საქმე №147აგ-16 28 დეკემბერი, 2016 წელი
შ. ლ-ა, 147აგ-16 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),
ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ლ. შ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 14 ივნისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 15 სექტემბრის განაჩენით ლ. შ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 23 თებერვლის განაჩენით ლ. შ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ვ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 15 სექტემბრის განაჩენი ლ. შ-ის მიმართ დარჩა უცვლელად.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 29 ივლისის განჩინებით მსჯავრდებულ ლ. შ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ვ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 7 ოქტომბრის განაჩენით მსჯავრდებულ ლ. შ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ვ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 15 სექტემბრის განაჩენსა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 23 თებერვლის განაჩენში ლ. შ-ის მიმართ შევიდა ცვლილება: მსჯავრდებულ ლ. შ-ის ქმედება საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან (ძველი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე (2015 წლის 31 ივლისიდან მოქმედი რედაქცია). რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 15 სექტემბრის განაჩენი და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 23 თებერვლის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 31 მარტის განაჩენით მსჯავრდებულ ლ. შ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ვ-ის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 7 ოქტომბრის განაჩენი მსჯავრდებულ ლ. შ-ის მიმართ დარჩა უცვლელად.
6. 2016 წლის 31 მაისს მსჯავრდებულმა ლ. შ-მა შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ითხოვა მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო და მისი გაუქმება, რის საფუძვლადაც უთითებს: მსჯავრდებულ მ. მ-ის განცხადებას (სადაც ეს უკანასკნელი აღნიშნავს, რომ მას არ მიუცია ჩვენება თითქოს, ლ. შ. პოლიციის თანამშრომლებს უწევდა წინააღმდეგობას); სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 2014 წლის 1 დეკემბრის დასკვნას; დაკავებისას მისი დროებითი მოთავსების იზოლატორში გარეგნული დათვალიერების ოქმს; პირადი დათვალიერების ოქმს.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 14 ივნისის განჩინებით მსჯავრდებულ ლ. შ-ის შუამდგომლობა დაუშვებლად იქნა ცნობილი.
8. კასატორი - მსჯავრდებული ლ. შ. საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 14 ივნისის განჩინების გაუქმებასა და შუამდგომლობის განსახილველად დაშვებას შუამდგომლობაში მითითებული მოტივებით. დამატებით კასატორმა მიუთითა, რომ მისი შუამდგომლობა არ უნდა განეხილათ იმავე მოსამართლეებს, რომლებიც მონაწილეობდნენ მისი საქმის არსებით განხილვაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლში მითითებულია ის საფუძვლები, რომელთა შემთხვევაშიც შესაძლებელია ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა, კერძოდ: განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ:
ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;
დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;
ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;
ე1) არსებობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის, ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის, წამების წინააღმდეგ კომიტეტის ან რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის (შემდგომ − კომიტეტი) გადაწყვეტილება, რომლითაც ამ საქმესთან დაკავშირებით დადგენილ იქნა კომიტეტის დამაარსებელი კონვენციის დარღვევა, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;
ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;
ზ) წარდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო;
ზ 1) წარდგენილია პროკურორის დადგენილება მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში მისი უფლების არსებითი დარღვევის შესახებ, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს ცნობილი არ იყო და თავისთავად ან/და სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო;
თ) არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომელმაც უკანონოდ ცნო ის ფარული საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგად მოპოვებული მტკიცებულება საფუძვლად დაედო განაჩენს.
3. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არც ერთ ზემოთ ჩამოთვლილ საფუძველს არ აკმაყოფილებს. პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივებს შუამდგომლობასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის გარემოებებს.
4. საკასაციო საჩივარში კასატორი აფასებს იმ გარემოებებს, რომლებიც მისი სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვის შედეგად უკვე შეფასებული აქვს სამივე ინსტანციის სასამართლოს, ხოლო მათზე ხელახლა მსჯელობის სამართლებრივი საფუძველი მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს, ვინაიდან კასატორი ვერ მიუთითებს ვერც ერთ ისეთ გარემოებაზე, რომელიც ცნობილი არ იყო მხარეებისა და სასამართლოსთვის საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე და რომელიც თავისთავად თუ სხვა დადგენილ გარემოებებთან ერთად ამტკიცებს მის უდანაშაულობას ან მის მიერ უფრო მსუბუქი დანაშაულის ჩადენას.
5. რაც შეეხება კასატორის მოსაზრებას, რომ მისი შუამდგომლობა არ უნდა განეხილათ იმავე მოსამართლეებს, რომლებიც მონაწილეობდნენ მისი საქმის არსებით განხილვაში, პალატა ამასთან დაკავშირებით აღნიშნავს: საკასაციო სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ საქმის არსებით განხილვაში მონაწილეობა მოსამართლეს არ უზღუდავს უფლებას, მონაწილეობდეს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქმის განხილვაში (№17აგ-16,, №416აგ-15, №28აგ-15, №76აგ-15).
6. ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება მსჯავრდებულ ლ. შ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერია, მისი გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1.მსჯავრდებულ ლ. შ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 14 ივნისის განჩინება მსჯავრდებულ ლ. შ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე