ას-548-857-09 21 სექტემბერი, 2009 წელი
თბილისი
თავდაცვის სამინისტრო
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
რ. ნადირიანი, თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მოსარჩელე)
კასატორის წარმომადგენელი _ ვ. ჯ-ძე
მოწინააღმდეგე მხარე – ა. ს-ივე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 21 აპრილის განჩინება.
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სასარჩელო განცხადებით მიმართა წყალტუბოს რაიონულ სასამართლოს ა. ს-ივეს წინააღმდეგ და მოითხოვა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ მოპასუხისათვის ჯარიმის სახით 16 092 ლარის, პირგასამტეხლოს სახით 16 092 ლარის 0,2%-ის და ზიანის 3397,78 ლარის დაკისრება.
წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2009 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი ა. ს-ივეს მიმართ არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2009 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 4 მარტის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი ა. ს-ივეს მიმართ ზიანის 3397,78 ლარის დაკისრების შესახებ, განსჯადობის წესების დაცვით განსახილველად გადაეცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 21 აპრილის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი, ზიანის ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2009 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 11 სექტემბრის ¹1344 ბრძანებით ა. ს-ივე 2005 წლის 1 მაისიდან გაწვეულ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში და კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების თანახმად დაინიშნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მეორე ქვეითი ბრიგადის ჯ\სატანკო ბატალიონის სატანკო ასეულის მეორე ოცეულის მემიზნე-ოპერატორად.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 28 ნოემბრის ¹71 ბრძანებით, მოპასუხე ა. ს-ივე დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო. ა. ს-ივეს სამხედრო სამსახურში ნამსახურობის ვადა შეადგენს 5 თვესა და 28 დღეს.
ხელფასის სახით ა. ს-იძეს 2005 წლის 1 მაისიდან 2005 წლის 1 დეკემბრის ჩათვლით მიღებული აქვს 3397,78 ლარი.
კონტრაქტის მესამე მუხლის 3.1 პუნქტის თანახმად: „სამხედრო მოსამსახურის“ მიერ სამხედრო სამსახურის ვადა შეადგენს 4 (ოთხ) წელს „3.2 პუნქტით: „სამხედრო სამსახურის პირველი 3 თვე შეადგენს „სამხედრო მოსამსახურის“ სწავლებისა და მომზადების პერიოდს, რაც შედის 3.1 მუხლში, აღნიშნული ხელშეკრულების მოქმედების ვადაში...“
კონტრაქტის მეოთხე მუხლის 4.1 პუნქტის თანახმად „სამხედრო მოსამსახურეს“ ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში მიეცემა ანაზღაურება საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებულებით დადგენილი 1 ა) კატეგორიის ხელფასის სახით თვეში 447 ლარის ოდენობით. მეხუთე მუხლის 5.1.2 პუნქტის თანახმად სამინისტრო ვალდებულია: „სამხედრო მოსამსახურეს“ გადაუხადოს 4.1 მუხლში აღნიშნული ხელფასი“.
აღნიშნული კონტრაქტიდან გამომდინარე უდავოა, რომ სამხედრო მოსამსახურე კონტრაქტის გაფორმებიდან, მათ შორის მომზადების პერიოდშიც უზრუნველყოფილია სათანადო ანაზღაურებით, ანუ ხელფასით.
ა. ს-ივეს მიერ კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო, მეორე მხარე თავდაცვის სამინისტრო იძულებული გახდა შეეწყვიტა კონტრაქტი.
თავდაცვის სამინისტრო ა. ს-ივეს მიერ კონტრაქტის დარღვევის გამო თვლის, რომ მათ მიადგათ ზიანი, რაც ახალი სამხედრო მოსამსახურის მომზადებაში დახარჯულ თანხაში გამოიხატება და ეს თანხა შეადგენს ა. ს-ივესათვის 2005 წლის 1 მაისიდან 28 ნოემბრის ჩათვლით გადახდილ 3397,78 ლარს.
პალატის განმარტებით, ა. ს-ივემ ბრალეულად დაარღვია კონტრაქტით გათვალისწინებული პირობები, რაც სავსებით არის დადასტურებული საქმეში არსებული მტკიცებულებებით, ანუ სახეზეა სამართალდარღვევის ისეთი შემადგენელი ელემენტები, როგორიცაა მართლწინააღმდეგობა და ბრალი.
ამასთან პალატამ მიიჩნია, რომ სახეზე არ არის ზიანი, რაც გამოიწვევდა ა. ს-ივეს ქონებრივი პასუხისმგებლობის საკითხს, შესაბამისად არ არსებრობს მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 21 აპრილის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.
კასატორის წარმომადგენლის განმარტებით, საკასაციო სასამართლოს ადმინისტრაციულმა პალატამ განჩინებით საქმე გადასცა განსჯად სამოქალაქო პალატას, ე.ი. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ საქმე განიხილა არაგანსჯადმა რაიონულმა სასამართლომ. აქედან გამომდინარე სამოქალაქო პალატა ვალდებული იყო სსსკ-ის 394-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად გაეუქმებინა წყალტუბოს რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება, როგორც სასამართლოს არაკანონიერი შემადგენლობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
კასატორის წარმომადგენლის განმარტებით, სსკ-ის 412-ე მუხლის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლო ვალდებული იყო დაეკმაყოფილებინა მიყენებული ზიანი, შემდეგ გარემოებათა გამო:
1. მოვალისათვის წინასწარ იყო ცნობილი სავარაუდო ზიანი, რადგან ოთარ მახარაძე გაცნობილი იყო კონტრაქტის 8.2 და 8.3 მუხლების შინაარსს, რომლებიც პირდაპირ მიუთითებენ სავარაუდო ზიანის მოთხოვნის შესაძლებლობაზე, თუ ის დაარღვევდა კონტრაქტის პირობებს.
2. კონტრაქტის დადებისას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინტერესი იყო საქართველოს შეიარაღებული ძალების პროფესიული, დისციპლინირებული, მაღალკვალიფიცირებული სამხედრო პერსონალით უზრუნველყოფა. მოპასუხის მხრიდან კონტრაქტის დარღვევით კი ვერ იქნა მიღწეული დასახული მიზანი და კონტრაქტის დარღვევით ზიანი მიადგა არა მარტო თავდაცვის სამინისტროს, არამედ ზოგადად ქვეყნის ინტერესებს, რადგან კონტრაქტის დასრულების შემდეგ თავდაცვის სამინისტრო მიიღებდა ჩამოყალიბებულ სამხედრო მოსამსახურეს.
კასატორის წარმომადგენელმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინება და საქმე განსახილველად გადაეცეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული დავა არ განეკუთვნება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველ საქმეს.
მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივრის დავის საგანია ა. ს-ივეს, როგორც სამხედრო მოსამსახურის მიერ კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება. თავდაცვის სამინისტროსა და ა. ს-ივეს შორის სადავო ურთიერთობის წარმოშობის საფუძველია თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ქვედანაყოფებში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ კონტრაქტი, რომლის 1.1 მუხლის თანახმად, სამხედრო მოსამსახურე კისრულობს ვალდებულებას, ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით კეთილსინდისიერად იმსახუროს სამინისტროს ქვედანაყოფებში, ხოლო სამინისტრო ვალდებულია, გადაუხადოს სამხედრო მოსამსახურეს შეთანხმებული ხელფასი და უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამხედრო სამსახურით და შესაბამისი პირობებით. სადავო არ არის, რომ აღნიშნული კონტრაქტი წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას, რამდენადაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ დადებულია თავისი საჯარო უფლებამოსილების განხორციელების _ სახელმწიფოს თავდაცვისუნარიანობის უზრუნველყოფის მიზნით.
საქმეზე დადგენილია, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 28 ნოემბრის ¹71 ბრძანებით, მოპასუხე ა. ს-ივე დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო. ა. ს-ივეს სამხედრო სამსახურში ნამსახურობის ვადა შეადგენს 5 თვესა და 28 დღეს. “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის “თ” ქვეპუნქტის საფუძველზე. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნა გამომდინარეობს სწორედ კონტრაქტის პირობების შეუსრულებლობიდან, კერძოდ, მოსარჩელე ზიანის ანაზღაურებას ითხოვს იმ საფუძვლით, რომ მხარეთა შორის დადებული 4-წლიანი კონტრაქტი მოპასუხის სურვილით შეწყდა. ამდენად, მოსარჩელე სადავოდ ხდის ადმინისტრაციული ხელშეკრულების პირობების შესრულებას, რაც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტისა და 251 მუხლის თანახმად ადმინისტრაციული დავის საგანია.
ის გარემოება, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნა ემყარება სამოქალაქო კოდექსის ნორმებს, არ ნიშნავს, რომ სადავო სამართლებრივი ურთიერთობა ამის გამო კერძოსამართლებრივ შინაარსს იძენს. დავის არსის გათვალისწინებით სადავო ურთიერთობის სამართლებრივი საფუძვლების სწორად განსაზღვრა სასამართლოს ვალდებულებაა და ამ შემთხვევაში სასამართლო მხარის მიერ დასახელებული სამართლის ნორმებით არ არის შებოჭილი. ამასთან, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის V თავი (“ადმინისტრაციული ხელშეკრულება”) სამოქალაქო კოდექსის ნორმების გამოყენებას ადმინისტრაციული ხელშეკრულების მიმართ სრულიად დასაშვებად მიიჩნევს. ამ შემთხვევაში მოთხოვნის საფუძვლიანობის განსასაზღვრად ძირითადი და გადამწყვეტია, პირველ რიგში შეფასდეს სწორედ მხარეთა შორის დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულების პირობები, ასევე ადმინისტრაციული კანონმდებლობის _ “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” კანონის, “სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” კანონის, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დამტკიცებული სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების მოთხოვნები. მხოლოდ ადმინისტრაციული კანონმდებლობის ნორმების გამოყენების შემდეგ არის შესაძლებელი, გაირკვეს მოთხოვნის სამოქალაქო კოდექსის ნორმებთან შესაბამისობა.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქმე განხილულია საგნობრივი განსჯადობის წესების დარღვევით და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საპროცესო საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 21 აპრილის განჩინება;
საქმე განსახილველად დაუბრუნდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.