობა კი გახდა საჯარო რეესტრში ვ. ფ-ს საკუთრების უფლების აღრიცხვის საფუძველი. სააპელაციო სასამართლომ შეფასების გარეშე დატოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ გაცემული ცნობა (ტ. II ს.ფ. 26), რომლის მიხედვით ირკვევა, რომ ტექნიკური აღრიცხვის შეცდომამ გამოიწვია სადავო ბინის გადაფორმება ვ. ფ-ს სახელზე. ამდენად, ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის მიერ გაცემული დოკუმენტები სააპელაციო სასამართლოს უნდა ჩაეთვალა უფლების დამადასტურებელ დოკუმენტებად, მათ შორის ტექნიკური პასპორტი, რომელიც შეიცავს, როგორც შენობა-ნაგებობის ტექნიკურ დახასიათებას, ასევე ადგენს მესაკუთრის ვინაობას, ნივთის საკუთრებაში მიცების საფუძველს, საკუთრებაში არსებული ფართის ოდენობას და საზღვრებს. სწორედM ტექნიკურ პასპორტში მითითებული მახასიათებლებით აღირიცხა სადავო ბინა საჯარო რეესტრში ვ. ფ-ს სახელზე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ დარღვეულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მოთხოვნები, რის გამოც, სარჩელზე უარის თქმის ნაწილში გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს. საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულად განხილვის შედეგად უნდა დაადგინოს ფაქტობრივი გარემოებები და მისცეს სწორი სამართლებრივი შეფასება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ვ. ფ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

ნ. დ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

გაუქმდეს ამ საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება ნ. დ-ის სარჩელზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.