ას-551-860-09 10 სექტემბერი, 2009წ. 28 ნოემბერი, 2008 წ.
7 ას-551-860-09 სიხარულიძე, ჭილაია ქ. თბილისი ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
რ. ნადირიანი (მომხსენებელი), თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი _ ლ. ს-ძე, ნ. ჭ-ია
მოწინააღმდეგე მხარე _ სსიპ “ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი”
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი –სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, მორალური ზიანის ანაზღაურება (ლ. ს-ძის სარჩელში); სასტიკი საყვედურის გამოცხადების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, მორალური ზიანის ანაზღაურება (ნ. ჭ-იას სარჩელში)
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ლ. ს-ძემ და ნ. ჭ-იამ სარჩელი აღძრეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე _ სსიპ კორნელი კეკელიძის ხელნაწერთა ინსტიტუტის მიმართ, რომლითაც მოითხოვეს კ. კეკელიძის ხელნაწერთა ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მიერ გამოცემული 2006 წლის 15 აგვისტოს ¹49 ბრძანების ბათილად ცნობა, რომლითაც ლ. ს-ძე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, ხოლო ნ. ჭ-იას გამოეცხადა სასტიკი საყვედური, ასევე სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა განაცდური ხელფასისა და მორალური ზიანის ანაზღაურება და მოსარჩელეთა შრომით უფლებებში სრული აღდგენა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით ლ. ს-ძისა და ნ. ჭ-იას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ლ. ს-ძემ და ნ. ჭ-იამ, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება. ლ. ს-ძემ ასევე მოითხოვა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით ლ. ს-ძისა და ნ. ჭ-იას სააპელაციო საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ლ. ს-ძისა და ნ. ჭ-იას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა სსიპ კორნელი კეკელიძის ხელნაწერთა ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2006 წლის 15 აგვისტოს ¹49 ბრძანების პირველი პუნქტი მხატვარ-რესტავრატორ ლ. ს-ძის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებისა და რესტავრატორ ნ. ჭ-იასათვის სასტიკი საყვედურის გამოცხადების შესახებ, სსიპ “ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს” ლ. ს-ძის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი მოცდენის ანაზღაურება გათავისუფლების დღიდან _ 2006 წლის 15 აგვისტოდან 2006 წლის 29 სექტემბრამდე, ლ. ს-ძის ყოველთვიური ხელფასის _ 65 ლარის გათვალისწინებით, ლ. ს-ძის სარჩელი სამუშაოზე აღდგენისა და მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ არ დაკმაყოფილდა, ნ. ჭ-იას სარჩელი მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ არ დაკმაყოფილდა, ლ. ს-ძის მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
ლ. ს-ძე 1970 წლიდან სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტში, რომლის უფლებამონაცვლე 2006 წლის 31 მაისიდან გახდა საჯარო სამართლის იურიდიული პირი ,,კორნელი კეკელიძის ხელნაწერთა ინსტიტუტი". იგი არის მაღალკვალიფიციური რესტავრატორი. ხოლო ნ. ჭ-ია სარჩელის შეტანამდე 15 წლის განმავლობაში მუშაობდა მოპასუხესთან. სარჩელის შეტანამდე მას ეკავა რესტავრატორის თანამდებობა.
მათ სამუშაო ოთახს წარმოადგენდა ¹12 საამკინძაო-სარესტავრაციო ოთახი. სადავო ბრძანების გამოცემისას ¹12 ოთახში არ იყო სათანადო განათება სარესტავრაციო სამუშაოების სრულფასოვნად განხორციელებისათვის. ¹12 ოთახი არ ლაგდებოდა დამლაგებლის მიერ, მოპასუხემ 2006 წლის 20 ივლისს დალუქა იგი, დალუქვის აქტში აღინიშნა, რომ ოთახი გაიღებოდა სათანადო კომისიის შექმნისა და მისი შემდგომი დათვალიერებისა და სიტუაციის შესწავლის მიზნით.
მოპასუხის 2006 წლის 21 ივლისის ბრძანებით ¹12 ოთახში სიტუაციის შესწავლის მიზნით, შეიქმნა კომისია, რომლის შემადგენლობაშიც მოპასუხე ინსტიტუტის წარმომადგენლების გარდა შედიოდნენ საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის დაზგური ტემპერის რესტავრაციის სექტორის ხელმძღვანელი, ამავე მუზეუმის გრაფიკის სექტორის რესტავრატორი, ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი და სხვა. მითითებული ¹31 ბრძანების საფუძველზე შექმნილმა კომისიამ იმუშავა 5 დღე - 2006 წლის 8-დან 14 აგვისტომდე და რეკომენდაცია მისცა ინსტიტუტის დირექციას მიეღო გადამწყვეტი ზომები მოცემული სიტუაციის გამოსასწორებლად. 2006 წლის 15 აგვისტოს სწორედ აღნიშნული ბრძანების საფუძველზე გამოიცა ¹49 ბრძანება, რომლის თანახმად, ,,სამსახურებრივი გულგრილობისათვის; 40-მდე ხელნაწერისა და რამდენიმე ათეული ფრაგმენტის (ხელნაწერთა ყდები, ყუები, მინაწერებიანი ფრაგმენტები) წლების განმავლობაში არასათანადო პირობებში შენახვისათვის, რამაც ხშირ შემთხვევაში მათი განადგურება გამოიწვია; ინსტიტუტის ადმინისტრაციის, ლაბორატორიის ხელმძღვანელობისა და ¹12 ოთახში შექმნილი ვითარების შემსწავლელი კომისიებისათვის ინფორმაციის სისტემატურად დამალვისა და არასწორი ინფორმაციის მიწოდებისათვის მხატვარ-რესტავრატორი ლ. ს-ძე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, რესტავრატორ ნ. ჭ-იას კი გამოეცხადა სასტიკი საყვედური". აღნიშნული ბრძანების სამართლებრივ საფუძვლად მიეთითა შრომის კოდექსის 37-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტი, ხელნაწერთა ინსტიტუტის დროებითი წესდების მე-4 მუხლის “ე” და “ლ” პუნქტები;
სადავო ბრძანებით შრომითი ხელშეკრულების პირობების დარღვევად მიჩნეულია მოსარჩელეთა სამსახურებრივი გულგრილობა, რის დასადასტურებლად მითითებულია მოპასუხე ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2006 წლის 21 ივლისის ¹27 ბრძანების საფუძველზე, ¹12 ოთახში სიტუაციის შეწავლის მიზნით შექმნილი კომისიის 2006 წლის 14 აგვისტოს დასკვნაზე, ამავე ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2006 წლის 7 აგვისტოს ¹31 ბრძანების საფუძველზე შექმნილი კომისიის 2006 წლის 14 აგვისტოს დასკვნაზე. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ზეამოაღნიშნული დასკვნებით სადავო ბრძანებაში მითითებული გარემოებების დადასტურება შეუძლებელი იყო, ვიანიდან თავად ამ დასკვნებში მითითებული ფაქტების დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულებები მოპასუხეს არ წარმოუდგენია. სასამართლოს განმარტებით, ¹12 ოთახში შექმნილი ვითარების ამსახველი ოქმი კომისიას არ შეუდგენია, აღნიშნული არც საქმის მასალებშია და არც მოპასუხეს გაუხდია სადავოდ, თავად კომისიის დასკვნას მოსარჩელეები ხელს არ აწერენ და მის შინაარსს სადავოდ ხდიან. ამასთან, მითითებულ ოთახში შექმნილ ვითარებაზე კომისიას პასუხისმგებელი პირები არ დაუდგენია, ასევე კომისიას უნდა გაერკვია არსებობდა თუ არა ინსტიტუტში შინაგანაწესი. დადგენილია რომ შინაგანაწესი, რომელშიც მკაცრად იქნება განსაზღვრული არა მხოლოდ ხელნაწერი ნიმუშების სარესტავრაციო ციკლის უკლებლივ ყველა ეტაპი, არამედ ამ პროცესში ჩართული სტრუქტურული ერთეულების და ცალკეული პირების უფლებამოვალეობათა ფარგლები, ინსტიტუტს დღემდე არ გააჩნია.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ბრძანებით შრომითი ხელშეკრულების პირობების დარღვევად მიჩნეული გარემოებების დადასტურება მოპასუხემ ვერ შეძლო, ხოლო, ვინაიდან მხარეთა შორის არსებობდა ზეპირი ფორმის ხელშეკრულება, შესაბამისად, არ არსებობდა სადავო ბრძანების მიღების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები, რის გამოც სასამართლომ აღნიშნა, რომ იგი ბათილად უნდა ცნობილიყო სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად.
იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე ლ. ს-ძე მუშაობდა სსიპ კორნელი კეკელიძის ხელნაწერთა ინსტიტუტში ხელნაწერთა დიაგნოსტიკისა და კონსერვაციის ლაბორატორიაში მხატვარ-რესტავრატორად, ხოლო ამავე ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მიერ დამტკიცებული საშტატო განრიგის თანახმად, ინსტიტუტში აღნიშნული ლაბორატორია და მხატვარ-რესტავრატორის თანამდებობა აღარ არსებობდა, სასამართლომ ჩათვალა, რომ სამოქალაქო კოდექსის 408.1 მუხლის თანახმად, ლ. ს-ძის სასარჩელო მოთხოვნა სამუშაოზე აღდგენის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილებულიყო, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში შეუძლებელი იყო პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა.
სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ ნაწილობრივ დაუსაბუთებელი იყო ლ. ს-ძის სასარჩელო მოთხოვნა იძულებითი მოცდენის ანაზღაურების თაობაზე.
სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელეთა მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე დაუსაბუთებლად მიიჩნია, ვინაიდან ჩათვალა, რომ მათ მიერ მითითებული საფუძვლით, საქართველოს კანონმდებლობა მორალური ზიანის ანაზღაურების შესაძლებლობას არ ითვალისწინებდა, ამასთან, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან არ არსებობდა სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლით გათვალისწინებული მორალური ზიანის ანაზრაურების წანამძღვრები.
იმის გათვალისწინებით, რომ ლ. ს-ძეს სასამართლოსათვის არ შეუთავაზებია გადაწყვეტილების აღსრულების შებრუნების უზრუნველყოფა სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში, სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის თანახმად, მისი მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის თაობაზე უსაფუძვლოდ მიიჩნია.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ლ. ს-ძემ და ნ. ჭ-იამ, მოითხოვეს მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
კასატორთა განმარტებით, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა იგი, რის გამოც გადაწყვეტილება გამოიტანა კანონის დარღვევით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 18 ივნისის განჩინებებით ლ. ს-ძისა და ნ. ჭ-იას საკასაციო საჩივრები მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად. მოწინააღმდეგე მხარეს განესაზღვრა 5 დღის ვადა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრების დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად.
ლ. ს-ძისა და ნ. ჭ-იას საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხზე, საკასაციო სასამართლოში მოწინააღმდეგე მხარეს მოსაზრება არ წარმოუდგენია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. ს-ძისა და ნ. ჭ-იას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულ. სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ლ. ს-ძისა და ნ. ჭ-იას საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლ. ს-ძისა და ნ. ჭ-იას საკასაციო საჩივრები, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.