საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
¹ას-551-892-07 1 თებერვალი, 2008 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)
მ. ცისკაძე (მომხსენებელი), ნ. კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ რ. ბ-აძე (მოსარჩელე)
წარმომადგენელი _ თ. ნ-რია
მოწინააღმდეგე მხარე – მ. ბ-აძე (მოპასუხე)
დავის საგანი _ გზით სარგებლობაში ხელშეშლის აღკვეთა და ავტოფარეხის დაბრუნება
გასაჩივრებული სასამართლოს გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 10 მაისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
რ. ბ-აძემ 2005 წლის სექტემბერში სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს მოპასუხე მ. ბ-აძის მიმართ და მოითხოვა საერთო სარგებლობის გზით და ავტოფარეხით სარგებლობაში ხელშეშლის აღკვეთა. მოსარჩელის მითითებით, იგი ცხოვრობს მამის აშენებულ სახლში, რომლის ერთი ნაწილი ეკუთვნის მას, ხოლო მეორე ნაწილი ეკუთვნის მის ძმას. მამამ მათ საცხოვრებელ სახლთან ერთად ძმებს აუშენა ავტოფარეხი, გაუკეთა საზიარო სამზარეულო და მარანი. ქალაქის საბჭოს ნებართვით მოსარჩელემ, მ. ბ-აძემ, ტ. ც-ემ და ნ. ც-ემ სახლამდე შეიყვანეს სამანქანო გზა. 1985 წელს მოსარჩელემ შეიძინა ავტომანქანა, იყიდა ადგილი ავტოფარეხისათვის გზის მოპირდაპირე მხარეს და ააშენა ავტოსადგომი, რაზეც შეადგინა პროექტი 1985 წელს. მისმა ძმამ მოტყუებით გააყიდინა მანქანა, ასევე მოტყუებით გააკეთეს შვილის სახელზე სახლის პროექტი და მისი საბუთები გააუქმეს, სახლი ვერ ჩაეტია სტანდარტულ პირობებში და შეავიწროვეს გზა. მის მიერ აშენებულ ავტოფარეხთან მოპასუხემ მის შვილს აუშენა საცხოვრებელი სახლი. მოპასუხე მას და მეზობელ ტ. ც-ეს გზით სარგებლობის ნებართვას არ რთავს. ამასთან, მათ ოჯახებს შორის კონფლიქტური სიტუაციაა.
ჭიათურის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით მოცემულ საქმეში მოსარჩელის მხარეს მესამე პირად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე ჩაება ტ. ც-ე.
ჭიათურის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილებით რ. ბ-აძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მ. ბ-აძეს დაევალა მის მიერ ჩაკეტილი სადავო გზის გახსნა და აეკრძალა ამ გზით რ. ბ-ის სარგებლობის ხელყოფა. რ. ბ-ს უარი ეთქვა სადავო ავტოფარეხის გადაცემაზე უსაფუძვლობის გამო.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაცო წესით გაასაჩივრა მ. ბ-აძემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 10 მაისის გადაწყვეტილებით მ. ბ-აძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ჭიათურის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილება რ. ბ-აძის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; რ. ბ-აძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლისა და 183-ე მუხლზე მითითებით ჩათვალა, რომ საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერით და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული გენ-გეგმით დგინდება, რომ გზა, რომლის სარგებლობით ხელშეშლის აღკვეთასაც მ. ბ-აძისაგან ითხოვს მოსარჩელე, ეკუთვნის არა მ. ბ-აძეს, არამედ დ. ბ-აძეს. სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე და სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლები, მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებებზე, სადაც საქართველოს უზენაესი სასამართლო განმარტავს, რომ აუცილებელი გზის თმენის ვალდებულება წარმოეშობა მეზობელი ნაკვეთის მესაკუთრეს და არა სხვა პირს და ეს ვალდებულება მას წარმოეშობა იმ შემთხვევაში, თუ აუცლებელი გზა მის საკუთარ მიწის ნაკვეთზე გადის. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ რადგან გზა, რომლით სარგებლობასაც ითხოვს მოსარჩელე არ გადის მ. ბ-აძის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე, სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ განსახილველ დავაში მ. ბ-აძე არ არის ის პირი, რომელმაც პასუხი უნდა აგოს სარჩელზე, ე.ი. ის არ არის სათანადო მოპასუხე. სააპელაციო პალატის მოსაზრებით არასათანადო მოპასუხის სათანადოთი შეცვლა სასამართლოს უფლებაა და არა მოვალეობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლო უფლებამოსილია მოსარჩელისათვის მოპასუხის შეცვლის შეთავაზების ნაცვლად იმსჯელოს მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობაზე არსებული არასათანადო მოპასუხის მიმართ. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ დადგენილია, რომ განსახლველ შემთხვევაში სარჩელი აღძრული იქნა არასათანადო მოპასუხის მიმართ, მიუხედავად ამისა, რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა იგი. სააპელაციო პალატამ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” ქვეპუნქტზე მითითებით ჩათვალა, რომ განსახილველ შემთხვევაში რაიონულმა სასამართლომ დავის გადაწყვეტისას არ გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე და სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლები, რასაც შედეგად არასწორი გადაწყვეტილების მიღება მოჰყვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 10 მაისის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა რ. ბ-აძემ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ მოცემული დავის გადაწყვეტისას გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლი, ასევე სამოქალაქო კოდექსის 180-ე და 183-ე მუხლები, აღნიშნული ნორმების გამოყენებით სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. კასატორის მითითებით, მ. ბ-აძემ სააპელაციო საჩივარს დაურთო საჯარო რეესტრის ამონაწერი და საკადასტრო გეგმა, აგრეთვე მიუთითა, რომ უძრავი ქონების (მიწის) რეგისტრაცია საჯარო რეესტრში მოახდინა სასამართლო სხდომის შემდეგ და აღნიშნული საბუთების წარდგენა ვერ მოახერხა ჭიათურის რაიონულ სასამართლოში. მან აღნიშნული საბუთები გამოიტანა საჯარო რეესტრიდან 2007 წლის 15 თებერვალს. ხოლო აპელანტ მ. ბ-აძის წარმომადგენელმა იშუამდგომლა აღნიშნული საბუთების საქმეზე დართვის თაობაზე, რაც სააპელაციო პალატამ დააკმაყოფილა. კასატორის მოსაზრებით, რადგან ზემოაღნიშნული საბუთების წარდგენა მოხდა სააპელაციო სასამართლოში და არა ჭიათურის რაიონულ სასამართლოში, ჭიათურის რაიონული სასამართლო ვერ იმსჯელებდა მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობაზე არსებული არასათანადო მოპასუხის მიმართ. პირველ ინსტანციაში საქმის განხილვისას სათანადო მოპასუხე იყო მ. ბ-აძე, ხოლო დ. ბ-აძეს არანაირი საკუთრების დამადასტურებელი საბუთი არ გააჩნდა. მან საკუთრების დამადასტურებელი საბუთები აიღო საჯარო რეესტრიდან ჭიათურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ. კასატორის მოსაზრებით, ჭიათურის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილება კანონიერია და გამოტანილია საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე. რაიონული სასამართლო ვერ გამოიყენებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლს, რადგან სასამართლო განხილვის დროს მ. ბ-აძის მიერ საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი წარმოდგენილი არ ყოფილა. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ დავის გადაწყვეტისას არ გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე და სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლი, რასაც შედეგად არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა მოჰყვა. სააპელაციო სასამართლოსათვის გახდა ცნობილი, რომ მ. ბ-აძე არ იყო არასათანადო მოპასუხე და არა ჭიათურის რაიონული სასამართლოსათვის. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საპროცსო კოდექსის 85-ე მუხლის თანახმად არ შეუთავაზებია მოსარჩელისათვის არასათანადო მოპასუხის სათანადოთი შეცვლა. კასატორის მოსაზრებით, აღნიშნულით დაზარალდა აგრეთვე მესამე პირი ტ. ც-ე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ რ. ბ-აძის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს; მოცემულ საქმეზე უნდა გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 10 მაისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის უნდა დაუბრუნდეს იმავე პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ რ. ბ-აძის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოტივად მიუთითა, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერის და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული გენ-გეგმის თანახმად გზა, რომლის სარგებლობით ხელშეშლის აღკვეთასაც მ. ბ-აძისაგან ითხოვს მოსარჩელე ეკუთვნის არა მ. ბ-აძეს, არამედ დ. ბ-აძეს.
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, მ. ბ-აძემ სააპელაციო საჩივარში მიუთითა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით რ. ბ-სათვის მინიჭებული უფლების განხორციელება შეუძლებელია, რადგან საუბნო გზამდე მისასვლელად მან უნდა გამოიყენოს როგორც მ. ბ-აძის, ისე ამ უკანასკნელის შვილის დ. ბ-აძის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთიც; დ. ბ-აძე კი საქმეში მოპასუხედ არ არის ჩართული და იგი მხოლოდ მოწმის სახითაა დაკითხული (ს.ფ.147-151). მ. ბ-აძემ სააპელაციო საჩივარს დაურთო საჯარო რეესტის 2007 წლის 2 თებერვლის ამონაწერი, რომლითაც ჭიათურაში, მოსკოვის ქ. ¹51-ში მდებარე შენობა-ნაგებობა _ ორსართულიანი სახლი ფართით 111,86 კვ.მ, მიწის ნაკვეთი ფართით 550 კვ.მ არის დ. ბ-აძის საკუთრება. სააპელაციო სასამართლომ 2007 წლის 10 მაისის სხდომაზე დააკმაყოფილა მ. ბ-აძის წარმომადგენლის შუამდგომლობა სააპელაციო საჩივარზე თანდართული დოკუმენტების დართვის თაობაზე მიუხედავად იმისა, რომ რ. ბ-აძე არ დაეთანხმა აღნიშნულს (ს.ფ. 207-209). ამ დოკუმენტის საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გზა, რომლით სარგებლობასაც ითხოვს მოსარჩელე არ გადის მ. ბ-აძის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ მოცემულ დავაში მ. ბ-აძე არ არის სათანადო მოპასუხე. საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ მ. ბ-აძე ისე მიიჩნია არასათანადო მოპასუხედ, რომ არ გამოარკვია ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ გზა რომლის სარგებლობით ხელშეშლის აღკვეთასაც ითხოვს მოსარჩელე მხოლოდ დ. ბ-აძის მიწის ნაკვეთზე გადის, თუ მ. ბ-აძის მიწის ნაკვეთზეც. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მ. ბ-აძემ სააპელაციო საჩივარში მიუთითა, რ. ბ-მ საუბნო გზამდე მისასვლელად მ. ბ-აძის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი კიდევაც რომ გამოიყენოს, საუბნო გზამდე დ. ბ-აძის მიწის ნაკვეთის გამოყენების გარეშე ვერ გავა (ს.ფ. 150).
სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 10 მაისის სხდომის ოქმით ირკვევა, რომ პროცესზე არ დასმულა საკითხი მ. ბ-აძის, როგორც არასათანადო მოპასუხის შეცვლის თაობაზე; საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს სარჩელის საფუძვლიანობის შემოწმებისას საერთოდ არ უმსჯელია არასათანადო მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლის საკითხზე, ასევე საქმეში დ. ბ-აძის თანამოპასუხედ ჩართვის თაობაზე, რის გამოც საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ გამოიტანა მოულოდნელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რის გამოც იგი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე1” პუნქტის თანახმად კანონის დარღვევით მიღებულად უნდა ჩაითვალოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
რ. ბ-აძის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
გაუქმდეს მოცემულ საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 10 მაისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.