საქმე №148აგ-16 29 დეკემბერი, 2016 წელი
გ. ზ-რ, 148აგ-16 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),
ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ზ. გ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ბ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 23 ივნისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. წალკის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 10 იანვრის განაჩენით ზ. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 108–ე მუხლით - 12 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ–ის 120–ე მუხლით - 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და საბოლოოდ ზ. გ-ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 12 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 30 მარტის განაჩენით წალკის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 10 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 7 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 30 მარტის განაჩენზე არ იქნა დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
4. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2013 წლის 29 იანვრის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით ზ. გ. გათავისუფლდა წალკის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 10 იანვრის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 120–ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დაკისრებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან; ზ. გ-ეს ერთი მეოთხედით შეუმცირდა წალკის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 10 იანვრის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 108–ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელი - 12 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. ზ. გ-ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2010 წლის 10 აგვისტოდან.
5. 2016 წლის 13 ივნისს მსჯავრდებულმა ზ. გ-ემ და მისმა ადვოკატმა ი. ბ-მა შუამდგომლობით მიმართეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს და საქართველოს სსსკ–ის 310–ე მუხლის „ზ“ პუნქტზე მითითებით მოითხოვეს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა. შუამდგომლობის ავტორები განმარტავენ, რომ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის საფუძველს წარმოადგენს ექსპერტ მ. ნ-ის მიერ 2016 წლის 25 მაისს გაცემული №------- სასამართლო–სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც, მსჯავრდებული ზ. გ. მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში. აღნიშნულისა და ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ მარცხენა წინაგულის ჭრილობის გაკერვა მნიშვნელოვნად გაზრდიდა გ. დ-ის გადარჩენის შანსს, ზ. გ. და მისი ადვოკატი ითხოვენ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო წალკის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 10 იანვრის გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვას.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 23 ივნისის განჩინებით მსჯავრდებულ ზ. გ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ბ-ის შუამდგომლობა დაუშვებლად იქნა ცნობილი.
7. კასატორი - მსჯავრდებულ ზ. გ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ი. ბ. ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 23 ივნისის განჩინების გაუქმებასა და შუამდგომლობის განსახილველად დაშვებას მასში მითითებული მოტივებით. კასატორი აგრეთვე მიუთითებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 310-ე და 313-ე მუხლები სასამართლოს უალტერნატივოდ ავალებს განაჩენის გადასინჯვას იმ შემთხვევაში, თუ შუამდგომლობა დაყენებულია სსსკ-ის 312-ე მუხლის შესაბამისად, კერძოდ: შუამდგომლობა განსჯადობის მიხედვით წერილობითი ფორმითაა შეტანილი უფლებამოსილი სუბიექტის მიერ და მასში აღნიშნულია განაჩენის გადასინჯვის საფუძველი და მტკიცებულება. კასატორის აზრით, როდესაც შუამდგომლობა აკმაყოფილებს ხსენებულ კრიტერიუმებს (რასთანაც მოცემულ შემთხვევაში გვაქვს საქმე), სასამართლო ვალდებულია, გადასინჯოს განაჩენი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს სსსკ–ის 310–ე მუხლის „ზ“ პუნქტის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ წარმოდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობლი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებებთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას, ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას. მოცემულ შემთხვევაში, კასატორის განმარტებით, ახალ გარემოებას წარმოადგენს ექსპერტ მ. ნ-ის მიერ გაცემული სასამართლო–სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ადასტურებს, რომ ზ. გ. აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში იმყოფებოდა.
3. პირველ ყოვლისა, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკითხი - პირი მოქმედებდა თუ არა აუცილებელი მოგერიების ვითარებაში - სცდება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის კომპეტენციას. აუცილებელი მოგერიება არის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი გარემოება, რომლის არსებობაც ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად სასამართლოს დასადგენია მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების შედეგად.
4. გარდა ამისა, პალატა მიუთითებს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს, თუ რატომ არ იშუამდგომლა ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარების თაობაზე საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე და რა ახალი გარემოება გამოვლინდა, რის გამოც ექსპერტიზის ჩატარების საფუძველი ახლა გამოიკვეთა. ამდენად, აღნიშნული დასკვნა ვერ ჩაითვლება ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძვლად.
5. რაც შეეხება ადვოკატის მოსაზრებას, რომ საქართველოს სსსკ-ის 310-ე-313-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლო ვალდებული იყო, დაეშვა შუამდგომლობა განსახილველად, პალატა აღნიშნავს, რომ დაცვის მხარე არასწორად განმარტავს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მითითებულ მუხლებს, კერძოდ:
6. საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის თანახმად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობის შეტანიდან 2 კვირის ვადაში სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე ამოწმებს, დაყენებულია თუ არა შუამდგომლობა ამ კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად და რამდენად არის ის დასაბუთებული; თუ შუამდგომლობა ამ კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად არ არის დაყენებული ან დაუსაბუთებელია, სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე განჩინებით დაუშვებლად ცნობს მას; თუ შუამდგომლობა ამ კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად არის დაყენებული და დასაბუთებულია, სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე განჩინებით დაუშვებს მას, ნიშნავს საქმის არსებითი განხილვის თარიღს და მხარეებს აძლევს გონივრულ ვადას საქმის არსებითი განხილვისათვის მოსამზადებლად.
7. საკასაციო პალატა განმარტავს: საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-4 ნაწილი - თუ შუამდგომლობა ამ კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად არის დაყენებული და დასაბუთებულია, სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე განჩინებით დაუშვებს მას - მიუთითებს, რომ იმისათვის, რათა სასამართლომ დაუშვას შუამდგომლობა განსახილველად, სახეზე უნდა იყოს ორივე პირობა, კერძოდ: დაცული უნდა იყოს როგორც ფორმალური მხარე, ისე შინაარსობრივი - ანუ შუამდგომლობა უნდა იყოს კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად დაყენებულიც და დასაბუთებულიც. საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტის მიზნებისთვის შუამდგომლობა იმ შემთხვევაში ჩაითვლება დასაბუთებულად, თუ წარმოდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებებთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას, ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო. ხოლო იმ გარემოებას, არის თუ არა წარმოდგენილი ფაქტი/მტკიცებულება ახალი და ამტკიცებს თუ არა ის მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ უფრო მსუბუქი/მძიმე დანაშაულის ჩადენას, სასამართლო სწორედ დასაშვებობის ეტაპზე ამოწმებს და იმ შემთხვევაში, თუ დადებითად გადაწყვეტს აღნიშნულ საკითხს, ჩაითვლება რომ შუამდგომლობა აკმაყოფილებს დასაბუთებულობის კრიტერიუმს და თუ ფორმალურადაც სწორად არის დაყენებული, სასამართლო, საქართველოს სსკ-ის 313-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულია, დაუშვას და განიხილოს იგი.
8. ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება მსჯავრდებულ ზ. გ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ბ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერია, მისი გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ზ. გ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 23 ივნისის განჩინება მსჯავრდებულ ზ. გ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ბ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე