Facebook Twitter

ას-546-887-07 30 ნოემბერი, 2007 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხელ გოგიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნუნუ კვანტალიანი, მარიამ ცისკაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ ი. ბ-ე

კასატორის წარმომადგენელი _ ვ. ც-ე

მოწინააღმდეგე მხარე _ ზ. მ-ი

წარმომადგენელი _ მ. ჯ-ე

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 23 მარტის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 23 მარტის გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ამავე პალატის 2007 წლის 22 თებერვლის საოქმო განჩინებების გაუქმება

დავის საგანი _ ბინიდან გამოსახლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2004 წლის 7 ოქტომბერს ზ. მ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს ი. ბ-ის მიმართ და მოითხოვა ქ.თბილისში, ... ქ.¹38-ში მდებარე მე-17 ბინიდან ი. ბ-ის თანმხლებ პირებთან გამოსახლება შემდეგ გარემოებათა გამო:

1. 2000 წელს ქ.თბილისში, ... ქ.¹38-ში მდებარე მე-17 ბინა აუქციონის წესით შეიძინა ზ. მ-მა 135 000 ლარად;

2. ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ზ. მ-ს სასარჩელო განცხადება მის საკუთრებაში არსებული ბინიდან, კერძოდ, ქ. თბილისში, ... ქ.¹38-ში მდებარე მე-17 ბინიდან ნ. ბ-ის გამოსახლების თაობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული;

3. ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, 2004 წლის 26 ივლისს განმეორებით გამოცხადდნენ სააღსრულებო ბიუროსა და სააღსრულებო პოლიციის წარმომადგენლები, მათ სადავო ბინაში დახვდათ ნ. ბ-ის ძმა ი. ბ-ე, რომელმაც უარი განაცხადა ბინის გამონთავისუფლებაზე;

4. მოსარჩელის მითითებით, სადავო ბინის შესყიდვისას ბინის მესაკუთე იყო ნ. ბ-ე და არა ი. ბ-ე, შესაბამისად, ი. ბ-ე არ სარგებლობს ბინაში დარჩენის რაიმე უპირატესი უფლებით.

მოსარჩელე ზ. მ-ს სასარჩელო განცხადებაზე შეპასუხება წარმოადგინა ი. ბ-მ. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა ზ. მ-ს სარჩელის განხილვის შეჩერება ზ. მ-ს სააპელაციო საჩივრის ადმინისტრაციული წესით განხილვამდე და კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 18 აგვისტოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე შემდეგ გარემოებათა გამო:

1. ი. ბ-ე თავის ცოლ-შვილთან ერთად ცხოვრობს ქ.თბილისში, ... ¹38-ში მდებარე თავისი სახსრებით აშენებულ ¹17 ბინაში, სადაც მის დას _ ნ. ბ-ს მასთან არასოდეს უცხოვრია;

2. 2002 წლის 12 სექტემბერს ი. ბ-მ ქ.თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლისაგან შეიტყო, რომ 2001 წლის 14 დეკემბერს ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს მიერ გაიცა შემდეგი შინაარსის სააღსრულებო ფურცელი: “დაკმაყოფილდეს სარჩელი, ნ.ბ-ე გამოსახლებულ იქნეს ქ.თბილისში, ... ქ.¹38-ში მდებარე ¹17 ბინიდან”;

3. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ი. ბ-მ გამოარკვია შემდეგი: ა) ი. ბ-ის დას - ნ. ბ-ს, ი. ბ-ის ნების გარეშე, მისგან მალულად, შეუდგენია ქ.თბილისში, ... ქ.¹38-ში მდებარე ¹17 ბინის ჩუქების ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულებით მჩუქებელი იყო ი. ბ-ე, დასაჩუქრებული _ ნ. ბ-ე, ხოლო საჩუქარი კი _ ქ.თბილისში, ... ქ.¹38-ში მდებარე ¹17 ბინა; ბ) აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე ნ. ბ-ს “თ...დან” გაუფორმებია იპოთეკის ხელშეკრულება და “თ...ს” ვინმე ნ.ჭ-ს სახელზე გაუცია 23 000 აშშ დოლარი, რომელიც ამ უკანასკნელს აღარ დაუბრუნებია და ბანკში გაცემულმა სესხმა პროცენტთან ერთად შეადგინა 68 108 დოლარი; გ) “თ...ს” სარჩელით მიუმართავს საბურთალოს რაიონული სასამართლოსათვის და ამავე სასამართლოს 2000 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილების საფუძველზე ქ. თბილისის სააღსრულებო ბიუროს ¹... განკარგულებით ი.ბ-ის ბინა ზ. მ-ს შეუსყიდია და საჯარო რეესტრშიც ი.ბ-ის ბინა მის სახელზე დარეგისტრირებულა. აღნიშნული განკარგულების საფუძველზე ქ.თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტის მიერ 2000 წლის 2 ოქტომბერს ზ. მ-ს სახელზე მესაკუთრის სარეგისტრაციო მოწმობა გაცემულა; დ) ზ. მ-ს აღნიშნული დოკუმენტების საფუძველზე სარჩელით მიუმართავს ვაკე-საბურთალოს სასამართლოსათვის და ნ. ბ-ის ბინიდან გამოსახლება მოუთხოვია. 2001 წლის 14 სექტემბერს მოსამართლეს სასარჩელო განცხადება დაუკმაყოფილებია და სადავო ბინიდან ნ. ბ-ის გამოსახლების თაობაზე სააღსრულებო ფურცელი გაუცია; ი. ბ-მ მისი კუთვნილი ბინის გასხვისების თაობაზე სწორედ მაშინ შეიტყო, როდესაც სასამართლო აღმასრულებელმა აღნიშნული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე ბინის გამონთავისუფლება მოითხოვა (2002 წლის 12 სექტემბერი);

4. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ი. ბ-მ 2002 წლის 30 სექტემბერს სარჩელი აღძრა კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში. მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე, ჩუქების ხელშეკრულების ნამდვილობის დადგენის მიზნით, სასამართლომ გრაფიკული ექსპერტიზა დანიშნა. ექსპერტიზის 2003 წლის 9 დეკემბრის დასკვნით დადგინდა, რომ ჩუქების ხელშეკრულებაზე შესრულებული ხელმოწერა არ ეკუთვნოდა ი. ბ-ს. დაზუსტებული სარჩელით ი. ბ-მ მოითხოვა ჩუქების ხელშეკრულების, იპოთეკის ხელშეკრულების, აუქციონისა და მისი შედეგების ბათილად ცნობა, სააღსრულებო ფურცლის გაუქმება, ქ.თბილისის მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 2000 წლის 2 ოქტომბერს ზ.მ-ს სახელზე გაცემული სარეგისტრაციო მოწმობის გაუქმება, ასევე ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000 წლის 22 ივნისისა და 2001 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება. 2004 წლის 18 აგვისტოს სასამართლოს გადაწყვეტილებით, ი. ბ-ის სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ი. ბ-ის სახელით 1994 წლის 16 იანვარს შედგენილი ჩუქების ხელშეკრულება, ბათილად გამოცხადდა ასევე სააღსრულებო ბიუროს 2000 წლის 28 სექტემბრის განკარგულება აუქციონის ჩატარებისა და ზ.მ-სათვის უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების მინიჭების თაობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება ნაწილობრივ გაასაჩივრა ზ.მ-მა და თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2000 წლის 28 სექტემბრის განკარგულების ბათილად ცნობის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ი. ბ-მ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინიტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის მიერ მოცემულ საქმეზე სააპელაციო საჩივრის განხილვამდე ზ. მ-ს სარჩელის განხილვის შეჩერება მოითხოვა. თბილისის ვაკე – საბურთალოს რაიონულმა სასამართლომ საქმის განხილვის შეჩერების თაობაზე შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და საქმე არსებითად განიხილა. ამავე სასამართლოს 2004 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ზ.მ-ს სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე ი. ბ-ე თანმხლებ პირებთან ერთად გამოსახლებულ იქნა ქ.თბილისში, ... ქ.¹38-ში მდებარე ¹17 ბინიდან.

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 17 დეკემბრის განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. ბ-მ. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2005 წლის 26 აპრილის განჩინებით ი. ბ-ის სააპელაციო საჩივარი დააკმაყოფილა, გააუქმა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნა იმავე სასამართლოს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2005 წლის 26 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ზ. მ-მა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2006 წლის 13 აპრილის განჩინებით ზ. მ-ს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას. საკასაციო პალატამ აღნიშნულ განჩინებაში იმსჯელა საჯარო რეესტრის არსზე და კეთილსინდისიერი შემძენის დაცვის გარანტიებზე, ამასთან მიუთითა, რომ მოცემულ საქმეზე სააპელაციო პალატას თვითონ შეეძლო სადავო უძრავ ქონებაზე საკუთრების მოპოვების მიმართ ზ. მ-ს კეთილსინდისიერების საკითხის დადგენა და საქმეზე გადაწყვეტილების მიღება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 23 მარტის გადაწყვეტილებით ი. ბ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლო 2004 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილება თანმხლები პირების გამოსახლების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ზ. მ-ს სარჩელი თანმხლები პირების გამოსახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა, ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელი.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ი. ბ-ე სადავო უძრავ ქონებას ფლობდა მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ, მაშასადამე უკანონოდ, რაც ვინდიკაციის წინაპირობას წარმოადგენდა. ამდენად, სააპელაციო პალატამ სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის სამართლებრივი დასაბუთება გაიზიარა და ი. ბ-ე სადავო უძრავი ქონების უკანონო მფლობელად მიიჩნია. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა ვაკე- საბურთალოს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება თანმხლები პირების გამოსახლების ნაწილში, ვინაიდან არ არის დაკონკრეტებული თანმხლებ პირთა ვინაობა და სადავო ბინაში ყოფნის სამართლებრივი საფუძველი. ამასთან, პალატამ განმარტა, რომ თანმხლები პირები ჩაბმულები უნდა ყოფილიყვნენ საქის განხილვაში მოპასუხის სტატუსით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 86-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თითოეული მოპასუხე მხარე პროცესში გამოდის დამოუკიდებლად. ვინაიდან სასამართლოს არ უმსჯელია თანმხლებ პირთა უფლებებსა და მოვალეობებზე, ამიტომ მათ მიმართ გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელი და უსაფუძვლოა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 23 მარტის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. ბ-მ. კასატორმა საკასაციო საჩივრის საფუძვლად მიუთითა იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებსაც ადგილი ჰქონდა საკასაციო წესით საქმის განხილვის დროს, კერძოდ, კასატორის მითითებით, სააპელაციო პალატას უნდა მიეღო და გამოეკვლია დამატებით წარმოდგენილი მტკიცებულებები, ვინაიდან აღნიშნული მტკიცებულებების წარმოდგენა ქვედა ინსტანციის სასამართლოში შეუძლებელი იყო. მტკიცებულებების მიღების შემთხვევაში კი სასამართლო უტყუარად დაადგენდა იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ ი. ბ-ე თავის ოჯახთან ერთად ფაქტობრივად ცხოვრობს ქ.თბილისში, ... ქ.¹38-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მე-6 სართულზე, 198,8 კვ.მ ბინა ¹18-ში, რის გამოც იგი ვერც ფაქტობრივად და ვერც სამართლებრივად ვერ შეუშლიდა ხელს ზ. მ-ს საკუთრების უფლების განხორციელებაში, ვინაიდან ზ. მ-ი, საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, საკუთრების უფლებით ფლობს ქ.თბილისში, ... ქ.¹38-ში, მე-5 სართულზე მდებარე 151 კვ.მ ბინა ¹17-ს, ანუ ი. ბ-ის ფაქტობრივი მფლობელობა დაშორებულია ზ. მ-ს საკუთრებიდან ერთი სართულით, ამავე დროს განსხვავებულია ბინის ნომერი და ფართის ზომა, რის გამოც ვინდიკაც. სარჩელი აღძრულია არასათანადო პირის მიმართ. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა მოითხოვა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 22 თებერვლის საოქმო განჩინებების გაუქმება, რომლითაც კასატორებს უარი ეთქვათ დაზუსტებული სააპელაციო საჩივრისა და თანდართული მასალების მიღებაზე, ადგილზე დათვალიერების შუამდგომლობის დაკმაყოფილებასა და წერილობითი მტკიცებულებების მიღებაზე;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 23 მარტის სამოქალაქო საქმეთა პალატის გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც ძალაში დარჩა ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულება 50000 ლარს აღემატება. ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვასთან (ბინიდან გამოსახლებასთან) დაკავშირებულ დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას ი. ბ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი. ბ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორს დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% _ 210 ლარი საქართველოს სახელმწიფო ხაზინის (კოდი 220101222) საბიუჯეტო შემოსავლების ¹300773078 სახაზინო კოდით ძველი თბილისის არასაგადასახადო შემოსულობების ¹200122900 ანგარიშიდან.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.