საქმე №149აგ-16 თბილისი
ს-ი მ. 149აგ-16 22 დეკემბერი, 2016 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),
ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. ს-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 22 ივნისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თელავის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 12 ოქტომბრის განაჩენით დამტკიცდა პროკურორსა და ბრალდებულებს - მ. ს-სა და ა. ა-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება:
· მ. ს-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით და ამავე კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე ამავე კოდექსის 41-42-ე მუხლების შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 2000 ლარი. მ. ს-ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2015 წლის 7 ივნისიდან იმავე წლის 9 ივნისის ჩათვლით. მასვე ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები.
· ა. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით და ამავე კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე ამავე კოდექსის 41-42-ე მუხლების შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 2000 ლარი. ა. ა-ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2015 წლის 7 ივნისიდან იმავე წლის 9 ივნისის ჩათვლით. მასვე ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები.
2. 2016 წლის 14 ივნისს მსჯავრდებულმა მ. ს-მ შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და მოითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილების საფუძველზე.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 22 ივნისის განჩინებით მსჯავრდებულ მ. ს-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე ცნობილ იქნა დაუშვებლად.
4. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა მ. ს-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, შუამდგომლობის დასაშვებად ცნობა და მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილების საფუძველზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდქსის 310-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.
3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის (2014 წლის პირველი მაისიდან 2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) სიტყვების - „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თოთხმეტ წლამდე“ - ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული, სადავოდ გამხდარი ოდენობით (70 გრამამდე) ნარკოტიკული საშუალება - „გამომშრალი მარიხუანის“ პირადი მოხმარების მიზნებისათვის შეძენისა და შენახვის გამო.
4. საქმის მასალებით ირკვევა, რომ მ. ს-ს თელავის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 12 ოქტომბრის განაჩენით მსჯავრი დაედო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, კერძოდ: წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით - 171,63 გრამი ნარკოტიკული საშუალება - „ნედლი მარიხუანის“ უკანონო შეძენა-შენახვაში. აღნიშნული ოდენობა კი აღემატება საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაში მითითებულ ოდენობას. ამასთან, გადაწყვეტილება მიღებულია ნარკოტიკულ საშუალება - „გამომშრალ მარიხუანასთან“ მიმართებით.
5. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ, მართალია, უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა კონსტიტუციური წარდგინებებით სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას ნარკოტიკული საშუალება - „ნედლი მარიხუანის“ პირადი მოხმარების მიზნებისთვის შეძენისა და შენახვის გამო, მაგრამ წარდგინებებში მითითებული ნარკოტიკული საშუალება - „ნედლი მარიხუანის“ მოცულობა არ აღემატება საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში მითითებულ 70 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება „გამომშრალი მარიხუანის“ ორმაგ ოდენობას (ნარკოტიკული საშუალება - „ნედლი მარიხუანის“ ორმაგი ოდენობა გამომდინარეობს „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონიდან, რომლის №2 დანართის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში აღნიშნული ოდენობების მიხედვით, ნარკოტიკული საშუალება - „გამომშრალი მარიხუანის“ ტოლფას ოდენობას შეადგენს „ნედლი მარიხუანის“ ორმაგი ოდენობა).
6. აქედან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნულ წარდგინებებზე საკონსტიტუციო სასამართლოს ამ ეტაპზე გადაწყვეტილება არ მიუღია, ხოლო ამავე სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება არ ვრცელდება ნარკოტიკულ საშუალება - „ნედლ მარიხუანაზე“, მით უმეტეს 171,63 გრამზე, რომელიც აღემატება გადაწყვეტილებაში მითითებულ 70 გრამამდე „გამომშრალი მარიხუანის“ ორმაგ ოდენობასაც კი, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული ქმედების ჩადენისათვის მსჯავრდებულ მ. ს-ს მიმართ განსაზღვრული სასჯელის კონსტიტუციურობის საკითხის დასადგენად საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის საფუძველი დღევანდელი მოცემულობით არ არსებობს ისევე, როგორც არ არსებობს მსჯავრდებულ მ. ს-ს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და მისივე შუამდგომლობის დასაშვებად ცნობის საფუძველი.
7. ამდენად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მითითებული გარემოება არ წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ განაჩენის გადასინჯვის ახლად გამოვლენილ გარემოებას, რაც შეიძლება გახდეს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი.
8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულ მ. ს-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ მ. ს-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 22 ივნისის განჩინება მსჯავრდებულ მ. ს-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
გ. შავლიაშვილი