Facebook Twitter

საქმე №146აგ-16 22 დეკემბერი, 2016 წელი

ბ-ი ხ. 146აგ-16 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),

ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ხ. ბ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 15 ივნისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 22 აპრილის განაჩენით დამტკიცდა პროკურორსა და მსჯავრდებულ ხ. ბ-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.

ხ. ბ-ი, – დაბადებული 19.. წელს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2015 წლის 25 მარტის ეპიზოდი) – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც იმავე კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით. მასვე სსკ-ის 41-44-ე მუხლების გამოყენებით დამატებით სასჯელად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 150 საათით; სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2015 წლის 30 მარტის ეპიზოდი) – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც იმავე კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით; სსკ-ის 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2015 წლის 27 მარტის ეპიზოდი) – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც იმავე კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით ხ. ბ-ს საბოლოოდ მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც იმავე კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე სსკ-ის 41-44-ე მუხლების გამოყენებით დამატებით სასჯელად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 150 საათით.

2. 2016 წლის 6 ივნისს მსჯავრდებულმა ხ. ბ-მ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ითხოვა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 22 აპრილის განაჩენის გადასინჯვა - დამატებითი სასჯელის სახით განსაზღვრული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომისაგან გათავისუფლება შემდეგ გარემოებათა გამო: რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 22 აპრილის განაჩენის გამოტანიდან გარკვეული ვადის გასვლის შემდეგ მისთვის ცნობილი გახდა, რომ აღნიშნული განაჩენის გამოტანის დროს იყო დაახლოებით 3 თვის ორსული, ხოლო 2015 წლის 21 ოქტომბერს შეეძინა შვილი, რომელიც სააპელაციო სასამართლოში შუამდგომლობის შეტანის დროს იყო 8 თვის. ამდენად, მისი მოსაზრებით, დაირღვა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნა, რომლის თანახმად, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა არ შეიძლება დაენიშნოს ორსულ ქალს.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 15 ივნისის განჩინებით მსჯავრდებულ ხ. ბ-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.

4. მსჯავრდებული ხ. ბ-ი საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ არ ეთანხმება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 15 ივნისის განჩინებას და ითხოვს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 22 აპრილის განაჩენით უკანონოდ განსაზღვრული დამატებითი სასჯელის - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომისაგან გათავისუფლებას იმავე საფუძვლებით, რაზეც უთითებდა სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ შუამდგომლობაში. გარდა ამისა, კასატორი დამატებით განმარტავს, რომ, ვინაიდან მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს განაჩენში გამოვლენილი ხარვეზის აღმოფხვრის მექანიზმებს, სააპელაციო სასამართლოს, საქართველოს სსსკ-ის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე სისხლის სამართლის საპროცესო ნორმის ანალოგიის გამოყენებით, იგი უნდა გაეთავისუფლებინა უკანონოდ დაკისრებული დამატებითი სასჯელისაგან.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლში მითითებულია ის საფუძვლები, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა, კერძოდ - განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ:

ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;

დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;

ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;

1) არსებობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის, ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის, წამების წინააღმდეგ კომიტეტის ან რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის გადაწყვეტილება, რომლითაც ამ საქმესთან დაკავშირებით დადგენილ იქნა კომიტეტის დამაარსებელი კონვენციის დარღვევა, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;

ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;

ზ) წარმოდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო;

1) წარდგენილია პროკურორის დადგენილება მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში მისი უფლების არსებითი დარღვევის შესახებ, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს ცნობილი არ იყო და თავისთავად ან/და სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო;

თ) არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომელმაც უკანონოდ ცნო ის ფარული საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგად მოპოვებული მტკიცებულება საფუძვლად დაედო განაჩენს.

3. საქმეში არსებული მასალებით დადგენილია, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 22 აპრილის განაჩენით ხ. ბ-ს დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 150 საათით. აღნიშნული განაჩენის გამოტანის შემდეგ, კერძოდ, 2015 წლის 23 მაისს, შპს „კ-ს“ მიერ გაცემული სამეანო კვლევის შესახებ ცნობით ირკვევა, რომ ხ. ბ-ი იყო 18-19 კვირის ორსული, ხოლო მშობიარობის სავარაუდო თარიღად მითითებულია - 2015 წლის 18 ოქტომბერი. თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ გაცემული დაბადების მოწმობის თანახმად, ხ. ბ-ს შვილი - ლ. ბ-ი დაიბადა 2015 წლის 21 ოქტომბერს. ამდენად, ზემოაღნიშნული მასალებით დასტურდება, რომ ხ. ბ-ი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 22 აპრილის განაჩენის გამოტანის დროს იყო დაახლოებით 14-15 კვირის ორსული, რაც იმ მომენტში უცნობი იყო როგორც თავად მსჯავრდებულის, ასევე - განაჩენის გამომტანი სასამართლოსათვის. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა არ დაენიშნება: „პირველი და მეორე ჯგუფის ინვალიდებს, ორსულ ქალს, ქალს, რომელსაც ჰყავს შვიდ წლამდე შვილი, საპენსიო ასაკის პირს, აგრეთვე გაწვეულ სამხედრო მოსამსახურეს“.

4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ წარმოდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო.

5. საპროცესო კოდექსის ზემოაღნიშნული განმარტება არ გულისხმობს იმგვარ შემთხვევებს, როდესაც აღმოჩნდება ისეთი ახალი გარემოება, რომლითაც დგინდება, რომ სასამართლომ მსჯავრდებულს განუსაზღვრა ისეთი სასჯელი, რომელიც არ დაინიშნებოდა, თუკი მისთვის ცნობილი იქნებოდა აღნიშნული გარემოება. ის, რომ საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლში მოცემული ჩამონათვალი არ ითვალისწინებს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა შორის ისეთ გარემოებას, რომელიც, მართალია, გავლენას არ ახდენს პირის მიერ ჩადენილი ქმედების კვალიფიკაციასა და მის ბრალეულობაზე, მაგრამ აუცილებლად იწვევს განაჩენით დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას, ამასთან, არ უკავშირდება პროცესის მონაწილეთა უკანონო ქმედებას, ანდა რომელიმე მტკიცებულების დაუშვებლად ცნობას, საკასაციო პალატის აზრით, უნდა ჩაითვალოს მითითებული საპროცესო კანონის ხარვეზად, რის გამოც გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული კანონის ანალოგია, რადგან მოცემულ შემთხვევაში ამით არ შეიზღუდება საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ადამიანის უფლებები და თავისუფლებები. მსჯავრდებულ ხ. ბ-ს მიმართ ზემოაღნიშნული პრინციპის გამოყენება არათუ შელახავს მის უფლებებს, არამედ პირიქით - ეს იქნება მის მიმართ არსებული სისხლის სამართალწარმოების შედეგის გამოსწორების საშუალება, რითაც არსებითად და მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება მსჯავრდებულის სამართლებრივი მდგომარეობა (იხილეთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 22 თებერვლის N 1/საზ.-2010 განჩინება).

6. ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ხარვეზის გამოსასწორებლად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 15 ივნისის განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე დაბრუნდეს სააპელაციო სასამართლოში საქართველოს სსსკ-ის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, იმავე კოდექსის 310-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის ანალოგიით გამოყენების საკითხის გადასაწყვეტად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ხ. ბ-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 15 ივნისის განჩინება მსჯავრდებულ ხ. ბ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

გ. შავლიაშვილი